ორშაბათს, 13 იანვარს, მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები ლიბიის კონფლიქტის ორ მხარეს შორის. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლები. მოსკოვში ჩავიდნენ ლიბიის დაპირისპირებული მხარეების ლიდერები - ფაიზ სარაჯი და ხალიფა ჰაფტარი.
შერიგება
ტრიპოლიში განთავსებული ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობამ, რომელსაც ფაიზ სარაჯი ხელმძღვანელობს, მანამდე ქვეყნის დასავლეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. ეს ზომა ამოქმედდა 12 იანვარს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე.
ამავე დროს, სარაჯმა აღნიშნა, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობა უფლებას იტოვებს, პასუხი გასცეს მეორე მხარის თავდასხმას ან აგრესიას.
უფრო ადრე, 12 იანვრის ღამეს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა ლიბიის ეროვნულმა არმიამ, რომელსაც გენერალი ხალიფა ჰაფტარი უდგას სათავეში.
ასევე ნახეთ ლიბიაში ზავი გამოცხადდა სამთავრობო ჯარებსა და გენერალ ხალიფა ჰაფტარის არმიას შორისამგვარად, კონფლიქტის მხარეებმა მიიღეს შეთავაზება რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოანისგან, რომლებიც 8 იანვარს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკების შედეგების კვალდაკვალ, ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით გამოვიდნენ.
მოსკოვში სარაჯი და ჰაფტარი შერიგების შეთანხმების შესახებ სამსჯელოდ ჩავიდნენ.
კადაფის რეჟიმის დაცემა
ლიბიაში 2011 წელს დაამხეს დიქტატორი მუამარ კადაფი, რომელიც ქვეყანას 40 წელიწადზე მეტხანს მართავდა. მისი მეორე ვაჟი, საიფ ალ-ისლამი, სათავეში ჩაუდგა წინააღმდეგობის ძალებს, თუმცა ის მალევე შეიპყრეს, როცა ნიგერში ცდილობდა გაქცევას. 2015 წელს მას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, რომელიც დღემდე არ აღსრულებულა.
კადაფის რეჟიმის დაცემის შემდეგ ქვეყანაში ვერ მოხერხდა მმართველობის ერთიანი ორგანოს შექმნა. 2011-დან 2014 წლამდე პერიოდულად ხდებოდა შეტაკებები ახალ ხელისუფლებასა და კადაფის მომხრეებს შორის, ისევე როგორც ლიბიის ლიდერის დამხობაში მონაწილე სხვადასხვა დაჯგუფებას შორის. 2014 წლის მაისში კონფლიქტი გადაიზარდა ახალ სამოქალაქო ომში. ხელისუფლება კონცენტრირდა რამდენიმე პოლიტიკური და სამხედრო დაჯგუფების ხელში. ამჟამად ქვეყნის დასავლეთსა და დედაქალაქ ტრიპოლის აკონტროლებს ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა, პრემიერ-მინისტრ ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით. მას მხარს უჭერენ გაერო, დასავლეთის ქვეყნები, თურქეთი და კატარი.
აღმოსავლეთი და სამხრეთის ნაწილები ლიბიის წარმომადგენელთა პალატის კონტროლის ქვეშაა. ეს ორგანო 2014 წელს იქნა არჩეული და ცნობილია, როგორც „ხელისუფლება ტობრუკში“. ამ ორგანოს მხარს უჭერს ლიბიის ეროვნული არმია, რომელსაც გენერალი ხალიფა ჰაფტარი ხელმძღვანელობს (თავად ის საკუთარ თავს ფელდმარშალს უწოდებს). მას, თავის მხრივ, ეხმარებიან არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე.
გარდა ამისა, ზოგიერთ რაიონს აკონტროლებენ ისლამისტური დაჯგუფებები, გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებიც ებრძვიან ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“, ადგილობრივ უჯრედებს, და ბერბერთა წარმომადგენელი ეროვნული უმცირესობები.
ჰაფტარის მეომართა შეტევა
ლიბიაში მდგომარეობა მორიგ ჯერზე დაიძაბა 2019 წლის აპრილში, როცა ჰაფტარის მეომრები შეტევაზე გადავიდნენ. ეს შეტევა დიდწილად მოულოდნელი იყო, რადგან იმ მომენტისთვის სარაჯსა და ჰაფტარს მოლაპარაკებები ჰქონდათ გამართული და შეთანხმებული იყვნენ დასავლეთისა და სამხრეთის პოლიტიკური სტრუქტურების გაერთიანების დაწყებაზე, რათა 2019 წლის ბოლოსთვის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გამხდარიყო შესაძლებელი. ჰაფტარი ახლოს იყო სარაჯთან შეთანხმების გაფორმებასთან, რომლითაც ის გახდებოდა თავდაცვის მინისტრი და მთავარსარდალი. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, მინისტრის სავარძელი არ აღმოჩნდა საკმარისი ჰაფტარის ამბიციებისთვის.
