ვლადიმირ პუტინის ბიოგრაფიის საიდუმლოებები

ვლადიმირ პუტინი და ბორის ელცინი, 1999 წ.

20 წლის წინ, 1999 წლის გაზაფხულზე, კრემლში „მემკვიდრეს“ ეძებდნენ. 26 მარტს ვლადიმირ პუტინი დაინიშნა უშიშროების საბჭოს მდივნად, თან ეფესბეს დირექტორის პოსტიც შეინარჩუნა. უკვე მაისის დამდეგისთვის ელცინმა გადაწყვეტილება მიიღო, ხელისუფლება პუტინისთვის გადაეცა. სინამდვილეში ვინ ეხმარებოდა მას აღმასვლაში? ჰყავდა თუ არა პუტინს მძლავრი მფარველები და სპონსორები, რომელთა სახელები დღემდე არ ვიცით? საიტ პუტინიზმის რედაქტორი არტიომ კრუგლოვი რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფიის ნაკლებ ცნობილ მხარეებს სწავლობს.​ მას რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ჟურნალისტი დმიტრი ვოლჩეკი ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: 1990-იან წლებში დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ბევრ პოლიტიკოსზე უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდათ. ალბათ ძალიანაც აფიქრებდათ, ვინ გახდებოდა „მემკვიდრე“...

არტიომ კროგლოვი: ელცინის მმართველობის ბოლოსკენ რუსეთში ჩამოყალიბდა მსოფლიო მნიშვნელობის ორი უმსხვილესი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც უზარმაზარ რესურსებს ფლობდა - პოდოლსკ-იზმაილოვოსა და სოლნცევოს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები. ორივეს „კრიშა“ იყო სპეცსამსახურები, ასე რომ, როცა პუტინი პრეზიდენტობას აპირებდა, მათთან მოლაპარაკება მოელოდა. პუტინის მმართველობის პერიოდში ორივე ეს დაჯგუფება მშვენივრად გრძნობს თავს.

პუტინის მოსვლის შემდეგ იზმაილოვოელ ბანდიტებს მისცეს ოდინცოვოს საბაჟო, რომლის გავლითაც აეწყო იარაღის არალეგალური ექსპორტი. ამ ბიზნესს კურირებდა იური ზაოსტროვცევი. ეს ეცოტავათ და ჩეკისტებმა და ბანდიტებმა ააწყვეს შემხვედრი კონტრაბანდის არხი - გერმანიიდან ავეჯი შემოჰქონდათ. ეს თავის დროზე გახმაურდა ჩეკისტების ორ კლანს შორის კონფლიქტის გამო: პატრუშეველები ჩერკასოვ-ზოლოტოვის ჯგუფის წინააღმდეგ („სამი ვეშაპის“ საქმე). 2004 წელს ზაოსტროვცევი იძულებული გახდა, გადამდგარიყო, იმ მომენტისთვის უკვე ეფესბეს დირექტორის მოადგილე იყო. მაგრამ არაფრისთვის არ დასჯილა, რა თქმა უნდა, იზმაილოვოელები კი დღემდე სხედან ოდინცოვოს საბაჟოში.

პუტინის მოსვლის შემდეგ იზმაილოვოელ ბანდიტებს მისცეს ოდინცოვოს საბაჟო, რომლის გავლითაც აეწყო იარაღის არალეგალური ექსპორტი.

პოდოლსკის ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ სახელი გაითქვა „ლანდრომატის“ თაღლითობით - რუსეთის ფედერაციიდან 50 მილიარდამდე დოლარის გატანით და გარეცხვით 2011-2013 წლებში. თაღლითობის ცენტრი იყო პოდოლსკი, ადგილობრივ „პრომსბერბანკს“ ბანდიტები აკონტროლებენ. სწორედ პოდოლსკიდან მიდიოდა უცხოეთში ეს უკანონო გადარიცხვები მოლდოვის სასამართლოების გადაწყვეტილებით, ყველაფერი, რაზეც ევროპაში დღემდე მიმდინარეობს გამოძიება. პოდოლსკელები ასევე მონაწილეები არიან „კოლუმბიური ბარტერისა“, რომელზეც გრუ აკეთებს ფულს.

რადიო თავისუფლება: ეს რა არის?

არტიომ კროგლოვი: იარაღს მივყიდით ნარკოკარტელებს, ნარკომეამბოხეებს ჯუნგლებში. ისინი გვისწორდებიან კოკაინით. როცა პეტერბურგში პუტინ-ცენტრს ააშენებენ, იქ ამის შესახებ ცალკე დარბაზი იქნება. შეიძლება კიდევ იყოს დარბაზი „ვენესუელა“. იქ ხომ მადუროს ცოლი ადგილობრივი ნარკობარონია, „კოკსი“ მათი „რევოლუციური დიქტატურის“ ნაწილია.

რადიო თავისუფლება: ახლახან აფრიკაში, კაბო-ვერდეში, რუსეთის გემზე 9,5 ტონა კოკაინი დააკავეს. მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულებისა. ესეც „კოლუმბიური ბარტერია“?

