როდესაც მესამე საუკუნის ნეოპლატონიკი ფილოსოფოსი პორფირიუსი ქრისტიანების ეკლესიებს დამცინავად „ქალების სენატს“ ეძახდა, იგი არ აჭარბებდა - პირველ ქრისტიანულ თემებში ქალს ცენტრალური როლი ეჭირა.
მათ შორის იყვნენ:
იუნია „სახელგანთქმული მოციქულთა შორის“, როგორც ამას გვამცნობს პავლე მოციქული. სხვათა შორის, მოციქულთა შორის ქალის ხსენება დიდ დისკომფორტს უქმნიდა ეკლესიის მამებს და მესამე საუკუნიდან მოყოლებული ორიგენე, იოანე ოქროპირი და ა.შ. - მის კაცად „გასაღებას“ შეეცდებიან.
პავლე მოციქულისგან ვიგებთ ასევე, რომ ფებე კენკრეას ეკლესიის ხელმძღვანელი ყოფილა (ბერძნულ ორიგინალში პავლე ფებეს სტატუსის აღნიშვნისას იყენებს სიტყვას „პროსტატეს“, რაც ხელმძღვანელს ნიშნავს; დეტალი, რომელიც თარგმანებში ხშირად არ არის შენარჩუნებული).
თარსუსელი მოციქული გვამცნობს ასევე, რომ პრისკილა წამყვან როლს თამაშობდა ეფესოს და რომის ეკლესიებში (ის, რომ პავლე მოციქული პრისკილას მის მეუღლე აკვილაზე ადრე ახსენებს, მიუთითებს პრისკილას წამყვან როლზე ეკლესიაში).
განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდათ ეკლესიებში მარიამს, ტრიფენას, ტრიფოსა და პერსიდას. პავლე მოციქული ამ ქალებს მოიხსენიებს როგორც „უფალში მაშვრალთ“. ეს სტატუსი კი ეკლესიის წევრების მხრიდან მათ წინაშე მორჩილებას მოითხოვდა.
მოციქულთა საქმის ავტორი მიგვითითებს რამდენიმე ქალზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი ეკავათ ეკლესიებში: ლიდიას ფილიპოსიდან და „კეთილშობილ და წარჩინებულ ქალებს“ პისიდიის ანტიოქიიდან, თესალონიკიდან და ბერეადან.
სახარებებიდან ვიგებთ, რომ იესო მუდმივად ქალებით იყო გარშემორტყმული. ძველი აღთქმის პატრიარქებისა თუ წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით (აბრაამი, მოსე და ა.შ.) ქალები იესოს ვიწრო წრეში შედიოდნენ. მათ შორის იყვნენ მარიამ კლეოპასი, მარიამი (იაკობ მცირის და იოსეს დედა), სალომე, იოანა (ქუზას ცოლი) და სუსანა, „რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ“ იესოს. მეოთხე სახარების ავტორი გვამცნობს, რომ ბეთანიელი დები მარიამი და მართა იესოს „განსაკუთრებით უყვარდა“. ამას გარდა სახარებები გვამცნობენ იესოს უამრავ სხვა ახლობელ ქალზე, რომელთა სახელებიც ჩვენთვის უცნობია. მათ შორის იყვნენ: ქალი, რომელიც სისხლის დენით იტანჯებოდა, ასურო-ფინიკელი ქალი, ქალი, რომელმაც ნელ-საცხებლებს აცხობს იესოს, ცოდვილი ქალი, სამარიელი ქალი და ა.შ.
თუმცა, სახარებების ქალთა პერსონაჟებიდან ყველაზე საინტერესო მარიამ მაგდალელია. სწორედ მარიამ მაგდალელი გახდება იესოს აღდგომის პირველი მოწმე. მარიამ მაგდალელის სახე განსაკუთრებით საინტერესოა იოანეს სახარებაში. სახარების ავტორს მარიამ მაგდალელი პირველად თხრობის დასასრულს, საკვანძო მომენტში შემოჰყავს - როდესაც ის ჯვართან დგას იესოს ოჯახის წევრებთან ერთად. ამის შემდეგ მარიამ მაგდალელი პირველია, ვინც „კვირის პირველ დღეს დილაუთენია“ მივა სამარხთან და ვისაც იესო პირველად გამოეცხადება.
