საქართველოში არ იზრდება სარეკლამო ბაზარი, თუმცა იზრდება ტელევიზიების რაოდენობა. რატომ შეიძლება ბიზნესმენს ასეთ ვითარებაში მოუნდეს ტელევიზიის შექმნა? - კითხულობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე და კითხვითვე პასუხობს:
"იმიტომ ხომ არ იქმნება, რომ მოახდინო შენი ძირითადი ბიზნესის დაცვა ან მოახდინო შენი პოლიტიკური ინტერესის გატარება?"
გამოკვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა - "ვის ეკუთვნის ქართული მედია?" - წაიკითხავთ, რომ საქართველოში დომინანტ ტელევიზიებად "იმედი" და "რუსთავი2" რჩებიან და რეკლამაც ძირითადად ამ ორ ტელევიზიაში მიდის. რას ურჩევს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საქართველოს მედიაბაზრის მთავარ მოთამაშეებს? ურჩევს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას, თუმცა, ისეთის, რისი გამოცდილებაც საქართველოში ჯერჯერობით არ ყოფილა. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" რეკომენდაციებია:
- ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედია კომპანიებისა და მათი მფლობელების წინააღმდეგ სხვადასხვა ბერკეტის გამოყენება მათთვის ე.წ. ბიზნეს თუ ფინანსური ხასიათის პრობლემების შესაქმნელად;
- პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მედიის მფლობელობა, შეწყვიტონ სატელევიზიო მედიის საქმიანობაში ჩარევა მათთვის სასურველი სარედაქციო პოლიტიკის გასატარებლად;
- ტელევიზიის მფლობელებმა მკაფიოდ უნდა გამიჯნონ სატელევიზიო და სხვა ბიზნეს საქმიანობა, რათა არ მოხდეს მაუწყებლისა და მასში დასაქმებული ჟურნალისტების ინსტრუმენტალიზება ვიწრო პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესების გასატარებლად;
- მედია პლურალიზმისა და პროფესიული ჟურნალისტიკის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია მედიის მფლობელებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა აამაღლონ ჟურნალისტების ცოდნა ეთიკური სტანდარტების შესახებ;
მამუკა ანდღულაძე "დილის საუბრებში" ამბობს, რომ კვლევამ განამტკიცა ის თეზისები, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობს. საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე მფლობელობის თვალსაზრისით ფორმალურად ყველაფერი სწორად არის - მაგალითად, პოლიტიკური პარტია არ არის ამა თუ იმ ტელევიზიის ოფიციალური მფლობელი:
"პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ ტელევიზიების ფლობა, მაგრამ ტელევიზიების მფლობელები ან მენეჯმენტი მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან. თუ შევხედავთ 2016 წლის არჩევნებს, დავინახავთ სამ ძირითად პარტიას და მათ პირდაპირ კავშირებს მედიაგარემოსთან".
რაც შეეხება ხელისუფლების ქცევას სატელევიზიო ბაზარზე, მამუკა ანდღულაძე ასე აღწერს:
"მართალია ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით უხეში ფორმით, როგორის იყო იმედის დარბევა და შემდე გადაფორმება, ამასთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ "ტვ პირველის" შემთხვევა არის ძალიან სამწუხარო და აჩვენებს ტენდენციას, რომ ხელისუფლება ცდილობს არა პირდაპირ, მაგრამ თავისი ზეგავლენა გამოიყენოს, მფლობელს შეუქმნას სხვა ბიზნესში პრობლემა, რომელიც სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული".
ვერ ჩამოყალიბდა ტელებიზნესი მომგებიან ბიზნესად, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობისთვის ტელევიზია უმთავრეს საინფორმაციო საშუალებად რჩება, მისი მიმზიდველობა პარტიებისთვის ბუნებრივიცაა. ეს "ბუნებრიობა" არ ნიშნავს მართებულობას:
"ხელისუფლებავ, ნუ ჩაერევი, პირველ რიგში შენ, შემდეგ ოპოზიციური პარტიები. მეორე, თვითონ მედიამფლობელებმაც არ გააკეთონ. ეს იქნება რთული, თუმცა, უნდა გავიხსენოთ გამოცდილება წვრილმან კორუფციასთან დაკავშირებით, როგორც კი გამოვლინდა ნება ხელისუფლების, დროის მცირე მონაკვეთში მოხდა ამის განხორციელება".
Your browser doesn’t support HTML5