არტიომ კროგლოვი: ეს კინაჰანია. ნარკოკარტელია ევროპაში, შედარებით ახალი, 2000-იანების დასაწყისში გაჩნდა. კოლუმბიელების, გრუ-სა და ირლანდიური საძმოს ერთობლივი შვილი. მისი დამაარსებელია კრისტი კინაჰანი, არაერთხელ ნასამართლევი ირლანდიელი ბოროტმოქმედი. მას ეხმარება ვაჟი - დენ კინაჰანი. ორივე დიდხანს ცხოვრობდა მარბელაში, სამხრეთ ესპანეთში, უკანასკნელ წლებში შტაბ-ბინა გადაიტანეს დუბაიში, საამიროებში.

კრისტი კინაჰანი

რადიო თავისუფლება: როგორ მუშაობს ეს კარტელი?

არტიომ კროგლოვი: ნარკოტიკს ბითუმად იღებს მწარმოებლებისგან: კოკაინს - ლათინურ ამერიკაში, ჰაშიშს - მაროკოში. შეაქვს ევროპაში და დისტრიბუციას ახდენს. პარტიებს აძლევს მარსელის მაფიას, ნეაპოლის მაფიას, ადამსების ოჯახს (ლონდონელი ირლანდიელი ბანდიტები). გარდა ამისა, კინაჰანი მსხვილი მოთამაშეა იარაღის შავ ბაზარზე.

კარტელის საბრძოლო ძალაა ირლანდიელი განგსტერები. ბინა უდევთ დუბლინში და კოსტა-დელ-სოლში, სამხრეთ ესპანეთში.

კარტელის საბრძოლო ძალაა ირლანდიელი განგსტერები. ბინა უდევთ დუბლინში (ირლანდია) და კოსტა-დელ-სოლში, სამხრეთ ესპანეთში. იქ სწორედ მოპირდაპირე ნაპირზეა მაროკო, მსხვილი გამანაწილებელი პუნქტი. თავად კარტელის წინამძღოლები, მამა-შვილი კინაჰანები, დუბაიში ცხოვრობენ. მათი პირადი გვარდიაა გრუ-ს ვეტერანები, თავიანთ ირლანდიელებს ნაკლებად ენდობიან. როგორც დასავლეთის პრესაში წერენ, კრისტი კინაჰანმა რუსულიც კი შეისწავლა, რათა უკეთ ეურთიერთოს კოლეგებს.

რადიო თავისუფლება: კიდევ რა როლს თამაშობს გრუ გარდა კარტელის ბოსების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა?

არტიომ კრუგლოვი: იარაღის მიწოდება, მოგების გარეცხვაში დახმარება. აქ სწორედ მისწრებაა პოდოლსკ-იზმაილოვოს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება - რომელსაც პუტინის დროინდელი სპეცსამსახურები უწევენ შეფობას.

რადიო თავისუფლება: და გემი Eser-ი, რომელსაც მილიარდი დოლარის ღირებულების კოკაინი გადაჰქონდა, იქ რუსები საიდან გაჩნდნენ?

არტიომ კრუგლოვი: საერთოდ კინაჰანისთვის ნარკოტიკების საზღვაო გადაზიდვებით თურქები არიან დაკავებული, თურქი ბანდიტები. ეს ისტორიულად არის მათი სპეციალიზაცია. არა მგონია, რომ იქ რუსი მეზღვაურები კარტელიდან იყვნენ. რუსეთში ბევრია სავაჭრო ფლოტის მეზღვაური, სამსახური კი არა აქვთ. ჰოდა მიექირავნენ კონტეინერების გადამზიდს სამხრეთის ზღვებში.

გემი Eser-იდან ამოღებული კოკაინი.

რადიო თავისუფლება: უკანასკნელ ხანებში გრუ-ს ოპერაციებთან დაკავშირებით გამუდმებით ახსენებენ ევგენი პრიგოჟინს, „პუტინის მზარეულს“. როგორ დაუმეგობრდა პუტინი პრიგოჟინს და რატომ ფლობს ეს ადამიანი ასეთ არაბანალურ შესაძლებლობებს?

არტიომ კრუგლოვი: რუსულ ჟარგონში არის ასეთი ახალი ზმნა - фронтить. ანუ ფრონტმენად მუშაობა - თავის ისე მოჩვენება, თითქოს ბიზნესი შენია და ამით მისი რეალური პატრონების დაფარვა. აი, პრიგოჟინი პუტინის ფრონტმენია.

რომან ცეპოვი

პრიგოჟინმა - ბინების ქურდმა და ჰოპ-სტოპით მძარცველმა, ახალგაზრდობა ციხეში გაატარა. 90-იანებში შეუერთდა მიშა კუტაისკის (მიხეილ მირილაშვილი) ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას პეტერბურგში. იქ პასუხს აგებდა რაღაც მაღაზიებზე. მერე რამდენიმე რესტორანი გახსნა (მიშას ფულით). მერე მიშა „გადააგდო“. ეს მოხდა დახლოებით 2001 წელს. მიშა დაეტაკა, მაგრამ პრიგოჟინი რომა ცეპოვს შეეკრა - იყო ასეთი ავტორიტეტი, პუტინის და ზოლოტოვის ძველი მეგობარი.

