ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) შეაფასა საქართველოს მიერ კორუფციის პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ - 2016 წელს განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც ეხება სასამართლოს, პარლამენტსა და პროკურატურას. 16 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებული არ არის მესამედიც კი. დაგეგმილია შეფასების მეხუთე რაუნდი, როცა შეფასდება ხელისუფლების უმაღლეს შტოებში კორუფციის პრევენცია. ეს შეეხება პრემიერმინისტრის ოფისს, შსს სისტემას და ა.შ..
GRECO შეფასების ყოველ ეტაპზე სხვადასხვა მიმართულებას აფასებს.
2016 წელს პარლამენტისთვის გაცემული სამი რეკომენდაციიდან ჯგუფმა სრულად შესრულებულად არ ჩათვალა არც ერთი. ეს რეკომენდაციები იყო:
1. საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალების და ამ პროცესში საჯარო კონსულტაციების ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფა;
2. პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მიღება და აღსრულების უზრუნველყოფა;
3. პარლამენტის წევრების მიერ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ad hoc განაცხადის გაკეთების ვალდებულების უზრუნველყოფა.
„ინფორმციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ მაისურაძე რადიო თავისუფლების ეთერში რეკომენდაციების იმ ნაწილზე ამბობს, რომელიც სამივე მიმართულებას ეხება და დღემდე შეუსრულებელია:
„ეთიკის ნორმების დანერგვა და დისციპლინური ნორმების დახვეწა არის ერთ-ერთი ძირითადი, რითაც შეიძლება კეთილსინდისიერება იქნას უზრუნველყოფილი ამა თუ იმ მიმართულებაში. ეს რეკომენდაციები შეუსრულებელი გვაქვს სამივე მიმართულებაში: არც პარლამენტის წევრებისთვის, არც მოსამართლეებისთვის და არც პროკურორებისთვის ეთიკის ნორმების ეფექტიანი დანერგვა პრაქტიკაში არ მომხდარა“.
მარიამ მაისურაძე ამბობს, რომ ეთიკის კოდექსის მიღება და თაროზე შემოდება ვითარებას არ ცვლის და ეს არის GRECO-ს მიდგომაც - ის მხოლოდ ნორმების ანალიზით არ შემოიფარგლება და აუცილებლად აფასებს პრაქტიკას.
IDFI-ს წარმომადგენელი ხაზს უსვამს საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებულ რეკომენდაციასაც:
„ნებისმიერ შემთხვევაში, კანონშემოქმედებითი პროცესი უნდა იყოს ჩართულობის და გამჭვირვალების პრინციპზე დაფუძნებული და GRECO იმიტომ, რომ კორუფციას განიხილავს ფართო კონტექსტში და არა მხოლოდ ქრთამის მიცემა-აღებად, ამას განიხილავს ერთ-ერთ წინაპირობად, რომ კორუფციის პრევენცია შეიძლება ვერ მოხდეს ქვეყანაში ისე, როგორც საჭიროა“.
სასამართლოს სფეროსთვის განსაზღვრული 6 რეკომენდაციიდან GRECO-მ სრულად შესრულებულად ჩათვალა ორი, შეუსრულებლად - ერთი, სამი კი - ნაწილობრივ შესრულებულად:
„დაწინაურებას რაც შეეხება და ზემდგომ ინსტანციებში მოსამართლის გადაყვანას, აქ სერიოზული ხარვეზებია. ხელისუფლებას არ განუხორციელებია არანაირი ცვლილება ამასთან დაკავშირებით. არ არსებობს დადგენილი კრიტერიუმები, საკმარისად დეტალური, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე. არ არსებობს პროცედურა გაწერილი და ეს, რა თქმა უნდა, აისახება როგორც დღეს მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მოსამართლის დაწინაურების დროს შექმნის პრობლემას გამჭვირვალების კუთხით“.
პროკურატურას ორი რეკომენდაცია აქვს შესრულებული, ორი - შეუსრულებელი და ორი - ნაწილობრივ შესრულებული. შესრულებულად ჩაითვალა პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფორმა. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად პროკურატურა გამოეყო აღმასრულებელ შტოს და ეს GRECO-მ ჩათვალა საკმარისად, რომ პროკურატურად, ფორმალურად მაინც, ჩაითვალოს დამოუკიდებელ ორგანოდ. შესრულებულად ჩაითვალა ის, რომ საქმეთა განაწილების შესახებ ბრძანება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. შეუსრულებელი რეკომენდაცია პროკურატურის შემთხვევაშიც არის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია:
„მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ განახორციელა გარკვეული რეფორმა ეთიკის ნორმებთან დაკავშირებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის პრობლემას არ შეეხო ეს ცვლილებები, რომელიც ისევ ბუნდოვანი რჩება“.
და კიდევ - პროკურატურაში ზოგიერთ მაღალი რანგის პროკურორზე არ ვრცელდება ქონებრივი დეკლარაციის ვალდებულება. GRECO ითხოვს, რომ ის გავრცელდეს ყველა პროკურორზე.
Your browser doesn’t support HTML5