12 მარტი - დღე საქართველოს სრულწლოვნებისა!

დამფუძნებელი კრება

1919 წლის 12 მარტს, 12.12 სთ-ზე გაიხსნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, რომლის ამსახველი ფოტოები და სხვა სახის დოკუმენტური მასალა საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება.

საქართველოს დამფუძნებელი კრება - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლეგიტიმური, საყოველთაო არჩევნებით არჩეული საკანონმდებლო ორგანოა, რომელმაც 1919 წლის 14-16 თებერვალს გამართული პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე შეცვალა საქართველოს ეროვნული საბჭო.

დამფუძნებელი კრების პირველ სხდომას თავმჯდომარეობდა დამსწრეთა შორის უხუცესი სოციალ-დემოკრატი დეპუტატი, 60 წლის სილიბისტრო ჯიბლაძე, მდივნობდა კრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი, 24 წლის გოგიტა ფაღავა.

სილიბისტრო ჯიბლაძე

სილიბისტრო ჯიბლაძემ წარმოთქვა პირველი სიტყვა და „12 მარტს“ უწოდა „დიდი დღე, დღე ჩვენი ხალხის დავაჟკაცებისა, მისი სრულწლოვნებისა!“

საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლის, ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის თქმით, შთამბეჭდავი და სიმბოლოებით დატვირთული იყო სილიბისტრო ჯაბლაძის სიტყვა. სხდომის თავმჯდომარე საგანგებოდ მიესალმა დარბაზში მყოფ უცხოეთის ქვეყნების რამდენიმე წარმომადგენელს:

„სალამი დიდ ბრიტანეთს, ამ აკვანს დემოკრატიისას!

ნება მიბოძეთ მივესალმო საფრანგეთს, სამშობლოს რევოლუციისას!

ნება მიბოძეთ მივესალმო ამერიკის ბუმბერაზ შეერთებულ შტატებს, სამშობლოს თავისუფლებისას!

მივესალმო პატარა შვეიცარიას - ყველა დევნილთა მფარველს!

მე მწამს, მე მჯერა, რომ დიდი და მაღალი კულტურა ამ კულტურულ სახელმწიფოებისა მოჰფენს თავის ძლევამოსილს სხივს ჩვენ ნორჩსა და პატარა რესპუბლიკასაც“.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს კარლო ჩხეიძე, მის მოადგილედ („უფროსი ამხანაგი“) კი ალექსანდრე ლომთათიძე. იმის გამო, რომ ამ დროს კარლო ჩხეიძე პარიზში იმყოფებოდა, სიტყვა წარმოთქვა ალექსანდრე ლომთათიძემ, რომელმაც მთელი კაცობრიობის გასაგონად განაცხადა:

ალექსანდრე ლომთათიძე

„ჩვენ გვინდა აზია დავტოვოთ, ევროპის საერთო ხალხთა ოჯახში შევიდეთ და, ჩვენი ძალით და სხვისი დახმარებითაც, თუ ეს დახმარება ვისმესგან გვეღირსება, გავხდეთ სწორუფლებიანი წევრი ევროპიულ ხალხებთან, ევროპიულ დემოკრატიათა და მათ სახელმწიფოთა საერთო ოჯახისა. ჩვენ გვინდა, რომ ეს გაიგოს ყველამ და გაუწიოს მას ანგარიში“.

დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა ეროვნული საბჭოს მიერ დამტკიცებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დამფუძნებელი კრება - არჩეული პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ - თავის პირველსავე სხდომაზე, 1919 წლის მარტის 12-ს, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის მაისის 26-ს, ნაშუადღევის 5 ს. და 10 წ., ტფილისში გამოცხადებულ დამოუკიდებლობის აქტს, რომელსაც ჯერ ხმამაღლა კითხულობს ალექსანდრე ლომთათიძე, შემდეგ კი იწვევს დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს ხელი მოაწერონ „დიდებულ აქტს“. პირველობა მთავრობის მეთაურს, ნოე ჟორდანიას, ერგო.

პროპორციული სისტემით არჩეული დამფუძნებელი კრება შედგებოდა 130 დეპუტატისგან, რომელთა შორის 109 სოციალ-დემოკრატული პარტიის წევრი იყო.

კარლო ჩხეიძე

დამფუძნებელი კრება საქმიანობდა 1919 წლის 12 მარტიდან 1921 წლის 18 მარტამდე.

კრების წევრის ხელფასი იყო ჯერ 1500, შემდგომ 2500 მანეთი. დეპუტატს ჰქონდა რკინიგზით უფასოდ მგზავრობის უფლება. დამფუძნებელი კრების წევრობა შეთავსებადი იყო მინისტრის, ელჩის, სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობასთან, სახალხო გვარდიის შტაბის წევრობასა და უნივერსიტეტის პროფესორობასთან, მხოლოდ ერთი ხელფასის მიღების უფლებით.

დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის უმნიშვნელოვანესი

იყო 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუცია, რომელიც 17 თავისა და 149 მუხლისგან შედგებოდა.

საქართველოს დამფუძნებელი კრება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას ასრულებდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობამდე.დიმიტრი სილაქაძის თქმით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დამფუძნებელ კრებას არც ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ მოუხსნია. ბოლშევიკების მოთხოვნაზე კაპიტულაცია გამოეცხადებინა, კრებამ უარი განაცხადა. 17 მარტს ბათუმში გამართულ სხდომაზე ნოე ჟორდანიასა და საქართველოს მთავრობას („მცირე პრეზიდიუმს“) დაევალა ემიგრაციაში მოღვაწეობის გაგრძელება.

საქართველოში დარჩა დამფუძნებელი კრების 130 წევრიდან 108, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, სხვადასხვა დროს, სიკვდილით დასაჯა საბჭოთა რეჟიმმა.

საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირავენ თავს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის - 12 მარტის - მთავარი მოქმედი პირები: გოგიტა ფაღავა, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე და კარლო ჩხეიძე.

სილიბისტრო ჯიბლაძე 1921 წლის 13 ივლისს დააპატიმრეს ნაძალადევის კლუბში გამართულ შეხვედრაზე სტალინის მოხსენებისთვის შეპასუხების გამო. 1921 წლის შემოდგომაზე გაათავისუფლეს ციხიდან ავადმყოფობის გამო. გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდა იატაკქვეშა საქმიანობას. 1922 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა გულის უკმარისობით კონსპირაციულ ბინაში. ჩეკამ მისი ცხედარი გაიტაცა და გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაასაფლავა ვერის სასაფლაოზე.

გოგიტა ფაღავა

გოგიტა ფაღავა 1922 წლიდან იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი. 1924 წელს დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია.

ალექსანდრე ლომთათიძე 1923 წლის 20 მარტს ეტაპით გაგზავნეს სუზდალის პოლიტიზოლატორში, საიდანაც გადაასახლეს ჯერ მარიის ავტონომიურ ოლქში, შემდეგ ჩუვაშეთის ავტონომიურ ოლქში, საიდანაც მძიმე ავადმყოფობის გამო მისცეს საშუალება ტაშკენტში გადასულიყო საცხოვრებლად. 1924 წელს საქართველოში მომხდარი აჯანყების გამო კვლავ დააპატიმრეს და მოათავსეს ტაშკენტის ციხეში, სადაც გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე, ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.

კარლო ჩხეიძემ 1926 წლის 9 ივნისს პურის საჭრელი დანით მიიყენა სასიკვდილო ჭრილობა. გარდაიცვალა ოთხი დღის შემდეგ საავადმყოფოში. დაკრძალულია პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.