„უკრაინელი ჯარისკაცები ლაშქრავენ დანაღმულ ველებსა და ტრანშეებს, ეს არის ბრძოლა, რომელშიც ისინი სიტყვასიტყვით თავს სწირავენ. ასე რომ, დიახ, ეს (კონტრიერიში) ცოტა ნელა მიდის, მაგრამ ასეთია ომის ბუნების ნაწილი“, - განაცხადა ახლახან აშშ-ის შტაბის უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ.
ანალიტიკოსის შეფასებით, გარდა იმისა, რომ რუსები კარგად მოემზადნენ მოსალოდნელი კონტრშეტევის მოსაგერიებლად, უკრაინის არმია განიცდის საინჟინრო ტექნიკის, კერძოდ, განაღმვისთვის მნიშვნელოვანი MCLIC-ის დეფიციტს.
ასეთ ვითარებაში, უკრაინის სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობს როგორც ინჟინერ-გამნაღმველების მომზადებას, ისე უცხოელი სპეციალისტების მოზიდვას. ასე ჩამოყალიბდა ერთი წლის წინ უკრაინაში, „კავკასიური ლეგიონის“ შემადგენლობაში ინჟინერთა ჯგუფი, რომელსაც პროფესიონალი სამხედრო, მალხაზ ქავთარაძე ხელმძღვანელობს.
რადიო თავისუფლება მალხაზ ქავთარაძეს, ერთ-ერთ „ცხელი წერტილში“ მორიგი სახიფათო დავალების შესრულების შემდეგ დაუკავშირდა.
კობა ლიკლიკაძე: მალხაზ, თქვენ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდით საბრძოლო დავალებაზე. ამის გამო, რამდენჯერმე გადაიდო ჩვენი ინტერვიუ. ახლა სამშვიდობოს ხართ. რა სახის დავალება იყო ეს, თუ შეგიძლიათ, რომ მოკლედ გვითხრათ?
მალხაზ ქავთარაძე: ამ დილით დაახლოებით დილის 7-დან 8 საათამდე მოხდა ჩასაფრება დივერსიული ჯგუფებისგან. და ააფეთქეს [უკრაინელი] მესაზღვრეების მანქანა მესაზღვრეებთან ერთად. ერთი დაიღუპა და სამი დაიჭრა.
კობა ლიკლიკაძე: და თქვენ გახვედით, მე თუ სწორად გავიგე, იმის შესამოწმებლად, ხომ არ დანაღმა მოწინააღმდეგემ ეს ადგილი, რათა შემდეგ კიდევ მისული ჯარისკაცებიც არ აეფეთქებინათ? ეს აუცილებელი პროცედურაა ასეთი?
მალხაზ ქავთარაძე: დიახ, დიახ, აუცილებელი პროცედურაა, იმიტომ, რომ როდესაც დივერსიული აქტი ხდება და ასეთი შემთხვევები ხდება, იქ ძალიან ხშირად, მანქანების ან მიცვალებულების გარშემო ინაღმება ტერიტორია და მისვლის შემთხვევაში დიდი ალბათობაა, რომ სხვაც დაიღუპოს. ამისთვის გამოგვიძახეს, დაახლოებით 12 საათი იქნებოდა, რომ ეს ტერიტორია შეგვემოწმებინა. ვიდეოც მოგაწოდეთ იმ მანქანისა, რომელზეც მოხდა თავდასხმა.
კობა ლიკლიკაძე: მალხაზ, რა თქმა უნდა, ამ ვიდეოს მაყურებელს ჩვენ არ ვანახებთ. მაგრამ მინდა გკითხოთ, იყო თუ არა დანაღმული მიმდებარე ტერიტორია, სადაც თქვენ ეს ვიდეო გადაიღეთ?
მალხაზ ქავთარაძე: არა, საბედნიეროდ, დანაღმული არ იყო. მოხდა ასეთი შემთხვევა. მანქანა [უკრაინელი მესაზღვრეების] შევიდა ტყეში... ამ დროს მოხდა აფეთქება, რამაც გამოიწვია ხის მოგლეჯა. მანქანის უკან ამ ხემ ჩაკეტა გზა და თან მანქანამ მიიღო დაზიანება და, რა თქმა უნდა, შიგ მსხდომებმაც. ეს იყო ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი MON 100, როგორც ჩვენ დავადგინეთ. ფრაგმენტები ვიპოვეთ. ეს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი გამოიყენეს (რუსებმა).
