ლიდერი, ანანასით

ესპანელი რეჟისორის ლუის ბუნუელის 1958 წლის ფილმი „ნაზარინი“.

ყოველთვის, როცა ჩემი ქვეყანა აბობოქრდება ხოლმე, საყვარელი წიგნები და ფილმები მახსენდება. არა იმიტომ, რომ მათ ავტორებს დავეკითხო და არჩევანში არ შევცდე. უბრალოდ, გამოცდილება მალაპარაკებს - შემოქმედება ვირუსივითაა. ენერგიით გმუხტავს და სიცოცხლის (ბრძოლის?) იმპულსს გიძლიერებს.

„ნაზარინი“ (1958, მექსიკა, რეჟისორი ლუის ბუნუელი)

„ნაზარინი“ ჩემთვის ყველა დროის და ხალხის საუკეთესო ფილმების ათეულშია. ეს ათეული არაერთხელ შეცვლილა, ამიტომ არასდროს ვპასუხობ კითხვას „თქვენი საყვარელი ფილმები“. მაგრამ „ნაზარინი“ ამ სიაში პირველივე ნახვის შემდეგ დამკვიდრდა. მგონი სწორედ ეროვნული მოძრაობის გამოღვიძების წლებში, როცა ხალხი არა მარტო დამოუკიდებლობის აღდგენის იდეით, არამედ ეროვნული ლიდერის დაბადების სურვილით ცხოვრობდა.

„ნაზარინი“ არ ძველდება, ზუსტად ისე, როგორც არ ძველდება ავტორიტეტი-ლიდერის მოთხოვნილება ჩვენს საზოგადოებაში - მაღალის, ჯანმრთელის, ღონიერის, რადიკალურის, კარგი ოჯახის შვილის, სუფთა წარსულის, უშეცდომოს! ავტორიტეტების მაგალითზე გვასწავლიდნენ ისტორიას, ლიტერატურას და ავტორიტეტების მოთხოვნილებით ვცხოვრობთ დღესაც. შესაბამისად, თუკი კერპმა-ავტორიტეტმა ადამიანური სისუსტე გამოავლინა, მას აუცილებლად მოვისვრით ხოლმე სანაგვეზე. თანაც, უმალვე, დაუფიქრებლად.

ასევე ნახეთ ანდრეი ზვიაგინცევის ნელი ტრაგედია

ლუის ბუნუელის წიგნი „ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა“ ნაწილობრივ აგებულია იმ ადამიანების დაცინვასა და გასულელებაზე, რომლებიც მას ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გენიოსად შერაცხავდნენ ხოლმე. მათ შორის, მეგობრების, თანამოაზრეებისა და თანამებრძოლების. ბუნუელს კინოშიც ბევრმა მიბაძა (ტარკოვსკი სწორედ „ნაზარინს“ მიიჩნევდა საყვარელი რეჟისორის საუკეთესო ფილმად), მაგრამ, ვფიქრობ, ვერავინ მოახერხა შუალედის დაცვა მიზანთროპიასა და ირონიას შორის, სკეპტიციზმსა და პესიმიზმს შორის ისე, როგორც დიდმა ესპანელმა შეძლო. ცხადია, აქ მას დიდი ესპანელებიც დაეხმარნენ - გოია, თავისი გრავიურებით, ვალიე-ინკლანი თავისი პამფლეტებით და პირველ რიგში სერვანტესი! „ნაზარინი“ იმდენადაა სახარების ინტერპრეტაცია, რამდენადაც „დონ-კიხოტი“, წარმოდგენილი სიურრეალისტური კინოს სტილში.

სოფლელი მღვდელი პადრე ნაზარიო (სახელი, ცხადია, შემთხვევით არ ერითმება „ნაზარეველს“) თავიდანვე დონ-კიხოტს გვაგონებს. ნაზარინს სიტყვა-სიტყვით ესმის ქრისტიანობის იდეები და არაფრით უნდა დაიჯეროს, რომ ქარის წისქვილებთან მისი ბრძოლა მთლიანად ამოვარდნილია რეალობიდან, რომელიც სასტიკია და პასიური პაციფიზმის სქემებს არ ემორჩილება. სახლში მეძავები მოჰყავს (სანჩო პანსასა და მარიამ მაგდალინელის გამაერთიანებელი პერსონაჟები) და მათ გაკეთილშობილებას ცდილობს. აგერ ნაზარინი ლოცულობს და სამოთხეს ჰპირდება მომაკვდავ ქალს, რომელიც შეყვარებულია, ქალი კი პასუხობს: „მე არ მჭირდება სამოთხე. მე ხუანი მინდა!“.

