ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსი სამხედროების დედებს შეხვდა, - კრემლის მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში გაიმართა, მხოლოდ 17-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. „ჯიბის დედები“, „სპეციალური დედები“ - ასე მონათლეს თავისუფალ მედიაში პუტინთან მისული ქალები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახელმწიფო მოხელე, მმართველი პარტიის („ერთიანი რუსეთი“) აქტივისტი ან საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელი აღმოჩნდა.
ვლადიმირ პუტინი „სპეციალურ დედებთან“ (ირონიული მინიშნება „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ ) შეხვედრისას უკიდურესად ყალბი, პათეტიკური და არადამაჯერებელი იყო, ამის შესახებაც რუსული ონლაინმედიისა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა დაწერეს, თუმცა პუტინის ტექსტი, კომენტარებისა და არგუმენტების გარეშეც, მრავლისმეტყველია.
„ყველაფერი ოჯახიდან მოდის, - თქვა პუტინმა შეხვედრისას, - და ის, რომ თქვენმა ბიჭებმა ისეთი არჩევანი გააკეთეს, როგორიცაა სამშობლოს მსახურება და ჩვენი ხალხის დაცვა, ამ შემთხვევაში ნოვოროსიასა და დონბასში - ესეც უდავოდ თქვენი მუშაობის შედეგია“.
რუსეთის პრეზიდენტთთან შეხვედრაზე მიწვეული იყო რუსეთის მიერ ანექსირებული, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრი ნინა ფშენიჩკინა, რომლის შვილი ჯერ კიდევ 2019 წელს დაიღუპა უკრაინის კანონიერ ხელისუფლებასთან ბრძოლაში. სწორედ ნინა ფშენიჩკინას მიმართა პუტინმა სიტყვით, რომელიც განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერდა.
„ჩვენ ყველანი ოდესმე დავტოვებთ ამ ქვეყანას, ეს გარდაუვალია. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ როგორ ვიცხოვრეთ. ზოგიერთი ადამიანი ხომ ისეთნაირად ცხოვრობს, რომ ვერ გაიგებ, იცხოვრა თუ - არა. ამ ქვეყნიდანაც როგორ მიდიან? არყის სმით ან კიდევ სხვა რამით იკლავენ თავს და არანაირ კვალს არ ტოვებენ. თქვენმა შვილმა კი ნამდვილად იცხოვრა და მიზანსაც მიაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად არ მომკვდარა“, - თქვა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, საგულდაგულოდ მალავს უკრაინაში დახოცილი რუსი სამხედრო მოსამსახურეების რეალურ სტატისტიკას. არადა, პროექტმა „მედიაზონამ“ 2022 წლის 22 ოქტომბრისათვის 7 822 მოკლული რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაადგინა, რეალური მონაცემებით კი, ცხადია, ბევრად მეტია.
ვლადიმირ პუტინმა ასევე გამოაცხადა, რომ დასრულებულია „ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია“, თუმცა, როგორც ირკვევა, რუსეთში სრულწლოვან მამაკაცებს კვლავ იბარებენ კომისარიატებსა და გამწვევ პუნქტებში, რადგან რუსეთის პრეზიდენტს მობილიზაციის დასრულების შესახებ ოფიციალური განკარგულება არ გამოუცია.
ვინ არიან „ჯიბის დედები“
ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მიყვანილი დედები საგულდაგულოდ იყვნენ შერჩეული. ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში ვერ მოიძებნა ადგილი ისეთი ქალებისთვისაც კი, რომლებიც მართალია მხარს უჭერენ თავიანთი შვილების მონაწილეობას უკრაინის განადგურებაში, მაგრამ ჩივიან წვევამდელების ან მობილიზებულების სათანადო წვრთნისა და აღჭურვილობის გარეშე ფრონტზე გაგზავნის გამო.
ტელეგრამარხმა „ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ“ პუტინთან შეხვედრაზე მისულ ქალებს შორის ამოიცნო ჩინოვნიკები, პროსამთავრობო საზოგადოებრივი მოძრაობებისა და რუსეთის მმართველი პარტიის („ერთიანი რუსეთის“) წარმომადგენლები.
რუსი ჯარისკაცების პრობლემებზე ვლადიმირ პუტინს მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატმა და „ერთიანი რუსეთის“ წევრმა ოლგა ბელცევამ მოუთხრო. ეს ქალი ასევეა მსხვილი რუსული საბიუჯეტო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე.
