მარიამის ერთი კვირა ქუჩაში: მინდა ყველას მოვუყვე ჩემი ამბავი

მარი შარიფაშვილი

დაახლოებით ერთი კვირის წინ, სოციალური ქსელით გავრცელდა ამბავი, რომ 26 წლის გოგო, რომელიც სახლიდან გამოიქცა და ღამეს გარეთ, პარკში ათევდა, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. უცნობი მამაკაცი, რომელიც გოგოს თვალწინ მასტურბირებდა, პატრულმა დააკავა. მალე გაირკვა ისიც, რომ ამჟამად ქუჩაში მცხოვრები 26 წლის მარიამ შარიფაშვილი უკვე დიდი ხანია იბრძვის და სახელმწიფოსგან მოითხოვს თავისი დარღვეული უფლებების დაცვას - ამბობს, რომ ათი წლის წინ, თბილისის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა უარესისკენ. მას მერე, უკვე ათი წელია, მარიამი ვერც სწავლას ახერხებს, ვერც მუშაობას და დღემდე პოსტტრავმული აშლილობა აწუხებს.

მარიამი სწორედ სახელმწიფოსგან მოითხოვს თავშესაფარს და სათანადო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

მისი საქმის შესწავლა, რამდენიმე დღის წინ საქართველოს სახალხო დამცველმაც დაიწყო. თუმცა მარიამ შარიფაშვილი ახლაც ქუჩაში ცხოვრობს და ამბობს, რომ მშობლების სახლში არ დაბრუნდება.

მარიამს „მზიურში“, მოსაღამოებულზე შევხვდი. იქ, სადაც წინა ღამე გაათენა. იმ ღამით თბილისში მინუს 3 გრადუსი ყინვა იყო. ერთ-ერთ სკამზე იჯდა, თავის ზურგჩანთასა და სხვა ბარგთან ერთად: შინიდან წამოღებული პლედი, ალბათ, ორიოდე ხელი ტანსაცმელი, სხვა პირადი ნივთები.

- მინდა ჩემი ამბავი მოვყვე, რომ ყველამ იცოდეს, რა შეიძლება ადამიანს დაემართოს ფსიქიატრიულში, - ასე დაიწყო მარიამმა თავისი ამბის თხრობა. და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა, რატომაც დათანხმდა ამ შეხვედრას.

მერე კი ჩვენი დიალოგი ასე გაგრძელდა:

- თბილისში, საბურთალოზე დავიბადე და გავიზარდე. დედა, მამა და ჩემზე უფროსი ორი ძმა მყავს. პირველად 15 წლისა გავიქეცი სახლიდან. 16 წლის კი ფსიქიატრიულში წამიყვანეს და ყველაფერი მაშინ აირია.

- გინდა, რომ ოჯახთან შენი ურთიერთობის შესახებ გვიამბო?

- მშობლებთან ახლო და მეგობრული ურთიერთობა არასოდეს მქონია. რაც უფრო ვიზრდებოდი, სულ უფრო ვცივდებოდით. ჩემს ერთ-ერთ ძმასთანაც დამეძაბა ურთიერთობა. დედაჩემმა ერთხელ ჩემზე უთხრა ფსიქიატრს, ძალიან ჯიუტი ბავშვიაო. მართალი თქვა, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ძალიან ცუდი რამე იყოს, ყველა ბავშვი ჯიუტია... ოღონდ საქმეც ეგაა, როცა მშობელი და შვილი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამ სხვაობას სიყვარული და სითბო აბალანსებს ხოლმე. თუ ეგ არ არსებობს, ჩნდება მხოლოდ კონფლიქტი. ჩვენს შემთხვევაში ასე მოხდა.

- პროტესტს ხშირად გამოხატავდი იმის მიმართ, რაც არ მოგწონდა?

- პროტესტი, 16 წლის რომ გავხდი, მერე დავიწყე. მანამდე უფრო პასიური აგრესია გროვდებოდა ჩემში.

- ამ კონფლიქტს რა იწვევდა ხოლმე?