რომას კარგად მისდიოდა საქმე 2000-იანების დასაწყისში. თუკი ადრე ქალაქის მასშტაბის ავტორიტეტი და გამრიგებელი იყო, ახლა პუტინთან ერთად სრულიად რუსეთის დონეზე გავიდა. ჩრდილო-დასავლეთში მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაყიდი ჰყავდა.

ასევე ნახეთ როგორ გამდიდრდა პუტინის მეგობარი პიოტრ კოლბინი

ცეპოვი პრაქტიკულად დაუფარავად ახდენდა მკვლელობების ორგანიზებას. მაგალითად, 2003 წელს მოკლეს რუსლან კოლიაკი (ტამბოვის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება). მისი მთელი ბიზნესი და აქტივები რომას ხელში გადავიდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ცეპოვმა ლამის ღია ტექსტით თქვა ბოროტმოქმედებასთან თავისი კავშირის შესახებ: კი, კოლიაკთან კონფლიქტი მქონდა, მისი მკვლელობის შესახებ კი პირველმა გავიგე, პრესაზე და მილიციის ცნობებზე უფრო ადრეო... სავსებით გამჭვირვალე მინიშნებაა.

მოკლედ, პრიგოჟინმა სწორად დადო ფსონი, როცა ცეპოვთან და ზოლოტოვთან წავიდა.

რადიო თავისუფლება: მაგრამ 2004 წელს თავად ცეპოვი მოკლეს?

მარინა სალიეს წყალობით ზუსტად ვიცით, რით იყო დაკავებული ვლადიმირ პუტინი სსრკ-ის დაშლის მომენტში.

არტიომ კრუგლოვი: პრიგოჟინი იმ დროისთვის უკვე მოხვედრილი იყო პუტინის წრეში. და, გარდა ამისა, მართალია, ცეპოვი მოწამლეს (სიმპტომების მიხედვით - პოლონიუმით), მაგრამ ზოლოტოვი დარჩა და კიდევ დიდხანს იყო პუტინის პირადი დაცვის უფროსი. მათ ხომ განუყოფელი ტანდემი ჰქონდათ: ცეპოვი - ზოლოტოვი. სხვათა შორის, იმ პერიოდში, როცა ცეპოვი აქტიურად იყო დაკავებული ბანდიტიზმით, 2002-2004 წლებში, მკვეთრად გაიზარდა ზოლოტოვის ქონება - გაჩნდა სასახლეები, მთელი ნათესაობა მულტიმილონერებად იქცა.

რადიო თავისუფლება: 2000 წლის მარტში, პუტინის არჩევის წინ, გამოვიდა მარინა სალიეს წიგნი: „პუტინი - კორუმპირებული ოლიგარქიის პრეზიდენტი“. მარინა სალიე, ლენსოვეტის ყოფილი დეპუტატი, რომელმაც გამოიძია პუტინის საქმიანობა სობჩაკთან მერიაში, გამოდიოდა მოწოდებით, არ დაეშვათ ის ხელისუფლებაში...

მარინა სალიე

რტიომ კრუგლოვი: ის მართალი იყო, მაგრამ გამოიძია 90-იანებში პუტინის საქმიანობის მხოლოდ ერთი ეპიზოდი - თაღლითობა „ნედლეულის გადაცვლა სურსათზე“. მისთვის არ იყო ცნობილი ის, რაც ჩვენთვისაა დღეს ცნობილი: საზღვაო პორტის პრივატიზაციის დეტალები, სადაც პუტინი ბანდიტებთან იყო წილში; ქალაქის ბენზინგასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების პრივატიზაცია, რომლებიც პუტინმა ტამბოვის ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას გადასცა.

არ იცოდა მან არც პორტის გავლით კოკაინის ტრანზიტზე, რაზეც სასამართლოზე იყო ლაპარაკი ლიტვინენკოს საქმესთან დაკავშირებით. არ იცოდა ფირმა SPAG-ის საქმე - რუსულ-გერმანული კომპანიისა, რომელიც კარტელ „კალის“ ფულის გარეცხვას ეწეოდა პეტერბურგში. ამასთან, SPAG-იც პუტინმა შექმნა ვლადიმირ სმირნოვთან, კოოპერატივ „ოზეროს“ პირველ თავმჯდომარესთან ერთად. მარინა სალიემ არ იცოდა არც „მე-20 ტრესტის საქმე“ – 1999 წლის სისხლის სამართლის საქმე საბიუჯეტო თანხების მრავალწლიანი დატაცებების შესახებ სობჩაკის მერიაში, სადაც პუტინი იყო ფიგურანტი.

სალიემ გამოიძია მხოლოდ ნედლეულთან დაკავშირებული ერთი პირველი თაღლითობა 1992 წლიდან. კაცმა რომ თქვას, მარინა სალიედან დაიწყო პუტინოლოგია - მკვლევართა მუშაობა ბატონი პუტინის რეალური (არა გამონაგონი პროპაგანდის) ბიოგრაფიის დასაწერად.