ვლადიმირ პუტინის კიდევ ერთი თანამოსაუბრე - იულია ბელეხოვა, პროსამთავრობო მოძრაობის „საზოგადოებრივი სახალხო ფრონტის“ მოსკოვის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია, რომელიც 2016 წლის, რუსეთის მმართველი პარტიიის სიით, ადგილობრივ არჩევნებში იყრიდა კენჭს.
ნადეჟდა უზუნოვა - 2019 წელს იყო რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის, ხაკასიის მმართველის მრჩეველი საშინაო პოლიტიკის საკითხებში, ამჟამად კი უსტ-აბაკანის „საბრძოლო საძმოში“ პასუხისმგებელია მობილიზებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაზე.
რუს მობილიზებულთათვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე ორეხოვო-ზუევოს საზოგადოებრივი პალატის წევრი მარინა მიგუნოვაც.
პუტინთან პრობლემებზე სასაუბროდ „მივიდა“ ირინა ტას-ოოლი, ტიველი ჩინოვნიკი, კაა-ხემის რაიონის ადმინისტრაციის ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი.
ვლადიმირ პუტინის გვერდით (მარცხნივ) იჯდა ყველაზე „შემოქმედებითი დედა“, რეჟისორი ოლესია შიგინა, რომელიც, ძირითადად, „მართლმადიდებლურ პატრიოტულ ფილმებს“ იღებს.
ასევე პუტინის გვერდით (მარჯვნივ, თავსაფრით) იჯდა „ჩეჩნური არისტოკრატიის“ წარმომადგენელი ჟარადატ აგუევა, რომლის ვაჟები - ისმაილი და რუსტამი კადიროვის უშიშროების მაღალჩინოსნები არიან და უკრაინაში იბრძვიან: ისმაილი ბატალიონ „დასავლეთი-ახმატის“ მეთაურია, რუსტამი კი - კურჩალოის შს დეპარტამენტის უფროსი. რამზან კადიროვი რუსტამს ძმას უწოდებს, ისმაილის გმირობების შესახებ კი თავის ტელეგრამარხზე ლაპარაკობს.
სხვა დედები სად არიან?!
რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ვლადიმირ პუტინთან და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მოთხოვნით, სულ ცოტა, რუსეთის 15 რეგიონში (ტომსკი, თათრეთი, ულიანოვსკი, მოსკოვის ოლქი, კურსკი და ა.შ.) შეიკრიბნენ ქალები. ვიდეომიმართვებში, რომლებიც ამ შეკრებებიდან გავრცელდა, რუსი ქალები ჩივიან უკრაინის ფრონტზე გაგზავნილი თავიანთი შვილების, ქმრებისა და ნათესავების ბედის გამო.
„ახლა იქიდან გვამები მოაქვთ, - ამბობს ერთ-ერთ ვიდეოში ქალი, - გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ იქ ბევრი გვამია“.
ე.წ. ჯიბის თუ სპეციალური დედებისგან განსხვავებით, რუსეთის ხელისუფლება ამ ქალებს არ შეხვედრია. მეტიც, ნოვო-ოგორიოვოს შეხვედრიდან ორიოდე დღეში სოციალურმა ქსელმა „VKontakte“ დაბლოკა საზოგადოებრივი მოძრაობის „სამხედრო მოსამსახურეთა დედებისა და ცოლების საბჭოს“ ჯგუფი. დაბლოკვის მიზეზად დასახელდა რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნა.
„დედებისა და ცოლების საბჭო“ იმითაა ცნობილი, რომ მისი აქტივისტები ღიად და მძაფრად აკრიტიკებენ რუსეთის ხელისუფლებას. „საბჭოების“ აქტივისტები ორ თვეზე მეტია აქტიურად მოითხოვენ პუტინთან, შოიგუსა და რუსეთის სამხედრო პროკურორთან შეხვედრას. ამ ორგანიზაციის მთავარ მოთხოვნებს შორისაა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება, ბელგოროდის რეგიონიდან წვევამდელების გაყვანა, უკანონო გაწვევის აღკვეთა და წვევამდელების ფრონტზე გაგზავნის საქმეების გამოძიება.
