როგორ იყო? დილით ვდგებოდით და სამსახურებში გავრბოდით.
ბავშვები - სკოლაში, ზოგისთვის დილის რიტუალი სამსახურამდე ძაღლის გასეირნება იყო, ან ყავა, მერე ტრანსპორტი, საცობში გაჭედვა, საქმე და საქმე, დღის ბოლოს კი - ვისთვის რომელ საათზე, მაგრამ მაინც, ეს გვერდი იხურებოდა და იწყებოდა მეორე - სახლის ცხოვრება.
ბევრისთვის, ძირითადად ასე იყო. პანდემიამდე.
ახლა სად არის ეს ზღვარი? სად მთავრდება სახლი და იწყება სამსახური და პირიქით? საძინებლიდან მეორე ოთახში? თუ ეს მეორე ოთახი საერთოდ არსებობს.
ასევე ნახეთ სახლიდან მუშაობა „ჟამიანობისას“, გნებავთ, კორონავირუსისასამ ახალი, პანდემიის წესებით ცხოვრებიდან ნელ-ნელა ყველაფერი გაქრა ან ამოტრიალდა - გარეთ გასვლა, ამინდის პროგნოზის შემოწმება, ტანსაცმლის საგანგებოდ შერჩევა, გაუთოებული პერანგი, საყვარელი წითელი პომადა თუ ამოჩემებული სუნამო - სახლის სივრცე უცებ დანაწილდა: ერთ ოთახში გაიხსნა სკოლა, მეორეში - ოფისი, მესამეში სათამაშო მოედანი და გადაბმული 24 საათი ერთ, უცვლელ ადგილას.
ზოგისთვის ეს რეალობა იდეალური გამოდგა.
ზოგს კი დღემდე აქვს შეგრძნება, რომ ახალმა კორონავირუსმა მათი ცხოვრების მთელი წელი მიიტაცა.
მუშაობა საიდანაც გინდა - 2021 წლიდან?
გამორიცხული არ არის, ასეც მოხდეს.
კორონავირუსის გამოჩენიდან თითქმის ერთი წლის თავზე, მსოფლიოში სულ უფრო მეტი კომპანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დისტანციურად მუშაობა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ, ამართლებს კიდეც - იზოგება ოფისის ხარჯი, ადამიანების პროდუქტიულობა კი იზრდება. ამიტომ, არაერთმა კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ სამუდამოდ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავა.
სახლიდან მუშაობის პრაქტიკაზე მალევე გადავიდნენ Google, Microsoft, Twitter, Hitachi, Apple, Amazon, Chevron, Salesforce, Spotify... სხვა დიდი და პატარა კომპანიებიც.
არაერთი ქართული კომპანიაც.
ერთ-ერთი პირველი, რომელმაც პანდემიის დასაწყისში თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა, „ევროპაბეთი” იყო - თავისი 600 თანამშრომლით.
იგივე ქნა, მაგალითად, თიბისიმ, რომლის ათასობით თანამშრომელი 15 მარტის შემდეგ ოფისში აღარ მისულა. მათ შორის, არც მაშო სამადაშვილი - თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი.
ის და მისი 8000-მდე კოლეგა საკუთარი ლეპტოპებით ორ დღეში სახლში გადაბარგდნენ და დაიწყო სამსახური სახლიდან.
ათი თვე სახლში
მუშაობაც გახდა სხვანაირი. უცებ ის სივრცე, სადაც 50 ადამიანი ერთად იჯდა და ყოველ გადალაპარაკებას თითო ახალი იდეა შეიძლება გაეჩინა, ჩანაცვლდა მაშოს სახლით, სადაც ის და მისი და ცხოვრობენ.
პირველი დღეები სახლის სამსახურში უფრო შოკური იყო - ინსტინქტურად რომ აპირებ, ვიღაცას რაღაც გადაულაპარაკო, მერე ამ სურვილს მესინჯერში მიწერით იხდენ. ხმაურს შეჩვეული - აბსოლუტურ სიჩუმეში ხარ.
მერე გაჩნდნენ ახალი ონლაინთანამშრომლები, რომლებსაც მაშო ეკრანიდან იცნობს და მხოლოდ შეუძლია წარმოიდგინოს, მაგალითად, რა სიმაღლის არიან ისინი.
