2012 წელი
17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში, ფილარმონიასთან დაწყებული მშვიდობიანი მსვლელობა რუსთაველის გამზირზე შეტაკებითა და აქციის სამი მონაწილის დაკავებით დასრულდა.
აქციის მონაწილეეები ლგბტ ჯგუფის მიმართ სიძულვილს აპროტესტებდნენ და პლაკატებითა და ფერადი დროშებით თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გეგმავდნენ. რუსთაველზე "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის" წარმომადგენლებმა, მათმა თანამოაზრე სასულიერო და საერო პირებმა მსვლელობა ცოცხალი ჯაჭვით გადაუკეტეს, აქციის მონაწილეები იძულებულნი გახდნენ მსვლელობა შეეწყვიტათ.
2013 წელი
ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დაგეგმილ ადგილზე, რუსთაველის მოედანზე ჩაიშალა მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ლგბტ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები პოლიციამ ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა თავისუფლების მოედნიდან, სადაც მათ მართმადიდებლობის სახელით გამოსული დემონსტრანტები დარბევას უპირებდნენ.
2014 წელი
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 17 მაისი, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში ტრადიციული ქართული ოჯახის დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღის აღსანიშანვად სამღვდელოებამ და მრევლმა თბილისის ქუჩებში აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.
რაც შეეხება ლგბტ თემის წარმომადგენლებს, საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის გამო, ისინი სახლებში დარჩნენ.
2015 წელი
თბილისში 17 მაისისთვის მზადება დაიწყო 10 მაისს, როცა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ წამოიწყო კამპანია „ეს ქუჩა დაკავებულია - ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ადგილი აქ არ არის“. რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი სხვადასხვა ქუჩაში ტრანსპარანტით გაჩნდებოდა ხოლმე. ტრანსპარანტზე ეწერა: „ეს ქუჩა დაკავებულია“. შემდეგ მცირე აქციების ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდებოდა. უშუალოდ 17 მაისს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ თბილისში, ვაჩნაძის ქუჩაზე გამართა აქცია და ეს ქუჩაც „დაიკავა“.
2016 წელი
მართლმადიდებელთა ნაწილმა კვლავ მსვლელობით აღნიშნა ოჯახის სიწმინდის დღე.
პოლიციამ თბილისში დააკავა 10 ადამიანი, მათ ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებდნენ. დაკავებულები არიან ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები, რომლებმაც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ცისარტყელის ფერებად შეღებეს რამდენიმე, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს შენობის, კედელი.
2017 წელი
17 მაისს თბილისში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ლგბტქი აქტივისტებმა და თემის წევრებმა. აქციამ, რომელიც ფარულად დაიგეგმა, საგანგებოდ მობილიზებული სამართალდამცავების თანხლებით ჩაიარა.
ასევე გაიმართა კიდევ ერთი ღონისძიება, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა.
2018 წელი
„თანასწორობის მოძრაობამ“ გააუქმა მთავრობის ადმინისტრაციასთან 19 საათზე დაგეგმილი აქცია. ორგანიზაციის განცხადებით, შსს უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაპირდა, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, როცა რადიკალურმა და ნეონაცისტურმა ჯგუფებმა სცადეს ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე და 17 მაისისთვისაც უპრეცედენტო მობილიზება გამოაცხადეს, ლგბტ აქტივისტებმა მიიღეს მათთვის უმძიმესი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება და დათმეს თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება.
თუმცა ლგბტ აქტივისტებმა ჰომოფობიის საწინააღმდეგო მცირე
აქციები თბილისში, რამდენიმე ადგილას მაინც გამართეს სადაც სხვა და სხვა შინაარსის განცხადებები წაიკითხეს.
ასევე გაიმართა საქართველოს ეკლესიის მიერ რამდენიმე წლის წინ დაწესებული, „ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დაცვის დღისადმი“ მიძღვნილი მსვლელობა. 15 მაისს საპატრიარქომ განაცხადა, მსვლელობაში მონაწილეობისგან თავი უნდა შეიკავონ „ადამიანებმა, რომლებიც გამორიჩევიან რადიკალური გამონათქვამებით ან შეურაცხმყოფელი სიტყვებით.“
2019 წელი
სასულიერო პირები და მოქალაქეების ნაწილი ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ემზადებიან. სასულიერო პირებმა ოჯახის სიწმინდის დასაცავად პარაკლისი გადაიხადეს.
წელს, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში მეექვსედ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო სახალხო მსვლელობას გამართავს. მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.
ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, რის შემდეგაც კონცერტია დაგეგმილი.
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.