ნოემბრის მეორე ნახევარში ორგანიზაციის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც მრგვალი მაგიდა მოაწყვეს, რათა გაეგოთ, სად და რა პირობებში იმყოფებიან მათი ახლობელი ადამიანები. მიწვევის მიუხედავად, შეხვედრაზე არ მივიდნენ რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები.
„დედათა და ცოლთა საბჭოს“ ლიდერია სამარაში მცხოვრები 46 წლის ოლგა ცუკანოვა, რომელიც ინტერვიუებსა და მიმართვებში ამბობს, რომ ზაფხულში მისი 20 წლის ვაჟი, კოლეჯის დასრულების შემდეგ, გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, სადაც აძალებდნენ ფრონტზე გასაგზავნად კონტრაქტზე ხელის მოწერას.
რუს ქალთა შორის, რომლებიც საჯაროდ და კრიტიკულად საუბრობენ მობილიზებულებისა და კონტრაქტით აყვანილი ჯარისკაცების პრობლემებზე, ოლგა ცუკანოვა ყველაზე რადიკალურ შეხედულებებს გამოხატავს. ცუკანოვა და საბჭოს სხვა აქტივისტები ხმაურით ცდილობდნენ თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო სათათბიროს მისაღებ ოთახებში შეღწევას.
ოლგა ცუკანოვა ხშირად წერს ვიდეომიმართვებს, რომლებიც ვირუსულად ვრცელდება ინტერნეტით. ერთ-ერთი ვიდეოში ქალი ასე მიმართავს ვლადიმირ პუტინს: „ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, კაცი ხართ თუ ვინ ხართ ?“ და მოითხოვს საბჭოს წევრების დაშვებას პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
რატომ არიან რუსი დედები ინერტულები?
ვიტალი პორტნიკოვი, უკრაინელი მწერალი და ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ანალიტიკოსი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში, ამბობს, რომ არც პუტინის და არც საბჭოთა რუსეთში დედები დიდად არ იწუხებდნენ თავს, როცა მათ შვილებს ომებში მიერეკებოდნენ.
„შეძრწუნებული ვეკითხებოდი ჯერ ჩემი კლასელების მშობლებს, შემდეგ კურსელებისას, რატომ უშვებდნენ ასე მშვიდად თავიანთ შვილებს ავღანეთის ომში. გაოცებული მიყურებდნენ. ჯერ კიდევ მაშინ, სკოლისა და სტუდენტობის წლებში მეგონა, რომ ვცხოვრობდი გიჟურ, უკუღმართ საზოგადოებაში, სადაც შვილების სიცოცხლეს ადამიანებისთვის აბსოლუტურად არანაირი ფასი არ ჰქონდა“, - ამბობს ვიტალი პორტნიკოვი, რომლის დაკვირვებითაც, უკრაინის საზოგადოებას მრავალი წელი და დიდი შრომა დასჭირდა იმისათვის, რომ ადამიანებში გაჩენილიყო სიცოცხლის მნიშვნელობის შეგრძნება.
„ეს არის უკრაინული დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ამ ათწლეულების განმავლობაში - ის, რომ თავი დავაღწიეთ ადამიანის სიცოცხლის მიმართ საბჭოთა ან, შესაძლოა, რუსულ-იმპერიულ გულგრილობას, თუმცა, უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთში ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო. ახალს ვერაფერს ვხედავ. ეს პუტინით არ დაწყებულა, ასე არსებობს რუსულ-იმპერიული ცივილიზაცია: ტერიტორია ყველაფერია, ადამიანი - არაფერი. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება ამ ტერიტორიაზე. პუტინი ხერსონს რუსეთის ფედერაციის რეგიონალურ ცენტრად აცხადებს, მაგრამ მანამდე მიწასთან ასწორებს მას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ნებისმიერი რეგიონალური ცენტრიც შეიძლება დაექვემდებაროს რუსეთისავე დაბომბვას. შორს წასვლა არ არის საჭირო. გვახსოვს მოსკოვში სახლების აფეთქებები. ეს არ არის ფიგურალური ნათქვამი, ეს არის ის, რაც უკვე ვნახეთ“, - ამბობს ვიტალი პორტნიკოვი.
