"ვითხოვთ, რომ მომზადდეს ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიული გეგმა, რომლითაც განისაზღვრება რა საჭიროებები გვაქვს და პროგნოზი რა გვაქვს?"

მანანა ქოჩლაძე, "მწვანე ალტერნატივის" ხელმძღვანელი

როგორია გარემოს დამცველთა სოლიდარობა? რატომ მიიქცია საერთაშორისო ყურადღება ნენსკრა-ჰესის პროექტმა? როგორ შედგა საპროტესტო აქცია ლუქსემბურგში, სადაც საერთაშორისო ბანკებს ევროპის მოსახლეობის მიერ ხელმოწერილი პეტიცია გადაეცა?

ლუქსემბურგში გამართულ აქციაში მონაწილეობდა მანანა ქოჩლაძე, ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი. საერთაშორისო პეტიცია, რომელსაც 90 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან ითხოვს არ დააფინანსონ საქართველოში დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.

„დილის საუბრების“ სტუმარი ყვება როგორ დაიგეგმა ლუქსემბურგის აქცია და იმაზეც, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გარემოს დამცველთა ბედი ერთმანეთს ჰგავს. მათ აცხადებენ პროგრესისა და განვითარების ხელისშემშლელებადაც კი. საქართველოს შემთხვევაშიც, ხელისუფლებები გარემოს დამცველთა აქტივობასა და პროტესტს უპირისპირებენ არგუმენტს, რომ ქვეყანას ელექტროენერგია სჭირდება.

„ქვეყანას სჭირდება ელექტროენერგია!“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში მანანა ქოჩლაძეც და ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ამ საკითხს ვერ გადაჭრის საქართველოში ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა. ქვეყანაში მოხმარებაც და გენერაციაც სეზონურია. ქართველი გარემოს დამცველი ლაპარაკობს როგორც ნენსკრა-ჰესის პრობლემურობაზე, ისე ენერგეტიკის განვითარებისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე:

„იგივე ნენსკრა-ჰესი ზამთრის დეფიციტის შევსებისთვის იყო თავის დროზე მოწოდებული, თუმცა, კონტრაქტმა, რომელმაც გაჟონა, აჩვენა, რომ ზამთრის დეფიციტის დაფარვაშიც კი ნენსკრა-ჰესი მნიშვნელოვან წვლილს ვერ შეიტანს. შესაბამისად, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის, რომ პირველ რიგში მომზადდეს ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიული გეგმა, რომლითაც განისაზღვრება რა საჭიროებები გვაქვს და პროგნოზი რა გვაქვს, რადგან ის პროგნოზი, რაზეც ახლა ეკონომიკის სამინისტრო ლაპარაკობს, არანაირად არ მიუთითებს განვითარებაზე. თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სადღაც 2030 წლამდე სულ 6 მილიარდიდან 12 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს ელექტროენერგიის მოხმარება, ეს არ არის არანაირი პროგნოზი. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ 10 წელში პრაქტიკულად არ გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ეს თუ არის ეკონომიკის სამინისტროს ამოცანა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცუდად ჟღერს.

ასევე ამ გეგმაში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის სრულად აღდგენა და რეაბილიტაცია. იქ უკვე დავაზიანეთ ბუნება და თუ ჩვენ გენერაციის ამ ობიექტებს არ მოვუარეთ, შეიძლება მოსახლეობაც დააზიანოს.

რაც მთავარია, ჩვენ ძალიან ბევრი შრომა უნდა ჩავდოთ იმაში, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქსელის გარდაქმნა იმისთვის, რომ მას შეეძლოს უფრო მეტი განახლებადი ენერგიის მიღება და ამ განახლებადში არ ვგულისხმობ ჰიდროენერგიას. ვგულისხმობ მზეს, ქარს“.

Your browser doesn’t support HTML5

მანანა ქოჩლაძე ენერგეტიკის განვითარების საჭიროებასა და გარემოს დამცველთა პოზიციაზე