11-13 მარტს დაგეგმილი ლონდონის წიგნის ბაზრობა წელს თანამედროვე ქართველი ავტორების გარეშე ჩაივლის. არცერთი ცნობილი თანამედროვე ქართველი მწერალი ლონდონს არ სტუმრობს. ბაზრობის პარალელურად დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები ბრიტანეთში მცხოვრები ქართველების პროტესტის ფონზე დაიწყო. ხოლო ცნობილმა ბრიტანელმა ქართველოლოგმა საქართველოს მწერალთა სახლის ჯილდოს მიღებაზე უარი თქვა.
ამ სტატიაში მოგიყვებით:
- რა პროგრამით მონაწილეობს საქართველო (მწერალთა სახლი და კულტურის სამინისტრო) ერთ-ერთ ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე.
- რატომ თქვა უარი ცნობილმა ბრიტანელმა მეცნიერმა და მთარგმნელმა დონალდ რეიფილდმა მწერალთა სახლის ჯილდოს მიღებაზე - მან რადიო თავისუფლების კითხვებს უპასუხა.
- როგორ ჩაიარა ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს და კულტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილმა ღონისძიებამ საპროტესტო აქციის ფონზე.
დავინტერესდით, მონაწილეობს თუ არა რომელიმე თანამედროვე ქართველი ავტორი/ავტორები 2025 წელს საქართველოდან ლონდონის წიგნის ბაზრობაზე (ეს ბაზრობა არის ადგილი, სადაც იყიდება საავტორო უფლებები, მასში მონაწილეობენ მწერლები, იმართება მათთან შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები და ა.შ).
2024 წელს საქართველოს ეროვნული სტენდი საერთოდ არ ჰქონია, ერთი წლით ადრე კი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოდან ივა ფეზუაშვილი იყო ჩასული.
მწერალთა სახლს ჩვენი კითხვის პასუხად კონკრეტული ავტორები არ დაუსახელებია. მხოლოდ ის გვიპასუხეს, რომ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ინფორმაციით, რაც მათ საჯაროდ გამოაქვეყნეს.
მათი ფეისბუკის გვერდზე გაზიარებულ ფოტორეპორტაჟში ლონდონის წიგნის ბაზრობიდან, ქართველ მწერლებს ვერ მივაგენით (ამ პოსტს, ისევე როგორც არაერთ სხვა პოსტს მწერალთა სახლის სოცქსელებში, კომენტარების ველი გათიშული აქვს).
ამავე გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კი წერია, რომ ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდზე, ათამდე ქართული გამომცემლობის 200-მდე წიგნი იქნება გამოფენილი.
ცნობილია ქართული სტენდის სლოგანი: „აღმოაჩინე ქართული საიდუმლო − რამეთუ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს“, რომელიც იოანე-ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს შთაგონებით შეიქმნა.
ასევე ნახეთ იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა„წარმოდგენილი იქნება X საუკუნის ხელნაწერის კოპიო“, - წერს მწერალთა სახლი.
მათივე ინფორმაციით, მწერალთა სახლთან თანამშრომლობის სურვილი 20-ზე მეტმა უცხოელმა გამომცემელმა გამოთქვა, თუმცა არ ვიცით, რომლებმა.
წერია, რომ მომზადდა სპეციალური ბუკლეტი და ინგლისურ ენაზე ითარგმნა 50-მდე ავტორის ნაწარმოებთა სინოფსისი. არ ვიცით, ვინ არის ეს 50-მდე ავტორი.
აი, მაგალითად, ერთ-ერთი ფოტო ეროვნული სტენდიდან, რომელსაც მწერალთა სახლი ავრცელებს.
ერთ-ერთი თარო ეროვნული სტენდიდან
ლონდონის წიგნის ბაზრობის ღონისძიებებს რაც შეეხება, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილია:
• იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი ტექსტის წარდგენა.
• დისკუსია დავით მაზიაშვილის წიგნზე „სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა“ − მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიის თანხლებით.
• Royal Asiatic Society-ში (სამეფო აზიური საზოგადოება) ოლივერ და მარჯორი უორდროპების შესახებ თამარ მახარაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
• კარლო კაჭარავას ლექსებისა და პროზაული ჩანაწერების მისივე ილუსტრაციებით გაფორმებული ინგლისურენოვანი კრებულის „ავტობიოგრაფიის მითი“ წარდგენა.
• ბრიტანული ორგანიზაცია „პოეზიის თარგმნის ცენტრის“ ჯილდოს გადაცემა პოეტ ლია სტურუასთვის.
• სპეციალურად ლონდონის წიგნის ფესტივალისთვის გამოცემული, მამია მალაზონიას ილუსტრაციებით გაფორმებული „ვეფხისტყაოსნის“, ქართული ხალხური ზღაპრების და სხვა წიგნების წარდგენა.
• მანანა მენაბდის წიგნის პრეზენტაცია.
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პროგრამას ასევე წარმოადგენს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია თავისი სამი წიგნით. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერს.
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, სამ დღეში, საქართველოს ბიუჯეტიდან დაიხარჯება 226 000 ლარზე მეტი.
ამაზე, უფრო დეტალურად, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჰყვება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო პროექტების ყოფილი მენეჯერი, ამჟამად კი პარტია “ახალის” კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი, ნინო გოგინაშვილი:
11 მარტს, წიგნის ბაზრობის პარალელურად, ლონდონში, Royal Asiatic Society-ში (სამეფო აზიური საზოგადოება) დაგეგმილი იყო მწერალთა სახლის ინიციატივით დაწესებული „მადლიერების ჯილდოს“ გადაცემა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის, ქართველოლოგის, დონალდ რეიფილდისათვის, რომელმაც ამ ჯილდოს მიღებაზე მოულოდნელად უარი განაცხადა.
20-წუთიანი სიტყვის ბოლოს მან ეს უარი ასე ახსნა:
„უაღრესად დამწუხრებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება და ვერ მივიღებ ვერანაირ საჩუქარს, რომელიც რამენაირად ასოცირდება მმართველ პარტიასთან, რომელიც ამყოფებს საქართველოს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის ახლა არის“.
დონალდ რეიფილდმა ისიც შენიშნა, რომ „ერთადერთი იმედი ისაა, რომ მომავალ თაობას შეუძლია რამის შეცვლა“, თუმცა დასძინა, რომ არ იცის, როგორ.
პროფესორ დონალდ რეიფილდს ჩვენც ვკითხეთ, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რა უძღოდა წინ ჯილდოზე უარს, რაზეც მან გვიპასუხა, რომ თავიდან, სანამ ამ ჯილდოს წარმომავლობაზე მეტს შეიტყობდა და გაიგებდა, ვისგან უნდა მიეღო ეს ჯილდო, ის მოხარულიც კი იყო. მაგრამ შემდეგ:
„აღმოვაჩინე, რომ ეს ჯილდო ჩემთვის უნდა გადმოეცა ქეთევან დუმბაძეს, „ქართული ოცნების“ წევს, ყოფილ პარლამენტარს (რომელმაც ხმა მისცა „რუსულ კანონს“ და მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ყველა რეპრესიას), თეა წულუკიანის თანხმობით, რომელმაც, თავის მხრივ, როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, შემდეგ კი კულტურის მინისტრმა, საქართველოს სასამართლოები პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად აქცია, ხოლო ბიბლიოთეკების, მუზეუმების, გალერეების, არქივებისა და სხვა შემოქმედებითი დაწესებულებების პატივცემული ექსპერტები ჩაანაცვლა არაკომპეტენტური და ძალიან არაპოპულარული პოლიტიკური ფიგურებით და მათი ახლობლებით... ამის მერე, უკვე ვიცოდი, რომ ამ ჯილდოზე უარი უნდა მეთქვა“.
ბრიტანელი პროფესორი, ქართველოლოგი დონალდ რეიფილდი
„არ მიყვარს საჯაროდ უმადურობის გამოხატვა, მაგრამ ბევრად უარესად ვიგრძნობდი თავს, ეს ჯილდო რომ ჩუმად მიმეღო და ამით „ქართული ოცნების“ (ან ქართული ცუდი სიზმრის) მაქინაციების თანამონაწილე გამოვჩენილიყავი“, - გვიპასუხა დონალდ რეიფილდმა.
დონალდ რეიფილდი არის ბრიტანელი ქართველოლოგი. ლონდონის უნივერსიტეტის (დედოფალ მერის და უესტფილდის კოლეჯი) პროფესორი. ძირითად სპეციალობასთან ერთად (რუსული და ქართული ლიტერატურა) მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ენათმეცნიერებაშიც. მთავარი რედაქტორია ორტომიანი ქართულ-ინგლისური ლექსიკონისა (2006). თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს ვაჟა-ფშაველას სამი პოემა ("ალუდა ქეთელაური", სტუმარ-მასპინძელი", "გველის მჭამელი"), ილია ჭავჭავაძის "მეფე დიმიტრი თავდადებული", გალაკტიონ ტაბიძის რჩეული ლექსები, ტიციან ტაბიძის ზოგიერთი ლექსი და ხალხური პოეზიის ნიმუშები ("ლექსი ვეფხისა და მოყმისა"). თარგმნა აგრეთვე აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავალი" და სხვა.