ასევე ნახეთ „კუბო ბორბლებზე“ - მანქანა დაღუპული შვილის სანაცვლოდ2022 წლის ივლისში მსოფლიო მოარა ცნობამ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინა უკრაინაში მოკლული რუსი ჯარისკაცის ოჯახმა შვილის გარდაცვალების გამო მიღებული კომპენსაციით ავტომბილი "ლადა" და, როგორ გადაიღო ამ ამბავზე რუსულმა ტელეარხმა „როსია 1“-მა სიუჟეტი.
„ერის მამის“ როლის უნიჭო შემსრულებელი
ვლადიმირ პუტინისა და „სპეციალური დედების“ შეხვედრამ ზღვა მასალა მისცა ანალიტიკოსებს, რომელთა აზრითაც, შეხვედრამ აჩვენა, რომ როლი, რომლის შესრულებაც უწევს რუსეთის პრეზიდენტს, ზედმეტად რთულია საშუალო უნარების მქონე პუტინისთვის. რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს არ შეუძლია ელემენტარული, ადამიანური სიტყვების წარმოთქმა და თანადგომის გამოხატვა, არადა, როგორც მწერალი დმიტრი ბიკოვი ამბობს, პუტინს, ამ როლის შესრულების გარდა, სხვა არჩევანი არ გააჩნია.
„ჟანრი კარნახობს! როცა თავი ერის მამად მოგაქვს, ვალდებული ხარ დედებსაც შეხვდე. ადრეულ პელევინს აქვს ერთ-ერთ რომანში, კრიტიკულ ვითარებაში როგორ უბიძგებს საზოგადოება დედებს მოქმედებისკენ. პელევინთან მობერებული ქათმები გამოდიან მოთხოვნით: სიტყვა მიეცით დედებს! „დედის“ ცნების საკრალიზაცია ცოტა ბლატნოი ამბავია, რაც შალამოვმა კარგად აჩვენა და, რომელიც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საზოგადოებებს ახასიათებთ. ერის მამა უნდა შეხვდეს დედებს და წარმოთქვას რაიმე რიტუალური სიტყვები, რომლებსაც შექმნილი ვითარება მოითხოვს მისგან“, - ამბობს დმიტრი ბიკოვი, რომლის თქმითაც, პუტინის შეეძლო მართლა გულწრფელად, სინანულით ელაპარაკა ან სფიჩრაიტერებს დაეწერათ მისთვის დამაჯერებელი ტექსტი, ეთქვა რაღაც ისეთი, რაც ოდნავ მაინც დაემსგავსებოდა გულწრფელობას, მაგრამ პუტინი იყო ყალბი და პათეტიკური:
„ცინიზმიც კი ზოგჯერ უკეთესია, ვიდრე ეს ნიღაბი. ყველამ იცის ამ სიტყვის, ამ პათეტიკური სიყალბის ფასი, მაგრამ მას არ შეეძლო გაქცეოდა ამ შეხვედრას და ეს ძალიან კარგია. სისტემა, რომელიც მან ააშენა, აიძულებს, სულ უფრო და უფრო ხშირად მოიტყუოს, უფრო და უფრო ხშირად გამოხატოს საკუთარი აზრი და სულ უფრო ხშირად აჩვენოს ხალხსა და მსოფლიოს თავისი სრული უმწეობა“.
თუმცა ამგვარი თვალშისაცემი სიყალბისა და უმწეობის მიუხედავად, პუტინი თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში რუსეთის ყველაზე მოთხოვნად პოლიტიკოსად რჩება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? დმიტრი ბიკოვის თქმით, ქარიზმაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ პუტინი ინერციულად ასატანი და ინერციულად პოპულარული პოლიტიკოსია.
„სხვა არჩევანი არ არის, ველი მთლიანად გათელილია და არც რუსები ცდებიან დიდად, როცა ფიქრობენ: არ იქნება პუტინი, არ იქნება რუსეთი. არსებული რუსეთი, რუსეთი დღევანდელი სახით, ნამდვილად აღარ იარსებებს, შეწყვეტს არსებობას. იქნება სრულიად განსხვავებული ქვეყანა. დასრულდა ეს გაუთავებელი შვიდსაუკუნოვანი წრეზე ტრიალი: შვიდი საუკუნეა ეს მატარებელი წრეზე მოძრაობს და უკვე თითქმის ყველა ვაგონი დაიკარგა, ორთქლის ძალაც კი საყვირის ხმაში გაიხარჯა. რაღაცის გაკეთება მოუწევთ. საჭირო იქნება რეფორმა, გარკვეული ზომების მიღება, ახალი პარადიგმის აგება. უხეშად რომ ვთქვათ, სამშობლოს ხელახლა დაფუძნება, რაღაც კონცეფციების დესაკრალიზება, რაღაცის ახლიდან აშენება. ხალხს ეშინია, ახსოვს, როგორ იყო 90-იან წლებში, აცნობიერებენ თავიანთ უმწეობას. ამიტომაც, ცვლილებების შიში პუტინის პოპულარობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. მთელი საუბრები იმაზე, რომ პუტინი ეყრდნობა რაღაც არქეტიპებს, რომ კონტაქტი აქვს ხალხთან, რომ შეუძლია მათთან უშუალო ურთიერთობა და, საჭირო მომენტში, ხალხიც მას დაუჭერს მხარს... - მთელი ეს სისულელე დაწერა ვლადისლავ სურკოვმა, უსწავლელმა და უნიჭო კაცმა“, - ამბობს დმიტრი ბიკოვი.
პუტინისა და „ჯიბის დედების“ შეხვედრის პერსპექტივა
რუსი და უკრაინელი სამხედრო სპეციალისტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ვლადიმირ პუტინს სამომავლოდაც არაერთხელ შეექმნება ე.წ. ჯიბის დედებთან თუ „სპეციალურ დედებთან“ შეხვედრის აუცილებლობა, რადგან უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის მდგომარეობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდება, შესაბამისად, პუტინსაც კიდევ არაერთხელ მოუწევს მობილიზაციის გამოცხადება და ათობით ათასი „შვილის“ სასაკლაოზე გაგზავნა.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტის ტარას ბერეზოვეცის შეფასებით, რუსი „მობიკები“ (მობილიზებული სამხედროები) არ არიან მოტივირებულები, არ აქვთ სამხედრო მომზადება და არ ესმით, რას აკეთებენ უკრაინაში.
„ვხედავთ, რომ იმათ, ვინც მობილიზებული იყო ეგრეთ წოდებული ნაწილობრივი მობილიზაციის დროს, უმეტესწილად არ სურთ ბრძოლა. მიუხედავად ამისა, ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული კორექტირება მოახდინა უკრაინის არმიის შეტევითი ოპერაციების მსვლელობაში, ვინაიდან, ფიგურალურად რომ ვთქვათ, რუსეთი ჩვენს პოზიციებს „ხორცით“ ავსებს. ეს განსაკუთრებით ეხება ბახმუტისა და სოლედარის მიმართულებს, ასევე უკრაინის ჯარის შეტევით ოპერაციას სამხრეთში. მობილიზაციამ შესაძლებელი გახადა უკრაინის იერიშის ტემპის შენელება, მაგრამ უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლის ხარჯზე“, - ამბობს ტარას ბერეზოვეცი, რომლის თქმითაც, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა გამოცხადდა, მობილიზაცია არ შეწყვეტილა.
„ფარული მობილიზაცია ახლაც მიმდინარეობს. ჯარის შევსების პროცესი ასევე მოიცავს საშემოდგომო გაწვევას, რომელიც ამ სამობილიზაციო კამპანიის ნაწილია. ფრონტის ხაზზე წვევამდელებსაც აგდებენ. როგორც სამხედრო ტყვეების, ისე საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა დოკუმენტებიდან ჩანს, ხშირ შემთხვევაში ომობენ არა კონტრაქტით დაქირავებული ან მობილიზებული ჯარისკაცები, არამედ 18-20 წლის წვევამდელები. ვფიქრობ, პუტინს მარტივად შეუძლია 1,5 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქის მობილიზება და ის, ალბათ, ამას გააკეთებს, რადგან ეს მათთვის ერთადერთი გზაა, შეაკავონ უკრაინის არმია, რომელიც რუსეთის საზღვრებისკენ მიიწევს, თუმცა, რამდენიც უნდა გაიწვიოს პუტინმა, როგორც გენერალმა ზალუჟნიმ განაცხადა, უკრაინამ გაანადგურა რუსეთის პროფესიონალური არმია და გაანადგურებს მოყვარულსაც“, - ამბობს ტარას ბერეზოვეცი.