როგორ მოხდა, რომ აღდგომისას პირველმოწმის როლს სახარებები არა პეტრეს, ან რომელიმე სხვა მოციქულს, არამედ ქალს მიაკუთვნებენ? (სხვათა შორის ამ „შეცდომას“ გამოასწორებენ აპოკრიფული ტექსტები, როდესაც იესო პირველ რიგში პეტრეს ეჩვენება). იესოს აღდგომის საყოველთაო აღიარებისათვის მარიამ მაგდალელის არჩევა ხომ ძალზედ ცუდი ტაქტიკური სვლა იყო?! „ქალის მხრიდან დაუშვებელია მტკიცებულების მიღება“ - წერდა „იუდეის სიძველეთა“ ავტორი იოსებ ფლავიუსი. იმავეს იმეორებს ძველი აღთქმის ლევიანის წიგნი. ის რომ მარიამ მაგდალელი არასანდო წყაროდ აღიქმებოდა, ამას ლუკას სახარებაც ადასტურებს: „მაგრამ მათ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ“. მარიამ მაგდალელის სანდოობას განსაკუთრებით მისი „შვიდი ეშმაკის“ დაავადება ასუსტებდა. სხვათა შორის, ამ ფაქტს ხელზე დაიხვევენ ფილოსოფოსები პორფირიუსი და ცელსუსი როცა ლაპარაკობენ „ნახევრად-გიჟი და ეგზალტირებული ქალის“ ჩვენების აბსურდულობაზე. პორფირიუსი, რომელსაც კარგად ჰქონდა შესწავლილი სახარებები, გაოცებული აღნიშნავდა, თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანს დაეჯერა „იმ ვულგარული ქალისთვის, (...) რომელიც შვიდი დემონის მიერ იყო შეპყრობილი“. „და რატომ არ გამოეცხადა ქრისტე პილატეს, ჰეროდეს, ან ებრაელთა მღვდელმთავარს? კიდევ უკეთესი იქნებოდა, ის რომ რომის სენატს ან ზოგადად ხალხს გამოცხადებოდა. ამის მაგივრად ის ეჩვენა შვიდი დემონით შეპყრობილ ღატაკი სოფლის მკვიდრ ქალს“ - აყვედრიდა ცელსუსი ქრისტიანებს.
და მაინც, როგორ მოხდა, რომ იესოს აღდგომა, რწმენის ამ ქვაკუთხედი მოვლენის მოწმეობა, სახარებების ავტორებმა ქალს მიანდეს? მარიამ მაგდალელის ეს განსაკუთრებული როლი ზეპირსიტყვიერი ტრადიციიდან მომდინარეობდა. ზეპირსიტყვიერი ტრადიცია კი სახარებების „გენეტიკურ კოდს“ წარმოადგენდა და მისი იგნორირება შეუძლებელი იყო.
მესამე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, მარიამ მაგდალელი, ამ განსაკუთრებული როლისათვის, ქრისტიან ავტორებში (იპოლიტე რომაელი, ნეტარი იერონიმე და ა.შ.), „მოციქულთა მოციქულის“ სტატუსს დაიმსახურებს.
ასე რომ, დღეს, როდესაც ე.წ. მღვდლები თუ ე.წ. მეუფეები, თავიანთ ქადაგებებში ქალთა ხელთდასხმას არასახარებისეულს უწოდებენ, ადამიანს ბუნებრივი კითხვა ებადება - იცნობენ კი თვით ისინი ან სახარებებს, ან პავლე მოციქულის ეპისტოლეებს?...
დაბოლოს, როგორც ინგლისელები იტყოდნენ last but not least: 20 საუკუნით ერთმანეთისგან დაშორებულ ეკლესიებში ქალის სტატუსის შედარება გვაჩვენებს, თუ რამდენად ილუზორულია რწმენა, რომ პროგრესი შეუქცევადი და სწორხაზოვანი პროცესია...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.