კობა ლიკლიკაძე: მიმდინარეობს უკრაინის არმიის კონტრშეტევითი ღონისძიებები და ერთ-ერთი მთავარი, შეიძლება ითქვას, უმთავრესი დაბრკოლება, ეს არის ზუსტად რუსების მიერ დანაღმული ველები, დანაღმული სივრცე. თქვენ ასეთ (განაღმვით) დავალებას თუ იღებთ და თუ შეგიძლიათ რომ გვითხრათ, რამდენად რთული გასავლელი ტერიტორიაა და რა ნაღმები გხვდებათ, თქვენი სპეციფიკიდან გამომდინარე?
მალხაზ ქავთარაძე: რა თქმა უნდა. ეს კონტრშეტევა რომ არის დაწყებული, საინჟინრო (მხარდაჭერის) გარეშე ვერც ქვეითი ძალა და ვერც ტექნიკა ვერ გადაადგილდება. თუ არსებობს დანაღმული ტერიტორია, ჩვენ ამის შესახებ დაზვერვიდან ვიღებთ ინფორმაციას და ასეთ შემთხვევაში (განაღმვაზე) დაზვერვასთან ერთად შევდივართ. არის ისეთი ადგილები დანაღმულ ტერიტორიაზე, რომელსაც თავისი, ასე ვთქვათ, „თვალი“ უყენია და იცავენ, რომ არ მოხდეს განაღმვითი სამუშაოები. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა განაღმვაზე შევედით და მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაგვიხსნა. არ მიგვიშვეს ადგილამდე, რომ დაგვეწყო (განაღმვითი) მუშაობა. ძალიან დიდი ტერიტორიაა დანაღმული რუსების მხრიდან. და ძალიან რთულია გადაადგილება ძირითადად მინდვრებში. შეიძლება გზა არ იყოს დანაღმული, იყოს სიმულაციური რაღაცები მოწყობილი, შეიძლება გზიდან გადახვიდე და მერე აფეთქდე. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. და ამიტომ ცოტა ჭირს გადაადგილება ტექნიკისაც და პირადი შემადგენლობისაც.
კობა ლიკლიკაძე: რამდენად თანამედროვე ტექნიკა გაქვთ უკრაინელ გამნაღმველებს?
მალხაზ ქავთარაძე: როცა მიდის კონტრშეტევა და როცა მოწინააღმდეგის მიმართულებით მიდიხარ, ამ შემთხვევაში რობოტებით განაღმვა არ ხდება იმიტომ, რომ ეს ტექნიკა დიდია და დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს ტექნიკა ააფეთქონ და დააზიანონ. არის, როგორც იცით, ტანკებს უყენიათ სპეციალური „ტრალი“. იგი ტანკის წინ მიგორავს და მას შეუძლია ტერიტორიის რამდენიმე ნაღმისგან გათავისუფლება, თუ რა თქმა უნდა დიდი ფართობი არ არის დანაღმული. ეს „ტრალიც“ ბევრი-ბევრი 4-5 ნაღმს უძლებს და მეტს ბოლო-ბოლო ვეღარ გაუძლებს. ამიტომ ძირითადად ვმუშაობთ ხელით, ვმუშაობთ ნაღმმძებნებით, ვმუშაობთ „შუპებით“ (ღეროებით - რედ.), ვმუშაობთ სასროლი თოკებით, რომ სიტყვაზე, თუ „რასტიაჟკები“ (დაჭიმული მავთული, რომელიც ოდნავ შეხებისას ნაღმის დეტონაციას იწვევს. - რედ.) იქნება, ავაფეთქოთ. ძირითადად ხელით ვმუშაობთ.
კობა ლიკლიკაძე: (წერენ) რომ დამატებით საფრთხეს წარმოადგენს ე.წ. კასეტური ბომბებით გაფანტული ჭურვები, რომლებიც თქვენთვისაც კი შეიძლება იყოს შეუმჩნეველი და თქვენთვისაც კი რთული იყოს მათი აღმოჩენა და განაღმვა.
მალხაზ ქავთარაძე: ძირითადად ქვეითსაწინააღმდეგოა ეს კასეტური ჭურვები, თან ახლა ბალახი ძალიან მაღალია, ადამიანი თითქმის ძლივს ჩანს მინდორში გადაადგილებისას და ამ ბალახში კიდევ უფრო რთულია ამ კასეტური ნაღმების აღმოჩენა. გადაადგილება ჭირს. ეს დიდ რისკს შეიცავს. დანაღმული ტერიტორიის აღმოჩენა შეიძლება, მაგრამ კასეტური ნაღმების მოფანტვის აღმოჩენა რთულია. რუსები იყენებენ, როგორც „პე-ფე-ემებს“, ქვეითსაწინააღმდეგო ფუგასურ ნაღმებს, რომელსაც „ბაბოჩკებს“ (პეპლებს - რედ.) უწოდებენ, იყენებენ ჩვეულებრივ მსხვრევად-კასეტურ ნაღმებს და ძალიან ბევრ სხვას. მოწინააღმდეგეს ბევრი საშუალება აქვთ. თანაც საცა უნდა იქ ისვრიან და როგორც უნდათ, ისე ისვრიან, არანაირ წესს არ იცავენ.
კობა ლიკლიკაძე: თქვენ გამნაღმველთა ჯგუფის უფროსი. სად დაეუფლეთ ამ პროფესიას? მოკლედ გვითხარით თქვენზეც.
მალხაზ ქავთარაძე: 10 წელი მე საინჟინრო ბრიგადაში ვმსახურობდი საქართველოში. მერე როგორც ამერიკელებთან, ისე ებრაელებთან გავიარე კურსები. შემდეგ აზერბაიჯანში ვიყავით და იქ გავიარეთ კურსები. EOD -ის (ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფა) ასეული ჰქვია და ახლაც არის საქართველოში ეს ასეული. მაგ ასეულში ვმსახურობდი. 10 წლის გამოცდილება მაქვს, ასე ვთქვათ, საინჟინრო საქმეში: როგორც ნაღმების გაუვნებელყოფა, ისე დანაღმვა, ისე აუფეთქებელი საბრძოლო მასალების განადგურება, გატანა, ტრანსპორტირება და ასე შემდეგ.
კობა ლიკლიკაძე: მალხაზ, თქვენი გამოცდილებიდან, მოკლედ რომ გვითხრათ, რა პირი უჩანს ამ კონტრშეტევას, რომელიც წამოწყებულია ივნისის დასაწყისიდან?
მალხაზ ქავთარაძე: ველოდებით სექტემბერში დამთავრებას. რაღაც იმედები გვაქვს, რომ სექტემბრის ბოლოს დამთავრდება ეს ყველაფერი, თუ ევროპამ და ამერიკამ არ დააგვიანა შეიარაღების, და თუნდაც იმ ავიაციის მოწოდება უკრაინისთვის; და ტყვია-წამალი და საბრძოლო მასალა, რა თქმა უნდა. ველოდებით სექტემბერს. დიდი იმედი გვაქვს, რომ სექტემბერში დამთავრდება ეს ყველაფერი და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ გამარჯვება რომ ჩვენია და გამარჯვება რომ ჩვენს მხარეზე იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ.
ასევე ნახეთ
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის სოფელ სტარომაიორსკოეზე დაამყარეს კონტროლირადიო "თავისუფლებამ" მალხაზ ქავთარაძესთან, „კავკასიური ლეგიონის“ ინჟინერთა ჯგუფის მეთაურთან ეს ინტერვიუ 27 ივლისს ჩაიწერა, როდესაც უკრაინამ კონტრშეტევის მეორე ფაზის დაწყების შესახებ გამოაცხადა.
იმავე დღეს უკრაინის მოწინავე რაზმებმა დონეცკის რაიონის დასავლეთით მდებარე სოფელ სტარომაიორსკოეს განთავისუფლების შესახებ განაცხადეს. სოფლისთვის, რომელშიც ომამდე 1000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ბოლო კვირების განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.
ვიდეო, რომელშიც უკრაინელი სამხედროები სტარომაიორსკოეს კონტროლზე საუბრობენ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა.
ამერიკელი ექსპერტები უკრაინული და რუსული წყაროებით გავრცელებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ უკრაინა პოზიციებს იმყარებს ბახმუტის რაიონში და მის სამხრეთ-დასავლეთ ფლანგებზე, მათ შორის - საცეცხლე უპირატესობისთვის საჭირო სპეციფიკურ რელიეფზე.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის 11 ივლისის მონაცემებით, 4 ივნისიდან, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, ერთ თვეზე მცირედ მეტ დროში, უკრაინის ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 253კმ² ტერიტორია, მაშინ როცა 1 იანვრიდან, 6 თვეში, რუსეთის ძალებმა დაიკავეს 282კმ².