- მაგალითად ის, რომ ღამით ხმამაღლა ვუსმენდი მუსიკას. კარგად არ ვსწავლობდი... ერთხელ, რაღაცაზე ვიჩხუბეთ მე და დედამ. ხელით შემეხო, მე ხელი ვკარი და გავიქეცი, მაგრამ მაშინ მამაჩემმა დამიჭირა. 15 წლის ვიყავი. ჩემს ძმასთან ძირითადად განსხვავებული შეხედულებების გამო მომდიოდა ჩხუბი.

- რაზე ვერ თანხმდებოდით?

- მე თავისუფლებისმოყვარე ადამიანი ვარ, ის ყველაფერს ძალიან ტრადიციულ ჭრილში უყურებდა. მაგალითად, ხშირად გვიჩხუბია ქალების უფლებების თემაზე. თავიდან მეც ვერთვებოდი კამათში, მაგრამ მერე დამეწყო შიშები, ჩემზე ფიზიკურად არ ეძალადათ. ამიტომ ვეღარაფერს გამოვხატავდი, მაგრამ 16 წლისამ ვიფიქრე, რომ ჩემი თავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა დამეწყო. პირველად მაშინ გავიქეცი სახლიდან, ერთ-ერთი კონფლიქტის მერე.

- სად წახვედი?

- უმისამართოდ გავრბოდი. საბოლოოდ, სასაფლაოზე აღმოვჩნდი, ჯიქიაზე. მაშინაც ზამთარი იყო, ძალიან ყინავდა და დიდხანს ვერ გავძელი. ახლოს რაღაც სახლებია და ის ღამე იქ გავათენე. მერე კი პოლიციაში მივედი და ვუთხარი, რომ ოჯახში კონფლიქტი მომივიდა-მეთქი... მაშინ მამაჩემი მოვიდა და სახლში დამაბრუნა.

- ფსიქიატრიულ დაწესებულებაში როგორ მოხვდი, რა მოხდა?

- მაშინაც მე და ჩემმა ძმამ ვიჩხუბეთ. გამოიძახეს პატრული, ჩათვალეს, რომ მაქვს ფსიქიკური პრობლემები და საავადმყოფოში გადამიყვანეს, ბავშვთა ფსიქიატრიულ განყოფილებაში. მეთერთმეტე კლასში ვიყავი. მაშინ იქ ათი დღე დამტოვეს, მაგრამ როცა შინ დავბრუნდი, კონფლიქტი ისევ განმეორდა და უკვე მეორედ სამი კვირით შემაბრუნეს. იქ დაიწყო ყველაფერი. უფრო სწორად, იქ დასრულდა.

- რატომ, რა ხდებოდა?

- ჩემი აზრით, როგორც მე იქ მეპყრობოდნენ, ეს იყო ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა და წამება. თავიდან აგრესიულად არ გექცევიან, პირიქით. წამალს გთავაზობენ. მაგრამ თუ უარს ამბობ წამალზე, ვერ იძინებ, მერე სურათი იცვლება. პირველი კონფლიქტი მაშინ სწორედ ამის გამო მომივიდა, ვერ ვიძინებდი და ექთანმა ძალიან უხეშად მიბრძანა, თვალები დამეხუჭა. მე კი პროტესტის ნიშნად ავდექი და დერეფანში გავედი და იქ დავჯექი. მაშინ დამიწყეს პირველად ჯაჯგური. მაგრამ უარესი მოხდა, როცა წამლის იძულებით დალევის დრო მოვიდა.

- იძულებით, ეს როგორ?

- ცხვირზე მიჭერდნენ ხელს და წამალს პირში მიტენიდნენ. მე არ მინდოდა იმ წამლის დალევა. პირს არ ვაღებდი, მაგრამ მთელი ძალით მიჭერდნენ ხელებს ყბაზე. საშინლად მტკიოდა. დამილურჯდა კიდეც, მახსოვს. თან საშინლად მეშინოდა და კატასტროფულ მარტოობას ვგრძნობდი. მარტო ვიყავი. ოთახში ჩაკეტილი. მაგის გარდა, ფიზიკური შეხებაც იყო. წესებს თუ არ დაემორჩილებოდი, ფიზიკურადაც მეხებოდნენ. კაცი სანიტარი მოჰყავდათ, რომ გავეკავებინე. ერთი ქალი მირტყამდა, მეორე უყურებდა.