რადიო თავისუფლება: ამა წლის თებერვალში 27 წელი უსრულდება მარინა სალიეს ამ მოხსენებას თაღლითობის შესახებ სახელწოდებით „ნედლეულის გადაცვლა სურსათზე“.

არტიომ კრუგლოვი: პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მარინა სალიეს წყალობით ზუსტად ვიცით, რით იყო დაკავებული პუტინი იმ მომენტში, როცა დაიშალა სსრკ, რომელსაც იგი ახლა ასე მისტირის: „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ და ა.შ.

პუტინი ქუჩაში ჩამოყალიბდა პიროვნებად.

სსრკ-ის აგონიის მომენტში (1991 წლის დეკემბრის ბოლო პლუს 1992 წლის პირველი საახალწლო დღეები) პუტინი და მისი ამფსონები სობჩაკის მერიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან ნაჩქარევად გასცემდნენ ლიცენზიებს სახელმწიფო მარაგიდან ნედლეულის ექსპორტზე.

ლიცენზიები გაიცემოდა ყველა ყალბ ფირმაზე იმ საბაბით, რომ საჭიროა უცხოეთში ნედლეულის გაყიდვა და სურსათის ყიდვა მოშიმშილე ქალაქისთვის - 1991 წლის ბოლოს პიტერში პურზე ისეთი რიგები იყო, როგორც ბლოკადის დროს. ლიცენზიები გასცეს, ნედლეული გაზიდეს, ფული კი, როგორც ცნობილა, მოიპარეს. რის გამოც გაჩნდა ეს სახელწოდება: თაღლითობა „ნედლეულის გადაცვლა სურსათზე“.

რადიო თავისუფლება: თქვენს ერთ-ერთ სტატიაში პუტინის მოქმედებებს მაროდიორობა უწოდეთ.

არტიომ კრუგლოვი: აბა რა ჰქვიათ ადამიანებს, რომლებიც უხელისუფლებობის ან ომის დროს ძარცვავენ საწყობებს, მაღაზიებს საკუთარი ხალხისა, რომელიც სურსათისთვის რიგებში დგას? მაროდიორები. აი, პუტინი იყო მაროდიორი სსრკ-ის დაშლის მომენტში. საწყობებს ძარცვავდა.

ასევე ნახეთ პუტინის სრულწლოვანება +18

რადიო თავისუფლება: მერე როგორ განვითარდა მოვლენები?

არტიომ კრუგლოვი: უკვე 1992 წლის 10 იანვარს პეტროსოვეტის დეპუტატებმა განგაში ატეხეს, შექმნეს მარინა სალიეს კომისია ვლადიმირ ვლადიმირის ძის მჩქეფარე მოღვაწეობის გამოსაძიებლად. 1992 წლის 23 თებერვალს კომისიამ წარმოადგინა თავისი ანგარიში („სალიეს ანგარიში“), რომელშიც მოითხოვა პუტინის თანამდებობიდან გადაყენება ქურდობისთვის და საქმის პროკურატურაში გადაცემა. სალიეს ანგარიში პრესასაც გადაეცა, მარტში მასზე დაწერა „ნოვაია გაზეტამ“ და კიდევ რიგმა გამოცემებმა. დიდი სკანდალი წარმოიშვა.

მაგრამ სობჩაკმა გამოიყენა თავისი ყველა კავშირი კრემლში, ელცინთან, რათა საქმე შეეჩერებინათ. გარდა ამისა, სალიეს ანგარიშში ამოტივტივდა პუტინის მიმოწერა მოსკოვთან - გაიდართან, ავენთან (იმ დროს საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ამჟამად ალფა-ბანკის თანამფლობელი).

ამ მიმოწერიდან ჩანს, რომ პუტინის მოქმედებები მთლიანობაში სანქცირებული იყო მოსკოვის მიერ, ისინი ლიცენზიების თაობაზე საქმის კურსში იყვნენ. და თუ გავითვალისწინებთ, რომ საბოლოოდ 100 მილიონ დოლარზე მეტი მოიპარეს, ეჭვი შეიძლებოდა მიეტანათ ავენსა და გაიდარზეც. მოკლედ, სობჩაკმა და მოსკოვმა ამჯობინეს, საქმე ჩაეფარცხათ.

ფრაგმენტი „სალიეს ანგარიშიდან“ ვლადიმირ პუტინის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

რადიო თავისუფლება: დარჩა თუ არა თეთრი ლაქები თაღლითობის, „ნედლეულის გადაცვლა სურსათზე“, გამოძიებაში?

არტიომ კრუგლოვი: იქ დღემდე ბევრი რამეა ბუნდოვანი. მაგალითად, გაქრა 150 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები. პუტინმა მათი გატანის ლიცენზია გასცა ფირმა „ნევსკი დომს“, რომელიც შემდეგ გაუჩინარდა. დოკუმენტების მიხედვით, ნავთობპროდუქტები კიშირის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ინგლისში წავიდა. ჯამში 30 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულებისა.

