დაზარალებულად ამ დრომდე არ არის ცნობილი 18 წლის მაკო გომური - გოგო, რომელმაც 20-21 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა. 3-თვის შემდეგ, დაზარალებულის სტატუსს ჯერ ისევ უშედეგოდ ელოდება აქციის დაშლის შედეგად დაშავებული ათობით პირი. რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაზარალებულის სტატუსით მხოლოდ ორი პირი სარგებლობს. თუმცა დადასტურებულად შესაძლებელია ლაპარაკი მხოლოდ ერთ შემთხვევაზე.
რა უფლებებს უზღუდავს 20-21 ივნისს დაშავებულ პირებს დაზარალებულის სტატუსის არქონა, რატომ ჭიანურდება პროცესი და რა იწვევს უსამართლობის შეგრძნებას?
როდის იქცევიან დაშავებულები დაზარალებულებად?
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 16 დაშავებულის უფლებებს იცავს და მათ შორის არის მაკო გომურიც. ვინც იგებს, ყველას უკვირს - თვალის დაკარგვის ფაქტს ხანგრძლივი დასაბუთება, წესით, არ უნდა სჭირდებოდეს.
„საქმეებში არის წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ხასიათის დაზიანება სწორედ 20-21 ივნისს მიღებული. მათ შორის არის საავადმყოფოს ცნობები, სასწრაფო დახმარების ცნობები. ცალკეულ შემთხვევაში ისეთი სავალალო შედეგი დადგა, როგორიც არის ცალი თვალის დაკარგვა. არ გვგონია, რომ ფორმალისტურად საჭირო იყოს ექსპერტიზის დასკვნის დადება იმისათვის, რომ ეს ფაქტი დადგენილად იქნას მიჩნეული“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი მერი დაუშვილი.
16 პირის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა საიამ პროკურატურას 18 სექტემბერს გადაუგზავნა. მანამდე, ორგანიზაციამ საჭიროდ ჩათვალა გამოძიებისთვის მიეცა დრო (თითქმის 3 თვე) შესაბამისი მასალების (სამედიცინო ცნობების, ფაქტების ამსახველი კადრებისა თუ გამოკითხულთა ნაამბობის) შესასწავლად.
როგორც მერი დაუშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას:
- 18 სექტემბრის განცხადებაზე პროკურატურისგან ოფიციალური პასუხი (დადგენილების ფორმით) საიას ჯერ არ მიუღია, თუმცა იმედისმომცემი არაფერია;
- პროკურორის მიერ 24 სექტემბერს გაკეთებული ზეპირი განცხადება საიასთვის უარს ნიშნავს - პროკურატურა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავს დაშავებულების (მათ შორის იგულისხმება მაკო გომური) დაზარალებულად ცნობის საფუძველს;
- წერილობითი უარის მიღების შემდეგ, კანონი აწესებს 10-დღიან ვადას ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრებისთვის და შემდეგ უკვე, ასევე 10-დღიან ვადას - სასამართლოში გასაჩივრებისთვის;
- საია წერილობითი პასუხის მიღების შემდეგ განსაზღვრავს თავისი მოქმედების ტაქტიკას.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით ზოგადად ფორმალისტური მიდგომა აქვს პროკურატურას - სანამ არ მოხდება ხოლმე მთლიანი გამოძიების დასრულება და დამნაშავეების იდენტიფიცირება, მანამდე, ხშირად, არ ხდება ხოლმე პირის დაზარალებულად ცნობა. ეს კი არასწორია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მერი დაუშვილი.
იმის გამო, რომ დაშავებულებს ჯერ არა აქვთ დაზარალებულის სტატუსი, მათი ადვოკატებიც მოკლებული არიან შესაძლებლობას გაეცნონ საქმის მასალებს და იმოქმედონ დაზარალებულთა ინტერესების შესაბამისად.
დაზარალებულად ცნობა წარმოადგენს ასევე დამატებით შესაძლებლობას კომპენსაციის მოთხოვნის პერსპექტივისთვის.
დაზარალებულის სტატუსის მომლოდინეთა შორის არის ასევე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომელსაც სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ რესპუბლიკის მოედანზე, 21 ივნისს, გამთენიისას.
„ეს იყო ტიპური სადამსჯელო აქცია - დემონსტრანტების ნაკადი გამთენიისას საგრძნობლად შემცირებული იყო და ამასთან - ყველა იყო დაღლილი, გაზნაყლაპი და დასუსტებული. აქტიურობის თავი აღარავის ჰქონდა...
დაკავების დროს სავარაუდოდ ხელკეტი დამარტყეს თვალის არეში და იყო თვალის ბუდის შიდა მოტეხილობები, მსუბუქი ტვინის შერყევა და წვრილმანი დაზიანებები ცემის შედეგად... ძალიან ცუდია, რომ დაშავებულთაგან ყველამ არ მიმართა თავიანთი უფლებების სამართლებრივად დაცვის გზას.
აუცილებელია, რომ დაწყებული პროცესები ბოლომდე მივიყვანოთ. თუნდაც პრევენციისთვის, საჭიროა ჩვენება იმისა, რომ ასეთი ფაქტები იოლად, დაუსჯელად არ ჩაივლის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ხვადაგიანმა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაზარალებულად არის ცნობილი ორი პირი, თუმცა დადასტურებულად შეიძლება ლაპარაკი მხოლოდ ერთზე - თეა მესხიშვილზე.
რეზინის ტყვიით მისი დაჭრის ფაქტს რადიო თავისუფლების მიერ გადაღებული ვიდეომასალა ასახავს. სამართალდამცველი დაკავებული იყო, თუმცა, რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ის ამ ეტაპზე გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
როგორც 25 სექტემბერს გვითხრა თეა მესხიშვილმა, საია იცავს და დაზარალებულის სტატუსი მას ზაფხულში მიანიჭეს.
