რამდენს ავიღებ? - მასწავლებლების სახელფასო არითმეტიკა

52 000-ზე მეტი პედაგოგი საქართველოში ახალი, განათლების სამინისტროს დაპირებული, “გაზრდილი” ხელფასის გამოთვლის პროცესშია - 13 ივნისს განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ 1 ივლისიდან მასწავლებლების ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.

მაგრამ, როგორც ირკვევა, ხელფასი მოიმატებს საათების ხარჯზე და არა პედაგოგთა დაგროვილი ცოდნის, ხარისხისა და შრომის მიხედვით.

მასწავლებელთა დახურულ ჯგუფებში მღელვარებაა:

“ახალი ფორმულით მასწავლებლებს აღარ უფასდებათ სტატუსი და გამოცდილება. მხოლოდ იმაზე არიან დამოკიდებული, რამდენ საათს მისცემს მათ დირექცია - ასეა?”

"ნეტა მე რომელ სიაში ვარ??? დამითვალეთ გთხოვთ"!

“დაგვცინიან? წინა საარჩევნო აფიორა!”

“ვისთვის უპრეცენდენტო მატება და ვისთვის უპრეცენდენტო კლება”, - წერენ პედაგოგები.

წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსის დანამატს იღებდნენ, ხოლო ამ სტატუსის მოსაპოვებლად წლების განმავლობაში მოსწავლეებთან ერთად მუშაობდნენ პროექტებზე, აბარებდნენ გამოცდებს და ა.შ., ახლა ეს დანამატი შეუმცირდებათ.

ხოლო იმ მასწავლებლებს, რომლებსაც გამოცდები არ ჩაუბარებიათ, და ასეთი პედაგოგთა საერთო რაოდენობის უმრავლესობაა, ხელფასი საგრძნობლად გაეზრდებათ.

განათლების სამინისტროს ახალ სახელფასო ფორმულაში კიდევ ბევრი ისეთი დეტალია, რომლებსაც პედაგოგები ახლა არკვევენ.

ეს პედაგოგების საჯარო გამოხმაურებების მხოლოდ მცირე ნაწილია:

რადიო თავისუფლებამ მათთან და განათლების ექსპერტებთან ერთად ჩაიხედა ახალი მოდელის წესებში და ეცადა ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი.

თავისი მომავალი ხელფასის გამოთვლისას, სპორტის პედაგოგმა აჩი კიკნაველიძემ ამ ვიდეოში კი იხუმრა (რთული მათემატიკური ფორმულების გამოყენებით ეცადა საკუთარი ხელფასის დათვლას), მაგრამ მასწავლებლები წერენ, რომ საქმე სახალისოდ ნამდვილად არ აქვთ.

შეურაცხყოფა, უსამართლობის და დაუფასებლობის განცდა - ამას გრძნობს დღეს 21-ე საჯარო სკოლის გერმანულის პედაგოგი ნინო ქევხიშვილი.

მასთან ამ ვიდეოინტერვიუში ვცადეთ გამოგვეთვალა მისი ხელფასი, ვილაპარაკეთ ცვლილების არსზე და იმ მოსალოდნელ პრობლემებზე, რასაც ეს ახალი ფორმულა პედაგოგებს მოუტანს. და არა მხოლოდ მათ, უკვე მშობლებიც ღელავენ, რომ მოტივაციადაკარგული მასწავლებლები პროფესიული განვითარებისთვის თავს აღარ შეიწუხებენ.

როგორ გამოითვლება მასწავლებლის ხელფასი 1 ივლისიდან

რა იცვლება და როგორ იმუშავებს ფორმულა, ამ სტატიაშიც შევაჯამეთ

ასევე ნახეთ როგორ გამოითვლება მასწავლებლის ხელფასი 1 ივლისიდან?

თუმცა, დამატებით ვესაუბრეთ განათლების სპეციალისტს, "განათლების კოალიციის" წევრს, მერი ქადაგიძეს და ვთხოვეთ დაგვხმარებოდა ახალი წესის სწორად "წაკითხვაში".

როგორც ირკვევა, მასწავლებელთათვის ხელფასის გაცემის ახალი მექანიზმი რამდენიმე საკვანძო ცვლილებას მოიცავს.

