„მადლი ღვთისა“ ა(ღა)რ იყიდება

„მადლი ღვთისას“, ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატს, რომელიც პროდუქტის შემქმნელების მტკიცებით, COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს ოთხ დღეში კურნავს და, გარდა ამისა, პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება, აფთიაქში ვერ იპოვით.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საკვები დანამატის შეძენა სააფთიაქო ქსელ „ავერსშია“ შესაძლებელი, კომპანიის ადმინისტრაცია უარყოფს. რადიო თავისუფლებისათვის მიწოდებულ წერილობით პასუხში ვკითხულობთ, რომ მართალია, „მადლი ღვთისა“ სააფთიაქო ქსელმა მიიღო, თუმცა, დანამატი შეტანილია არა აფთიაქებში, არამედ ბაზაში.

რადიო თავისუფლებამ 24 დეკემბერს „ავერსის“ რამდენიმე აფთიაქს მიაკითხა, თუმცა, „მადლი ღვთისა“ ვერ იპოვა. „ავერსის“ ცხელ ხაზზე კი გვითხრეს, რომ პროდუქტი მათ ქსელში „აღარ იყიდება“ და ის „დროებით გაიტანეს“.

შპს „მადლი ღვთისამ“ 2064 კოლოფი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი „ავერსში“ 11 დეკემბერს შეიტანა, მაგრამ კომპანია „ავერსის“ ადმინისტრაციის მტკიცებით, მისი გაყიდვა არ დაწყებულა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

„მადლი ღვთისა“ გაყიდვაში არ ჩაშვებულა. პროდუქტი ჯერ აფთიაქებშიც არ გადანაწილებულა. მომწოდებელთან მიმდინარეობს საკითხების განხილვა და დაზუსტების შემდეგ, გადაწყდება, გავიდეს თუ არა ის ჩვენს სააფთიაქო ქსელში“.

თუმცა, ამ პასუხამდე ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, „ავერსის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე ამბობს:

„მე არ მითქვამს, რომ უარს ვამბობთ მის გაყიდვაზე. პირველ ეტაპზე, საკმაოდ მცირე რაოდენობა იყო შემოტანილი. რამდენადაც ვიცი, გარკვეულ აფთიაქებში ფიზიკურად გაიყიდა და ადგილზე არ არის“.

კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი, რომ ის სააფთიაქო ქსელმა გაყიდვაში ჩაუშვას, „ავერსი“ გვპასუხობს:

„საკვებ დანამატს უნდა ჰქონდეს მწარმოებლის ხარისხის სერტიფიკატი და დამოუკიდებელი ლაბორატორიის ხარისხის სერტიფიკატი, რომელიც საკვებ დანამატს, „მადლი ღვთისას“ აქვს“.

აღსანიშნავია, რომ „მადლი ღვთისა“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბიოლოგიურად აქტიური დანამატის საშუალებისათვის რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და ის დაინტერესებული პირის ინიციატივით ხორციელდება. შესაბამისად, „მადლი ღვთისას“ შემქმნელებს, იმისათვის, რომ საკუთარი პროდუქტი აფთიაქში გაყიდონ, არ სჭირდებათ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული ოფიციალური რეგისტრაციის საბუთი.

თუმცა, ამავე კანონის თანახმად, დაუშვებელია ფარმაცევტულ პროდუქტად დაურეგისტრირებელი, ასევე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ნებაყოფლობით დაურეგისტრირებელი ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სარეკლამო ტექსტში დაავადებების მითითება და მათი ფარმაცევტულ პროდუქტებად წარმოჩენა.

მიუხედავად კანონში არსებული ამ ჩანაწერისა, „მადლი ღვთისას“ შემქმნელები, პროდუქტის ანოტაციაში სამ ენაზე მიუთითებენ, რომ საკვებდანამატი, რომელიც „დამზადებულია საქართველოს მადლიანი მიწა-წყლის, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული, უნიკალური ჯიშისა და სახეობის მცენარეებისაგან და წარმოადგენს ვირუსული და ინფექციური ჯგუფის დაავადების, მათ შორის, ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ძლიერმოქმედ საშუალებას, რომლის მიღებისას უმჯობესდება გუნება-განწყობა, ძლიერდება იმუნიტეტი და ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი“.

შპს „მადლი ღვთისას“ დირექტორი, გურამ კუპატაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ პროდუქტის ახალი პარტიის ანოტაციაში, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გაეშვას წარმოებაში, ამოღებული იქნება „სიტყვა კორონავირუსი“.

რადიო თავისუფლებამ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დეტალების დასაზუსტებლად მიმართა, თუმცა, როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, კითხვებზე პასუხების მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება და შესაბამის ინფორმაციას მომდევნო დღეებში მოგვაწვდიან.