- ამის შესახებ არსად გითქვამს?

- ყველგან მოვყევი. სად არ მივედი, ჯანდაცვის სამინისტროში, პროკურატურაში განცხადებაც დავწერე, მაგრამ საქმე არ გაგრძელდა. დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთაო. არადა, რა ხდება ფსიქიატრიულებში, ამის პირდაპირი მტკიცებულება მის პაციენტს ვერასოდეს იქნება. ჯერ ერთი, არავინ გიჯერებს და მეორეც - ფსიქიატრული საავადმყოფო მოწყვეტილია გარესამყაროს, არც ტელეფონი გაქვს, რომ ის ასახო რაც იქ ხდება, არც არაფერი.

- მეორედ რომ მოხვდი საავადმყოფოში, მაშინ რა მოხდა?

- მეორედ ვეღარ ვიბრძოლე და მათ წესებს დავემორჩილე. ის წამალიც დავლიე, მაგრამ ამ დანებების და უსუსურობის განცდამ ჩემზე ისე იმოქმედა, უმძიმეს დეპრესიაში ჩავვარდი, რომელიც ახლაც გრძელდება.

- შინ რომ დაბრუნდი?

- არაფერი. სამი წელი შეკეტილი ვიყავი ჩემს ოთახში. არავის და არაფრის დანახვა არ მინდოდა. ყველა მეგობარი ჩამოვიშორე. სკოლა კი დავამთავრე და თსუ-ში იურიდიულზე ჩავაბარე, მინდოდა ადვოკატი გამოვსულიყავი და სხვების უფლებები დამეცვა, მაგრამ სწავლაც ვერ შევძელი. არ მქონდა ძალა. ჩემი პოსტტრავმული სტრესი ისე დამძიმდა, რომ ჩემს ოთახში შეკეტილი ვყვიროდი ხოლმე - ასე გამოვხატავდი პროტესტს. ჩემებმა მღვდელი მოიყვანეს, ფიზიკურად მიჭერდნენ და ის ლოცვებს კითხულობდა. ასე ეცადნენ ჩემთვის ეშველათ. მაგის მერე კიდევ გავიქეცი სახლიდან, რადგან არ შემეძლო მათთან ერთად ცხოვრება. მაშინაც სასაფლაოზე ვცხოვრობდი. სადამდეც გავძელი. ბოლო სამი წელია ასე ვარ. გავიქცევი, მერე პატრული მოდის და მივყავარ. მაგრამ რაც ახლა მოხდა, ეგეთი აქამდე არ მომხდარა, სექსუალურ შევიწროებას ვგულისხმობ. უკვე მეძინა, უცნობი რომ მომიახლოვდა და ლაპარაკი დამიწყო - თავიდან ისე ჩანდა, რომ დახმარება უნდოდა, მაგრამ მალევე აღმოჩნდა, რომ არა. შორიახლოს დადგა და მასტურბაცია დაიწყო. შემეშინდა, წამოვხტი და ვიდეოკამერების წინ საშველად ხელების ქნევა დავიწყე.

- სამსახურის შოვნა გიცდია?

- კი, მაგრამ ამ აშლილობის გამო მუდმივი შიში მაქვს. ვინმესთან კონფლიქტი რომ მომივიდეს, ვაითუ ისევ იქ დამაბრუნონ, ფსიქიატრიულში. მაღაზიაში ვცადე მუშაობის დაწყება, მოლარედ, სტაჟირებაც დავიწყე, მაგრამ რაღაც რომ მეშლებოდა, ისე უხეშად მექცეოდნენ, რომ მაშინაც შემეშინდა. მეც რომ ავყოლოდი, პატრული არ გამოეძახათ.

- როგორ გგონია, სად არის გამოსავალი, რა უნდა მოხდეს, რომ ქუჩაში აღარ იყო?