Royal Asiatic Society-ში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელდა ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ჯგუფშიც და ღონისძიების წინა საღამოს, ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ლიკა თარხან-მოურავმა მისწერა წერილი როგორც დონალდ რეიფილდს, ისე ამ საზოგადოების დირექტორს, ალისონ ოტას (რომელსაც ასევე აჯილდოებდნენ).
„ვწერდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ ჯილდოს იმსახურებდნენ, მათ უნდა სცოდნოდათ ვისგან გადაეცემოდათ ეს ჯილდო და შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ლინკებიც გავუგზავნე. დონალდ რეიფილდმა იმ საღამოსვე მიპასუხა - მწერდა, რომ ის ისედაც აპირებდა ამ ჯილდოზე უარის თქმას, რადგან იცოდა, რაც ხდება საქართველოში. გვიპასუხა საზოგადოების დირექტორმაც, რომელიც წერდა, რომ ემიჯნება ყველანაირ რეპრესიას. ასევე მოგვწერეს, რომ ჩვენც შეგვეძლო იმ ღონისძიებაზე მისვლა“.
ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები ადგილზე მივიდნენ, თუმცა ღონისძიებას არ დასწრებიან. ისინი საპროტესტო აქციით, ხელში პროევროპულ აქციებზე ნაცემი დემონსტრანტების პლაკატებით ელოდნენ შენობის გარეთ საელჩოს წარმომადგენლებსა და კულტურის სამინისტროს დელეგაციის წევრებს.
ლონდონში მცხოვრები ქართველის, დავით ჯინჭარაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში სწორედ ამ აქციის კადრებია აღბეჭდილი.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე არ მისულა, თუმცა ლონდონის წიგნის ბაზრობას ესწრება გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა ჯობავა, რომელიც იხსენებს, რომ სხვა ქართველ კოლეგებთან ერთად, 2013 წლიდან ისიც იყო ჩართული ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის და წარდგენის პროცესში.
გვანცა ამბობს, რომ ყოველ წელს, საქართველოს მონაწილეობა იყო სულ უფრო წარმატებული და იმედისმომცემიც, რომ ინგლისურენოვანი წიგნის ბაზარი გაიხსნებოდა ქართული ლიტერატურისთვის. თუმცა დღეს წინსვლის ეს ტენდენცია შეცვლილია.
გვანცა ჯობავა ლონდონის წიგნის ბაზრობაზე.
“მაშინ, ჩვენი სექტორის თანამშრომლების თავისუფლება არ იდგა ასე მკაფიო საფრთხის ქვეშ. ისევე როგორც არ იდგა ასე მასშტაბურად ქართველი ხალხის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხი. ჩვენ კი მიგვაჩნდა, რომ, დიახ, სახელმწიფოს უნდა ეზრუნა ლიტერატურის, კულტურის პოპულარიზაციაზე...
დღეს ვხედავთ, რომ მწერალთა სახლს, უბრალოდ არ გააჩნია კომპეტენცია ღირსეულად წარადგინოს ჩვენი ქვეყანა და ჰქონდეს ისეთი ეროვნული სტენდი, რომელიც ქართულ ლიტერატურას ეკადრება. ჩვენი წლევანდელი ეროვნულ სტენდი ძალიან დიდი ნაბიჯია უკან, წარსულში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამასვე აკეთებს “ქართული ოცნება” მთელი ქვეყნისთვის. დღეს ლონდონში გახსნილი ეროვნული სტენდი არის სტენდი ქართველი მწერლების გარეშე”, - გვითხრა გვანცა ჯობავამ.
მისივე სიტყვებით, მწერალთა სახლი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე დღეს მხოლოდ კლასიკოსი ქართველი მწერლების თარგმანებს წარადგენს და ამის მიზეზი არის ის, რომ მათ არა აქვთ თანამშრომლობა თანამედროვე ქართველ მწერლებთან, რომელთა დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
ლონდონის წიგნის ბაზრობა,რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ, წიგნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბაზრობაა, 1971 წლიდან, ყოველწლიურად იმართება.
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2015 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს და მას ყოველ წელს, მწერალთა სახლის პროგრამით 2-3 ცოცხალი ქართველი ავტორი სტუმრობდა ხოლმე.
სხვადასხვა წლებში ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროგრამის მონაწილეები იყვნენ ქართველი ავტორები ზურაბ ქარუმიძე, აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, ივა ფეზუაშვილი.