რას ნიშნავს „მადლი ღვთისასთვის“ მინიჭებული ხარისხის სერტიფიკატი

საინტერესოა „მადლი ღვთისას“ ხარისხის სერტიფიკატის შინაარსის მნიშვნელობაც. სერტიფიკატი გაცემულია აკრედიტებული ლაბორატორიის, შპს „გლობალ ტესტის“, სამკურნალო საშუალებების საგამოცდო ლაბორატორიის მიერ.

„გლობალ ტესტის“ ხელმძღვანელი, ქეთი ბარამიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ვერ მალავს უკმაყოფილებას იმ ინტერპრეტაციის გამო, რომელიც, მისი თქმით, ლაბორატორიის მიერ გაცემულ დოკუმენტს მოჰყვა. ქეთი ბარამიძე ამბობს, რომ მათ მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატი თავის თავში მოიაზრებს, მხოლოდ და მხოლოდ, ტაბლეტის ქიმიური შემადგენლობის შემოწმებას და არა იმას, თუ რა დაავადების სამკურნალოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული პრეპარატი:

„ეს არის ლაბორატორია, სადაც ტარდება მხოლოდ ქიმიური ანალიზები. მე ვარ ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ენა როგორ მომიბრუნდება და ვიტყვი, რომ ვაზის ყლორტების ექსტრაქტი, რომელსაც ტაბლეტი შეიცავს, შველის კოვიდს. ხარისხის სერტიფიკატში მითითებულია მხოლოდ ის, თუ რა ზომის უნდა იყოს ტაბლეტი, რა ფერის, რამდენ ხანში უნდა დაიშალოს, შეიცავს თუ არა იმ ნივთიერებას, რასაც შეიცავს ვაზის ყლორტების გამონაწვლილი და მიკრობიოლოგიურად სუფთაა თუ არა ტაბლეტი. აი, ამას გულისხმობს სერტიფიკატი და მიწერია, რომ ლაბორატორიაში წარმოდგენილი ტაბლეტი შეესაბამება სტანდარტს, და არა ის, თუ რის სამკურნალოდ შეიძლება მისი გამოყენება. ასეთივე წარმატებით შეგიძლია აიღო, მაგალითად, „ანალგინის“ 4 ტაბლეტი და გაყიდო როგორც კოვიდის წამალი“.

„ღმერთისგან ნაბოძები“ იდეა

„მადლი ღვთისას“ იდეა, მწერალსა და აკადემიკოსს, ანზორ ჯაფარიძეს, პანდემიის დასაწყისში, მარტში დაებადა. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ იდეა ჯერ კიდევ მაშინ უკარნახა ღმერთმა, როდესაც მსოფლიო მეცნიერებს „არ ჰქონდათ გაშიფრული ამ ვერაგი დაავადების არსი“.

სამ თანამოაზრესთან ერთად დაიწყო იდეაზე მუშაობა და, საბოლოოდ, შეიქმნა მცენარეულ კომპონენტებზე დაფუძნებული ტაბლეტები, რომლებსაც, მისი მტკიცებით, არანაირი გვერდითი ეფექტი და უკუჩვენება არ გააჩნია და COVID-19-ის მკურნალობის პროცესში წარმატებულ როლს თამაშობს.

ანზორ ჯაფარიძე ამბობს, რომ პრეპარატი პროფილაქტიკის მიზნით მიიღეს მისმა ოჯახის წევრებმა, შვილიშვილებმა. 300-ზე მეტ ინფიცირებულს კი, მისი თქმით, სწორედ ეს პრეპარატი დაეხმარა გამოჯანმრთელებაში.

„მადლი ღვთისას“ ერთ კოლოფში სულ ოთხი თეთრი ტაბლეტი დევს. ანზორ ჯაფარიძის თქმით, სწორედ ეს ოთხი ტაბლეტია საკმარისი გამოსაჯანმრთელებლად:

„ოთხი დღის განმავლობაში, დილით, ჯერ პირჯვარი უნდა გადაიწერო და შემდეგ მიიღო ერთი ტაბლეტი. ოთხი თვის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ყველა კრიტერიუმი დაგვეკმაყოფილებინა და მოგვცემოდა წამლის აფთიაქში გაყიდვის შესაძლებლობა. „ავერსთან“ გავაფორმეთ ხელშეკრულება. გვინდა, რომ სხვა ქსელებსაც შევთავაზოთ, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. წამლის შემადგენლობა, ცხადია, საიდუმლოა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის ოთხი მცენარეული კომპონენტისგან შედგება და აქედან ერთ-ერთი, ჩვენი ქართული ვაზია“.

იდეის ავტორის მტკიცებით, მათ მიერ შექმნილ პროდუქტზე მოთხოვნა დიდია საზღვარგარეთიდანაც. განსაკუთრებით კი, მისი თქმით, რუსეთი აქტიურობს.

