- რა ვიცით კანონპროექტის შესახებ?
- კანაფი და ეკონომიკურ სარგებელი
- კანაფი და სამედიცინო მიზნები
- კანაფი და საპატრიარქო
- კანაფი და არასამთავრობო ორგანიზაციები
- ეპილოგის მაგიერ
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ცნობილი არ არის იმ კანონპროექტის ზუსტი დეტალები, რომელიც შს სამინისტრომ დაწერა მარიხუანის მოხმარების შესახებ და რომელიც 12 სექტემბერს განსახილველად მთავრობას წარუდგინა. ცნობილია მხოლოდ ზოგადი განმარტებები, ზოგადი შეფასებები და ზოგადი მიზნები. კანონპროექტის გარშემო ამ ზოგად განმარტებებსა და მიზნებს კი საზოგადოება ისმენს პრემიერ-მინისტრისა თუ სასულიერო პირებისგან და ზოგჯერ პარლამენტის წევრებისგანაც...
თუკი ამ ბრინჯივით (თუ კანაფის თესლივით) დაფანტულ, მედიაში გადაყრილ ინფორმაციას მოვუყრით თავს, მაშინ კანონპროექტის რამდენიმე მთავარ ასპექტს ავკრებთ. ჩამოვთვალოთ ის მთავარი საკითხები, რომლებსაც შს სამინისტროს მიერ შექმნილი კანონპროექტი მოიცავს. გასათვალისწინებელია, რომ საკითხების ეს ჩამონათვალი არ იქნება სრული და დეტალები, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მთავრობა კანონპროექტს განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნის.
ის, რაც დღეს კანონპროექტის შესახებ ვიცით
თავდაპირველად უახლესი ამბით დავიწყოთ, რომლის მიხედვითაც:
- იგეგმება სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა, წარმოება და ექსპორტზე გატანა;
- სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება;
- ქვეყანაში კანაფის წარმოება იქნება მკაცრად რეგლამენტირებული.
- რაც შეეხება კანონპროექტს მარიხუანის მოხმარების ნაწილში, მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია, თუმცა მარიხუანის მოხმარება იკრძალება:
- საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას (ანუ მარიხუანის მოხმარება დაუსჯელად მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში იქნება შესაძლებელი);
- ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
- არასრულწლოვნის თანდასწრებით;
- სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
- არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში;
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).
- მოქალაქეს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება;
- მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი ქმედება;
- 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანის მოხმარებაში ასევე გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება.
განსაკუთრებული ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში გამოიწვია 11 სექტემბერს გავრცელებულმა ინფორმაციამ კანაფის ექსპორტთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია 12 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, დილითვე დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თქვა, რომ „კანაფის მოყვანა და წარმოება სამედიცინო მიზნით და მისი ექსპორტზე გატანა მკაცრად იქნება რეგლამენტირებული, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული ქაოსური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი“.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ მარიხუანა, მისი ფლობა თუ მოხმარება კვლავაც ტაბუდადებული თემა იყო, დღეს ხელისუფლების წევრების შეფასებები ამ საკითხის მიმართ ღიად ლიბერალური და ლმობიერია. აი, მაგალითად, რა თქვა კანონპროექტის ავტორი სამინისტროს ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ 12 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ:
„ჩვენ ჩაკეტილ სივრცეში არ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ ღია სამყაროში, სადაც გარკვეული სულისკვეთებები იგრძნობა. არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია არის ლეგალური. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც სრული დეკრიმინალიზაცია მოახდინა მარიხუანას მოხმარების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული თვალსაზრისითაც. ეს ქვეყანაა, მაგალითად, კანადა, რომლის ძირითადი მიზანი იყო ეკონომიკური ფაქტორები. იმ სულისკვეთებას, რაც ევროპაში იგრძნობა, ჩვენზე გარკვეული ზემოქმედება აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ შსს-ს შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არა მხოლოდ მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც..."
