მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდება.

გადაწყვეტილების თანახმად, აიკრძალა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა.

რადიკალური ზომების მიღება მარნეულის რაიონში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევის გამოვლენამ გამოიწვია. მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში 22 მარტს, დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს. ეპიდემიოლოგებმა ვერ მოახერხეს ქალის დაინფიცირების ზუსტი წყაროს დადგენა.

„ეს არის ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ველოდით და პერიოდულად ვიძახდით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მარნეულში დაფიქსირებულ ახალი შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

"იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში 22 მარტის გვიან ღამით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ყველა მინისტრი და ასევე თბილისის მერი, კახა კალაძე.

პრემიერის თქმით, ხვალიდან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების კარდაკარ ივლიან იმისათვის, რომ გამოავლინონ საეჭვო შემთხვევები.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია ინფიცირებულ პირის 80-ზე მეტი კონტაქტი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაინფიცირებული ქალი მაღაზიაში მუშაობდა. ცნობილია ისიც, რომ ის დაესწრო წლისთავს, სადაც ბოლნისის რაიონიდან და ასევე პრემიერ მინისტრის თქმით, "მეზობელი ქვეყნიდან" - ჩამოსული პირებიც ესწრებოდნენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგანი სამი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 22 მარტს ტესტმა უარყოფითი შედეგი უჩვენა კიდევ ხუთ ადამიანზე.

სტაციონარში 233 ადამიანი რჩება, კარანტინის რეჟიმში — 3254.