ტერორიზმის დაფინანსებასა და ხელშეწყობაში ბრალდებული რამაზ მარგოშვილი 26 ივლისს გამოძიებას იმ კონკრეტული მაღალჩინოსნების გვარებს დაუსახელებს, ვინც ახმედ ჩატაევთან თანამშრომლობდა. მარგოშვილის ადვოკატმა მაია სირაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მარგოშვილი იტყვის, თუ როგორ თანამშრომლობდა სუს-ი ახმედ ჩატაევთან, სად და როდის ხვდებოდნენ მას სპეცსამსახურების წარმომადგენლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ახმედ ჩატაევის საიდუმლო თანამშრომლობაზე 2017 წელს ჩატარებულ ცნობილ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციამდე რამაზ მარგოშვილმა თავის სკანდალურ ჩვენებაშიც ისაუბრა, რომელშიც ჩატაევთან შეხვედრაც დაადასტურა. მარგოშვილმა მაშინ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თანამშრომლობის სანაცვლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ქართველი ბიზნესმენისგან ვალის - 300 000 დოლარის - ამოღებაში დახმარება სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. მარგოშვილი იმასაც აცხადებდა, რომ ამ თანხის მითვისებას ცდილობდნენ კონტრტერორისტული დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ჩიმაკაძე და მისი მოადგილე ხვიჩა ლორია. რადიო თავისუფლება დაკითხვაზე შესვლამდე მარგოშვილის ერთ-ერთ ადვოკატს, მაია სირაძეს, ესაუბრა.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლება: ქალბატონო მაია, რას იტყვის დღევანდელ დაკითხვაზე დამატებით რამაზ მარგოშვილი?
მაია სირაძე: ის დაასახელებს იმ მაღალჩინოსნების გვარებს და სახელებს, ასევე უცხოელი პარტნიორების ვინაობას. იტყვის, რომელ ბინაში მიიყვანეს, სად მდებარეობს ეს ბინა, დეტალურად აღწერს ყველაფერს. ის განმარტავს, რომ საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან ჩიმაკაძემ (კონტრტერორისტული დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ჩიმაკაძე) სარდაფში ჩაიყვანა, თავზე ტომარა ჩამოაცვა, მუქარით იარაღი მიადო შუბლზე და აიძულებდა ეთანამშრომლა „პარტნიორებთან“. ეუბნებოდა, დათანხმდი ამ ყველაფერს და პანკისში ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი იქნები, ხოლო თუ არ დათანხმდები, დაგაპატიმრებთო.
რადიო თავისუფლება: თქვენი ინფორმაციით, „უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ კონკრეტულად რას გულისხმობდა?
მაია სირაძე: თანამშრომლობას ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით. თუმცა რაზე უნდა ეთანამშრომლა, მარგოშვილისთვისაც უცნობია, კონკრეტულად ამას არ ეუბნებოდნენ. რამაზ მარგოშვილი აცხადებს, რომ მათ ჩატაევი უფრო აინტერესებდათ, ვიდრე სხვა ვინმე.
რადიო თავისუფლება: რა ნიშნით, რატომ შეარჩიეს სწორედ რამაზ მარგოშვილი ამ საქმისთვის?
მაია სირაძე: ეს მისთვისაც არ არის ბოლომდე გარკვეული - რატომ ის და არა სხვა.
რადიო თავისუფლება: ამ ამბამდე რას საქმიანობდა მარგოშვილი?
მაია სირაძე: რამაზ მარგოშვილი ცხოვრობს პანკისში, ჰყავს შვიდი შვილი. შეჭირვებული ოჯახი აქვთ. ჯერ საბურავებს ყიდდა თბილისში. მერე „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში პატარა პროექტი დაუფინანსეს და რკინის საამქრო გააკეთა. მათი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია. თვითონ ფიქრობს, ალბათ, სწორედ ამიტომ დამიკავშირდნენ, რადგან ასეთი გაჭირვებული ვიყავი, პატიოსნად ვმუშაობდი და არც არავისთან ვთანამშრომლობდიო. და ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ მარგოშვილი ჩატაევს იცნობდა.
რადიო თავისუფლება: თქვენი ინფორმაციით, როგორ დაუკავშირდა სუს-ი რამაზ მარგოშვილს სულ თავიდან?
მაია სირაძე: მარგოშვილი ამას თავის ჩვენებაშიც ამბობს. მას უთხრეს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სამი უცხოელი ჟურნალისტი ჰყავდა დაკავებული. მარგოშვილი ახმედ ჩატაევთან სირიაში უნდა ჩასულიყო და გაეგო მათი ასავალ-დასავალი. მას მისცეს 1500 დოლარი სამგზავრო ხარჯებისთვის. წავიდა, შეხვდა ჩატაევს, ჩამოიტანა ინფორმაცია, რომ მათ ასეთი არავინ ჰყავდათ დაკავებული. თუმცა მარგოშვილი აცხადებს, რომ მეტ კითხვას სწორედ ჩატაევის შესახებ უსვამდნენ და არა სხვებზე. მარგოშვილი მაშინ მიხვდა, რომ მოტყუებით გაგზავნეს ჩატაევთან. ამის შემდეგ მარგოშვილთან სუს-ი მთელი წლის განმავლობაში კონტაქტობდა... და შემდეგ კი ვიცით, რაც მოხდა 2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.
რადიო თავისუფლება: დღეს რამაზ მარგოშვილს გამოძიება ედავება ტერორიზმის მხარდაჭერას. რას ითვალისწინებს ეს დანაშაული და დღეს რა ეტაპზეა ე.წ. „ტერორიზმის საქმის“ გამოძიება?
მაია სირაძე: მარგოშვილს ედავებიან 331 პრიმა მუხლით, რომელიც 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მე ზუსტად ვიცი, რომ მოსამართლეს განაჩენი უკვე დაწერილი აქვს და ეს გამამტყუნებელი განაჩენია. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ირაკლი ჩიმაკაძე გამოძიების პერიოდში პირდაპირ გვემუქრებოდა: მარგოშვილს უთხარით, ჯობს, აღიაროს დანაშაული, საპროცესო გარიგებას გავუკეთებთ, ხუთ წელსაც არ იჯდება ციხეში, თუ არადა, მე ცარიელი ფურცელიც რომ შევიტანო სასამართლოში, განაჩენი მაინც დადგებაო.
რადიო თავისუფლება: რა შეიძლება შეცვალოს მარგოშვილის დღევანდელმა ჩვენებამ, რას ელოდებით?
მაია სირაძე: წესით, ამ ჩვენების შემდეგ საქმე უნდა აღიძრას მაღალჩინოსნების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კუთხით, მაგრამ გამოძიების იმედი დიდად არ გვაქვს. ვფიქრობთ, მომდევნო კვირას მთავარ პროკურორს მივმართოთ, რომ ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს. რადგან არანაირი მტკიცებულება, გარდა ბრალდებულების, ჩოფანაშვილის და გორნაკაშვილის, და ასევე ქავთარაშვილის ჩვენებისა, არ არსებობს. ჩვენი შეფასებით, ამ საქმეში იკვეთება ელიტარული კორუფცია, რომელშიც სუს-ის მაღალჩინოსნები არიან ჩართულნი. 27 ივლისს ბრალდებულები საბოლოო სიტყვას იტყვიან და შემდეგ განაჩენი გამოცხადდება.
PS. სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი მოკლეს, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცველებმა დაჯგუფების ერთი წევრი, შოაიფ ბორზიევი, დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირში მყოფი რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავა. კიდევ ორი პირი, ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით დააპატიმრა. გამოძიება მათ ტერორისტული საქმიანობის მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.