რადიო თავისუფლების ინფორმაციით უცხოელი ინვესტორი Საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში რამდენიმე მილიონიანი დავისთვის ემზადება. საქმე მადანმომპოვებელ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" ეხება. კომპანიის სახელმწიფო მმართველი ჭიათურაში უცხოელი ინვესტორის კუთვნილ მადანგადმამუშავებელ ქარხანას აუქციონზე ისე ყიდის, არც კომპანიის მფლობელს მიუცია თანხმობა და არც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
რადიო თავისუფლება არკვევდა, უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნეს ჯგუფის ინტერესებს.
წინაისტორია - მოკლედ “ჯორჯიან მანგანეზის” შესახებ
“ჯორჯიან მანგანეზი” - ჭიათურაში მანგანუმის მადნის მთავარი მომპოვებელი კომპანია, წლების გაბმავლობაში გარემოს უდიდეს ზიანს აყენებს. ეკოლოგიური ზარალის შესამცირებლად 4 წლის წინ სასამართლომ კომპანიაში სპეციალური სახელმწიფო მმართველი დანიშნა. 2021 წლის 13 თებერვალს გამოქვეყნებული რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების არაერთი რესპოდენტი დარწმუნებულია რომ სახელმწიფო მმართველი კომპანიაში რეალურად ბიზნეს გავლენების გადასანაწილებლად დაინიშნა. ჭიათურის ეკოლოგიური პრობლემების უდიდესი ნაწილი კვლავ მოუგვარებელი რჩება.
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილი იყო სქემა, რომლის მიხედვით "ჯორჯიან მანგანეზის" მართვისგან უცხოელი მფლობელების ჩამოშორებისა და იქ სპეციალური მმართველის დანიშვნის შედეგად მანგანუმის ბიზნესში ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ბიზნესმენების ჯგუფის ინტერესები გაძლიერდა.
ამის შემდეგ სახელმწიფომ ამ კერძო კომპანიას დაახლოებით 500 მილიონი ლარის ჯარიმები აპატია და 4 წლის განმავლობაში, მისი საქმიანობა ფაქტობრივად კონტროლის გარეშე დატოვა- გარემოს განადგურების მასშტაბი არ შემცირებულა, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, გაიზარდა კიდეც.
გამოძიების, რომლის სრულად ნახვა შესაძლებელია აქ, გამოქვეყნების შემდეგ “ჯორჯიან მანგანეზის” გარშემო ახალი პროცესები დაიწყო.
მოჩვენებითი კონტროლი? სპეციალურ მმართველს პარლამენტი იბარებს
2021 წლის 5 აპრილს “ჯორჯიან მანგანეზის” სახელმწიფო მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი (ვინ არის ნიკოლოზ ჩიქოვანი) პარლამენტის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს და ჭიათურასა და ზესტაფონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გადადგმული ნაბიჯების ანგარიში მოსთხოვეს.
4 წლიანი მუშაობა მმართველმა დაახლოებით 25 წუთში შეაჯამა - დეპუტატებს უთხრა, რომ ბევრი საქმე გააკეთა, თუმცა მდინარე ყვირილის დაბინძურების შეჩერებას 2022 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს - ვერ დახურავს იმ საწარმოებს, რომლებიც გარემოს, და განაკუთრებით ყვირილას ეკოლოგიურ ზიანს აყენებს. Ჩიქოვანმა თქვა, რომ ასევე დიდი დრო დაჭირდება მადნის მოპოვებით დაზიანებული გადათხრილი ტერიტორიების აღდგენას, რეკულტივაციას.
ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სახელმწიფო მმართველს კრიტიკული შეკითხვებიც დაუსვა, მათ შორის ალექსანდრე დალაქიშვილმა, რომელიც დეპუტატობამდე ცოტა ხნით ადრე, "ჯორჯიან მანგანეზში' სპეციალური მმართველის, ანუ ნიკოლოზ ჩიქოვანის მრჩევლად მუშაობდა. (რა აკავშირებს დეპუტატ დალაქიშვილს მანგანეზთან)
სპეციალურმმა მმართველმა საპარლამენტო კომიტეტს, ჭიათურაში მისი 4 წლიანი საქმიანობის მთავარ მიღწევად, 2018 წელს ახალი გერმანული მადანგადამამუშავებელი ქარხნის აშენება დაუსახელა. Მან თქვა, რომ თანამედროვე ქარხანა 16 მილიონ დოლარამდე დაჯდა. დეპუტატებმა სახელმწიფო მმართველს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს და პრობლემების მოგვარების ტემპის აჩქარება სთხოვეს.
რა ხდება კომიტეტის სხდომის შემდეგ? Სპეციალურმა მმართველმა ახალი ქარხანა ნაკლებად ცნობილ აუქციონზე გაიტანა
რადიო თავისუფლებას წყარო ეუბნება, რომ პარლამენტის კომიტეტის სხდომიდან მეორე დღეს, 6 აპრილს სპეციალურმა მმართველმა კომპანიის უცხოელ მფლობელებს მიწერა, რომ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მწვავედ გააკრიტიკეს და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის ინვესტიციის მოსაზიდად ახალი გერმანული ქარხნის აუქციონზე გატანა გადაწყვიტა. ჩიქოვანი 6 აპრილის წერილზე პასუხს არ დაელოდა და 8 აპრილს მადნის გამამდიდრებელი ახალი ქარხანა აუქციონზე გაიტანა. აუქციონი 22 აპრილს სრულდება.
რადიო თავისუფლებამ აუქციონთან დაკავშირებით რამდენიმე საყურადღებო დეტალი აღმოაჩინა:
- ნიკოლოზ ჩიქოვანმა ქონება 37 მილიონ ლარად შეაფასა და გასაყიდად გაიტანა “თბილისის სააუქციონო სახლი”-ს ელექტრონულ აუქციონზე. “თბილისის სააუქციონო სახლი” ნაკლებად ცნობილი კომპანიაა და მსხვილი უძრავი ქონების გასაყიდად, თითქმის არ გამოიყენება; 8 აპრილს ამ სააუქციონო სახლის ვებ გვერდზე უძრავი ქონების მხოლოდ ორი აქტიური აუქციონი იყო, - მანგანეზის ქარხანა და წალენჯიხაში მდებარე 10 ათას დოლარიანი სახლი.
- აუქციონზე ჩიქოვანი ყიდის ახალ ქარხანას, პლიუს ჯამში 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის რამდენიმე მიწის ნაკვეთს და ე.წ. ღურღუმელას შლამსაცავს, სადაც მანგანუმის ისეთი ნარჩენია დასაწყობებული, რომლის კვლავ გადამუშავება და მისგან სარგებლის მიღებაა შესაძლებელი. ამ ყველაფრის საწყისი ფასია დაახლოებით 10 მლნ დოლარი. აუქციონამდე 2 დღით ადრე ჩიქოვანმა დეპუტატებს უთხრა, რომ მხოლოდ ქარხანა 16 მილიონ დოლარამდე დაჯდა.
სპეციალური მმართველი ქარხანას ყიდის პირობებით: ახალმა მესაკუთრემ უნდა შეასრულოს სახელმწიფოს წინაშე აღებული გარემოსდაცვით ვალდებულებები და მადანი კვლავ "ჯორჯიან მანგანეზისთვის" უნდა გადაამუშავოს.
შეათანხმა თუ არა სპეციალურმა მმართველმა ქარხნის გაყიდვის გადაწყვეტილება სახელმწიფოსთან?
