1989 წლის 9 აპრილს პარლამენტის შენობასთან რუსი სამხედროების მიერ აქციის დარბევისას დაღუპული 21 ადამიანიდან 2 კახეთიდან იყო. შალვა ქვასროლიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ცხოვრობდა, მამუკა ნოზაძე კი - ლაგოდეხში, სოფელ კართუბანში.
9 აპრილის მსხვერპლთა გახსენებისას ლაგოდეხში საამაყოდ მამუკა ნოზაძე ჰყავთ, რომლის სახელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის დაღუპულებთან ერთად „უკვდავად“ იქცა. მამუკა ნოზაძის მშობლიურ სოფელ კართუბანში მისი სახელობის დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციად დამკვიდრდა.
ყოველი წლის 9 აპრილს შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებები იმართება, სკოლის ეზოში კი, სადაც მამუკა გაიზარდა, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალური დაფა დგას.
იქ ახლობლები, სოფლის მცხოვრებლები და სტუმრები ყოველ წელს იკრიბებიან და სანთლებს ანთებენ. ასე მოხდა დღესაც. მამუკა ნოზაძის დედა, შურა ნოზაძე, 30 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას იხსენებს და ამბობს, რომ მისი შვილი იმ დროს სტუდენტი იყო და არ იცოდა, თუ პარლამენტთან მიმდინარე აქციებში მონაწილეობდა.
მამუკა ნოზაძის დედა ამაყობს, რომ გმირი შვილი ჰყავდა.
„ეს დღე ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო და, ამავე დროს, საამაყოც.მე მშობელი ვარ, რომელმაც გმირი შვილი გავზარდე. ჩემს შვილს ქართველი ერი, ალბათ, არასოდეს არ დაივიწყებს. მე და ჩემმა ქმარმა არ ვიცოდით, თუ მამუკა აქციებზე დადიოდა, თუმცა მოგვიანებით გავიგეთ, რომეს იცოდა ჩემმა გოგომ და მეორე ბიჭმა. მამუკა მაშინ სტუდენტი იყო.ჩვენ კომუნისტების დროინდელი თაობა ვართ და მაშინ გვიკრძალავდნენ ყველაფერს, თუმცა ჩემი შვილი სხვანაირი იყო. სადაც მისი ტოლი ან მეგობარი იქნებოდა, ისიც მათთან მიდიოდა“, - განაცხადა მამუკა ნოზაძის დედამ, შურა ნოზაძემ.
ის, რაც არ იცოდა 21 წლის მამუკა ნოზაძის დედამ, იცოდა მამუკას დამ. ინგა ნოზაძე იხსენებეს, რომ „მამუკა ბოლოს სახლში 1989 წლის 1 და 2 აპრილს იყო, წასვლისას კი მხოლოდ ის უთხრა, რომ მომავალ შაბათ-კვირას სოფელში ვერ დაბრუნდებოდა, რადგან მეგობრის ქორწილში მიდიოდა“.
სოფელ კართუბანში სახალხო დღეობა, „მამუკაობა“, 10 წელზე მეტია აღინიშნება. ამ დღეს იმართება დოღი, ჭიდაობა, ტარდება მკლავჭიდის ტური და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი. სოფლის დეპუტატი ადგილობრივ საკრებულოში, დავით ლომიძე, ამბობს, რომ სახალხო დღეობის მიზანია მამუკა ნოზაძის სახელის უკვდავყოფა და ასევე მომავალი თაობებისთვის იმის თქმა, თუ რა მოხდა 30 წლის წინ რუსთაველის გამზირზე და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
„რა ტარდება სოფელშიო, როცა იკითხავენ ახალგაზრდები, ვეტყვი, რომ ეს არის მამუკა ნოზაძის სახელობის დღე,რომელმაც სიცოცხლე ქვეყნის კეთილდღეობას შესწირა. ამას პატრიოტული დატვირთვაც აქვს. მამუკა იყო სოფლის შვილი, კარგი მეგობარი და ყოველთვის დარჩება მისი ეს წესიერება.ის ვაჟკაცობა, რაც მას ჰქონდა, მაგალითი იყო ყველასთვის“.
მოსახლეობის გარდა, მამუკა ნოზაძე გაიხსენეს ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა ნოზაძის საფლავი გვირგვინებით შეამკეს. ლაგოდეხ-ყვარლის დეპტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს:
„ჩვენ ერთდროულად ვიხსენებთ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის და, ამავდროულად,ვიხსნებეთ მათ ღვაწლს, რომელიც დაფასდა. დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არის მამუკა ნოზაძის ხსოვნის დღე. 9 აპრილს ჩვენ ყოველ წელს ვიკრიბებით და მის ხსოვნას პატივს მივაგებთ.მივდივართ მის ოჯახში დასაფლავთან. ეს არის მაგალითი ჩვენთვის და ჩვენი ახალგაზრდობისთვის იმისათვის, რომ ეს დღე ერთდროულად აღინიშნოს- როგორც ჩვენი გმირების ხსოვნის, ასევე დამოუკიდებლობის აღდგენის დღე“.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დღეს თელავში. მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, სადაც გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი მამა კოსტანტინემ აღავლინა.
დღესვე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული შალვა ქვასროლიაშვილის საფლავი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს. შალვა ქვასროლიაშვილი 35 წლის იყო, როცა პარლამენტის წინ საბჭოთა ჯარისკაცების მიერ ნიჩბებით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.