გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ პარლამენტში მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებზე დებატები არ იმართება

ლიკა საჯაია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი

როგორ კანონებს იღებენ და როგორ იღებენ დეპუტატები? როგორ იქცევიან ისინი? როგორ ახორციელებენ საპარლამენტო კონტროლს? რამდენად ღიაა მათი მუშაობის პროცესი? რამდენად აქტიურები არიან? - ამ კითხვებზე ცდილობს პასუხების მიღებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, როცა ყოველწლიურად აფასებს პარლამენტის საქმიანობას.

“16 პარლამენტარია, რომელსაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში საერთოდ არ ჩაურთავს მიკროფონი”, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია რადიო თავისუფლების ეთერში. პარლამენტართა აქტივობის შესახებ სტატისტიკა ორგანიზაციამ საკანონმდებლო ორგანოდანვე გამოითხოვა. გარდა ამისა, ანგარიშში ლაპარაკია პარლამენტის მუშაობის შინაარსობრივ შედეგზეც და აგრეთვე გამოყენებულია პარლამენტის საქმიანობაზე CRRC-ს მიერ ჩატარებული საზოგადოების აზრის კვლევის შედეგები. ლიკა საჯაია ეთერში გვიზიარებს კვლევის ერთ ნაწილს:

„მოქალაქეებისთვის დასმული გვაქვს კითხვა - რამდენად ხშირად მართავს პარლამენტი დებატებს საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე? მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ასეთი დებატები პარლამენტში არ იმართება.

გვაქვს ასევე შეკითხვა პარლამენტის წევრთა ეთიკურ ქცევასთან დაკავშირებით - რა სანქცია უნდა გამოიყენებოდეს, როცა პარლამენტარი არღვევს ეთიკურ ნორმებს? გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ მას ჯარიმა უნდა ეკისრებოდეს, შეიძლება თანამდებობასაც ტოვებდეს. 2018 წელს პარლამენტმა მიიღო ეთიკის კოდექსი, რომელშიც სანქცია საერთოდ არ გაითვალისწინა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებულ შეფასებაში დადებითად არის შეფასებული „ხორავას ქუჩის საქმეზე“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაც მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტების ისტორიაში პირველად მოხდა. თუმცა, ლიკა საჯაია დადებითად აფასებს კომისიის მუშაობას, თუმცა ხაზს უსვამს ფაქტს, რომ პარლამენტმა კომისიის დასკვნის ნაცვლად მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ მომზადებულ დოკუმენტს:

„ზუსტად ამიტომ, აუცილებელია შევიდეთ შინაარსობრივ შეფასებაშიც. ზოგიერთ შემთხვევაში ხდება ხოლმე დადებითი მოვლენა, შეიძლება სტატისტიკაც კარგი იყოს, მაგალითად, იმავე სადეპუტატო კითხვების შემთხვევაში, რომელიც იზრდება - ვგულისხმობ დეპუტატების მიერ მთავრობის წევრებისთვის დასმულ შეკითხვებს და მიღებულ პასუხებს, თუმცა, თუკი ჩავიხედავთ შინაარსში, ვნახავთ, რომ მას შეიძლება ბევრი არაფერი ჰქონდეს საერთო რეალური საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან და დეპუტატები ითხოვდნენ ისეთ ინფორმაციას, რაც სტატისტიკური მონაცემია და ისედაც ქვეყნდება სამინისტროების ვებგვერდზე“.

თავის მხრივ, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას რაც შეეხება ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი აღნიშნავს:

„ჩვენს შემთხვევაში ძალიან სამწუხაროა, რომ მას იყენებენ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის. ვგულისხმობ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და მას საერთო არაფერი აქვს რეალური კონტროლის განხორციელებასთან, რომელიც უნდა უკავშირდებოდეს პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს. იგივე სადეპუტატო კითხვები, იგივე ის თემატიკა, რატომაც იბარებენ მთავრობის წევრებს, შეიძლება საერთოდ არ იყოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის ავტორის თქმით, პარლამენტი არ ინტერესდება ხოლმე მიღებული კანონის ფაქტობრივი შედეგებით. გარდა ამისა, არ იყენებს მისაღები რეგულაციის შეფასებას, რასაც გარკვეული ძალისხმევა სჭირდება, თუმცა, ძალიან სასარგებლოა მისაღები კანონების ხარისხის ასამაღლებლად.

ლიკა საჯაია არ იწონებს დაჩქარებული წესით კანონების მიღებას და ამბობს იმასაც, რომ 2018 წელს 2017-თან შედარებით ცოტათი შემცირებულია ასეთი ფაქტები.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხი 2018 წელს პარლამენტის საქმიანობის შეფასებაში არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის წარდგენა და მისი თანმდევი პოლიტიკური მოვლენები.

ერთ-ერთ კრიტიკულ საკითხად გამოყოფილია საპარლამენტო უმრავლესობის დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ:

“განსაკუთრებით მწვავდებოდა ხოლმე ეს დამოკიდებულება არჩევნების წინ. ჩვენი ორგანიზაცია და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით არჩევნებს, ვაქვეყნებთ ანგარიშებს, ვართ, რა თქმა უნდა, კრიტიკულებიც იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მოვალეობა და ჩვენ უნდა დავინახოთ რა არის სიმართლე და უნდა დავწეროთ ამის შესახებ.

ამის საპასუხოდ, ვიღებდით აბსოლუტურად არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას. აქ მთავარი პრობლემა არ არის ჩვენ როგორ აღვიქვამთ ან გვწყინს თუ არ გვწყინს ეს დამოკიდებულება. მთავარია, რომ ეს აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს საკითხი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა. ვფიქრობთ, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობას და მის კრიტიკას“.

ლიკა საჯაია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებისას სიტყვა „ფაშისტის“-ა და „ფაშიზმი“-ს გამოყენების გარდა იხსენებს კიდევ ერთ შემთხვევას, როცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებს მატყუარები უწოდა:

„გავიხსენებდი, როცა დავწერეთ, რომ 58 დეპუტატს არასწორად ჰქონდა შევსებული დეკლარაცია და ქონების, წილების ნაწილი არ იყო შეტანილი. პარლამენტის თავმჯდომარემ ტრიბუნიდან გვიძახა მატყუარები. შემდეგ გადავუგზავნეთ საჯარო სამსახურის ბიუროს და 58-ვე წევრი დაჯარიმდა დეკლარაციების არასწორად შევსების გამო“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სიმბოლური პრიზები გასცა შემდეგ ნომინაციებში:

პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი - ეკა ბესელია

პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმცირესობიდან - ზურაბ ჭიაბერაშვილი

პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციიდან - რომან გოცირიძე

ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი - ხათუნა გოგორიშვილი

ყველაზე აქტიური კომიტეტი -იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

საპარლამენტო ზედამხედველობის ნოვატორი კომიტეტი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.

Your browser doesn’t support HTML5

ლიკა საჯაია პარლამენტის საქმიანობის შეფასებაზე