მამის მიყვანის საახალწლო სურვილი თოვლის პაპას - იმედს ჩაბღაუჭებულები

ცხინვალი

ზაზა გახელაძის დაკავების შემდეგ 5 თვე გავიდა. 154 დღეა, ნანა ბუნტური ყოველდღე თვალცრემლიანია, ყოველდღე ცხინვალიდან ახალ ამბავს ელოდება შვილის მდგომარეობისა და მისი გათავისუფლების იმედით, მაგრამ ეს ლოდინი, უკვე დიდი ხანია, გრძელდება. ნანა ბუნტური ზაზა გახელაძის დედაა. ის შვილიშვილებს ყოველდღე აიმედებს, რომ მამა მალე დაბრუნდება, თუმცა...

„იქნებ ჩემს შვილიშვილებსაც მოუვიდეთ ახალი წელი და გამოუშვან მამამისი. დაგვეხმაროს მთავრობა. ყველას ვთხოვთ დახმარებას, ვისაც შეუძლია. ჩვენ აღარც წითელი ჯვარი გვეხმიანება და არც არავინ. ტანსაცმელი, სექტემბერში რომ გავუგზავნეთ, ნოემბერში შეუტანეს, ისე რომ „ტაპკებზე შნუროკებიც“ კი მოხსნეს, არ შეიძლებაო. საკუთარი გაფორმებული იარაღი ეკიდა მხარზე და იმითი წავიდა. კაცი არ მოუკლავს, არავინ გაუძარცვავს. ათასნაირი დამნაშავე არსებობს, ჩემს შვილს ვერანაირ დანაშაულს ვერ დააბრალებენ. 5 თვე, ხალხო, ხუთი დღე და 5 საათი ხომ არ არის? მსოფლიომ გაიგო და განა რა გახდა ჩემი შვილის გამოშვება. ჩვენი დამხმარე არავინაა, ყველა გვითანაგრძნობს, ყველა გვეუბნება, ძალიან ვწუხვართო, მაგრამ არავის არაფრის გაკეთება არ შეუძლია, კაცო? ყველა ჩემნაირი საწყალი და საცოდავია ამ ქვეყანაზე? ჩვენთვის არავინ გამოდგა, არც ხელისუფლება და არც არავინ“.

ჟენევის დისკუსიის დასრულების შემდეგ ზაზა გახელაძის ცოლს, ირმა ბუთხუზს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაურეკეს იმის სათქმელად, რომ მოლაპარაკებამ კარგად ჩაიარა და შესაძლოა შედეგი მალე დადგეს. ოჯახი ამ შედეგის დადგომას, უკვე 5 თვეა, ელოდება. ირმა ბუთხუზს და ზაზა გახელაძეს ორი პატარა გოგო ჰყავთ. ბავშვები მამის მოლოდინში არიან და მათი საახალწლო სურვილიც მამის შინ დაბრუნებაა.

„ეს ჩვენთვის ტანჯვა-წამების 5 თვეა. ყოველ დღეს რაღაც ახლის მოლოდინში ვართ, მაგრამ... ბავშვებისთვის კი ეს საახალწლო დღესასწაულიც, ალბათ, კოშმარულია. თოვლის პაპას იმიტომ ელოდებიან, იქნებ მამა მოგვიყვანოსო. იქნებ ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ რაიმე შეიცვალოს და რაიმე სიახლე იყოს. დღეს დაგვაიმედეს, რომ მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა და შესაძლოა რაღაცა შეიცვალოს“.

გახელაძეების ოჯახს პერიოდულად ცხინვალიდან სახაზინო ადვოკატი ეკონტაქტება. დაკავებულის ნოემბერში ჩანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო. ადვოკატის თქმით, საქმეში მონაწილე პირებმა მასალების გაცნობა ვერ მოასწრეს, კიდევ ერთი პროცესი კი დეკემბრის ბოლოს დაინიშნა.

„სასამართლო ცხინვალში 24 დეკემბრამდე გადადეს. მიზეზად ის დაასახელეს, რომ მასალები ბოლომდე არა აქვთ შეკრებილი და რუსებსაც ვერ გააცნეს. იმედია, ამას მალე გააკეთებენ და იქნებ ახალ წლამდე ზაზას გათავისუფლებაც მოხერხდეს“, ამბობს ირმა ბუთხუზი.

ოჯახში ხშირად იხსენებენ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავს, რომელიც გასული წლის ბოლოს დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ გაასამართლა, სასჯელიც მიუსაჯა და რამდენიმე დღეში არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბიბილოვმა შეიწყალა.

ასევე ნახეთ საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული რეგიონების ციხეებში - საერთაშორისო ზეწოლისა და არაღიარებული ამნისტიის მოლოდინში

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 10-11 დეკემბერს ჩატარდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია, რომ დღის წესრიგში ცხინვალის და სოხუმის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხიც იდგა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კონფლიქტების მოგვარების დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ზვიადაძე, პოზიტიურ ფაქტად მიიჩნევს იმ საკითხს, რომ მხარეების წარმომადგენლებმა პირისპირ განიხილეს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხები.

„როგორც ცნობილია, მუშაობა მიმდინარეობს ორ ჯგუფში უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ორივე სამუშაო ჯგუფში მთავარი განსახილველი თემები იყო დაკავებები და ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის მონაწილეებმა განიხილეს ჩორჩანა-წნელისში არსებული ვითარება, ბოლო დროს მომხდარი დაკავებები, დაკარგული ადამიანების საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საარსებო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა, - აღნიშნულია 10-11 დეკემბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის შესახებ გავრცელებულ პრესკომუნიკეში, რომელიც ეუთოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაციის თანახმად, მონაწილეებმა ვერ შეძლეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვა რამდენიმე მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო.

ასევე ნახეთ ელჩი გილმორი და ზაზა გახელაძის საქმე

ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დაჭრილი ზაზა გახელაძე ჯერ საავადმყოფოში იყო, შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. მას ბრალს ორი მუხლით უყენებენ - ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ზაზას ოჯახში ახლა ცხინვალში სასამართლო პროცესის გამართვას ელოდებიან. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ და დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.