მოდი, დეტალებს შევხედოთ. კიშირის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ექსპორტს 1992 წელს და მთელი 90-იანების განმავლობაში აკონტროლებდა ძალიან ვიწრო წრე ტიმჩენკოს მეთაურობით. მათ გარეშე იქიდან ვერაფერი გავიდოდა.

შემდეგ - ფირმა „ნევსკი დომი“. მათი მფლობელები ვერ იპოვეს. იყო ეჭვი, რომ ესაა სმირნოვი „ოზეროდან“, ტამბოვის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ფინანსისტი, მაგრამ ამ ვერსიამ ვერ პოვა საკმარისი დადასტურება.

გაქრა 150 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები. პუტინმა მათი გატანის ლიცენზია გასცა ფირმა „ნევსკი დომს“, რომელიც შემდეგ გაუჩინარდა.

სამაგიეროდ ადამიანი, რომელიც „ნევსკი დომის, სახელით აწერდა ხელს დოკუმენტებს და იქ დირექტორის მოადგილედ ითვლებოდა, გახლავთ სრულიად რეალური პერსონაჟი, ვიწრო წრეებში ცნობილი ვიტენბერგი ვლადიმირ მიხაილის ძე. საბჭოთა პერიოდში სისხლისსამართლებრივი სამძებროს ოფიცერი, რომელიც შემდეგ გადავიდა რუსლან კოლიაკის ბრიგადაში. კოლიაკი - ესაა ტამბოვის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება. ანუ ნავთობპროდუქტები გაჰქონდათ პუტინს, ტიმჩენკოსა და საძმოს.

რადიო თავისუფლება: და იმ ფირმის ამბავი როგორ იყო, რომელზეც პუტინი აფორმებდა ნავთობპროდუქტების ექსპორტის ლიცენზიას. თავიდან ხომ „ნევსკი დომის“ ნაცვლად ლიცენზიის გაცემა სხვა ფირმაზე იყო დაგეგმილი, მოსკოვურზე?

არტიომ კრუგლოვი: თავიდან მართლაც იგეგმებოდა, რომ 150 ათას ტონა ნავთობპროდუქტებს უცხოეთში მოსკოველები გაიტანდნენ. მაგრამ მერე ყველაფერი შეცვალეს პიესის მსვლელობისას და პუტინმა ლიცენზია პიტერის კანტორას მისცა.

რადიო თავისუფლება: ვინ იყვნენ ის „მოსკოველები“, რომლებზეც თქვენ საუბრობთ?

არტიომ კრუგლოვი: სოლნცევოდან. გრიგორი მიროშკინი, ავტორიტეტ მოგილევიჩის (მეტსახელად სევა) ამფსონი. მას ეწოდებოდა „ინტერკომცენტრ ფორმულა-7“. მაგრამ მერე გაურკვეველი მიზეზების გამო ყველაფერი „ნევსკი დომს“ გადასცეს.

ასევე ნახეთ რა უნდოდა ლი ჰარვი ოსვალდს საბჭოთა კავშირში?

რადიო თავისუფლება: ვინ არის საერთოდ სემიონ მოგილევიჩი? გამოძიების ფედერალური ბიურო მას რუსეთის მაფიის „ბოსების ბოსს“ უწოდებდა. როგორ გაჩნდა მისი ხალხი თაღლითობაში - „ნედლეულის გადაცვლა სურსათზე“? მოგილევიჩი რამენაირად არის პუტინთან დაკავშირებული?

არტიომ კრუგლოვი: სოლნცევოს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე საუბრისას ზოგს წარმოუდგენია, რომ ეს არის უბრალოდ დაკუნთული ტიპების ბანდა მოსკოვის ოლქის ქალაქის გარეუბნიდან, რომლებიც მოსკოვში ბეგარას კრებდნენ კომერსანტებისგან და დედაქალაქს შიშის ზარს სცემდნენ ველურ 90-იანებში.

სოლნცევოელების გზით ჩეკისტები და გენერლები იარაღს ყიდდნენ მთელ მსოფლიოში.

მაგრამ ზოგიერთმა იცის, რომ მთელი 90-იანების განმავლობაში სოლნცევოელებს ორი ტერიტორიული ბაზა ჰქონდათ - მოსკოვი და ბუდაპეშტი. უნგრეთში 1990 წელს მუშაობდა სოლნცევოს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების „საერთაშორისო ფილიალი“ ავტორიტეტ მოგილევიჩის ხელმძღვანელობით. და ამ საერთაშორისო ფილიალს მფარველობდნენ კაგებეს პირველი მთავარი სამმართველო და შემდეგ საგარეო დაზვერვის სამსახური.

სემიონ მოგილევიჩი - FBI-ის საიტი.

რადიო თავისუფლება: საგარეო დაზვერვის სამსახური - ეს კაგებეს პირველი მთავარი სამმართველოს მემკვიდრეა სსრკ-ის დაშლის შემდეგ...

