„ამ ვიდეომიმართვაში მონაწილეობენ: ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარ ადამიანები. აბსოლუტურად მოხალისეობრივად გადავიღეთ ეს ვიდეო და თავიდან ბოლომდე თემის უდიდესი მობილიზაცია იყო. ულტრამემარჯვენე ჯგუფის წარმომადგენლები გუშინ წერდნენ, რომ აი, თუ გრანტები არ არის, ასეთი ტექნიკა და ასეთი ხარისხის ვიდეო როგორ გადაიღესო და მინდა ვუთხრა ყველას, რომ მართლა ნოლი თეთრით, მოხალისეობრივად გაკეთდა ეს ყველაფერი“, - 16 მაისს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა. რისი თქმა სურთ მათ? რატომ გეგმავენ მსვლელობის ჩატარებას? რას აპროტესტებენ და ვისი მხარდაჭერისთვის იბრძვიან?
„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, მარიამ კვარაცხელია „დილის საუბრებში“:
„მესმის, რომ პრაიდის თემა არის საკმაოდ წინააღმდეგობრივი. მინდა ავუხსნა საზოგადოებას რაში მდგომარეობს ჩვენი მისწრაფება და რატომ ვცდილობთ გამოსვლას: პირველ რიგში, ვიტყვი, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი და ერთ-ერთია „ღირსების მარში“. ასე ქვია და ასეც არის ქართული კონტექსტიდან გამომდინარე.
„ღირსების მარში“ არ არის ის პარადი, რაც დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. აქ არ იქნებიან გახდილი ადამიანები, არ იქნება ცეკვა-თამაში. ზეიმი და კარნავალი არ იგეგმება, არამედ ეს უფრო მეტად იქნება პოლიტიკური ხასიათის საპროტესტო მსვლელობა პოსტერებით, მესიჯებით.
ჩვენ მართლა ვფიქრობთ და გვჯერა, რომ ხილვადობა არის მიმღებლობის წინაპირობა და მაშინ, როცა ხალხი დაგვინახავს, თუ როგორები ვართ რეალურად და რომ არაფერია საშიში და მიუღებელი, ვფიქრობთ, ამით ნელ-ნელა ხელს შევუწყობთ მიმღებლობის გაზრდას. ლგბტ ადამიანების გარდა ამ მარშში მონაწილეობის მიღებას ბევრი მხარდამჭერი აპირებს - ჰეტეროსექსუალი ადამიანები, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება.
ვფიქრობთ, რომ ამ გზით ნამდვილად შევცვლით განწყობებს საზოგადოებაში. ჩვენთვის პრაიდი არის ძალიან მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო პლატფორმა. გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ფართო საზოგადოებას ვესაუბროთ და მივიტანოთ ჩვენი სათქმელი მათ გულებამდე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლიდან წლამდე, როდესაც ათასობით ადამიანი გამოდის ამ მსვლელობაზე, ღირსების თუ თანასწორობის მარშებში, ეს არის გარკვეული მესიჯი ხელისუფლებისთვისაც, რომ ჩვენ ვართ ანგარიშგასაწევი ძალა და უნდა შეასრულონ ჩვენი მოთხოვნები. ჩვენი უფლებების დარღვევა და ის უთანასწორობა, რაც ქვეყანაშია, უნდა აღმოფხვრან. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანწილად ხელისუფლებაზე და სისტემაზე მიმართული ღონისძიებაც არის“.
მაირამ კვარაცხელიას თქმით, “ღირსების მარში“ მოიცავს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც ჯერ ვერ იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის:
„მათთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმედი და ჩვენ ამიტომაც გავდივართ. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ესეც არის, ყველაფერთან ერთად“.
Your browser doesn’t support HTML5