  • აღარ იარსებებს საბაზო ხელფასის ანაზღაურების ცნება ანუ ფიქსირებული თანხა, რომელიც რაღაც კოეფიციენტებზე გადამრავლდება და გამოვა ერთიანი საბაზო ხელფასი.
  • სტაჟის და განათლების კოეფიციენტებად დაწესდა ფიქსირებული თანხა (რაც ემატება საათობრივ ხელფასს).
  • ანაზღაურების დიდი წილი გამოითვლება სრულად საათობრივი დატვირთვის მიხედვით, ხოლო საათის ღირებულება სამჯერ გაიზარდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლის ანაზღაურების 70%-ს ჩატარებული საათების ღირებულების შესაბამისი თანხა შეადგენს. წინა მოდელით, მასწავლებლის ანაზღაურების 60%-ზე მეტს შეადგენდა მათი პროფესიული განვითარების სქემით მინიჭებული სტატუსის დანამატი.

კრიტიკის მთავარი მიზეზი სწორედ წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატების 150 და 300 ლარამდე შემცირება გახდა.

ვინც ახლა დააპირებს სტატუსის ამაღლებას, სწორედ ამ რაოდენობის დანამატს მიიღებს. ხოლო ვინც ძველი წესით იღებდა დანამატს და ვისაც, ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, ხელფასი შეუმცირდებათ, მათ შემდეგი 2 წლის განმავლობაში იმავე ხელფასს შეუნარჩუნებენ. ასევე დამატებით მიიღებენ კიდევ 200 ლარს.

თუ, მაგალითად, მენტორი მასწავლებელი, 10-საათიანი დატვირთვის პირობებში იღებდა პირობითად, 3000 ლარს, ხოლო ახლა, ახალი ფორმულით დათვლილი ანაზღაურება გამოსდის 1600 ლარი, ის მიიღებს ისევ თავის ძველ ანაზღაურებას, 3000 ლარს + დამატებით 200 ლარს.

საიდან მოვიდა ეს 200 ლარი?

“ვისაც ახალი ფორმულით ხელფასი რაღაც რაოდენობით შეუმცირდა, იმ მასწავლებლებს სამინისტრო ეუბნება, თქვენ, რეალურად, კი არ შეგიმცირდათ ხელფასი, რაც აქამდე გქონდათ და რა სხვაობაც გაჩნდა ახალი წესის შემდეგ, მოგცემთ ამ სხვაობასაც და დამატებით 200 ლარსაც, რადგან ხელფასი თქვენც ხომ უნდა მოგმატებოდათო", - გვიხსნის მერი ქადაგიძე.

პრობლემაც ამან გააჩინა, რომ სტატუსის მქონე პედაგოგებს იმედი ჰქონდათ, რომ ძველი დანამატი დარჩებოდათ და ხელფასის ზრდის შემთხვევაში, ამ თანხას მიემატებოდა დანარჩენი თანხა.

რა იქნება ორ წელში - უცნობია. ორი წლის შემდეგ ამ მასწავლებლებს ხელფასს თავიდან დაუანგარიშებენ.

გადაჭრა თუ არა ამ სახელფასო ფორმულამ ის პრობლემა, რომ მასწავლებლები, როგორც მერი ქადაგიძე შენიშნავს, ნაკლებად იყვნენ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულები? მისი აზრით, არა, რადგან თუ აქამდე ისინი ენერგიას ახმარდნენ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, პორტფოლიოების მომზადებას, ახლა საკმარისია უბრალოდ ბევრი გაკვეთილი ჩაატარონ მეტი ხელფასის აღების მიზნით. რომც მოინდომონ, მასწავლებლებს სხვა საქმისთვის მეტი დრო და ენერგია უბრალოდ არ დარჩებათ.

პრობლემა იქნება საათების დამატებაც, რადგან:

“მასწავლებლები ყოველთვის ამბობდნენ, რომ სკოლაში, საათების განაწილების სამართლიანი მექანიზმი არ არსებობდა. ცხადია, რომ ეს პრობლემა უფრო მწვავედ დადგება. მასწავლებლებს ერთმანეთის მიმართ უჩნდებათ კონკურენცია. მეორე, ეს გახდება ბერკეტი დირექტორის ხელში და მესამე - კიდე უფრო შემცირდება სკოლებში ახალი კადრების მიღება, რადგან ფიზიკურად თავისუფალი საათები აღარ იქნება”, - შენიშნავს მერი ქადაგიძე.

საბოლოოდ კი, მისი შეფასებით, განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს შესთავაზა არა ანაზღაურების პოლიტიკა, არამედ ხელფასის ანაზღაურების წესი. რაც იმას ნიშნავს, რომ არც მოქმედმა და არც მომავალმა მასწავლებლებმა ისევ არ იციან, კარიერის განმავლობაში რა სახელფასო პერსპექტივა ელოდებათ.

რატომ გვაწვალეს ამდენი ტყუილად?”