დედამ, სანამ გურიაში წავიდოდა, ფანჯარაზე ფრაზა გაუკრა - „ესეც გაივლის“ და უთხრა, ამას ხშირად უყურე ხოლმეო. გაამართლა.
მაშოს სამსახური ათიდან შვიდ საათამდეა. შუაში - ერთსაათიანი შესვენებით. რადგან მისი საქმე ზუმში გამუდმებულ შეხვედრებს და ე.წ. ქოლებს არ მოიცავს და უფრო საკუთარ თავთან მარტო დარჩენას და ისე მუშაობას მოითხოვს, პასუხისმგებლობამ საკუთარი თავის მიმართ კიდევ უფრო მოიმატა.
მაშო გახდა თავისი თავის ნამდვილი უფროსი, დროის გამანაწილებელი და თავისი თავის მენეჯერიც და რაღაც მომენტში მიხვდა, რომ ერთი წამითაც არ მოშვებულა - პირიქით.
სახლში, რომელიც თავად იყიდა და ამიტომ განსაკუთრებულად უყვარს, ის კუთხე აირჩია, სადაც ყველაზე მეტი სინათლეა და იქ გამაგრდა. მრგვალ მაგიდასთან, ხელში ლეპტოპით.
ცოტა ხანში მიხვდა, რომ სამსახურს - სახლში, სჭირდებოდა კარგი სამუშაო სკამი. ამიტომ ადგა და სკამი იყიდა.
ის ერთი, შესვენების საათი სხვა ამბების წასაკითხად, სადილობისთვის ან უბრალოდ ფეისბუკის თვალიერებისთვის გამოყო. სახლის საქმეებიც მიემატა - ადრე ასე არ ხდებოდა, ახლა მტვრის ყველა ნაწილაკი თვალში ხვდება.
საღამოებიც შეიცვალა - გარეთ არ გადის, ამიტომ, სახლი ხან კინოთეატრად იქცევა, ხან სამკითხველოდ.
ცდილობს ყოველდღე სხვადასხვა ტანსაცმელი ჩაიცვას, სახლის, მაგრამ კომფორტული და თუ ზუმში მნიშვნელოვანი შეხვედრაც ელის, რამე დეტალი დაუმატოს გასახალისებლად. თუნდაც, ფერადი საყურე.
შინიდან მუშაობის სიამეებს შორის მაშოსთვის ზამთრის ცივ დღეებში სახლიდან მუშაობა იქცა. დაუძლეველ სევდად კი ადამიანების შორს ყოფნა რჩება.
ხანდახან ეფიქრება, როგორ უნდა დაბრუნდეს უკან ამ ყველაფრის მიჩვევის შემდეგ? იდეალური იქნებოდა, თუ არჩევნის საშუალება ექნებოდა: ხან სახლიდან, ხან - ოფისიდან. მაგრამ როგორ იქნება ზუსტად, ეს ჯერ არავინ იცის.
სახლში მუშაობის დროს გაგონილი
ფეისბუკში ერთი ჯგუფიცაა ასეთი სახელით - „ჩვენ სახლიდან ვმუშაობთ“, სადაც ხალხი ერთმანეთს უზიარებს სახლიდან მუშაობის სიკეთეებს და პირიქით, იმ სირთულეებს, რასაც ყოველდღე აწყდება - ცხადია, იუმორის გარეშე არ გამოდის.
შეიძლება უცებ დღის ბოლოს ვიღაცამ ამოიგმინოს - „ღამის ათია უკვე, ხომ არ ავდგე?“ და ეს ნიშნავს, რომ სამსახური ძალიან გაგრძელდა.
სკამი, ოღონდ საოფისე სკამი, როგორც აღმოჩდა, ყველაზე სასურველ ნივთად იქცა და ყველას საყიდელი გაუხდა.
ბავშვები - „თავზე მასხედან, შესვენებაზე სათამაშოებს ვალაგებ“, - წერს სასოწარკვეთილი დედა.