დეკემბრის ბოლოს ეროვნული თანხმობის მთავრობამ თურქეთს მიმართა სამხედრო მხარდაჭერის თხოვნით. 5 იანვარს ერდოანმა გამოაცხადა, რომ ლიბიაში სამხედრო ძალებს გზავნის, სამთავრობო ძალების მოქმედებების კოორდინაციის მიზნით. ამის გამო ჰაფტარმა თურქეთი დაადანაშაულა ქვეყანაში „ოსმალეთის მემკვიდრეობის“ აღდგენის მცდელობაში და სრული მობილიზაცია გამოაცხადა „უცხოეთის ძალების გასაძევებლად“.
პრიგოჟინის როლი
ბოლო რამდენიმე წელია, ლიბიაში მიმდინარე მოვლენებში აქტიურად მონაწილეობს რუსი ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინი, მასთან დაკავშირებული სტრუქტურებითურთ. პრიგოჟინის ახლობლობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საფუძველს ქმნის ვარაუდისთვის, რომ ის ლიბიაში რუსეთის ხელისუფლების მითითებებით მოქმედებს. ბიზნესმენისთვის მომუშავე პოლიტიკური ტექნოლოგიების სპეციალისტები ამ ქვეყანას სულ მცირე 2017 წლიდან სტუმრობენ. სხვადასხვა დროს იქ იმყოფებოდა რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე მებრძოლი ე. წ. ვაგნერის არაოფიციალური შეიარაღებული ფორმირებიდან, რის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმაც ილაპარაკა. 2018 წლის ბოლოს თავად ბიზნესმენი ესწრებოდა მოლაპარაკებებს შინაგან საქმეთა მინისტრ სერგეი შოიგუსა და ხალიფა ჰაფტარს შორის.
2019 წლის გაზაფხულზე ლიბიის სამართალდამცველებმა დააკავეს პრიგოჟინის პოლიტიკური ტექნოლოგი, მაქსიმ შუგალეი, და მისი თარჯიმანი, სამერ ჰასან ალი სუეიფანი. ისინი დააკავეს ლიბიის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის ბრალდებით. ორივე მას შემდეგ პატიმრობაში რჩება ტრიპოლისთან ახლოს მდებარე ციხეში.
პრიგოჟინთან დაახლოებული ანალიტიკოსები ამზადებდნენ მოხსენებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის. „ლიბიის ყველა პოლიტიკური ჯგუფი აცხადებს, რომ ჰაფტარი მზად არ არის მოლაპარაკებისთვის და რუსეთს სთხოვენ, მასთან მოლაპარაკებაში იტვირთოს შუამავლის და გარანტორის როლი. თუმცა რუსეთის მხარის და ჰაფტარის ურთიერთობაც ბოლო პერიოდში რთულდება. ჰაფტარი არ აპირებს უარი თქვას აშშ-ის მოქალაქეობაზე. თავისი ამოცანების გადასაჭრელად ის აქტიურად იყენებს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას საფრანგეთისგან (იცავს მის ნავთობის ინტერესებს) და არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან (ბენღაზის პორტი და ქალაქის აღდგენის შეკვეთები გადასცა). რუსეთის სპეციალისტები შეზღუდულნი არიან თავიანთ სამუშაოში, ამასთან, ჰაფტარი რუსეთის ფედერაციას იყენებს თავისი მნიშვნელობის გასაზრდელად და სავაჭროდ. არსებობს სერიოზული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სამხედრო-პოლიტიკური გამარჯვების შემთხვევაში ჰაფტარი არ უერთგულებს რუსეთის ინტერესებს. საფრთხეების განეიტრალების მიზნით სასურველია გაძლიერდეს ლიბიის დასავლეთის მხარე და ყველა ძალა გაერთიანდეს სეიფ კადაფის ან სხვა ფიგურის ირგვლივ“, - ეწერა ანალიტიკოსების დოკუმენტებში.
მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებისგან დამოუკიდებლად, 19 იანვარს დანიშნულია საერთაშორისო კონფერენცია ლიბიის კონფლიქტის გადაჭრის მიზნით, რომელშიც ასევე ორივე ლიდერი აპირებს მონაწილეობის მიღებას. სავარაუდოდ, შეხვედრაში ჩაერთვება ერდოანიც. ჯერჯერობით უცნობია, მასში მონაწილეობას თუ მიიღებს ვლადიმირ პუტინი.