ხაშურის #1 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი, მაგისტრი-მენტორი მასწავლებელი 35-წლიანი გამოცდილებით, ნანა დაბრუნდაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად გააკრიტიკა მასწავლებლების ახალი სახელფასო პოლიტიკა.

„რა მოხდა რეალურად? ხელფასის ზრდის მოლოდინში, წამყვან და მენტორ პედაგოგებს სტატუსის დანამატები, ფაქტობრივად, მოგვიხსნეს, ანუ ვინც წლების განმავლობაში ამ სტატუსის მისაღებად მოსწავლეებთან ერთად იშრომა, კონკურსებში გაიმარჯვა, კონფერენციებში მონაწილეობა მიიღო და სხვა უამრავი საქმე აკეთა, ასეთ მასწავლებელებს უთხრეს - აიღე მეტი საათი და გექნება უკეთესი ხელფასი. სამაგიეროდ, სწორედ საათების ხარჯზე ხელფასი რეალურად მოემატათ მათ, ვისაც ამ სტატუსისთვის - წამყვანი თუ მენტორი მასწავლებლობისათვის არც კი უზრუნიათ. ახლა ყველგან მათ მადლობებს ვკითხულობ", - გვითხრა ნანა დაბრუნდაშვილმა.

ნანა დაბრუნდაშვილი მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის ჩატარებულ აქტივობაზე

მას, როგორც მენტორ მასწავლებელს, მართალია, აქვს დამატებითი საათების მოთხოვნის უფლება, მაგრამ საკითხავია, მაგალითად, 25 საათის აღების შემთხვევაში, როგორი ხარისხის იქნება დღეში ჩატარებული 5 გაკვეთილი?

„ზუსტად ვიცით, რომ ბოლო გაკვეთილები იქნება დროის გაყვანა. ვერ ასწავლი ხარისხიანად. თუ ოდნავ მაინც პასუხისმგებლიანი მასწავლებელი ხარ, ასე ვერ გაწირავ საკუთარ თავს და პროფესიას. ხოლო თუ მაინც გადადე თავი და მეტი ხელფასის აღების მიზნით, ეს საათები დაიმატე, ეს ნიშნავს, რომ ვერაფერ დანარჩენს მოსწავლეებთან ერთად ვერ გააკეთებ. სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ საათების რაოდენობა განსაზღვავს ხელფასს და არა სწავლების ხარისხი“.

რაც შეეხება საათების სქემას და გაზრდილ ფასებს: თუ მასწავლებელს სკოლაში აქვს 15 საათამდე გაკვეთილები, 1 საათის ღირებულება 96 ლარია. 15 საათის ზემოთ უკვე საათი ღირს 80 ლარი.

ეს არ არის სქემის ცვლილების პირველი შემთხვევა - ნანა დაბრუნდაშვილი იხსენებს, რომ მსგავსი რამ რამდენჯერმე უკვე მოხდა:

„სიზიფესავით მივაგორებთ ამ ლოდს, ავალთ მაღლა, თითქოს რაღაცას მივაღწევთ, მერე მთლიანად აუქმებენ ყველაფერს და თავიდან გვაწყებინებენ“.

ნანასთვის, როგორც მენტორი მასწავლებლისთვის, უსამართლობის განცდას აჩენს სტაჟის დანამატებს შორის მინიმალური სხვაობა დამწყებ და გამოცდილ მასწავლებელს შორის.

ახალი წესით, კლასში ახლად შესულ მასწავლებელს 15 ლარი ემატება, ხოლო 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონეს - 45.

„რა გამოდის, რომ ჩემი 35-წლიანი სამუშაო სტაჟის სარგოსა და დამწყები მასწავლებლის სარგოს შორის განსხვავება მხოლოდ 30 ლარია. თუ ხელფასების მომატება უნდოდათ, ან სტაჟი გაეთვალისწინებინათ ღირსეულად, ან ხარისხი... მაშ, რატომ ვიწვალეთ ამდენი ამ სტატუსებზე, წინსვლაზე? ავიღებდით სამი საათით მეტს და ეგ იქნებოდა“.

ეს პროცესი სკოლებში რომ უმტკივნეულოდ არ ჩაივლის, ამას ნანა დაბრუნდაშვილიც ვარაუდობს და არ მოელის, რომ მასწავლებლები უსიტყვოდ გადაულოცავენ ერთმანეთს საათებს. პირიქით, ამბობს ნანა, "დაძაბულობა სკოლებში უკვე იგრძნობა".