შეგხვდებათ ახლად გაჩენილ თუ დამკვიდრებულ ფრაზებზე ხუმრობებიც. „ქოლი მაქვს. ზუმში ვარ“.
პანდემიამ სახლში გადანაცვლებული სამსახურის დრესკოდიც გააჩინა - ზემოთ პიჯაკი - ფეხზე ფლოსტები.
ამდენ ზარებსა და ზუმებში ჩაკარგული ერთი მომხმარებელი კი წერდა:
„იმდენი დიდი და პატარა ქოლი მქონდა, ზუმი და ტელეფონი ამერია ერთმანეთში და მისტერ მასტერის ბიჭს საქმეზე შეთანხმებული შემდეგი ნაბიჯები გავაცანი დეტალურად. ბოლომდე მისმენდა კორექტულად, სანამ საეჭვო სიჩუმემ არ დამაეჭვა, ბოლოს მითხრა, აბაზანის კარის შესაკეთებლად ვარ მოსული და კარი გამიღეთო“.
მეორემ ჯგუფის წევრები დიდსულოვნად გააფრთხილა, სერჩი წაშალეთ Youtube-დან, რადგან სასაცილო პოლიტიკურ ვიდეოებს ვულინკავდი წინა ღამით მეგობარს და მეორე დღეს, ეკრანის დაშეარებისას სერჩი რომ გავხსენი, ისეთები ამოვიდაო... ხო, რაზეც აქამდე არ გვიფიქრია და დაგვჭირვებია, ახლა ესეც გასათვალისწინებელია.
რას აკეთებ მაშინ, როცა „გვერდით ოთახში სკოლაა, კედლის იქით ოჯახური კონფლიქტი, მეორე კედლის იქით რემონტი, სადარბაზოში ბავშვი ტირის, სახლში ასვლა არ უნდა, და ამ დროს კი ქოლი გაქვს“?
ზოგმა სახლიდან მუშაობის სიამენიც აღმოაჩინა - ფულის დაზოგვა, მეტი კონცენტრაცია სამუშაოზე, მეტი თავისუფლება, მეტი ძილი.
მაგრამ გააჩინა ჯერ უპასუხო კითხვაც, ცოტა სევდიანი - უკან ოფისში, დავბრუნდებით?
მამის ზურგი და კეფა - მთავარი მოგონება პანდემიიდან
როგორ ნაწილდება პატარა ბინის სივრცე მაშინ, თუ ოჯახში სკოლის ორი მოსწავლე და დასაქმებული მშობლები ცხოვრობენ?
გიორგი გოდერძიშვილთან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრის პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომელია, უკვე მერამდენე თვეა ასეა - ერთი შვილი ონლაინგაკვეთილებს ერთვება ბავშვების ოთახიდან, მეორე - დედ-მამის საძინებლიდან, თვითონ სტაციონარულ კომპიუტერთან ჯდება მისაღებ ოთახში, მისი მეუღლე თამთა კი - სამზარეულოს ნაწილში.
დილიდან ასე იწყება და ნახევარი დღე ისე გადის, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთთან კონტაქტი, ფაქტობრივად, არა აქვთ. შუაში - მცირე წახემსება ან სადილი და ეგ არის.
„აი, ხომ არის, რომ რაღაც პერიოდიდან შვილები იმახსოვრებენ მამის რაიმე კადრს ან საქციელს, ამათ პანდემიის დროიდან ემახსოვრებათ ჩემი ზურგი და კეფა, რადგან მხოლოდ ამას ხედავენ“, - გვეუბნება გიორგი.
ამ გადაწყობის გამო პანდემიის დასაწყისში მათი ხარჯებიც გაიზარდა - დამატებით ერთი ლეპტოპის ყიდვა დასჭირდათ. თუმცა სახლში დარჩენამ ერთი კარგი ის ქნა, რომ გიორგიმ ვიდეოგრაფიკა ისწავლა, შეკვეთები გაუჩნდა და შემოსავალიც გაეზარდა.
თუმცა, აბსოლუტურად დაიკარგა დროის კონტროლი. პირველი თვე კომპიუტერიდან თითქმის არ ამდგარა. ისე გაიარა გაზაფხულმა და ზაფხულის ნაწილმა, რომ სეზონების ცვლილება არც უგრძვნია.
