აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ პარლამენტში ინიცირებულია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“. ინიციატივის ავტორია კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების საკითხის აქტუალურობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პერიოდშივე გაიზარდა, როცა მიმდინარეობდა მსჯელობა კონსტიტუციურ ჩანაწერზე, რომელიც მოქმედ კონსტიტუციაში ასეთი სახით არის:
„კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით“.
ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) პარლამენტს წარუდგინა შენიშვნები და წინადადებები ინიცირებულ კანონპროექტზე.
GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, მარი კაპანაძე უპირველესად პროექტის დისკრიმინაციულობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ერთ-ერთი პირველი შენიშვნა არის მისი დისკრიმინაციული ხასიათი, რაც გამოიხატება იმაში, რომ შემოთავაზებული კანონპროექტით ვალდებულებები მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით და მათი შეუსრულებლობის შესაბამისი პასუხისმგებლობები ეკისრებათ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და შესაბამის იურიდიულ პირებს, რაც არ არის საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით“.
მარი კაპანაძე ვერ ხედავს რაციონალურ საფუძველს მიდგომაში - რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აპრიორი მიწას უფრო უდიერად მოეპყრობიან, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები:
„სახელმწიფომ თანაბრად უნდა გაავრცელოს ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ყველა მესაკუთრეზე“.
იურისტის განმარტებით, კონსტიტუციის მე-19 მუხლი, რომელიც თავისთავად შემზღუდავია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, არ ათავისუფლებს კანონმდებლებს ვალდებულებისგან, რომ თანაბრად მოეპყროს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს:
„ერთადერთი კანონმა შეიძლება განსაზღვროს სუბიექტთა წრეს რა შემთხვევაში გაზრდის, თუმცა, მას შემდეგ, რაც ადამიანი მემკვიდრეობით მიიღებს ქონებას და თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მოთხოვოთ, რომ აუცილებლად დაამუშაოს მიწა, ეს უკვე არის არაკონსტიტუციური და არათანასწორი მოპყრობა და ამას არ აქვს არანაირი გამართლება“.
GDI-ს წარმომადგენელი აგრეთვე განმარტავს, რომ მიწაზე საკუთრება შეხებაში არ არის სახელმწიფოს სუვერენიტეტთან:
„სახელმწიფო სუვერენიტეტი არსად ქრება მიუხედავად იმისა ვისი საკუთრებაა მიწა. ასეთი მოსაზრება არის წარსულიდან გადმონაშთი: როცა საქართველოში ფეოდალური წესწყობილება იყო და მიწის მესაკუთრე იყო თავადი, მას შეეძლო სხვა სახელმწიფოსთვის მიყიდვა ან ჩუქება. ფეოდალი იყო მიწის სუვერენიც. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ მიწის ზედაპირზე და არა მის სუვერენულობაზე. იმის მიუხედავად მიწას ვინ ამუშავებს, ის საქართველოს სუვერენულ ტერიტორიად ითვლება“.
ნებისმიერი საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში კი, სახელმწიფოს აქვს არაერთი ბერკეტი, რომ ადამიანს ხელი შეუშალოს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში.
მარი კაპანაზე სცდება სამართლებრივ სიბრტყეს და ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესება, ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქე მიწის მესაკუთრეთა ინტერესებსაც:
„ისინი ვერ მიყიდიან მიწას უცხოელებს და თუკი ვერ მიყიდიან, იზღუდება მყიდველების წრე, რითაც მიწის ფასი ეცემა და ნაკლებად გაქვს სამართლიან ფასად გაყიდვის შესაძლებლობა. კანონპროექტით საქართველოს მოქალაქეებს ეკრძალებათ მიწის იპოთეკით დატვირთვა, თუკი გარიგებას დებენ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან“.
მარი კაპანაძე ლაპარაკობს აგრეთვე კანონპროექტის ზოგიერთი მუხლის ბუნდოვანებაზეც, რაც ამა თუ იმ ნორმის პრაქტიკულ განხორციელებას უკავშირდება.
Your browser doesn’t support HTML5