ნაზარინს სურს იყოს ადამიანი ადამიანებს შორის. მაგრამ ხალხი მისგან სასწაულს მოითხოვს, რადგანაც აქ ყველა დარწმუნებულია, რომ პადრე ნაზარიო წმინდანია. ნაზარინი მოუწოდებს სოლიდარობისკენ, თანასწორობისკენ, თანაგრძნობისკენ, მაგრამ სოფელი რაღაც დაუჯერებელს, საოცარს ელოდება. ეგაა, რომ „ხალხი“ ჩვენც ვართ, მაყურებელი, რომელსაც ბუნუელი მთელი ფილმის მსვლელობის მანძილზე მოლოდინებს უქმნის, მაგრამ სათქმელს არ ასრულებს. „ნაზარინის“ ენა იმდენად სადაა, იმდენად მოკლებული ტექნიკურ ტრიუკებს, რომ ყველაფერი, რასაც ოდნავ გაძლიერებული, ხმამაღალი, ინტენსიური სახე აქვს ეკრანზე, მნიშვნელოვნად გვეჩვენება. ანდრეი ტარკოვსკი თავის შესანიშნავ წერილში „ნაზარინზე“ სწორედ ამ ცრუ-სიმბოლოებზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას. ბუნუელი დიდი მისტიფიკატორია. მას მაყურებლის გაჯავრება უყვარს. და ძალიანაც კარგი. არ ვართ ვითომ დაცინვის ღირსები? ჩვენ კი არა, აგერ წამებულ, დევნილ, ლამის წმინდანად შერაცხულ კერპსაც დასცინის. თუმცა, ისევ და ისევ ჩვენი მოლოდინის მიუხედავად, არც ეს ქილიკი არ მიჰყავს ბოლომდე. ბუნუელი გადაარჩენს ადამიანს ნაზარინში.

ფილმის ბოლოს, როცა პადრე ნაზარიო, შეურაცხყოფილი, ნაცემი და ჩამოგდებული კერპი, გოლგოთაზე აჰყავთ სიკვდილით დასასჯელად, „ნაზარინი“ სახარების ეკრანიზაციას ემსგავსება. პადრე ნაზარიოც გაიაზრებს, რომ სამოთხე ახლოსაა - ერთი ნაბიჯი დარჩა ახალი წმინდანის დაბადებამდე. ბოლო ცდუნება ანანასი იქნება, რომელსაც გლეხის ქალი შესთავაზებს. ამასაც ადვილად უარყოფს. თუმცა არა... რაღაცამ გაიელვა მის თავში და ანანასი გამოართვა. იესო ქრისტე ანანასით ხელში უკვე იესო ქრისტე არ არის. ღმერთი არ არის. ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც სიკვდილით უნდა დასაჯონ. ნაზარინი გადაურჩა იმას, რასაც თავად მკრეხელობას დაარქმევდა. ლუის ბუნუელმა კი არ მოინდომა, ფილმის ფინალი ციტატად გადაექცია წმინდა ტექსტიდან.

ასევე ნახეთ ავაზაკი ჯვარზე, ძაღლებთან ერთად

„ნაზარინი“ არც სახარების ინტერპრეტაციაა, არც „აღმზრდელობითი ფილმი“ და არც კინო, რომელსაც კათარზისის პრეტენზია აქვს. „ნაზარინი“ უფრო ბუნუელის მანიფესტია, რომელიც შემოქმედებით იმპულსს, აქტიურობას, სიცოცხლისა და ადამიანობის დაცვის სურვილს ნამდვილად აძლიერებს ყოველ ჩვენგანში. ეს კი თავისუფლების მოპოვებისთვის ბრძოლის ერთადერთი გზაა. სიცოცხლე იყინება, როცა სხვას სთხოვ მოქმედებას, როცა ავტორიტეტის პოზიციის მოლოდინში ხარ, ეს ავტორიტეტი კი მორჩილების ფასად სამოთხეს გპირდება (ანდა პირიქით, ყველანაირ იმედს გადაგიწურავს). სიცოცხლე გრძელდება, როცა გაიაზრებ, რომ შენი ხუანისთვის თავადვე უნდა იბრძოლო. ამ ეკლიან გზაზე შეცდომებს დაუშვებ, დაგამცირებენ, მოგატყუებენ, დაგცინებენ, ათას საზიზღრობას დაგაბრალებენ, მაგრამ კერპი თავისუფლებას ვერ მოგართმევს, რადგანაც თავადაც „ფხვიერია“ და ურჩი, რადგანაც ბილი უალდერის ფილმის ფინალური ფრაზისა არ იყოს, „არავინაა ამქვეყნად სრულყოფილი“.

ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით იხილეთ აქ: