კაფე თანამშრომლების რაოდენობას გაანახევრებს, მათ უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ და, როგორც ანა გოგუაძე, კაფე „მზიურის“ დამფუძნებელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეცდებიან, რომ შემდეგი ორი თვე როგორმე გადარჩნენ.
მისი იმედი - ერთგული მომხმარებელია. კიდევ ის, რომ ცოტა ხნის წინ ამუშავებული კამპანია „გაიყოლე“ იმუშავებს. მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდი და სურვილია.
„რადგან პარკში ადამიანები მაინც სეირნობენ, იმედი გვაქვს, იქნებ მაინც მოვიდნენ და თან გაიყოლონ საყვარელი კერძები, ან ცხელი შოკოლადი, ან გლინტვეინი. მაინც ვაპირებთ, გავრისკოთ და გატანის სერვისზეც ვიმუშაოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიებსაც მომსახურების ძალიან მაღალი, 30% მიაქვთ. მაინც უნდა გავრისკოთ“, - გვეუბნება ანა.
გაზაფხულზე გამოცხადებული შეზღუდვების დროს კაფე დაკეტილი იყო, მაგრამ ზაფხულმა სირთულეები გადაატანინათ - ვალები გადაიხადეს. დღეს, ცხადია, მოგებაზე, არავინ ფიქრობს, მხოლოდ გადარჩენაზეა ლაპარაკი. ანა გოგუაძე ფიქრობს, რომ რადგან მზიურის კაფემ ამდენს გაუძლო (ვაკის რეაბილიტაცია, მზიურის რეაბილიტაცია, პანდემიის პირველი ტალღა), იქნებ ახლაც გაძლოს.
თუმცა ასე იმედიანად ყველა კაფე და რესტორანი არ არის. ზოგიერთი მათგანი ხელახალი შეზღუდვების გამოცხადებამდეც დაიხურა.
Your browser doesn’t support HTML5
დიდ ზარალზე ლაპარაკობენ სასტუმროების, სპორტდარბაზების, სხვა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები, გარემოვაჭრეები, მძღოლები და, ზოგადად, ის ხალხი, ვისაც შეზღუდვების ახალი ტალღა პირველ რიგში შეეხება.
„წერტილოვანი შეზღუდვები“ თუ სრული „ლოკდაუნი“?
26 ნოემბერს შემდგომი ორი თვის გეგმა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააცნო და განაცხადა, რომ ქვეყანაში არის რთული, მაგრამ არა უმართავი ვითარება.
ასევე ნახეთ ახალი შეზღუდვები ცნობილია: იხურება ობიექტები, ჩერდება საზ. ტრანსპორტი28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს მთავრობა სრულ ლოკდაუნს არ უწოდებს და ამბობს, რომ ეს წერტილოვანი შეზღუდვებია, რომელიც შეეხო ტრანსპორტით გადაადგილებას, სასტუმროებს და ზამთრის კურორტებს, დიდ სავაჭრო ცენტრებს, საცურაო აუზებს, სპორტდარბაზებს და სხვა.
„რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ, მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არშემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი“, - განაცხადა 26 ნოემბერს გიორგი გახარიამ.
„სიბნელეში ხელის ცეცება“
ის, ვინც მთავრობის პოლიტიკას ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით პანდემიის დასაწყისიდანვე არათანმიმდევრულად მიიჩნევდა, დღესაც ფიქრობს, რომ ხელისუფლება შეცდომებს აგრძელებს.
ამ მხრივ, უცვლელია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ჯანდაცვის სისტემების სპეციალისტის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეხედულება იმის თაობაზე, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულიდან, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო ის, რომ ქვეყანა არ დამდგარიყო არჩევნის წინაშე - ცუდსა და უარესს შორის. არ მომხდარიყო ის, რაც დღეს ხდება - ერთმანეთთან კონფლიქტში შესულიყო ეკონომიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ნებისმიერ „ლოკდაუნს“ აზრი აქვს მაშინ, როცა მას იყენებ სისტემის გადასალაგებლად, ჰოსპიტალურ სექტორზე წნეხის მოსახსნელად, რაც, მისი შეფასებით, საქართველოში არც მომხდარა და ვერც მოხდება.