ნიკოლოზ ჩიქოვანი კერძო კომპანიაში გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაინიშნა, მისი თითოეული ნაბიჯი სამინისტროსთან შეთანხმებულ გეგმაშია გაწერილი და ამ გეგმის შესრულების შესახებ ყოველთვიურ ანგარიშს უგზავნის სამინისტროს. ამ ანგარიშებში ყველა პატარა და დიდი ნაბიჯია აღწერილი, დაწყებული ჭიათურაში ქუჩის მორეცხვიდან, დასრულებული რომელიმე საამქროს რეაბილიტაციით. რადიო თავისუფლებამ ნიკოლოზ ჩიქოვანის 2021 წლის ყოველთვიური ანგარიშები შეისწავლა და , აღმოაჩინა, რომ მმართველმა ქარხანა და ღურღუმელას შლამსაცავი აუქციონზე სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე გაიტანა.
სპეციალური მმართველის ამ ქმედებას დანაშაულად მიიჩნევს ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას ხელმძღვანელი ნინო გუჯარაიძე და ამბობს, რომ საკითხით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.
“სახელმწიფომ ნიკოლოზ ჩიქოვანი კომპანიაში დანიშნა ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად. რითიც ის თავს იწონებდა ამ 4 წლის განმავლობაში, ეს ახალი თანამედროვე გადამამუშავებელი ქარხნის აშენებაა და ახლა ამ ქარხანას ისე ყიდის, მმართველი სამინისტროსგან ნებართვასაც არ ითხოვს?! ეს დანაშაულია და ადასტურებს იმ ეჭვებს, რასაც ჩვენ და სხვა სპეციალისტები მისი დანიშვნისთანავე ვამბობდით - ნიკოლოზ ჩიქოვანი მანგანეზში დანიშნეს არა გარემოზე ზრუნვისთვის არამედ მისი მეგობრის, მანგანეზში მცირე წილის მფლობელის გიორგი კაპანაძის ( რიჟას) ინტერესების გასატარებლად. ვფიქრობ ამ ქარხნის აუქციონზე გატანა ამ ბიზნეს ჯგუფის ინტერესშია, ჩიქოვანის ხელით რიჟა ცდილობს იაფად ჩაიგდოს ხელში მნიშვნელოვანი აქტივი და ამით ამ ბიზნესში უფრო მსხვილი მოთამაშე გახდეს”
რადიო თავისუფლებამ 13 აპრილს გარემოს დაცვის სამინისტროს წერილი გაუგზავნა და გამოითხოვა ქარხნის გაყიდვასთან დაკავშირებით სამინისტროსა და სპეციალურ მმართველს შორის გაცვლილი ყველა დოკუმენტი და კორესპოდენცია. 16 აპრილს მიღებული პასუხით ირკვევა, რომ ჩიქოვანმა აუქციონის შესახებ სამინისტროს მისი გამოცხადების შემდეგ შეატყობინა. სამინისტროს პასუხიდან ჩანს, რომ რადიო თავისუფლების წერილის მიღების შემდეგ, 15 აპრილს მინისტრის მოადგილე წერილს უგზავნის სპეციალურ მმართველს და უხსნის, რომ ქარხნის და შლამსაცავის აუქციონით გაყიდვას შესაძლოა სამართლებრივი პრობლემები ჰქონდეს და საჭიროა ამ საკითხების დაზუსტება. მიუხედავად სამინისტროს ამგვარი პოზიციისა, აუქციონი ამ დრომდე არ შეჩერებულა და მის დასრულებამდე 2 დღე დარჩა.
აუქციონის შესახებ რადიო თავისუფლებისგან შეიტყო პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. ბითაძე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე იყო როდესაც ჩიქოვანი მანგანეზში სპეციალურ მმართველად დაინიშნა. კომიტეტის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ამ აუქციონმა კითხვები მასაც გაუჩინა და კომიტეტი გაარკვევს, ეს საკითხი არის თუ არა შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან.
რატომ ყიდის მმართველი ქარხანას?
