ვორონეჟი, რიაზანი, პოტმა, ჩელიაბინსკი, პეტროპავლოვსკი და ბოლოს, ჯეზკაზგანი - სხვა ასობით ქალთან ერთად, სწორედ ეს გზა გაიარა რეპრესირებულმა ლიზიკო აბზიანიძემ გულაგისკენ და გადასახლებაში სულ რვა წელი გაატარა. მატარებელმა, რომელსაც თბილისიდან ლიზიკოს გარდა, კიდევ სამასი ქალი მიჰყავდა მათთვის უცნობი მიმართულებით, ნავთლუღის რკინიგზის სადგურიდან 1938 წლის 1 მარტს აიღო გეზი.
დაბრუნების შემდეგ, ლიზიკო აბზიანიძემ „დიდი ტერორის“ წლებად ცნობილ პერიოდზე მოგონებები დაწერა და ოჯახს დაუტოვა. ახლახან კი მისი დღიური წიგნად გამოსცა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და საბჭოთა რეჟიმის მიერ დასჯილი ადამიანების დღემდე შემორჩენილ ამბებს, ეს წიგნიც შეჰმატა.
მოკლედ წერს, მაგრამ არსებით დეტალებს. ფრთხილად, მაგრამ მნიშვნელოვანი კონკრეტიკით. გულაგგამოვლილი ქალი - „ხალხის მტრის“ იარლიყმიწებებული კაცის ცოლი, ამ მოგონებებში აღწერს, როგორ იწყებოდა რეპრესიები, როგორ ქალაქად იქცა თბილისი, გვიყვება ქმრისა და თავის დაპატიმრებაზე, ციხეზე, შრომა-გამასწორებელი ბანაკებისაკენ მიმავალ უსასრულო გზაზე, იხსენებს გულაგში ცხოვრების ურთულეს წლებს, ხან სიკვდილის პირას ყოფნის, ხან კი გადარჩენის და ბოლოს, დაბრუნების ამბავსაც.
ლიზიკოს ქმარი, ანდრო კოპაძე, გაზეთ „წითელი არმიელის“ რედაქტორი იყო - როგორც თავად ლიზიკოც წერს, „სამხედრო და ისიც კომუნისტი“. თუმცა, პარტიულობამ ვერც ის დაიცვა.
მის დაპატიმრებასა და მოგვიანებით, დახვრეტას, თავად ლიზიკო აბზიანიძე უკავშირებდა ანდრო კოპაძის კარგ ურთიერთობას თავის ყოფილ ხელმძღვანელთან, კოლია ბლუაშვილთან, რომელიც ლავრენტი ბერიას დაუპირისპირდა და ის ფაშისტური პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. ანდრო კოპაძემ კი კოლიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და სამაგალითოდაც დაისაჯა - ის ჯერ პარტიიდან გარიცხეს, შემდეგ კი, 1937 წლის 5 სექტემბერს დააპატიმრეს.
მას, როგორც ათასობით სხვა „სამშობლოს მოღალატეს“, ბრალად ედებოდა „ტროცკისტული, ტერორისტული და ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციის წევრობა“.
სამეულმა, ე.წ. ტროიკამ, მას სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა და განაჩენი აღასრულეს კიდეც 1937 წლის 10 ნოემბერს. ქმრის დაპატიმრების შემდეგ, ლიზიკოც მოელოდა, რომ ერთ ღამით მისი სახლის კარზე ისევ დააკაკუნებდნენ.
ასეც მოხდა - 1937 წლის 17 ნოემბერს ლიზიკოც დააპატიმრეს. რამდენიმე თვე თბილისის ციხეში ამყოფეს, მერე კი გადასახლების გრძელ გზას გაუყენეს. მისი ათი წლის შვილი და მოხუცი დედა კი სახლიდან გამოასახლეს და სარდაფში შეასახლეს.
Your browser doesn’t support HTML5
„დაიწყო საბედისწერო 37 წელი“, - ასე იწყება ლიზიკო აბზიანიძის დღიურებში „დიდი ტერორის“ პირველი წლების აღწერა. ყოველდღე ქრებოდნენ მათი ოჯახის კარგი მეგობრები და: „ეს მხიარული ქალაქი ჩამკვდარიყო, ირგვლივ ჩაბნელებული ფანჯრები, შემზარავი სიჩუმე სუფევდა“.
იმ ღამით, როცა ლიზიკოსაც მოადგნენ, მისი შვილი, ათი წლის ლამარა თურმე აივანზე გამოდგა და ყვირილი დაიწყო, დედიკო, ბებიას უთხარი, ნუ ტირისო.
„ასე გამოვემშვიდობე ჩემს დანგრეულ ოჯახს“, - წერს ლიზიკო.
ციხეში მიყვანილს, ერთ პატარა კამერაში 30 ქალი დახვდა. ყველა შეშინებული და სხეულდალურჯებული.
„მომიჩინეს ადგილი საწოლის ქვეშ, რადგან საწოლები ერთმანეთზე იყი მიდგმული, დაკავებული და ჩალაგებული იყო, როგორც „სილიოტკები“. ახალი მოსულები ვთავსდებოდით საწოლების ქვეშ, მხოლოდ თავები გვქონდა გარეთ“.
ციხეში მარტამდე დატოვეს. ერთ დღეს კი, ღამის 4 საათზე აყარეს 300 ქალი, მათ შორის ლიზიკოც და ნავთლუღის რკინიგზის სადგურზე წაიყვანეს.
„ჩაგვსვეს საქონლის გადასაყვან ვაგონებში, სადაც იყო გაკეთებული ნარები... გაიგეს თუ არა ქალები მიჰყავთო, გამოედევნენ მანქანებს... შეიქნა საშინელი კივილი, ყვირილი. თოვს და ამ თოვლში გაისმის ყვირილი შვილო! დედა!.. ასე დაიძრა ჩვენი ეტაპი“.
ერთი თვე ისე იმგზავრეს, რომ სად მიდიოდნენ არ იცოდნენ. როგორც ჩანს, ვაგონებს ნახშირის გადასაზიდადაც იყენებდნენ და ამიტომ, ყველა ერთიანად გამურული იყო. დაძინებისას კი, თბილი საბანი ისე მიეყინებოდა ვაგონის კედლებს, რომ ძლივს ვაგლეჯდითო. მათი საკვები ამ ხნის განმავლობაში იყო მხოლოდ გამხმარი თევზი, 300 გრამი პური და წყალი.
მატარებელი ერთი თვის შემდეგ გაჩერდა. ღამით, სადღაც უღრან ტყეში.
„ერთი თვის დაკუნტულები გადმოვედით ერთ მეტრ თოვლში... დაგვირიგეს ვალინკები, დაგვხვდა მთელი ‘როტა“. ძაღლებით გარს შემოგვერტყა, მაშინ მივხვდით, რომ გადასახლებაში მივდიოდით“.
ამის შემდეგ ქალები კიდევ რამდენიმე საათი ატარეს, სანამ მესერშემოვლებულ ადგილს არ მიადგნენ, მესერს იქით ბარაკები მოჩანდა და შავტანსაცმლიანი ადამიანები მოძრაობდნენ.
„როდესაც გაიგეს, საქართველოდან ვიყავით, ნიშანი მოგვიგეს, „ბიძიამ არ გიშველათო?" - იხსენებს ლიზიკო აბზიანიძე, - ეს ადგილი იყო რიაზანთან ახლოს, „პოტმაში“. გაკაფულ ტყეში, სადაც ადრე დამნაშავეთა ბანაკი ყოფილა“.
იქ დაიწყო ლიზიკოს ახალი ცხოვრება - 300 გრამი პურითა და ბალანდით და ქერის ფაფით დილა-საღამოს. რთული პირობების, სტრესის, შიმშილის და სხვა მიზეზების გამო მას „ქათმის სიბრმავე“ დაემართა: შეღამდებოდა თუ არა, ვეღარაფერს ხედავდა და ბარაკამდე გზას ძლივს მიიკვლევდა. ზოგ ქალს ცოტა ფული ჰქონდა წამოღებული და სიგარეტის ან სხვა რამის ყიდვას ახერხებდა, ლიზიკოს არაფერი გააჩნდა.
