მაია ოთინაშვილს ახალგორის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ოჯახი დახმარებას ითხოვს

საოკუპაციო ხაზი ხურვალეთში

37 წლის მაია ოთინაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შვილის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით მიმართავს დაკავებულის დედა.

Your browser doesn’t support HTML5

მაია ოთინაშვილს ახალგორის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ოჯახი დახმარებას ითხოვს

ოკუპირებული ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა სოფელ ხურვალეთის მკვიდრს, მაია ოთინაშვილს. ის რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის და დე ფაქტო ხელისუფლებას გადასცეს. როგორც წესი, ამ უკანონო ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდას აკისრებენ და მალევე ათავისუფლებენ, მაგრამ დე ფაქტო რესპუბლიკის „უშიშროების კომიტეტმა“ დღეს განაცხადა, რომ მაია ოთინაშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა „სამხრეთ ოსეთისა“ და საქართველოს მოქალაქეებს. დაკავებულის დედა გალინა ქელეხსაევა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეები სარეგისტრაციოდ და პენსიის მისაღებად დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოდიან და მისი შვილი ამ საქმეში უდანაშაულოა.

ასევე ნახეთ „უნდა შეიქმნას საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებების ტერიტორიული რუკა“

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ პროცესში ჩართულია „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტიც. სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი განსაკუთრებით შემაშფოთებლად, საგანგაშოდ და სამარცხვინოდ მიიჩნევს მაია ოთინაშვილის დაკავების ფაქტს. მისი თქმით, დაკავებულის მდგომარეობის გასარკვევად და მის გასათავისუფლებლად ყველა შესაძლო არხია ამოქმედებული.

დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მეჯვრისხევის, ქერესა და ხურვალეთის თავზე რუსეთის ვერტმფრენები გამოჩნდნენ. ეს ინფორმაცია თავიდან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაავრცელეს, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება მოჰყვა. სუსის ინფორმაციით, რუსული ვერტმფრენების საოკუპაციო ხაზთან ფრენის ფაქტი ქართულმა მხარემ უკვე აცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო სწავლებები ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

ასევე ნახეთ "საქართველო ბოლომდე ასრულებს არა მხოლოდ "ექვსპუნქტიან შეთანხმებას""

რუსეთის ფედერაციამ კავკასიაში 58-ე და 49-ე არმიების მონაწილეობით ფართომასშტაბიანი სამხედრო წ ვრთნა დაიწყო, რომელშიც 2 500-ზე მეტი სამხედრო ტექნიკაა ჩართული, მათ შორის - 20 თვითმფრინავი და 60 ვერტმფრენი. რუსეთის არმიის წვრთნა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზეც მიმდინარეობს.

ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს პატრულირებას აგრძელებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. მოძრაობა საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. მოძრაობის ლიდერ დავით ქაცარავას თქმით, მალე დაიწყება საპროტესტო აქციები 37 წლის მაია ოთინაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აქციების შესახებ კონსულტაციებს დაკავებულის ოჯახის წევრებთან მართავენ. ქაცარავას თქმით, აქციები ოთინაშვილის გათავისუფლებამდე არ შეწყდება.