მთელი დღის განმავლობაში დათა ვანიშვილი გზას გაჰყურებდა - იქნებ ვინმე მოვიდეს და მახოს ამბავი მომიტანოსო. მერე სასაფლაოზე წასვლა დააპირა, მაგრამ უცებ რუსები გამოჩნდნენ და არსადაც არ წახვალო, უთხრეს.
მახოს ამბავი ხომ არ იცითო? - დათა პაპა და ვალია ბებო რუსებს ეკითხებოდნენ. ისინი კი იმეორებდნენ, დღეს სასაფლაოზე არ წახვალთო. იმეორებდნენ და მთელ დღეს მათ ეზოში იდგნენ. არადა, დათა ყოველ აღდგომას სასაფლაოზე მიდიოდა. ჯერ საკუთარი ნათესავების საფლავებს მოივლიდა, ბალახს გაგლეჯდა, კვერცხებს გააგორებდა, მერე თანასოფლელების საფლავებსაც მიხედავდა და მათი ნათესავების მიერ მავთულხლართზე გადაწოდებულ სააღდგომო კვერცხებს ყველას სათითაოდ დაუწყობდა, სანთლებს დაანთებდა და სახლში ბრუნდებოდა. სახლი და სოფლის სასაფლაოც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართებს მიღმაა მოქცეული. დათა პაპა მთელი დღე გზას გაჰყურებდა და მახოს ამბავს ელოდა, მაგრამ მაცნე არ გამოჩენილა, - ეს ამბავი რადიო თავისუფლებას ვალია ბებომ უამბო. ახლა მახოს ამბავი ყველაზე მეტად გვადარდებსო. თათიაც სახლიდან გაიყვანეს, ქართველს აქ რა უნდაო.
ასევე ნახეთ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ცოლ-ქმრის ნათესავებს წითელი ჯვრიდან დაუკავშირდნენ„მახო ღამე წაიყვანეს, მეორე დილით კიდე თათიაც წაიყვანეს. ლენინგორში ჰყავდათ. ერთმა ნაცნობმა დარეკა ლენინგორიდან, ორივესა სიცხე ჰქონდა და ლენინგორიდან ცხინვალში წაიყვანესო ბალნიცაშიო (საავადმყოფოში). კარტოფილი აღარა გვაქვს, პესოკიც (შაქარი) გამოგველია, მახო იყო ხოლმე ჩვენი პატრონი და აბა, სად არის? იმ დღესაც იყვნენ რუსები, ჯერ ორნი მოვიდნენ და გავაგდე, მერე ოთხნი მოვიდნენ, ჩხრეკა დაიწყეს. მახოც წაყვანილი ჰყავდათ. სულ ემუქრებოდნენ, არ გაგახარებთო და აჰა. ნათესავები გვყავს ცხინვალში. დედამისმაც დარეკა ვლადიკავკაზიდან და ვნახოთ, რა იქნება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვალია ვანიშვილი.
მალხაზ კურტაევი, სოფელში მას ვანიშვილად იცნობენ, ხურვალეთში ბებოსა და პაპასთან გაიზარდა, დათა და ვალია ვანიშვილების ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ დედა ვლადიკავკაზშია, მალხაზს ყველაზე მეტად ხურვალეთში ყოფნა უყვარდა და მოხუცებს ყურადღებასაც აქცევდა. დათა ვანიშვილს ყველა იცნობს. მისი შვილიშვილი, მახო კი ტელეკამერების წინ იშვიათად ჩნდებოდა. მალხაზი მავთულხლართებს იქით და აქეთ ხშირად მალულად გადადიოდა, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოსდიოდა და რამდენჯერმე დაკავებულიც იყო, ჯარიმის გადახდის შემდეგ უშვებდნენ, მაგრამ მავთულხლართებში ცხოვრებას ვერ ეგუებოდა. ერთ-ერთი გადმოსვლისას ხურვალეთის მაღაზიაში თათია ადიკაშვილი გაიცნო და ასე დაიწყო მალხაზის და თათიას სიყვარულის ისტორია. თათიას დამ თამთამ ეს ისტორია რადიო თავისუფლებას უამბო.