ერთ დილით ლიზიკო „მთავარ სამმართველოში“ გამოიძახეს. ჩაიცვა თავისი „დაბამბული პატიმრის ქურთუკი, ბამბაზიის კაბა, კოჭებამდე ფეხსაცმელები - 45 ზომის ბათინკები და ყურებიანი დაბამბული ქუდი“ და შეშინებული წავიდა გამოძახებაზე.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, „საპროექტოში“, მისი, როგორც არქიტექტორის დახმარება სჭირდებოდათ. ასე დაიწყო იქ მუშაობა. დღიურში კი წერდა:
„მახსოვს, “რეიშინას“ და ფანქარს ხელი რომ მოვკიდე, ცრემლები მომადგაო“.
ასე გაგრძელდა 1939 წლის ოქტომბრამდე, სანამ ლიზიკოს და სხვა ქალებს ყაზახეთში, „ჯეზჯაზგანის“ (გადასახლებულების მიერ აშენებული ქალაქი) მშენებლობაზე არ გაანაწილებდნენ.
„გავიხედეთ და - არც ერთი შენობა, ყველგან ყრია ხე-ტყე და სამშენებლო მასალა. როცა ვიკითხეთ, სად უნდა ვიცხოვროთო, გვითხრეს, ააშენეთ და იცხოვრეთო“.
მალე ეკლიანი მავთულით შემოღობილი ზონა გამოჩნდა - ოთხივე მხარეს საყარაულო კოშკებით. ახალი ნაკადის დანახვაზე, იქ მყოფმა ქალებმა ახლად ჩასულების ლანძღვა დაიწყეს:
„აქაც ის სამყარო დაგვხვდა, რაც ციხეებში, „ლაგერის“ უფროსი ყოფილი პატიმარი დამნაშავეთა სამყაროდან, რომელზეც ჰქონდათ მინდობილი ჩვენი გამოსწორება“.
ამ ტერიტორიაზე ერთადერთი ხის ბარაკი იდგა. დანარჩენი იყო სულ ე.წ. პალატკები, გარეთ კი მინუს 40 ყინვა. ეს ბარაკიც, როგორც ლიზიკო ჰყვება, დაკავებული ჰქონდათ ამ ბანაკის ბატონ-პატრონ „ჟიგანებს“:
„და როცა ჩვენ მიგვიყვანეს, ეს ბარაკი ჩვენთვის დააცლევინეს, რაზეც განრისხებულები იყვნენ... დაიწყო ფანჯრების ლაწა-ლუწი ნაჯახებით და ისმოდა „ვედროების“ საშინელი ბრახუნი. ჩვენ კარები ჩაკეტილი გვქონდა... გვემუქრებოდნენ ერთიანად ამოგწყვეტთო. ჩვენდა საბედნიეროდ, ბადრაგი უკან დაბრუნდა და ის ქალები უკან გააბრუნეს. ასე გადავრჩით ამოწყვეტას“.
დრო გადიოდა. ლიზიკო აბზიანიძეს აქაც პროფესიამ უშველა - ქალაქი შენდებოდა და არქიტექტორები სჭირდებოდათ. ამიტომ ის და რამდენიმე სხვა ქალი აქაც საპროექტო განყოფილებაში დაასაქმეს.
ამ დროს ლიზიკო უკვე იღებდა წერილებს სახლიდან, თუმცა ისევ არაფერი იცოდა ქმრის დახვრეტაზე. “ლაგერს” გარეთ კი მეორე მსოფლიო ომი გრძელებოდა.
