ლომისობა ეკლესიაში მიუსვლელად

სოფელი კირბალი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში ადგილობრივმა მოსახლეობამ სალოცავში მისვლა ვერ მოახერხა. ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიში სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაზეა აშენებული.

კირბალელები, მეჯვრისხეველები, ზერტელები და ბერშუეთელები იქ ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ, მაგრამ წელს ეს ვეღარ შეძლეს. 30 მაისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ცხელი ხაზის მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს, საზღვრის დარღვევის ბრალდებით, დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ. პოლიციამ ეკლესიისკენ მიმავალი გზა დილიდანვე გადაკეტა და იქ წასული მოსახლეობა, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უკან გააბრუნა. ადგილობრივ მცხოვრებ ამირან პაპიტაშვილს სალოცავში წასვლა უნდოდა, მაგრამ პოლიციელების გაფრთხილებას დაემორჩილა.

კირბალელები აცხადებენ, რომ სალოცავში მალულად მისვლას მაინც ახერხებენ ხოლმე.გუშინ მოსახლეობის მცირე ნაწილი მაინც ავიდა სალოცავად, მაგრამ დღეს დილით უკვე გაფრთხილება მიიღეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კირბალი საოკუპაციო გამყოფ ხაზს ესაზღვრება. სოფლის ეკლესია, მიმდებარე ტყე და საძოვრები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ არის ოკუპირებული და ყველაზე ხშირად სწორედ კირბალის მცხოვრებლებს აკავებენ, თუმცა ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი მათი თანასოფლელების მიერ არის აღდგენილი და იქ წლების განმავლობაში უპრობლემოდ დადიოდნენ.

წელს ეს მეორე შემთხვევაა, როცა საქართველოს მოქალაქეებს სალოცავებში მისვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. 6 მაისს გორი-ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) აძვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აპირებდა მისვლას, მაგრამ მაშინაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეების დაკავებით იმუქრებოდნენ.