„5 თვე ხდება, რაც ერთად არიან, მალხაზი იყო საქართველოს ტერიტორიაზე, მაღაზიაში ნახა ერთხელ ჩემი და. იქიდან დაიწყო ამათი სიყვარულის ამბავი. მალხაზი გვეუბნებოდა, რუსებმა ბევრჯერ გამაფრთხილეს, ქართველ ცოლს შენ ვერ შეირთავ და აქეთ ტერიტორიაზე ვერ გადმოიყვანო. და თუ ამას იზამ, მას არ გავახარებთო. მახოს აქეთ, სოფელში საცხოვრებელი არ ჰქონდა და იძულებული იყო მავთულხლართებს იქით ბებოსთან და პაპასთან წაეყვანა. 5 თვე ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და მოხუცებს ესენი აქცევდნენ ყურადღებას. მალხაზი საკუთარ ბებო-პაპას ვერ მიატოვებდა, მათი გაზრდილია. და სულ შიშში ცხოვრობდა იქით. იმ სახლში მალავდა ცოლს, რომ რუსებს არ დაენახათ. დაკავებისას არავის უთქვამს, მიზეზი რა იყო, სრულიად გაურკვეველი იყო პაპასთვისაც და ბებოსთვისაც. არც სიცხე ჰქონდათ და არაფერი, უბრალოდ, ის თქვეს, რომ ქართველს ამ მხარეში არაფერი ესაქმება და ის ამ ტერიტორიაზე ვერ გაიხარებს. რომ ამბობენ სიცხე ჰქონდათო, რაღა გადაყვანისას აეწიათ სიცხე? და თუ ასე იყო, მაშინ ბებო და პაპა ხომ უფრო დიდ რისკჯგუფში არიან და ისინი რატომ არ წაიყვანეს? აქ სხვა მიზეზია, ამ ვირუსის ამბავს იყენებენ. მალხაზი ერთი თვის წინაც გატაცებული ჰყავდათ და 5 დღე დაჭერილი იყო. სცემეს კიდეც და სულ ემუქრებოდნენ და მიზეზებს ეძებდნენ“, - აცხადებს თამთა ადიკაშვილი.
თამთა დის და სიძის ამბის გაგებას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობს. 19 აპრილს მან დახმარების თხოვნით წითელი ჯვრის საზოგადოებასაც მიმართა - დის და სიძის ადგილსამყოფლის და ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა უნდოდა. რადიო თავისუფლების მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თამთას წითელი ჯვრიდან მალევე დაუკავშირდნენ და დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეჰპირდნენ. მანამდე ოჯახმა არაოფიციალურად შეიტყო, რომ დაკავებულები ჯერ ორკვირიან სამედიცინო კარანტინში, ცხინვალში გადაიყვანეს.
„გვითხრეს რომ კარანტინში ჰყავთ, თუ ისინი მართლა ამ მიზნით არიან გადაყვანილები სამედიცინო დაწესებულებაში, მაშინ ოჯახის წევრები მოვითხოვთ, რომ გადმოგვცენ და ჩვენს კლინიკაში გაიარონ კარანტინი. როცა დააკავეს, კორონავირუსთან დაკავშირებით სიმპტომები მათ არ ჰქონდათ“, - ამბობს თამთა ადიკაშვილი.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ცოლ-ქმრის ნათესავები დახმარებას წითელ ჯვარს სთხოვენსაოკუპაციო ძალებმა მალხაზ კურტაევი, 16 აპრილს, ახალგორის სიახლოვეს, მისი ცოლი, თათია ადიკაშვილი კი 17 აპრილს დილით, დათა ვანიშვილის სახლში დააკავეს. თათია ადიკაშვილი საქართველოს მოქალაქეა და ის შესაძლოა კარანტინის დასრულების შემდეგ, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით გაასამართლონ და ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლონ. მალხაზ კურტაევს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და უკვე ბევრჯერაა დაკავებული ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, თუმცა უცნობია, მას მხოლოდ ჯარიმის გადახდას დააკისრებენ თუ ორწლიან სასჯელს გამოიყენებენ. ახლა მათი ცხინვალელი და ვლადიკავკაზელი ნათესავები ვითარებაში გარკვევას ცდილობენ.