- მე მგონია, რომ როცა სახელმწიფო დაწესებულებაში ხდები ძალადობის მსხვერპლი, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს შენს რეაბილიტაციაზე. ის, რომ ამდენი წელია მე აღარ მაქვს ჩემი ცხოვრება, ეს არის სისტემის ბრალი, რომლის ზეწოლასაც ყველა ერთნაირად ვერ უმკლავდება. რატომ არ შეიძლება მეც გამიწიონ დახმარება ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, სადაც ჭერიც მექნებოდა დროებით და იურიდიულ თუ ფსიქოლოგიურ დახმარებასაც მივიღებდი? მაგრამ როცა დავრეკე, მითხრეს, რომ სექსუალური და მძიმე ძალადობის მსხვერპლი არ ვარ. და ისედაც, ძალადობის ფაქტი ბოლო ორი თვის განმავლობაში უნდა იყოს მომხდარიო.

- ახლა რას აპირებ?

- არ ვიცი. სანამ ფული მეყოფა, რაც დამრჩა, ალბათ ასე ვიქნები, გარეთ. მერე არ ვიცი.

საუბარს რომ მოვრჩით, უკვე ბნელოდა და უარესად ყინავდა. ამაღამ რას იზამ-მეთქი, ვკითხე - სადმე დავიძინებო, მიპასუხა. მე წამოვედი და მარიამი იქ დარჩა, გარეთ, თავისი ჩანთებით გარშემორტყმული.

მეორე დღეს გავიგე, რომ ის ღამე ღია ცის ქვეშ არ გაუტარებია, რამდენიმე ადამიანი დაეხმარა და ჰოსტელში გაათენებინეს, მაგრამ მერე ისევ ქუჩაში აღმოჩნდა, ამჯერადაც თავისი ნებით.

ახლაც, როცა ამ სტატიას ვწერ, ის სადღაც გარეთ არის.

მარიამ შარიფაშვილის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა კი დაიწყო, მაგრამ მოკვლევა ჯერ საწყის ეტაპზეა. ასევე უცნობია, ვინ შეიძლება დაიცვას ქუჩაში მცხოვრები 26 წლის გოგოს უფლება და თუ შინ არ დაბრუნდება, რა ბედი ელის.

მოუსმენს თუ არა მარის სახელმწიფო, რომელსაც ის აკისრებს მთავარ პასუხისმგებლობას? პასუხი არც ამ კითხვაზე არსებობს.

მარიამის ნივთები, რომელთაც თან ატარებს ქუჩაში ყოფნისას

რადიო თავისუფლება მარიამის დედასაც გაესაუბრა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მისი ქალიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ დამძიმდა.

„იქ რომ კარგად არ ექცეოდნენ, ამას მეც ვადასტურებ. შევსწრებივარ კიდეც, როგორ ბოჭავდნენ. იქ ჯერ კიდევ იმ მეთოდებით მკურნალობენ პაციენტებს, როგორც ეს „კომუნისტების“ დროს იყოს მიღებული. იყო ასეთი მომენტი, იქაურ პერსონალთან დავიჩივლე მარიზე, არ ბანაობს-მეთქი. ექიმმა გასცა ბრძანება, ძალით აბანავეთო და ასეც მოხდა. ახლა რომ წარმოვიდგენ ამას, 16 წლის გოგო რას შეიძლება გრძნობდეს ამ დროს... მესმის, რომ ეს ძალიან მძიმეა. მაგრამ მაშინ გვითხრეს, რომ რამდენიმე დღით იქ დარჩენა მოუხდებოდა. მაგრამ რეალურად, შეაგდეს პალატაში, მიუხურეს კარი და მორჩა. მაგრამ ამას, რომც გვინდოდეს, დღეს ვეღარსად დავამტკიცებთ. მარიმაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან ძნელია, იქ ერთხელ მოხვედრილმა და უკვე სტიგმატიზებულმა ადამიანმა ამ ქვეყანაში რაიმე დაამტკიცო“.