როგორ და რა გზით გეგმავს სახელმწიფო კანაფის მოყვანა-წარმოებას და ექსპორტზე გატანას, ამის შესახებაც ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ კანაფის წარმოება მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას და, მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ლეგალურად დაშვებულია ასეთი კულტურის წარმოება, ეს ხდება სპეციალური პირობების შესაბამისად. თუმცა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე, მაგალითად, მათ უწყებაში არ მოიძებნებიან სპეციალისტები ამგვარი ცოდნით და, შესაძლოა, მათი მოწვევა საზღვარგარეთიდან გახდეს საჭირო.
კანაფი და ეკონომიკური სარგებელი
სანამ ე. წ. კანაფის მოყვანა-მოვლა-პატრონობის სპეციალისტები გამოჩენილან, მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში კანაფის წარმოებისა და ექსპორტის ეკონომიკურ სარგებელზე ლაპარაკობენ. მაგალითად, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში ეკონომიკური შედეგი იქნება საკმაოდ შთამბეჭდავი:
„არსებობს რამდენიმენაირი პროგნოზი. არ მინდა დავასახელო კონკრეტული ციფრი, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს იქნება საკმაოდ სოლიდური და არ გამოვრიცხავ, რომ საექსპორტო პოზიციებზე საქართველო ერთ-ერთი წამყვანი გახდეს. ამას დრო უნდა, შევხედავთ. ეს ბაზარი ძალიან მზარდია. სამედიცინო მიზნებისთვის სულ უფრო და უფრო მეტად მოიხმარება კანაფი“.
კანაფის წარმოებისა და ექსპორტის ეკონომიკურ სარგებელზე ლაპარაკობენ ეკონომიკის დარგის ექსპერტები და შესადარებლად სხვა ქვეყნებში არსებული ვითარება მოჰყავთ. მაგალითად, ეკონომიკის ექსპერტი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ სწორი კანონმდებლობის პირობებში საქართველომ, შესაძლოა, მარიხუანის ექსპორტით სარგებელი მიიღოს:
„თუ გამოიყოფა ადგილები, სადაც მოყვანა და შემდეგ ექსპორტი მოხდება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ვინაიდან მაღალი გადასახადით იბეგრება და ბიუჯეტიც შემოსავალს მიიღებს“.
ჰერმან საბო, ონლაინჟურნალ AT.ge-ის ავტორი ეკონომიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კანაფის წარმოებისა და ექსპორტის შედეგად საქართველო მიიღებს სარგებელს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკურ, ტურისტულ, სოციალურ სფეროში. მისი გათვლებით, კანაფის ლეგალიზაციით და მასთან დაკავშირებული ტურიზმით თუ სხვადასხვა სფეროებით ქვეყნის ეკონომიკას შეემატება 4 მილიარდამდე ლარი.
Your browser doesn’t support HTML5
რაც შეეხება კანაფის წარმოების საერთაშორისო გამოცდილებას, გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭოს (INCB) 2017 წლის ანგარიშის თანახმად, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 2016 წელს სამეცნიერო და სამედიცინო დანიშნულებით 95 ტონა მარიხუანა იქნა მოყვანილი და აქედან დიდმა ბრიტანეთმა ექსპორტზე 2.1 ტონა გაიტანა, რაც საერთო ბაზრის 70 %-ს შეადგენდა. მარიხუანის მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის გაერო ასახელებს სლოვაკეთს, გერმანიას, შვეიცარიას, იტალიას.
