გასულ კვირაში რამდენიმე ათეულმა სოციალურმა მუშაკმა მიიღო შეტყობინება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც მოგვიანებით განიმარტა, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაციის ნაწილი. ნიშანდობლივია, რომ გათავისუფლებული სოციალური მუშაკების ნაწილმა გათავისუფლების შესახებ შეიტყო, როცა ცოდნის გასაღრმავებლად პროფესიულ ტრეინინგზე იმყოფებოდა. სოციალურ მუშაკთა პროფკავშირი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გამოეხმაურა მიმდინარე პროცესს. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დაირღვა როგორც სოციალური მუშაკების, აგრეთვე მათი ბენეფიციარების უფლებები. წელიწადიც არ გასულ სოციალური მუშაკების გაფიცვიდან, როცა ისინი თავიანთი საქმიანობისთვის ადეკვატურ სამუშაო პირობებსა და სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდას ითხოვდნენ გამომდინარე იმ საჭიროებიდან, რაც ქვეყანაშია. მარიამ ბანძავა სოციალურ მუშაკთა პროფკავშირის გამგეობის წევრია. რადიო თავისუფლების დილის ეთერში მან განაცხადა:
„ის, რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბავშვთა კეთილდღეობის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის და პოლიტიკის გამტარებლების დამოკიდებულებას ისეთი მნიშვნელოვანი პროფესიის მიმართ, როგორიცაა სოციალური სამუშაო. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ მათ არათუ გაანალიზებული აქვთ სოციალური მუშაკის როლი, არამედ ამ რეორგანიზაციის პროცესშიც კი ძალიან ქაოტურად, დაუგეგმავად, უპასუხისმგებლოდ ექცევიან ისეთ ძვირფას პროფესიონალებს, რომლებიც დღეს უკვე შეგვიძლია ჩავთვალოთ გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებად.
…როცა გვეგონა რომ რეორგანიზაციის პროცესში შევძლებდით ნამდვილი სოციალური მუშაობის შესრულებას, ოჯახების დახმარებას და ა.შ., ვხვდებით სიტუაციას როცა რამდენიმე ათეული სოციალურ მუშაკს მისდის შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ 1 თებერვლიდან ისინი ტოვებენ ამ მათთვის მნიშვნელოვან პოსტს.
თავდაპირველად იყო შეტყობინება, რომელიც უკვე ბრძანების სახით ჩაუვარდათ სოციალურ მუშაკებს. დამოკიდებულება ჩანს იმაშიც, რომ რამდენიმე სოციალური მუშაკი წასული იყო სატრეინინგოდ მივლინებაში და ტრეინინგის მიმდინარეობისას ამ ადამიანებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მათ ელექტრონულ სისტემაში ჩავარდა გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ხომ ხვდებით, რამდენად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელია ეს დამოკიდებულება დამსაქმებლისგან - როცა ერთი მხრივ გიშვებენ ტრეინინგზე, სადაც უნდა გაიღრმაო შენი პროფესიული უნარჩვევები და ტრეინინგი არც კი არის დასრულებული, როცა იგებ, რომ შენ გათავისუფლდი და აღარ გქვია სოციალური მუშაკი.
დარჩენილებიც არიან ძალიან მძიმე ემოციური ფონის ქვეშ, რადგან თითოეული სოციალური მუშაკის უკან არის უამრავი ინდივიდუალური საქმე, რომელზეც მას პასუხისმგებლობა აქვს აღებული. იგულისხმებიან ბავშვები, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვაში არიან, ხანდაზმულები და ყველა სოციალურად შეჭირვებული ჯგუფის წარმომადგენელი და ყველა ამ ადამიანზე პასუხისმგებლობაც არ ვიცით, ვის გადაებარება და როგორ“.
„სოლიდარობის ქსელის“ იურისტი დავით ომსარაშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოსგან ელოდება გამოთხოვილ ინფორმაციას. რადიო თავისუფლების ეთერში კი ამბობს:
„სოციალური მუშაკების მდგომარეობა დღეს გაუარესდა. სოციალური მუშაკები ითხოვდნენ იმას, რომ მათი რაოდენობა გაზრდილიყო, რადგან მათი სამუშაოს მოცულობა იყო ძალიან დიდი და ისინი ვერ ახერხებდნენ ისე შეესრულებინათ სამუშაო, როგორც წესი და რიგია. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, პირველი, რაც ვიცით, არის ის, რომ ჩაბარდათ გათავისუფლების შესახებ შეტყობინება და შემდეგ ბრძანება, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ამ შემთხვევაში არის ის, რომ რეორგანიზაციის პროცესში თვითონ დასაქმებულებს და აგრეთვე სოციალური მუშაკების პროფკავშირს ჰქონდათ ძალიან მწირი ინფორმაცია. როცა რეორგანიზაციის პროცესი მიდის, უპირველესად, მითუმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო აპირებს გაათავისუფლოს დასაქმებულები, ის ვალდებულია ამ პროცესში ჩართოს როგორც დასაქმებულები, აგრეთვე პროფესიიული კავშირი, რადგან ინფორმაციის ნაკლებობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. არ შეიძლება სამი დღით ადრე ატყობინებდნენ ადამიანებს, რომ ისინი დატოვებენ თანამდებობას“.
Your browser doesn’t support HTML5