ანზორ ჯაფარიძე გულდაწყვეტილია, რომ პროდუქტის სახელმა „მადლი ღვთისა“, რომლის იდეის ავტორიც თავადაა, გარკვეული კითხვები გააჩინა სააფთიაქო ქსელსა და საპატრიარქოშიც:

„ახლა გვედავებიან სახელწოდებაზე - „მადლი ღვთისა“, ასეთი სახელწოდებით როგორ გავყიდოთო. თუკი ხატს ვყიდით, სანთელს ვყიდით, რატომ არ შეიძლება გაიყიდოს „მადლი ღვთისა“? სახელის შეცვლას მირჩევნია საერთოდ დავანებო თავი ამ საქმეს“.

„მადლი ღვთისა“ ქართულ ფარმაცევტულ საწარმო „დავათში“ შეიქმნა. კომპანია 1998 წელს დაარსდა და თავდაპირველად მხოლოდ სამედიცინო მედიკამენტებს აწარმოებდა. 2006 წლიდან კი სავეტერინარო მედიკამენტების წარმოებაც დაიწყო.

საკვები დანამატის ფასად 60 ლარია განსაზღვრული.

„მადლი ღვთისას“ შემქმნელები ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის მზად არიან

გურამ კუპატაძე, შპს „მადლი ღვთისას“ დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იდეის ავტორებმა, ჯერ კიდევ აპრილში ჩააყენეს საქმის კურსში როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ისე ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტი, თავდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები, რომ ისინი საკვები დანამატის შექმნას გეგმავდნენ და სურდათ ლიცენზიის მოპოვება:

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთანაც. გაიმართა კონსილიუმი. მათმა თანამშრომლებმა დიდი პატივით მიგვიღეს და გვითხრეს, ძალიანაც გვინდა, მოგანიჭოთ ლიცენზია, მაგრამ არსებობს გარკვეული პროტოკოლები, რომლებსაც ვერ გავექცევითო. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს შეხვედრაზე ვუთხარი, რომ ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი, რომ თავად მივიღებდი ამ პრეპარატს, შევიდოდით ყოველგვარი დაცვის გარეშე კოვიდპაციენტებთან და შემდეგ უკვე 8 დღის განმავლობაში გავივლიდი კარანტინს კლინიკაში, რათა დამკვირვებოდნენ და თავადაც დარწმუნდებოდნენ, რომ ვირუსი არ დამემართებოდა. თუმცა, მათ მითხრეს, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ“.

„60-ლარიანი მოლოდინი“ - რას ფიქრობენ ექიმები „მადლი ღვთისაზე“

COVID-19-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ „მადლი ღვთისას“ არსებობის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ შეიტყო, არ იცის, რა შემადგენლობის პროდუქტზეა ლაპარაკი და კონკრეტულ დასკვნას, ამ ეტაპზე, ვერ გააკეთებს, თუმცა, მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„ამ ბოლო საათების განმავლობაში უკვე იმდენმა ადამიანმა მკითხა ამ პროდუქტის შესახებ, რომ ხვალ გავერკვევი, რა არის და ალბათ უფრო დეტალურად შევძლებ ლაპარაკს. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ასეთი ტიპის პროდუქტის მიმართ სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს“.

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვისათვის აბსოლუტურად მიუღებელია ყოველგვარი კლინიკური კვლევის გარეშე ჩატარებული პროდუქტის სააფთიაქო ქსელში გაყიდვა ან გაყიდვის პერსპექტივა და, მით უმეტეს, იმის მტკიცება, რომ ეს პროდუქტი ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა:

„ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს დაავადებების სამკურნალოდ, მით უმეტეს, თუ მას აქვს ანოტაციური ჩვენება, რომ ის კონკრეტულ დაავადებას კურნავს, რასაკვირველია, აუცილებელია, რომ ჩატარებული იყოს სამედიცინო თვალსაზრისით გამართული კვლევები. ეს დროში ძალიან რთულად განსახორციელებელია და ბევრ მატერიალურ და ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვს. ადამიანებს გაუჩინო 60-ლარიანი მოლოდინი, რომ ეს პროდუქტი კორონას სამკურნალოდ გამოგვადგება და ამის გამო ადამიანმა ან სხვა წამალზე ან ექიმთან მისვლაზე უარი თქვას, ეს ხომ შეიძლება, რომ მისთვის ფატალური და დამღუპველი აღმოჩნდეს? მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ტვინებიც კი ვერ უპირისპირდებიან ამ ვირუსს და ჯერ წამალიც კი ვერ შეიქმნა, როგორ შეიძლება ასეთ საკითხზე ლაპარაკი. თუ ჩვენ ვგულისხმობთ რაღაც ვიტამინების ნაკრებზე და იმუნიტეტს წაახალისებს, ეს მეორე საკითხია. ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და მარეგულირებელმა სისტემებმა და ორგანოებმა, ეს მკაცრად უნდა აკონტროლონ“.

პანდემიის დაწყებიდან თითქმის 10 თვის თავზე, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შესაქმნელად მსოფლიოში მეცნიერთა არაერთი ჯგუფი თუ ფარმაკოლოგიური კომპანია მუშაობს, ვირუსის საწინააღმდეგო არცერთი მედიკამენტი ჯერ დამტკიცებული არ არის.