ლიზიკო აბზიანიძის წიგნის რედაქტორი, ანტონ ვაჭარაძე მასობრივი რეპრესიების ყველაზე აქტიურ 1937-1938 წლებზე საუბრისას წერს, რომ ეს იყო დრო, როცა უდანაშაულო ადამიანებს „სამშობლოს მოღალატის“ და „ხალხის მტრის“ იარლიყით ხვრეტდნენ და ასახლებდნენ სამშობლოდან შორს, საცხოვრებლად განსაკუთრებით რთულ, უკაცრიელ ადგილებში.
ეს ის წლებია, როცა იოსებ სტალინისა და პოლიტბიუროს მაღალჩინოსნების მიერ მოსკოვში შემუშავებული მეთოდებით სრულად განადგურდა არა მხოლოდ საბჭოთა სისტემის მოწინააღმდეგე პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლასი, არამედ ყველა, ვინც განსხვავებულად ფიქრობდა.
„საქართველოში „დიდი ტერორის“ მსხვერპლი გახდა 30 000-მდე ადამიანი. ნახევარი დახვრიტეს, ნახევარი ციმბირის გზას გაუყენეს, საიდანაც მათი დიდი ნაწილი ვეღარ დაბრუნდა. ჯერაც დაუდგენელია „გულაგებში“ გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა. სულ საბჭოთა კავშირში, 45 000, ხოლო საქართველოში 3616 ადამიანი პირადად სტალინის ხელმოწერილი დოკუმენტით გასამართლდა. მათგან 3000-ზე მეტი დაიხვრიტა“, - წერს ანტონ ვაჭარაძე.
როცა რვა წელი გავიდა და ლიზიკო გადასახლებიდან თბილისში დაბრუნდა, მას არავითარი გრძნობა არ ჰქონია - “არც აღტაცების, არც სიახლის”.
მისი შვილი, უკვე გაზრდილი ლამარა, ამ დროს პლეხანოვზე ცხოვრობდა, მამიდასთან. ლიზიკომ კარზე რომ დააკაკაუნა, ლამარამ გამოხედა - შვილი თითქმის ცხრა წელი არ ჰყავდა ნანახი.
“დავტოვე ათი წლის და ამ წლებში ჩამოყალიბდა ქალიშვილად. რომ მობრუნდა, ვუთხარი, შენ ლამარა არ ხარ-მეთქი? კი ბატონოო. გოგო, ვერ მიცანი-მეთქი? შენი დედა რატომ ვერ იცანი-მეთქი… მე შენ სხვანაირი მახსოვხარო”…
ლიზიკოს დედა გარდაცვლილი დახვდა. ბინა, რომელიც ლამარას მისცეს, საცხოვრებლად უვარგისი იყო და ამიტომ ცხოვრობდა მამიდასთან. ლიზიკოს ადგილი კი არსად იყო.
დედა-შვილს შორის გაუცხოების გაფანტვას და ურთიერთობის აღდგებას წლები დასჭირდა. ლიზიკო კი “უსაშველო მარტოობას” გრძნობდა. თავიდან ვერც სამსახურის შოვნა შეძლო. ხან რუსთავში წავიდა, რომელიც იმ წლებში შენდებოდა, ხან თბილისში სცადა, თუმცა უშედეგოდ.
“მე არავისთვის არაფერს წარმოვადგენდი. იმ ზომამდე მივედი, რომ თავის მოკვლაც კი ვიფიქრე, მაგრამ გონებამ გაიმარჯვა. მე ჩემი შვილისთვის საჭირო ვიყავი. გადავწყვიტე, სადმე რაიონში წასვლა და იქ მუშაობის დაწყება”…
ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები აქ წყდება. ბოლო გვერდი ამოხეულია და ნაწერი აღარ იკითხება, თუმცა ის, რაც შემოინახა მისმა დღიურებმა, საკმარისია კიდევ ერთხელ იმაში დასარწმუნებლად, როგორ უმიზეზოდ წირავდა საბჭოთა რეჟიმი უდანაშაულო ადამიანებს.
ლიზიკო აბზიანიძეც ამის ერთ-ერთი, ნათელი მაგალითია.