სავარაუდოდ, დაზარალებულად არის ასევე ცნობილი მეორე ქალი, რომლის დაჭრის ფაქტიც ასევე რადიო თავისუფლების ვიდეომასალაზეა ასახული. ამ ინფორმაციის გადამოწმება 25 სექტემბერს შეუძლებელი აღმოჩნდა.
20-21 ივნისს დაშავებულთა უფლებებს ასევე აქტიურად იცავენ, მაგალითად: წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“, ადამიანის უფლებათა ცენტრი და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. თუმცა ჯერჯერობით დაზარალებულად არ არის ცნობილი მათი დაცვის ქვეშ მყოფი არცერთი პირი.
25 სექტემბერს რადიო თავისუფლება შეეცადა ინფორმაცია მოეპოვებინა გენერალური პროკურატურიდან; გვაინტერესებდა ზუსტი ინფორმაცია:
- დაშავებულთაგან რამდენ პირს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი სამოქალაქო პირებს შორის;
- დაშავებულთაგან რამდენ პირს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი სამართალდამცველებს შორის;
- რა ეტაპზეა 20-21 ივნისს დაშავებულთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პროცესი.
შესაბამისი სტატისტიკა და ინფორმაცია ვერ მივიღეთ. უწყებამ რადიო თავისუფლებასთან მხოლოდ მოკლე განმარტება გააკეთა.
„გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია ასეულობით მოწმე, მათ შორის საპროტესტო შეკრების მონაწილეები და სამართალდამცავები. იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაადგენს, რომ კონკრეტულმა პირმა დანაშაულის შედეგად ზიანი მიიღო საქართველოს პროკურატურა განიხილავს მისი დაზარალებულად ცნობის საკითხს“.
ასევე ნახეთ გახარია: ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად 240-ადამიანი დაშავდა, აქედან - 80 სამართალდამცველი და 40-მდე ჟურნალისტი.
გზა სტრასბურგის სასამართლოსკენ
თუ და როდესაც საქართველოში ყველა შესაძლო მცდელობა წარუმატებლად დასრულდება, უფლებადამცველები მზად არიან, რომ საქმეები სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღონ.
ცენტრ „ემპათიაში“ 20-მდე დაშავებულის საქმეა თავმოყრილი.
„ჩვენი სტრატეგია არის ასეთი, რომ ვახდენთ ამ საქმეების დოკუმენტირებას... შემდეგ რამდენჯერმე მივმართავთ პროკურატურას, გავარკვევთ - რა ქნეს და როგორ ქნეს და შემდეგ, არაეფექტური გამოძიების საბაბით, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.
მან ასევე განაცხადა:
- „პროკურატურა ამბობს - ვიძიებთო, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს შედეგი“;
- „ჩვენ სამედიცინო ექსპერტიზას თავად ჩავატარებთ და ყველაფერს დავასაბუთებთ“;
- „როდესაც სამართალდამცველები გაქცეულ ადამიანებს მისდევდნენ და ხელკეტებს ურტყამდნენ, ეს მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტება არ არის - ეს არის უკვე არასათანადო მოპყრობა და სწორედ ამ მიმართულებით მოვითხოვეთ ზოგიერთი საქმის გამოძიება“;
- „საერთაშორისო სტანდარტებით, როდესაც ირღვევა სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენების სტანდარტები, იმ მომენტშივე ირღვევა ევროკონვენციის მე-3 მუხლი, რაც არასათანადო მოპყრობას გულისხმობს“.
თუკი საქართველოში ყველაფერი უშედეგოდ ჩაივლის, დაშავებულთა საქმეებისთვის სტრასბურგში გამარჯვების რეალურ პერსპექტივებს ხედავს ხანგრძლივი საერთაშორისო პრაქტიკის მქონე ადვოკატი ლია მუხაშავრია. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სამართალი დადგინდეს.
„თუ ეს ამბები ასე, პასუხგაუცემლად დარჩება, ყოველთვის გვექნება ეს დარბევები, ტყვიების უკანონო გამოყენება და უბედურება... საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა წავიდეს ეს საქმეები სტრასბურგში, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“.
თუკი საქართველოში სამართალს ვერ მიაღწევენ, საქმეების ასევე სტრასბურგის სასამართლოში წაღების შესაძლებლობებზე ლაპარაკობენ ადამიანის უფლებათა ცენტრშიც. არასამთავრობო ორგანიზაცია 5 დაშავებულს იცავს, მათ შორის - ჟურნალისტებს.
ასევე ნახეთ ჯგუფურად მოძალადეები თუ "გავრილოვის პატიმრები"როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საკმაოდ დიდი დისბალანსია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე ორი გამოძიების შედეგებს შორის.
- „ერთი მხრივ, შს სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს, 20-მდე დემონსტრანტია დაკავებული და პასუხისგებაში არიან მიცემული სხვებიც";
- "ხოლო პროკურატურის მიერ წარმოებული იმ გამოძიების ფარგლებში, რომელმაც სამართალდამცველთა უკანონო ქმედებები უნდა გამოავლინოს, სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ სამი სამართალდამცველის წინააღმდეგ არის დაწყებული";
- "იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეტი ძალისხმევაა მიმართული სწორედ დემონსტრანტების დასჯისკენ“.
ალეკო ცქიტიშვილის თქმით, პრობლემურია ისიც, რომ არ არიან გამოვლენილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც სავარაუდოდ გასცეს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის სახიფათო ბრძანებები, 20-21 ივნისის ღამით, აქციის დაშლის დროს.
შერჩევით მიდგომებზეა ლაპარაკი სხვა უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც. მათ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებასაც.
საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სულ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი. მათ შორის არიან პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია და "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.