მას კი, როგორც ერთ-ერთ მასწავლებელს, რომელსაც სტატუსის დანამატი შეუმცირეს, განათლების სამინისტროსთან ასეთი შეკითხვა აქვს:

  • რას ელიან მასწავლებლებისგან რამდენიმე წლის შემდეგ? რა უნდა იყოს მათთვის თვითგანვითარებაზე ზრუნვის მოტივაცია, რის გარეშეც მასწავლებელი მოსწავლესთან კლასში არ უნდა შედიოდეს?

რას ნიშნავს სინამდვილეში "კლასებში მასწავლებლების დაბრუნება?"

სადახლოს #2 სკოლის მენტორი მასწავლებელი ნათია მანია იმ დასკვნამდე მიდის, რომ ამ გადაწყვეტილებით, მთავრობამ, საბოლოო ჯამში, მეტი ამომრჩევლის გული მოიგო, რადგან პედაგოგები, ვისაც ხელფასი საგრძნობლად მოემატა, დღეს უმრავლესობაში არიან.

ამ ცვლილებამ, მისი აზრით, პედაგოგებს არასტაბილურობის განცდა გაუჩინა და თან მიანიშნა: ის, რაც კვალიფიკაციის ამაღლებად, წინ გადადგმულ ნაბიჯად და ხელფასის გაზრდის ღირს პროფესიონალიზმად მიიჩნეოდა, ახლა საერთოდ არაფერს ნიშნავს:

“ფაქტია, რომ ახლა ამ ფორმულით ყველაზე მეტი ხელფასი აქვთ საშუალო კვალიფიკაციის, მაგრან 25 საათის მქონე პედაგოგებს. რაც ნიშნავს, რომ ისინი კვირაში, ყოველდღე, ატარებენ, სულ ცოტა, 5 გაკვეთილს. როგორ ჩაატარებ ან როგორი სპეციალისტი ხარ, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს”, - ეუბნება ნათია მანია რადიო თავისუფლებას.

ნათია მანია ტრენინგს ატარებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის 104-ე სკოლაში.

ამიტომ სამინისტროს არგუმენტი, რომ “მასწავლებელი გაკვეთილზე უნდა დააბრუნოს”, პედაგოგთა ნაწილისთვის დამაჯერებლად ვერ გამოიყურება, რადგან თუ ეს დაბრუნება მხოლოდ მეტი გაკვეთილის ჩატარებას ნიშნავს, ამ პროცესში ხარისხიანი სწავლება თითქმის გამორიცხულია.

განათლების სამინისტროსთან ახლაც არაერთი კითხვა გვქონდა. მაგალითად, გვაინტერესებდა, ჯამში, რა უჯდება ბიუჯეტს მასწავლებლების “გაზრდილი ხელფასები”, ისიც, თუ რა იყო სტატუსის დანამატების გაუქმების საფუძველი, რა ელით მცირესაათიან პედაგოგებს. კომენტარი ვითხოვეთ იმაზეც, რომ რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკვე დაიწყო ზეწოლა სკოლის დირექტორებზე, რომელთაც მასწავლებლების საჯარო პოსტების კონტროლს სთხოვენ.

თუმცა განათლების სამინისტრო პასუხად გვირჩევს, სახელმძღვანელოდ გამოვიყენოთ მათივე შედგენილი ხშირად დასმული კითხვების გზამკვლევი, სადაც, მაგალითად, შეიძლება შეხვდეთ ასეთ კითხვას:

კითხვა: მაქვს 7 საათი, სკოლაში მეტი საათი არ არის. ვარ მენტორი და ვიღებდი 2023 ლარს. ვიცი, რომ ახალი ხელფასით აქცენტს აკეთებთ საათებზე და გამომდის 1011 ლარი. რომელი თანხა მომეცემა?

პასუხი: 2 წლის განმავლობაში გინარჩუნდებათ 2023 ლარი და დამატებით გეძლევათ 200 ლარი. ასევე, 1 ივლისიდან, საშვებულებო პერიოდშიც მოგეცემათ როგორც 2023 ლარი, ასევე დამატებით 200 ლარი, ცალკე ივლისის და ცალკე აგვისტოს თვის”.

ჩვენ განათლების სამინისტროში მოვითხოვეთ დამატებით ინტერვიუ ამ საკითხში კომპეტენტურ მოხელესთან, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მენტორი და წამყვანი მასწავლებლების დასაცავად “ბრძოლა უნდა გაგრძელდეს”, რადგან, მისი სიტყვებით, განათლების სამინისტრომ დანაპირები “მხოლოდ უფროსი მასწავლებლების ხელფასების ზრდის სახით” შეასრულა.