არტიომ კრუგლოვი: დიახ. და მათი მფარველობის ქვეშ მყოფი ბანდიტებიც მემკვიდრეობით მიიღეს. ბუდაპეშტში, „ფილიალში“, აქტიურად მიდიოდა ვაჭრობა იარაღით, რომლის მთები იდგა სსრკ-ის დაშლის შემდეგ. სოლნცევოელების გზით ჩეკისტები და გენერლები მას მთელ მსოფლიოში ყიდდნენ.

FBI-ის მოხსენებაში „სემიონ მოგილევიჩის ორგანიზაცია“ 1996 წელს სოლნცევოს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ბუდაპეშტის „ფილიალი“ მოხსენიებული იყო, როგორც იმ დროს აღმოსავლეთ ევროპაში იარაღით ვაჭრობის უმსხვილესი ასპარეზი. შემდგომში მოგილევიჩს FBI-ის მხრიდან მართლაც მიენიჭა რუსული მაფიის „ბოსების ბოსის“ წოდება. FBI-ის მიერ ძებნილთა ათეულში შედიოდა. მაგრამ სევა - სწორედ სოლნცევოს მაფიის ბოსია, მისი ერთ-ერთი დამაარსებელია.

[პატრიარქი კირილე] მთელი ცხოვრება პირველ მთავარ სამმართველოზე მუშაობდა. „აგენტი მიხაილოვი“.

გარდა ამისა, სევას მიერ უნგრეთში შექმნილი „ფილიალის“ გზით 90-იან წლებში ევროპიდან შემხვედრი კონტრაბანდა მიდიოდა რუსეთის ფედერაციაში: არაყი „რასპუტინი“, სპირტი „როიალი“, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შეღავათიანი სიგარეტი. შეღავათების მოპოვებას ახერხებდა კირილე, მომავალი პატრიარქი, მაშინ - ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი. საეკლესიო შეღავათებით მთელს იმპორტს აწარმოებდა ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილებასთან არსებული ფირმა „ნიკა“, რომელიც მთლიანად სოლნცევოს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ კონტროლდებოდა.

რადიო თავისუფლება: პატრიარქი კირილე სოლნცევოელებთან ბიზნესს აწარმოებდა?

არტიომ კრუგლოვი: ის ხომ მთელი ცხოვრება პირველ მთავარ სამმართველოზე მუშაობდა. „აგენტი მიხაილოვი“.

რადიო თავისუფლება: რამდენ ხანს იარსება ბუდაპეშტში სოლნცევოს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ფილიალმა?

არტიომ კრუგლოვი: დაახლოებით 1990-დან 1999 წლამდე. 1999 წელს FBI-ის ზეწოლის შედეგად მოგილევიჩი იძულებული გახდა, დაეხურა კანტორა და რუსეთში დაბრუნებულიყო.

რადიო თავისუფლება: პუტინი პირადად იცნობს მოგილევიჩს?

არტიომ კრუგლოვი: ლიტვინენკო ამტკიცებდა, რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ 1993 წლიდან, როცა სევა ვიზიტით ჩავიდა პიტერში. ანუ თაღლითობის, „ნედლეულის გადაცვლა სურსათზე“, მომენტისთვის ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ალბათ პუტინს უბრალოდ ურჩიეს მოგილევიჩთან თანამშრომლობა მისმა უფროსმა კოლეგებმა კაგებეს პირველი მთავარი სამმართველოდან მაგრამ მიროშნიკის ფირმასთან რაღაც პრობლემები გაჩნდა და ოპერაცია პეტერბურგელ ჩეკისტებს მიანდეს.

რადიო თავისუფლება: რას იტყვით პუტინისა და მოგილევიჩის ნაცნობობის შესახებ „მელნიჩენკოს ფირებზე“?

2000 წელს დასავლეთში გაიქცა ოფიცერი უკრაინის პრეზიდენტ კუჩმას პირადი დაცვიდან. და გაიტანა ფირები ჩანაწერებით.

არტიომ კრუგლოვი: 2000 წელს დასავლეთში გაიქცა ოფიცერი უკრაინის პრეზიდენტ კუჩმას პირადი დაცვიდან. და გაიტანა ფირები ჩანაწერებით, რომლებსაც ის მის კაბინეტში საიდუმლოდ დაყენებული ჩამწერით აკეთებდა. იქ მთავარი სკანდალი ის იყო, რომ ჩანაწერებში კუჩმამ ფაქტობრივად შეუკვეთა ჟურნალისტ ღონღაძის მკვლელობა, რომელიც მისთვის არასასურველი პირი იყო. ყველამ ამას მიაქცია ყურადღება. მაგრამ მერე მის კაბინეტში მთელი ეს მრავალსაათიანი ჩანაწერები სრულად გაშიფრეს და კიდევ ბევრი საინტერესო რამ აღმოჩნდა. იქ არის რამდენიმე ეპიზოდი, 2000 წლის თებერვლიდან, როცა კუჩმა და ადგილობრივი ძალოვნები (უკრაინის უშიშროების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი დერკაჩი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის უფროსი სმეშკო) მოგილევიჩთან რაღაც საქმეებზე მსჯელობენ. არის საუბარი, რომელიც უკვე არაერთხელ გამოქვეყნდა მედიაში, სადაც უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი დერკაჩი ეუბნება კუჩმას, რომ ვოვა პუტინიც იცნობს სევას, მათ „ჯერ კიდევ ლენინგრადიდან აქვთ კარგი პირადი ურთიერთობები“. და რომ პუტინმა შეიკედლა უნგრეთიდან წამოსული მოგილევიჩი. რომ პუტინის დროს სევა მოსკოვში გადავიდა, სნეგირიში ვილა იყიდა და ძალიან კმაყოფილია ცხოვრებით. ამის მერე მალე არის კიდევ ერთი საუბარი კუჩმასა და სმეშკოს შორის, რომელშიც სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი სმეშკო ჩივის, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური თავით ფეხებამდე ნაყიდი აქვს სევას და რომ თვითონ მოგილევიჩი „კაგებეს პირველი მთავარი სამმართველოს ნომენკლატურაა“. მოკლედ, ასეთი გულახდილი საუბრები ჰქონდათ კუჩმას კაბინეტში.

