"ფინანსური ბარიერი მოხსნილია. გეოგრაფიული ბარიერიც ფაქტობრივად, მოხსნილია... ინფორმირებულობის ბარიერს ვერ ჩავთვლი მოხსნილად"

მაკა გოგია, "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" პროგრამის კოორდინატორი

რამდენიმე დღის წინ აუდიტის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით C ჰეპატიტის სამკურნალო წამლებზე გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილში კვლავ გააღვიძა კითხვები, რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ახლდა. ანგარიში ჯანდაცვის სამინისტროს 2018 წლის საქმიანობას ეხება და C ჰეპატიტის ელიმინაცია მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია მასში.

ცნობა, რომ მომარაგებული მედიკამენტების რაოდენობა პაციენტების მიმართვიანობაზე მეტი აღმოჩნდა, სიახლე არ ყოფილა „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ პროგრამის კოორდინატორ მაკა გოგიასთვის.

С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებისას დადგენილი იყო, რომ ქვეყანაში სამკურნალო იყო 150 ათასი ადამიანი. უპირველეს ყოვლისა, მკურნალობაში უნდა ჩაერთოთ ყველაზე მძიმე პაციენტები.

ტექნიკურ მრჩეველთა საბჭოს (TAG) დახმარებით მომზადებული გეგმით, ყოველ წელს უნდა ემკურნალა 20 ათას ადამიანს.

თავდაპირველად მომართვიანობამ დაგეგმილს გადააჭარბა:

„პირველ წელს, 2016-ში ამან გაამართლა - 21 ათასი ჩაერთო. ეს ის ხალხი იყო, ვინც უკვე იცოდა, რომ აქვს ინფექცია და ეძებდა მკურნალობის გზებს. 2017 წელს უკვე გართულდა ამ ადამიანების პოვნა, 20 ათასის ნაცვლად მოვიდა 14 ათასი, 2018 წელს ოცის ნაცვლად მოვიდა ათი ათასი. მნიშვნელოვანი ვარდნა მოხდა პაციენტების მომართვიანობის“.

არადა, პროგრამის განმახორციელებლებს იმის შიში ჰქონდათ, რომ სამედიცინო სისტემა მაღალ მომართვიანობას ვერ გაუძლებდა.

2018 წელს ჩატარდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელების გზაზე წარმოქმნილი ბარიერების გამოკვლევა. რა აჩვენა გამოკვლევამ:

„აჩვენა, რომ საზოგადოების ინფორმირებულობა იყო ძალიან დაბალი. აჩვენა, რომ თანაგადახდა იყო დამაბრკოლებელი ფაქტორი. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იყო ფაქტორი - პაციენტებს უჭირდათ პატარა ქალაქებიდან ყოველ ორ კვირაში წამლისთვის სიარული. ამ ბარიერების მოხსნამ წაიღო დრო და არც ისე მოქნილი აღმოჩნდა სახელმწიფო, რომ ისინი მაშინვე მოეგვარებინა...

ფინანსური ბარიერი მოხსნილია. გეოგრაფიული ბარიერიც ფაქტობრივად მოხსნილია, რადგან ბევრ პატარა ქალაქშია გახსნილი კლინიკა. ინფორმირებულობის ბარიერს ვერ ჩავთვლი მოხსნილად, რადგან მოსახლეობის უმრავლესობამ ჯერ კიდევ არ იცის პროგრამის არსებობის შესახებ“.

საქართველოში არ არის ურიგო მაჩვენებელი C ჰეპატიტზე ტესტირების, თუმცა, საბოლოო მიზნამდე შორია:

„ეს მართლაც არის სამაგალითო პროგრამა - 58 ათასი ადამიანის მკურნალობა არ არის ცოტა.

1 მილიონ 700 ათასი ადამიანი უკვე დასკრინულია - მოსახლ 60%, ესეც კარგი მაჩვენებელია. მოწოდებულია, რომ გამოკვლეული უნდა იყოს 90% მაინც. დარჩენილი 30%-ის პოვნა სულ უფრო რთულია“.

Your browser doesn’t support HTML5

მაკა გოგია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე