საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გია იაკობაშვილმა მოტყუებით მოიპოვა და გაანადგურა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გაფართოებული სხდომის ის ჩანაწერი, რომელზეც ახალი სეზონიდან ახალ ხელშეკრულებაზე საზმაუს 42 თანამშრომლის გადაყვანის საკითხი განიხილებოდა, - იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე. მისი თქმით, სხდომა, რომელიც პროფკავშირის თხოვნით იყო მოწვეული, წინასწარი შეთანხმებით იწერებოდა, რათა საჭიროების შემთხვევაში იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტზე ატვირთულიყო. სხდომის დასრულების შემდეგ, ნინია კაკაბაძის თქმით, საბჭოს რამდენიმე წევრმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩანაწერი ვებსაიტზე არ დადებულიყო. მოგვიანებით ჩანაწერი, საჭიროების შემთხვევაში მტკიცებულებად გამოყენების მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარემ ნინო ზაუტაშვილმა მოითხოვა. საბჭომ, თავის მხრივ, რამდენიმე დღე მოანდომა იმაზე ბჭობას, გადაეცა თუ არა ჩანაწერი ნინო ზაუტაშვილისთვის. საბოლოოდ კი, როგორც ნინია კაკაბაძე ამბობს, სამეურვეო საბჭოს წევრმა გია იაკობაშვილმა ტყუილით, თითქოს საბჭოს უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩანაწერის წაშლის შესახებ, მასალა მიიღო და გაანადგურა. რომელი უმრავლესობის სახელით იმოქმედა გია იაკობაშვილმა? - ამ კითხვას თავად ნინია კაკაბაძეც სვამს.
Your browser doesn’t support HTML5
გია იაკობაშვილს ტელეფონი გათიშული აქვს, იგი ჯერჯერობით მედიასთან არ აკეთებს განცხადებებს იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი შედის იმ უმრავლესობაში, რომლის გადაწყვეტილებითაც სამეურვეო საბჭოს გაფართოებული სხდომის ჩანაწერი წაშალა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარის ნინო ზაუტაშვილის ინფორმაციით კი, გია იაკობაშვილს მხოლოდ ერთი ადამიანის, კერძოდ, ზაზა შათირიშვილის თანხმობა ჰქონდა. როგორც ნინო ზაუტაშვილი გვიყვება, 18 სექტემბერს, საღამოს, გია იაკობაშვილმა ბორდის მდივანს ჩანაწერი მოსთხოვა, ნახევარ საათში კი უკან ცარიელი ჩიპები დააბრუნა. მართალია, ეეჭვება, მაგრამ ნინო ზაუტაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ გია იაკობაშვილმა მასალა სხვაგან გადაწერა და დაიმახსოვრა.
სხდომა, რომლის ჩანაწერიც გია იაკობაშვილმა გაანადგურა, 12 სექტემბერს შედგა. შეხვედრას ბორდის წევრების გარდა ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და პროფკავშირის წარმომადგენლები. შეხვედრა სამსაათ-ნახევარს გაგრძელდა და მასზე განიხილებოდა ისეთი მწვავე საკითხები, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპტიმიზაციის საბაბით თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა და ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ 45 მილიონის ოდენობის სესხის აღება. ნინო ზაუტაშვილი ამბობს, რომ შეხვედრა ხმაურის, დაპირისპირებებისა და შეხლა-შემოხლის ფონზე მიმდინარეობდა და მენეჯმენტს ჩანაწერის გასაჯაროება ბევრი მიზეზის გამო ხელს არ აძლევდა:
Your browser doesn’t support HTML5
„მე მჭირდებოდა ჩანაწერი მხოლოდ იმიტომ, რომ თუ ამ ხალხის საქმე, რომელსაც სამსახურიდან ათავისუფლებენ, სასამართლოში წავიდოდა, მტკიცებულებები მქონოდა. მხოლოდ მტკიცებულების მიზნით მჭირდებოდა ჩანაწერი და კანცელარიაში მოთხოვნაში მითითებულიც მქონდა, რომ მის გასაჯაროებას არ ვაპირებდი. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას მივმართავთ იმისთვის, რომ ეს ასე არ დარჩეს. რა თქმა უნდა, მოვთხოვთ პარლამენტს, რომ გაიწვიოს გიორგი იაკობაშვილი და ზაზა შათირიშვილი სამეურვეო საბჭოდან. მათ ხაზი გადაუსვეს ადამიანის ყველა უფლებას. ეს ორი ადამიანი არაფრით არ შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში“.
Your browser doesn’t support HTML5
ზაზა შათირიშვილი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ შიდა ჯგუფის მიმოწერაში ჩართული იყო: „მე ასეთი რამ დავწერე მიმოწერაში: ჩემი პოზიცია არის, რომ შედგეს ოფიციალური შეხვედრა. რაც შეეხება ჩანაწერს, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა არაოფიციალური იყო, ჩანაწერს არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა. თვითონ გამოაცხადეს, რომ 12 სექტემბრის შეხვედრა არაოფიციალური იყო. ყველა ერთმანეთს დაეთანხმა, რომ არაოფიციალური შეხვედრა იყო და მერე გადაწყვიტეს, ჩავიწეროთ მაინცო. ოფიციალური შეხვედრა რომ ყოფილიყო, პირდაპირი რეპორტაჟით უნდა გადაცემულიყო. იურიდიული თვალსაზრისით, არაოფიციალური შეხვედრის ჩაწერა არის ნონსენსი, ანუ ეს თავიდანვე წაშლილია, ასე რომ ვთქვათ. ეს ჩანაწერი არ არის რეალობა, ეს არის აბსურდი. მოკლედ, ადამიანები ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან რაც დაწერილია ჯერ კიდევ რომის სამართალში, რომ არსებობს კერძო სფერო და არსებობს საჯარო სფერო და კიდევ მათ შორის განსხვავება“.
ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ 12 სექტემბერს გამართული სხდომა სამართლებრივი თვალსაზრისით დაახლოებით იგივეა, დაბადების დღე რომ ჩაწერო, ან საკუთარ თავს მოუსმინო და მოსასმენი აპარატი დააყენო. „აბსურდის თეატრში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, რომელი მხარეც უნდა იყოს - გინდა ოპოზიცია, გინდა პოზიცია“, - გვითხრა ზაზა შათირიშვილმა.