ამ ბოლო დროს დასჩემდა, რომ მისი შინაგანი კალენდარი და რეალური დრო სულ ერთმანეთს სცდება - სამშაბათი რომ ჰგონია, უკვე პარასკევია ხოლმე.
ხომ თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რეალურად სამსახურმა თითქოს სახლი გადაყლაპა. ერთი, რის დამკვიდრებასაც ცდილობენ, სახლი რომ სახლში არ დაიკარგოს - კვირაში ორჯერ ერთად ფილმების ყურებაა.
მეტი ძილის ფუფუნება გიორგის არა აქვს - სკოლა ადრე იწყება და საძინებელი დროულად უნდა დაუთმოს ერთ-ერთ შვილს და თავადაც იმავე დროს თავის კომპიუტერთან მოკალათდეს, რომ სხვებს ხელი არ შეუშალოს. სამსახურის სახლში გადმოტანამ ესეც მკაცრად განსაზღვრა. თუმცა პატარა სიკეთეები მაინც არსებობს - მაგალითად, ჩაის დალევა სამუშაო ადგილზე, ფანჯარასთან ჯდომა, ის კომპიუტერი, რომელიც მის საჭიროებებზე უფრო მორგებულია.
„ისე, მე ადრეც მითქვამს ჩემი უფროსებისთვის, რომ 25%-ით ნაკლებ ეფექტიანად ვმუშაობ სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იქ ბევრად ნაკლები ხელისშეშლელი რამეები არსებობდეს და არავინ დამიძახოს, რომ ნაგავი უნდა გადავყარო ან კარნიზი გავასწორო“.
არ დავივიწყოთ წითელი პომადა... სახლშიც
ამას წინათ „ქალთა მოძრაობის“ აქტივისტმა და უფლებადამცველმა იდა ბახტურიძემ ამოიოხრა სოციალურ ქსელში, მაღალი ქუსლები სადღა ჩავიცვათ, მანქანის ტარებაც მავიწყდება, მაგრამ ჩემს საყვარელ წითელ პომადაზე უარს მაინც არ ვიტყვიო.
იდას ისეთი სამსახური აქვს, რომელიც ყოველდღე ძალიან ბევრ ადამიანთან შეხვედრას მოითხოვდა. უამრავ სემინარს, ტრენინგს, კონფერენციას. მაშინ ფიქრობდა, რომ ეს მეტისმეტი იყო.
როცა სამსახურმა გადაინაცვლა სახლში - იდა მიხვდა, რომ თურმე, მთავარ აღმაფრენას სწორედ ადამიანებისგან იღებდა და მათ გარეშე გაუჭირდა. ახლა ზის მარტო ოთახში, რადგან მარტო ცხოვრობს და უყურებს ადამიანებს ეკრანს მიღმა, რაც მისთვის ძალიან, ძალიან ცოტაა.
საქმე კეთდება, მაგრამ მას არა აქვს ის ხალისი, რაც ადრე.
უცებ ისიც აღმოაჩინა, რომ არ გააჩნდა სახლის ტანსაცმელი - ამიტომ, იყიდა. მართალია, შინ მაღალი ქუსლების ჩაცმას ონლაინშეხვედრებზე აზრი არა აქვს, მაგრამ თავისი საყვარელი წითელი პომადა არ დაუთმია - რადგან გარეთ ყოფნისას, პირბადეში აღარ ჩანს, ზუმის შეხვედრებზე მაინც წავისვამო - ხუმრობს იდა.
და ელის, როდის დაბრუნდებიან მის ცხოვრებაში ნამდვილი ადამიანები.
კატა ზუმში
ზოგისთვის სახლში გადმოტანილი სამსახური იდეალურ სამსახურად იქცა.
ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, იურისტმა თამარ გურჩიანმა, რომელიც მარტიდან მუშაობს სახლში, შეამჩნია, როგორ გაიზარდა მისი შრომისნაყოფიერება.
გაქრა სადღაც დაგვიანების სტრესი, შეგრძნება, რომ რაღაც შეხვედრაზე დროს ფუჭად კარგავდა. დრო განაწილდა ისე, რომ ყველაფრისთვის რჩებოდეს - საქმისთვის და საკუთარი თავისთვის.
როცა თამარი მუშაობს, მისი კატები თავისუფლად დასეირნობენ და რომელიმე მათგანი შეიძლება ზუმის თათბირსაც დაესწროს და ეკრანს ცნობისმოყვარე მზერით მიაჩერდეს - სხვების სახეზე ღიმილით ხვდება ხოლმე, რომ ეს ან სალომეაა, ან ფლორენტინა.
ამ თავისუფლებისთვის და სამუშაო სივრცეში შემოჭრისთვის ისინი არ დაისჯებიან. მათი ყოფნა მთელ ამ პროცესს უფრო ადამიანურს ხდის.
მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ კატების ნაცვლად სახლში ორი მცირეწლოვანი დარბის, შენ კი ამ დროს სამუშაო გაქვს?
ბევრჯერ 24 საათი
SAFE ინიციატივის ევრაზიის ცენტრის მენეჯერი ნინიკო რობაქიძე ასეა ხოლმე - ძიძა რომ არ ჰყავდეს, მაშინ ის და მისი მეუღლე უნდა შეენაცვლონ ერთმანეთს, მაგრამ ორივე რომ მუშაობს?
ნინო - ძირითადად სახლიდან. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ერთ, მისთვის გადაქცეულ „სათამაშო“ ოთახშია, მისი ძმა - საძინებელში, ნინო მისაღებში და რადგან მეტი ადგილი ფიზიკურად აღარსადაა, მეუღლე ოფისში დადის.
„დილა თენდება და სულ მაქვს ისეთი განცდა, ციყვი რომ წრეზე დარბის, რომ რაღაც არ მთავრდება და ამ პროცესში სიამეების პოვნა უფრო და უფრო მიჭირს“.
ეს რუტინა ნინიკოსთვის ძალიან რთული აღმოჩნდა.
ვერაფრით მოახერხა, რომ პანდემიის პერიოდში ცოტა დამთმობი და ლმობიერი ყოფილიყო საკუთარი თავის მიმართ. ისევ ისეთი ტემპით მუშაობას სთხოვს თავს, როგორც ადრე და თან, ამის პარალელურად, ხარისხიან ურთიერთობას ოჯახთან, შვილებთან. ეს კი, თითქოს ერთად ვერ გამოდის.
ის შესაძლებლობები, რითიც თავი უნდა „გადაეტვირთა“, აღარ არსებობს.
ერთადერთი ფუფუნება, რაც ნინოს აქვს, ის არის, რომ შეუძლია სამუშაო საათების გადაწევა დაწესებულად დილიდან შვიდამდე კი არა, მაშინ, როცა ბავშვებს სძინავთ ან როცა რომელიმე სასეირნოდ ჰყავთ გაყვანილი.
თუმცა სულ ასე არაა, ცხადია, ამიტომ ეს შეგრძნება, რომ რაღაც აკლდება სამსახურს და რაღაც ოჯახს, მუდმივია. და ისიც, რომ საკუთარი თავისთვის გამოყოფილი დრო აღარ არსებობს და ეს გრძელდება თვეობით. რაღაც არ მთავრდება და 24 საათს მეორე 24 საათი ისე ებმის, რომ წყვეტის შეგრძნება არ არის.
ნინიკო რობაქიძეს ძალიან გაუჭირდა სახლის და სამსახურის საქმეების განცალკევება. მცდელობა, რომ სახლში არ მოიყოლოს სამსახურის საქმე - აღარ გამოდის, რადგან ყველაფერი ერთადაა.
„როგორ უნდა ქნა ეს, როცა, მაგალითად, რაღაც შეხვედრიდან ავდექი გაბრაზებული და ამ დროს ისევ სახლში ვარ? ან პირიქით, სახლში ვარ რაღაცაზე აღელვებული და ერთ წუთში „ქოლი“ გეწყება? მართლა ღილაკზე თითის დაჭერით ხომ არ ვიმართებით ადამიანები?“
ამიტომ ნინო რობაქიძე ელოდება იმ დღეს, როცა სამსახური წავა სამსახურში - სახლი კი სახლში დარჩება.