„მე ვერ ვხედავ, რომ მთავრობა ამბობდეს - ჰოსპიტალურ სექტორს ისე დავალაგებთ, რომ შვებას მივცემთ მედპერსონალს და საზოგადოებასო. დღეს, ფაქტობრივად, ირიბად გამოგვიცხადეს, რომ ვაქცინამდე ასე ვიქნებით“.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაზაფხულიდან დღემდე პრობლემის მოგვარების სერიოზული მცდელობა ვერ დაინახა - ხოლო ის, რაც ზედაპირზე ჩანს, მისთვის დინებას მიყოლა და „თუ ძალიან გაგვიჭირდება, ლოკდაუნს გამოვიყენებთ“ მიდგომა იყო. მისი აზრით, საქართველოს მთავრობას ამ გზისთვის არ გადაუხვევია.
„მე არ ვამბობ, რომ ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ უნდა დავაყენოთ. განსაკუთრებით, მედპერსონალისა, რომელიც გაძლების ზღვარზეა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ კონკრეტულ გეგმას, რომ "ლოკდაუნიც" სწრაფად დასრულდეს და არც ჰოსპიტალური სექტორი გადაგვეტვირთოს“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მისივე პროგნოზით, შეზღუდვები ქვეყანაში მობილობას შეამცირებს, მაგრამ როგორ იმოქმედებს ეს ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვაზე, ამ მოდელის დეტალები საზოგადოებამ არც ახლა იცის და არც მერე ეცოდინება.
ასევე ნახეთ “ქვეყანა უნდა ჩავკეტოთ” VS “ლოკდაუნი ვერ იქნება გამოსავალი” - ორი მოსაზრება გამოსავალზეთუ დღიური დაინფიცირების მაჩვენებელი 3800 – 3100-ით შეიცვლება, ამ დროს კი ყველას გაახსენდება პაატა იმნაძის სიტყვები, რომ ყოველდღე 10 000 რეალურად დაინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ზურაბ ჭიაბერაშვილს არ სჯერა, რომ საზოგადოება გაიგებს, კოვიდინფიცირებულთა რეალურად რამდენი შემთხვევა გვექნება ქვეყანაში.
„ჩვენ ამას ვერ გავზომავთ. არის ეს სიბნელეში ხელის ცეცება“.
რა იქნებოდა სწორი გამოსავალი ამ ვითარებიდან? ჰოსპიტალური დატვირთვის სწორი მენეჯმენტი - სწორი პროტოკოლი, თუ რა შემთხვევაში ხდება ავადმყოფის ჰოსპიტალში გადაყვანა. და, როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, სისტემაში გამჭვირვალობა:
„იცით, როგორი? დიდ სუპერმარკეტში, პარკინგზე რომ შედიხარ და ხედავ, რამდენი ადგილია დაკავებული და რამდენი თავისუფალი. მსგავსი აპლიკაციის გაკეთება საავადმყოფოების შემთხვევაშიც მარტივად შესაძლებელია. ყველანი დავინახავდით საწოლების დატვირთვის მაჩვენებელს, მომლოდინეთა რიცხვს, რამდენი საწოლი გათავისუფლდა და ა.შ. ეს ორ კვირაშიც გაკეთდებოდა, ამის სურვილი რომ არსებობდეს. მაგრამ დღეს ამას ვერ ვხედავთ. ამიტომაც არის ჩართული ჩემი განგაშის სიგნალი“.
ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ჯერ არავინ იცის, როდის შემოვა საქართველოში იმ რაოდენობით ვაქცინა, რომ ხალხმა ამოსუნთქვა შეძლოს. ამასობაში კი, ხელისუფლების გზა „ლოკდაუნებით“ ვაქცინამდე სიარულია და არა სისტემის დალაგება.