რადიო თავისუფლება: 1996 წელს სობჩაკმა წააგო მერის არჩევნები და პუტინმაც დაკარგა მერიაში თავისი თანამდებობა. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ ამის შემდეგ პუტინი საარსებო საშუალების გარეშე დარჩა და ტაქსისტადაც კი აპირებდა მუშაობას. რა მოხდა სინამდვილეში?

არტიომ კრუგლოვი: კი, არის ასეთი ლეგენდა. რომ ის ჩამოაშორეს შემოსავლის წყაროს, დეპრესიაში ჩავარდა, იჯდა მიშა კუტაისკის აგარაკზე და ტაქსისტობისთვის ემზადებოდა. მართალი გითხრათ, დიდად არ მჯერა ამის. პუტინი სობჩაკის მერიაში 5 წელი მუშაობდა (1991–96 წწ.). 5 წელი თაღლითობები და კორუფციული სქემები: ხან ნედლეული, ხან კაზინო, ხან SPAG-ი, ხან პორტისა და ნავთობბაზის დანაწილება. და არსად არ ავიწყდებოდა საკუთარი თავი. არა მგონია, რომ 1996 წელს „საარსებო საშუალების გარეშე“ დარჩა. სამსახურიც სწრაფად იშოვა, რამდენიმე თვეში მოსკოვში დაუძახეს, ელცინის ადმინისტრაციაში, მაღალ თანამდებობაზე. რა დარდი, რის დარდი?

რადიო თავისუფლება: პუტინოლოგები ზოგჯერ უცნაურ სიუჟეტებს ჰყვებიან. თქვენი სტატიის წყალობით მე გაკვირვებულმა შევიტყვე, რომ პუტინის მამამ დედამისს ფიწლით გამოსთხარა თვალი. როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი რამე?

პუტინის მამამ დედამისს ფიწლით გამოსთხარა თვალი.

არტიომ კრუგლოვი: პუტინის მამა გამოირჩეოდა, როგორც ახლა იტყვიან, დევიაციური ქცევით. აგრესიულობის შეტევებით შესაძლო შედეგების გაუთვალისწინებლად. ერთხელ მივიდა გოგოსთან, რომელიც მოეწონა, სახლში არავინ იყო, მაგრამ იმან რატომღაც ეზოში არ შეუშვა. მაშინ ამან ფიწალს სტაცა ხელი და ჭიშკრის შემტვრევა დაიწყო. და ისე მოხდა, რომ რაღაც მომენტში ფიწლით ღობე გაამტვრია და გოგოს თვალებში მოარტყა. მოკლედ, კინაღამ მოკლა. გოგო საავადმყოფოში წაიყვანეს, შუშის თვალი ჩაუსვეს, ნათესაობამ კი პირობა წაუყენა: ახლა კი, ძვირფასო, ცოლად მოიყვანე, თორემ მილიციაში განცხადებას შევიტანთ და ციხეში მოხვდები სხეულის მძიმე დაზიანებისთვისო. ასე დაქორწინდა პუტინის მამა დედამისზე. ერთი გაუფრთხილებელი დარტყმა ფიწლით. სინამდვილეში ეს ამბავი დიდი ხანია ცნობილია, მას პუტინის თანასოფლელები უკვე 15 წელია ჰყვებიან.

რადიო თავისუფლება: საერთოდ რის თქმა შეიძლება პუტინის მშობლებზე და მისი ცხოვრების ადრეულ პერიოდზე? როგორი გავლენა მოახდინა ამან რუსეთის ფედერაციის შემდეგ პრეზიდენტზე?

არტიომ კრუგლოვი: მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი არაფერი. საერთოდ, საეჭვოა, რომ მშობლებს მასზე რაიმენაირად მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ან კულტურული გავლენა მოეხდინათ, მათ უბრალოდ ამ თვალსაზრისით არაფრის მიცემა არ შეეძლოთ. როგორც ჩანს, როცა ამბობს „ლენინგრადის ქუჩამ მასწავლა“ - ეს არაა სამეტყველო ფიგურა. სწორედ იქ ჩამოყალიბდა, როგორც პიროვნება. ქუჩაში.

და ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი, რომელიც მან მიიღო, ასევე ფიქციაა, ვინაიდან იქ მიიღეს სპორტული კვოტით, თავისი მწვრთნელის პროტექციით, რომელიც შეთავსებით კრიმინალური ავტორიტეტი იყო, მაგრამ დიდი კავშირებით (ლეონიდ უსვიაცოვი, მეტსახელად ლიონია-სპორტსმენი).

მერე იყო კაგებე. როგორც ბერეზოვსკიმ თქვა, ადგილი, სადაც ასწავლიდნენ ბოროტმოქმედებების ჩადენას, მაგრამ უხსნიდნენ, რომ ეს არ არის ბოროტმოქმედებები.

როგორც ბერეზოვსკიმ თქვა, [კაგებე არის] ადგილი, სადაც ასწავლიდნენ ბოროტმოქმედებების ჩადენას, მაგრამ უხსნიდნენ, რომ ეს არ არის ბოროტმოქმედებები.

აქ მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო დრეზდენზე. იქ, სხვათა შორის, ასრულებდა პირველი მთავარი სამმართველოს „C“ უწყების (არალეგალური დაზვერვა) დავალებებს. კერძოდ, იყო მეკავშირე კაგებესა და RAF-ის („წითელი არმიის ფრაქცია“) ტერორისტებს შორის, რომლებიც გდრ-ში გადიოდნენ მომზადებას და მერე ტერაქტებს ახორციელებდნენ დასავლეთ გერმანიაში. ამან დამატებით განუვითარა ცინიზმი და ამორალური „მგლური“ ფსიქოლოგია, რომელიც ადრე ქუჩაში შეითვისა. რუსეთის პრეზიდენტი გახდა ადამიანი, რომელიც აღიზარდა პრიმიტიული ქუჩური ცნობიერებით, პლუს სამსახურებრივი ბიოგრაფიით - ტერორისტების პროფესიონალი ხელშემწყობი.

რადიო თავისუფლება: თქვენ ერთ-ერთ თქვენს სტატიაში აღწერეთ, რომ გდრ-ში პუტინი მეკავშირე იყო დიტმარ კლოდოსთან, საერთაშორისო ტერორისტთან და კარლოსის („ტურა“) თანამებრძოლთან. კლოდომ თვითონ თქვა ეს?

არტიომ კრუგლოვი: დიახ, კლოდო დღეს გერმანიაში ცხოვრობს, პენსიაზეა. პატიმრობა მოიხადა, დიდხანს დუმდა, მაგრამ 2013 წელს პუტინთან თავისი ნაცნობობის ზოგიერთ დეტალზე ილაპარაკა.

რადიო თავისუფლება: კლოდოც იყო სოლნცევოს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ბუდაპეშტის „ფილიალის“ წევრი 1990-იანებში. ასე როგორ შეტრიალდა მისი ბედი? მემარცხენე ტერორისტიდან მაფიისკენ?

არტიომ კრუგლოვი: აი, ასე. 1980-იანებში კომუნიზმისთვის იბრძოდა, ევროპაში ბურჟუებს აფეთქებდა და კლავდა, 90-იანებში კი - რუსულ მაფიაში წავიდა მოგილევიჩთან. აი, ასეთი ბიოგრაფია აქვს. მაგრამ ვინაიდან RAF-სა და მოგილევიჩის ბანდებს ერთი ფესვი აქვთ - კაგებეს პირველი მთავარი სამმართველო (ისევე, როგორც პუტინს), მაშინ ალბათ არ არის გასაკვირი.

რადიო თავისუფლება: ისტორიკოსმა ალექსანდრ იანოვმა, რომლის პროგნოზები ხშირად მართლდება ხოლმე, დაწერა სტატია დეპუტინიზაციის გარდაუვალობის შესახებ. მაგრამ ეს შორეული პერსპექტივაა. თქვენი აზრით, რა ელის ქვეყანას ახლა?

ყვავიან ჩეკისტები, სისხლის სამართლის დამნაშავეები, კორუმპირებული ოლიგარქია.

არტიომ კრუგლოვი: ვფიქრობ, არაფერი კარგი. მთლიანი შიდა პროდუქტის ათწლიანი სტაგნაცია (2008 წლის შემდეგ ეკონომიკა არ იზრდება), მიზერული ხელფასები, როგორც მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, სოციალური ლიფტები არ არსებობს, სიკვდილიანობა შობადობაზე მაღალია. საავადმყოფოების რიცხვი ორჯერ შემცირდა - 1932 წლის დონემდე. ცენტრალური აზიის ან დიუვალიეს პერიოდის ჰაიტის ტიპის უბადრუკი პოლიტიკური სისტემა. სამაგიეროდ ყვავიან ჩეკისტები, ბოროტმოქმედები, კორუმპირებული ოლიგარქია. და პლუს „ზომბოყუთი-დებილიზატორი“ დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში. ვერ არის მთლად სასიამოვნო სურათი.