მარიამის დედა არც იმას უარყოფს, რომ მარიამს და ოჯახის წევრებს შორის დღემდე დაძაბული ურთიერთობაა და ის ხშირად გარბის სახლიდან. დედა ამბობს, რომ პრობლემას ვერ ჭრის. „ამ ურთიერთობაში, ალბათ, მეც დავუშვი შეცდომა, როცა ხელით შევეხე“, - გვითხრა მან. დედა ფიქრობს, რომ ერთადერთი გზა, რომ გოგონა ქუჩაში არ იყოს, მისთვის რაიმე პატარა ფართის შეძენაა, რასაც ოჯახი, ბინებზე აწეული ფასების გამო, ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

იმ კლინიკაშიც დავრეკე (მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილება), სადაც ათი წლის წინ, 16 წლის მარიამი პირველად მოხვდა. დღეს ხელმძღვანელობა შეცვლილია, მაგრამ მათ მარიამის ამბავი მაინც მოვუყევით და ვკითხეთ, რამდენად შესაძლებელია, მსგავსი რამ იქ მომხდარიყო. კლინიკაში გვითხრეს, რომ მათთან პაციენტის ცემა და აგრესიული მოპყრობა გამორიცხულია. და რომ შებოჭვასაც მხოლოდ გამონაკლის, კანონით დაშვებულ შემთხვევებში მიმართავენ.

მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში ხშირად შეხვდებით ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებს. 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში, მაგალითად, პირდაპირ წერია, რომ მოზარდების ფსიქიკურ აშლილობებს, როგორც წესი, მხოლოდ წამლებით მკურნალობენ.

სახალხო დამცველი ხშირად შენიშნავს იმასაც, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტებს ღირსეულად არ ექცევიან.

მარიამმა არ იცის რა იქნება ხვალ.

რა შანსი აქვს მარიამს და მის მსგავსად ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ მათი ფსიქიკა სწორედ ასეთ დაწესებულებებში დაზიანდა, მაგრამ მომხდარიდან დიდი დრო გავიდა და თან, არც მკაფიო მტკიცებულებები უჭირავთ ხელში, დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე? და თან მაშინ, როცა მათი არავის სჯერა, უნდობლობა კი კიდევ უფრო იზრდება, თუ ადამიანებს კონკრეტული დიაგნოზი აქვთ.

ჩვენ ვესაუბრეთ ადვოკატ ანა არგანაშვილს, რომლის ორგანიზაციასაც, "პარტნიორობას ადამიანის უფლებებისთვის" ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე არაერთი ადამიანის დაცვის გამოცდილება აქვს. ანამ გვითხრა, რომ დიდია შანსი იმისა, რომ ადამიანებმა, ვისაც საკუთარი სიმართლის დამტკიცება წარმოუდგენლად ეჩვენება, ბრძოლით მიზანს მაინც მიაღწიონ - ამის თქმის საფუძველს ანას აძლევს დღეს მსოფლიოში დაწყებული დიდი მოძრაობა, რომელშიც ფსიქიატრიული საავადმყოფოების ყოფილი პაციენტებიც არიან ჩართული.

ეს ადამიანები აპროტესტებენ წლების წინ მათ მიმართ ჩადენილ ძალადობას, რომელიც არადამიანურ მოპყრობას და წამებას უტოლდებოდა. ისინი ითხოვენ არა მხოლოდ დამნაშავეების დასჯას, მოითხოვენ ზიანის ანაზღაურებასაც, კომპენსაციას. და რაც მთავარია, მოითხოვენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის ჰუმანურ და ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებულ სერვისად ქცევას. მოითხოვენ ისეთ სისტემას, რომელიც ადამიანებს არ მიაყენებს ისეთ მოუნელებელ ტრავმას, როგორზეც ამ სტატიის მთავარი გმირი, მარიამიც ლაპარაკობს.

PS: სტატიის წერა დასრულებული მქონდა, როცა მარიამს ისევ შევეხმიანე. ის ამაღამაც გარეთ გაათენებს.

ასევე ნახეთ სიბნელე ფსიქიატრიულის ფანჯრებში: როცა არავის სჭირდები
ასევე ნახეთ უჩინარები ბედიანიდან
ასევე ნახეთ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ისევ მძიმე პირობებია