აუქციონის გამოცხადების შემდეგ სამინისტროსთვის გაგზავნილ ანგარიშში მმართველი წერს, რომ “ჭიათურაში ტექნოლოგიური და ფინანსური შესატყვისობიდან გამომდინარე ახალ გამამდიდრებელ ქარხანაზე აუქციონი გამოცხადდა” . ამ ბუნდოვანი სათაურის ანგარიშში ნათქვამია, რომ 8 აპრილს აუქციონი გამოცხადდა გერმანული კომპანიის “ოლ მინერალსის” აშენებულ ქარხანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ქარხანა ტექნიკურად გამართულად ვერ მუშაობს და მიუხედავად არაერთი მცდელობისა გერმანულმა მხარემ ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება ვერ შეძლო. ქარხანა ვერ გავიდა იმ შედეგებზე რაც პროექტით იყო განსაზღვრული და ტექნოლოგიური და ფინანსური პრობლემების გადაჭრის მიზნით მისი გაყიდვა გადაწყდა.
გაურკვეველი რჩება, როდის ამბობდა ჩიქოვანი სიმართლეს: 5 აპრილს პარლამენტის კომიტეტის წინაშე, სადაც პრეზენტაციისას ამ ქარხნის მხოლოდ დადებით ტექნოლოგიურ მახასიათებლებზე და ეფექტურობაზე საუბრობდა, თუ 6 დღის შემდეგ, 11 აპრილს სამინისტროსთვის გაგზავნილ ანგარიშში, სადაც წერს, რომ ქარხანა ტექნიკურად გაუმართავია?
რადიო თავისუფლების ინფორმაციით ქარხანა სრული საპროექტო სიმძლავრით ვერ მუშაობს და ამას გერმანული და ქართული მხარე ერთმანეთს აბრალებენ. ოლ მინერალსა და მანგანეზს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში დავების დასავლურ ინსტიტუციებში გადაწყვეტის პირობაა ჩადებული მათ შორისაა ნიუ-იორკის სასამართლო და ინგლისის საარბიტრაჟო სასამართლო. სავარაუდოდ გერმანული კომპანია დავას წამოიწყებს. ჩვენი ინფორმაციით "ჯორჯიან მანგანეზს" "ოლ მინერალსის" მიმართ დაახლოებით 1 მილიონი ევროს დავალიანება აქვს.
ვინ და რატომ იყიდის ქარხანას?
ვინ და რატომ უნდა იყიდოს ქარხანა, რომელიც მმართველის თქმით ტექნიკური პრობლემებით და სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებებით არის დატვირთული? აუქციონის პირობებით ქარხნის მყიდველმა უნდა შეასრულოს ეკოლოგიური ვალდებულებები: გააკეთოს მადნის გადამუშავებისას წარმოქმნილი ნარჩენის საცავის, ე.წ. ღურღუმელას შლამსაცავის რეკონსტრუქცია; მოაწყოს ღურღუმელასკენ მიმავალი შლამსადენი., აღკვეთოს მდინარე ყვირილაში ნარეცხი წყლების ჩაღვრა და ა.შ.
შლამსაცავის რეკონსტრუქციას და ყველა თანმდევ სამუშაოს სახელმწიფო
ეს ქარხანა უნდა იყიდოს ისეთმა სუბიექტმა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს მანგანეზის დღევანდელ მმართველთან, შეუძლია საკითხების მოგვარება გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ყავს მფარველი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში.ნინო გუჯარაიძე
უწყებებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან განხილვა და შეთანხმება სჭირდება. გარემოს დაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით "ჯორჯიან მანგანეზს" ჯერ ასეთი ნებართვები არ აქვს. მომავალ მყიდველს ან გარანტირებული უნდა ჰქონდეს, რომ ყველა ნებართვას უპრობლემოდ მოიპოვებს და ქარხანა გამართულად იმუშავებს, ანდა განწირულია პირობების შეუსრულებლობისთვის. არსებობს სხვა პრაქტიკაც - მანგანეზი და მასთან დაკავშირებული კომპანიები წლების განმავლობაში არღვევდნენ წესებს, აზიანებდნენ გარემოს, არ ათანხმებდნენ პროექტებს და მაინც უპრობლემოდ საქმიანობდნენ.