პანდემიამ არ იცის დღესასწაულები
რაც უნდა „წერტილოვანი“ ვუწოდოთ ამ შეზღუდვებს, მათ მაინც ექნება სრული ჩაკეტვის შედეგი, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი.
მისი შეფასებით, სექტორები, რომელსაც ეს შეზღუდვები შეეხო, მათ შორის, ტურიზმის, მომსახურების სფერო, რეალურად, სრულად ჩაიკეტა და მათთვის ძალიან ძნელი იქნება „შემობრუნების წერტილის პოვნა“ - ეკონომიკური ჩავარდნა კი, გერლიანის პროგნოზით, კიდევ უფრო გაღრმავდება და მძიმე შედეგს მოიტანს.
„ადრეც ვამბობდი, რომ როცა ჩაკეტვის პოლიტიკას აწარმოებ და მერე ამ შეზღუდვას უცებ მოხსნი, საფრთხე ჩავლილად აღიქმება და ხდება მოზღვავება. აი, ამას ვნახავთ კიდეც 20 დეკემბრის შემდეგ, როცა ხალხს ერთი კვირა ექნება ახალ წლამდე დარჩენილი. ეს, ჩემი აზრით, პანდემიაზე დადებითად არ იმოქმედებს. ასევე, გაუგებარია, რატომ იხსნება შეზღუდვები ახალ წელს - პანდემიამ დღესასწაულები არ იცის“.
რამაზ გერლიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე შენიშნავს, რომ ყველაზე მთავარი დღეს არის ის, თუ რით დაბალანსდება ის დანაკარგები, რასაც კერძო სექტორი ამ შეზღუდვებით მიიღებს, რა იქნება ამის საპირწონე პოლიტიკა.
„ვფიქრობ, მთავრობამ უნდა მოიფიქროს საყოველთაო პოლიტიკა, რომელიც ბიზნესის დანაკარგებს და მოქალაქეების შემცირებულ შემოსავლებს რეალურად დააბალანსებს. ეს თუ არ მოხდება, კატასტროფის წინ აღმოვჩნდებით“.
არცთუ ისე ოპტიმისტურ პროგნოზებს შორის არის ისიც, რომ ეკონომიკის ვარდნას, შესაძლოა, დაემატოს ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება და ინფლაციური პროცესებიც.
რამაზ გერლიანის შეფასებით, თუ ამ შეზღუდვებმა იმუშავა, პირველი ხილული ეფექტი 10 დღეში უნდა გამოჩნდეს, მაგრამ სამწუხარო ის არის, ამბობს ის, რომ შეზღუდვების პარალელურად გადადგმული ნაბიჯები არ ჩანს.
„როცა მოქალაქეს შია, სცივა, ვერ იხდის კრედიტს, ის წესებს დაარღვევს. და ეს უფრო საშიშია, რადგან ის რესტორნის მაგივრად სხვა ადგილას ეცდება წასვლას, სადაც წესები დაცული არ იქნება“, - ამბობს რამაზ გერლიანი.
მომდევნო ორთვიანი „ლოკდაუნის“ განმავლობაში კი საქართველოში შეზღუდული იქნება საღამოს ცხრიდან დილის ხუთ საათამდე ქვეითად და ტრანსპორტით გადაადგილება.
ასევე ნახეთ მთავრობამ უპასუხა დაწესებული შეზღუდვების შესახებ შესაძლო შეკითხვებსგამონაკლისი იქნება მხოლოდ ახალი წლის (31 დეკემბრის) და შობის (6 იანვრის) ღამე.
აკრძალული იქნება მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანა, რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.
შეზღუდვა არ დაწესდება მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის - ტაქსებზე.
ასევე ნახეთ გამყრელიძე: შეზღუდვების შედეგი მომავალი 10 დღის, 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოჩნდესრესტორნები და კვების ობიექტები იკეტება და მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. იკეტება საცურაო აუზები და ფიტნესდარბაზები, დიდი სავაჭრო ობიექტები, ბაზრობები და ა.შ. ყველა შეზღუდვის და ეტაპობრივად შეზღუდვების მოხსნის დეტალები შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.