"როცა საჯარო ინტერესი მაღალია, გამოხატვის თავისუფლება კონკრეტული პირის ინტერესზე მაღლა დგას"

19 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გოგოსაშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) პროექტის კოორდინატორი. ბოლო ხანს მედიით ფარული ჩანაწერების გავრცელებამ ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში სავარაუდოდ, უკანონო ჩანაწერების გავრცელებისთვის მედიის პასუხისმგებლობის საკითხი წამოჭრა. არ არის გამორიცხული, არც თუ შორეულ მომავალში ეს საკითხი საკანონმდებლო ინიციატივის სახითაც ვიხილოთ. მარიამ გოგოსაშვილი იშველიებს კანონს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ", რომლის მესამე მუხლში ვკითხულობთ, რომ "ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება", რაც გ) და დ) პუნქტებით გულისხმობს: "გ) ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას; დ) ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები". რაც შეეხება შეზღუდვას, ამავე კანონში განმარტებულია: "ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს".

"დილის საუბრებში" მარიამ გოგოსაშვილმა ილაპარაკა აგრეთვე ტელეკომპანია "იბერიის" დახურვის ფაქტზე. "იბერიაში" განვითარებულ მოვლენებზე "დილის საუბრების" ეთერში ილაპარაკა ჟურნალისტმა ბექა პატურაშვილმა, რომელიც თვლის, რომ მენეჯმენტს უკეთესი კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა თანამშრომლებთან, რომლებიც პირდაპირ კომპანიის დახურვის ფაქტის წინაშე არ უნდა დაეყენებინა. ბექა პატურაშვილი ხაზს უსვამს, რომ "არხის მენეჯმენტმა ვერ მოახერხა კრიზისის მართვა და ალბათ, არც იმის მცდელობა ყოფილა, გუნდი ყოფილიყო შენარჩუნებული".

Your browser doesn’t support HTML5

მარიამ გოგოსაშვილი ფარულ ჩანაწერებზე, გამოხატვის თავისუფლებაზე და მედიაზე