"ეს ქარხანა უნდა იყიდოს ისეთმა სუბიექტმა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს მანგანეზის დღევანდელ მმართველთან, შეუძლია საკითხების მოგვარება გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ყავს მფარველი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში. ასეთია მანგანეზის მცირე წილის მფლობელი ბიზნეს ჯგუფი, “რიჟას” [გიორგი კაპანაძე] ხელმძღვანელობით, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო გავლენიანი ხდება. ვეჭვობ გარემოს დაცვის სამინისტრო ამ აუქციონზე ხმას არ ამოიღებდა, წერილსაც არ მისწერდა სპეციალურ მმართველს რომ არა რადიო თავისუფლების მხრიდან თემით დაინტერესება. არსებობს მოსაზრება რომ მფარველების გამო სპეციალური მმართველის ანგარიშებს სამინისტროში არავინ კითხულობს და ამოწმებს, ამაზე მეტყველებს მინისტრის მოადგილის წერილი, რომელიც მართალია ეუბნება ჩიქოვანს აუქციონის საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებსო, მაგრამ არ თხოვს აუქციონის სასწრაფოდ შეჩერებას, რაც კანონიერი და აუცილებელი მოთხოვნაა.” - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ნინო გუჯარაიძე
ვინ დარჩება წაგებული?
თუ აუქციონი არ შეჩერდა და ქარხანა და ღურღუმელას შლამსაცავი გაიყიდა, რამდენიმე პრობლემა შეიძლება წარმოიშვას:
- სპეციალური მმართველისთვის დაკისრებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების დიდი წილი ამ ქარხანაზე და ახალ შლამსაცავზე მოდის, ახალი ქარხნის სრული დატვირთვით გამართულ მუშაობას და ახალი შლამსაცავის აშენებას უნდა მოჰყოლოდა ძველი დამაბინძურებელი ფაბრიკების დახურვა და მდინარე ყვირილაში ნარეცხი წყლების ჩაღვრის შეწყვეტა, რაც 4 წელია ვერ გააკეთა სპეციალურმმა მმართველმა. ამ ვალდებულებების მესამე მხარისთვის, სხვა კერძო კომპანიისთვის გადაცემამ შესაძლოა უფრო გაართულოს მათი შესრულება.
- მეორე პრობლემა "ჯორჯიან მანგანეზის" უცხოელი მფლობელია, მას ოფიციალურად ლუქსემბურგის საგრაფოში რეგისტრირებული კომპანია “ჯორჯიან ემერიქან ელოიზი” ფლობს, რომლის აქციების უდიდესი ნაწილი უკრაინელ ბიზნესმენს იგორ კოლომოისკის ეკუთვნის. კოლომოისკი ახლახან ამერიკული სანქციების ქვეშ მოჰყვა, კოლომოისკი ამ ეტაპამდე ღიად არ უპისპირდება გიორგი კაპანაძის (რიჟას) გავლენების გაძლიერებას "ჯორჯიან მანგანეზში", თუმცა რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი ხდება, რომ კოლომოისკის იურისტები აგროვებენ მტკიცებულებებს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის წამოსაწყებად, სადაც მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო შეიძლება აღმოჩნდეს და ინვესტორმა პეციალური მმართველის დანიშვნით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სახელმწიფოს მოსთხოვოს.
რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო სპეციალურ მმართველთან დაკავშირება და შეკითხვების დასმა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. "ჯორჯიან მანგანეზიდან" პასუხი ვერც ელექტრონულად გაგზავნილ წერილზე მივიღეთ.