სამედიცინო მიზნები და კანაფი
ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე რადიო თავისუფლებასთან იმ დაავადებებზე ლაპარაკობს, რომელთა მკურნალობისთვისაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება მარიხუანის შემცველი პრეპარატები:
„ძალიან დიდი ხანია კანაფისგან მზადდება მედიკამენტები, რომელთა ნაწილიც გამოიყენება ქიმიოთერაპიის გართულებების დროს, როგორც პირღებინების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. მარიხუანის შემცველი პრეპარატები გამოიყენება ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროცესში, მათ შორის ინგლისში, ამერიკაში, კანადაში, ისრაელში და ა.შ. კანაფის შემცველი მედიკამენტები გამოიყენება მძიმე ეპილეფსიის მკურნალობის პროცესშიც, მათ შორის, ბავშვებსა და მოზრდილებში. გარდა ამისა, პარკინსონის მკურნალობის დროს, ასევე მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობისას და ალცჰაიმერის დროს. კანაფის შემცველობით მზადდება სხვადასხვა ტიპის მალამოები, მათ შორის, ანთების საწინააღმდეგო მალამოები“.
კანაფი და საპატრიარქო
და სანამ 12 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლება მთავრობის კანცელარიაში მარიხუანის ექსპორტის სარგებელზე ლაპარაკობდა, პარალელურად, საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე სასულიერო პირები შს სამინისტროს კანონპროექტის სიავეზე მიუთითებდნენ. მაგალითად, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამ კანონპროექტს, კერძოდ კი, კანაფის მოყვანას ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირებს და ამბობს:
„საზღვრები ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცავთ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოში მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს? მოდით, შევხედოთ ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე იფიქრონ, როგორც ხალხზე, ასევე ტერიტორიებზე“.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი კი პარლამენტის წევრებს მიმართავს:
„ეს არ გვშვენის ქართველებს. ჩვენი ქართული იმიჯიც, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვაქვს, დამერწმუნეთ, შეილახება. ჩვენ არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ, ასე რომ ვთქვათ, „ბარიგებად“. ყველაფერი გადავა უკან და ერთ-ერთი ქვეყანა ვიქნებით ამ კუთხით წინა პლანზე. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის თხოვნაა პარლამენტის უმრავლესობამ მოძებნოს გზა და რაღაცნაირად ვთქვათ ამაზე უარი".
არასამთავრობო ორგანიზაციები: გაუგებარი ინიციატივა
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გაუგებარ გადაწყვეტილებად მიიჩნევს მმართველი გუნდის მიერ დღის წესრიგში კანაფის ექსპორტის საკითხის შემოტანას მაშინ, როდესაც ეს საკითხი მწვავე საზოგადოებრივ პრობლემასა და საჭიროებას არ უკავშირდება. განცხადებაში, რომელიც მათ 12 სექტემბერს გამოაქვეყნეს, ვკითხულობთ:
„რეპრესიული და უსამართლო ნარკოპოლიტიკის მიმართ მძლავრი სოციალური პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლებას ამ დრომდე არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით. არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების მდგომარეობისთვის მძიმე გამოწვევად რჩება...ამ პირობებში სრულიად გაუგებარია მმართველი პარტიის მხრიდან პროაქტიულად დღის წესრიგში ისეთი საკითხის შემოტანა, რომელიც მწვავე საზოგადოებრივ პრობლემას/საჭიროებას არ უკავშირდება და წლების განმავლობაში ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე არც ერთი ჯგუფის მთავარ და არსებით მოთხოვნას არ წარმოადგენდა. კანაფის ექსპორტის საკითხის დაყენება, რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის მასშტაბების გათვალისწინებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან რეალური გამოწვევების გადაფარვისა და ნარკოპოლიტიკის საკითხის არსებითად დავიწროების მცდელობას ჰგავს“.
აქვე, ეპილოგის მაგიერ
და სანამ შს სამინისტროს კანონპროექტი პარლამენტს ჯერ განუხილავს და მერე დაუმტკიცებია, კანაფის კულტივაციით დაინტერესებულ მომხმარებელს, სავარაუდოდ, პრობლემების გარეშე, აქვე, სოციალურ ქსელში, შეუძლია მოიძიოს რამდენიმე გვერდი, რომელიც მათ კანაფის ჩითილებს, თესლსა და ქოთნებში გაზრდილ მარიხუანას სთავაზობს.