დათო რაზმაძე 2008 წლის 9 აგვისტოს 12 წლის იყო. თანატოლებთან ერთად ეზოში თამაშობდა, როცა გორის ცაზე რუსეთის ბომბდამშენები გამოჩნდნენ. რამდენიმე წამში ყველაფერი მტვრის ბუღსა და ცეცხლის კვამლში გაეხვია. სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. გონზე რომ მოვიდა, დაინახა დაღუპული ბიძა, ზვიად რაზმაძე. იქვე ბიცოლას, მაკა მესროფაშვილის, უსულო სხეულიც შენიშნა. შემდეგ მამა დაინახა, რომელიც დაღუპულ ძმას დასტიროდა. ძმის დამტირებელი ზაზა რაზმაძის ვიდეოკადრი და ფოტო აგვისტოს ომის სიმბოლოდ იქცა. თვითონ ვერცერთ ფოტოზე ვერ მოხვდა, რადგან ტრაგედიის ადგილიდან მალევე გაიყვანეს. ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ეს კადრები მის მეხსიერებაში დალექილი იყო და თავს ხშირად ახსენებდა. ეს იყო ტრავმა, რომელიც ბოლომდე გაჰყვა.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო „მოზაიკისთვის“ რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში ამბობდა:
„ვერ გამოვხატავ, რას ვგრძნობ, როდესაც 2008 წლის აგვისტოზე მიწევს საუბარი. მაგ ომმა მთელი ცხოვრება დამინგრია და სრულიად შეცვალა ჩემი გარემო. ვერხვების დასახლებაში (ასე ჰქვია დასახლებას, რომელიც რუსულმა ავიაციამ 2008 წელს დაბომბა) მაშინ ჩვენ ყველა ერთად ვიყავით. დროთა განმავლობაში შიშის განცდა გაქრა, მაგრამ იმ საშინელ მომენტს რა დამავიწყებს. აგვისტოს თვეში სოციალურ ქსელში არ შევდივარ, რომ მაშინდელი ფოტოები თვალში აღარ მომხვდეს. ეს ჩვენზე ძალიან მოქმედებს“.
ასე იხსენებდა აგვისტოს ომს და თავისი ოჯახის ტრაგედიას დათო რაზმაძე, მაგრამ ტრაგედია ამით არ დასრულებულა.აგვისტოს ომის შემდეგ მათი ოჯახის ისტორია მთლიანად შეიცვალა. ომიდან ორიოდე თვის შემდეგ მამა და დედა ერთმანეთს გაშორდნენ. მამამ სხვა ცოლი მოიყვანა, დედა თურქეთში გათხოვდა. მოზარდი,ფაქტობრივად, თავშესაფრის გარეშე დარჩა. 2014 წლის 16 თებერვალს კი კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს - მამა დაეღუპა. ზაზა რაზმაძე კარალეთის დევნილთა დასახლებაში თავისი კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმაში მონაწილეობდა, როცა რკინის კონსტრუქცია სადენებს შეეხო და რაზმაძის სიკვდილი გამოიწვია.რაზმაძეების ოჯახს მუდმივად თან სდევდა უბედური შემთხვევები და ტრაგედიები.
მე-9 კლასამდე დათო რაზმაძემ გორის მე-12 სკოლაში ისწავლა, შემდეგ კი დედის ძმამ და ბიცოლამ ბათუმში წაიყვანეს, სადაც საზღვაო სასწავლებელი დაამთავრა და მოგვიანებით გემზე სამუშაოდ მოეწყო.უცხოეთში წასვლამდე დათოს დედამ, ნინო ცეცხლაძემ, შვილისთვის ბინის მიღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
„მე საქართველოს მთავრობამ მაიძულა ჩემი ქვეყანა დამეტოვებინა და სამუშაოდ საზღვარგარეთ წამოვსულიყავი, რომ ჩემი დათუნასთვის ელემენტარული პირობების შექმნაზე მეზრუნა. მისი მამა გმირი იყო - 90-იანი წლებიდან ცხინვალში, აფხაზეთში და ყველა საჭირო ადგილას იბრძოდა, სადაც კი ქვეყანას დასჭირდებოდა. ფეხით გამოიარა ცხელი წერტილები და მოხუცები და ბავშვები გამოჰყავდა. ეს ყველაფერი მის შვილს ასე დაუფასეს. სულ მცირედი ყურადღებაც რომ მიგვეღო ჩვენს ქვეყანაში, დათუნას დატოვება აღარ მომიწევდა დედაჩემთან და ჩემს ძმასთან. ჩემი ძმა იძულებული გახდა საზღვაო დეპარტამენტში მოეწყო და ამ საქმეზე მუშაობაში ხელი შეეწყო.
სანამ კვიპროსში წამოვიდოდი, გამგეობაში ვიყავი, მაგრამ მითხრეს, რომ დახმარება არ მეკუთვნოდა. მაშინ მე და ზაზა ჯერ კიდევ ხელმოწერილები ვიყავით. ქმარი გყავსო და ვერ დაგეხმარებითო, ასე მითხრეს. მერე, როცა ჩემ ქმარს კოტეჯი გადასცეს, უკვე განქორწინებულები ვიყავით და ვერაფერი ვეღარ შევძელი. მითხრეს, რომ არაფრის უფლება აღარ მქონდა. ასე მითხრეს, რომ უკვე დათუნამ უნდა იბრძოლოს მაგაზეო. ჩემი შვილი არ არის ისეთი ადამიანი, რომ ვინმეს რამე წაართვას, წაგლიჯოს,“ - ამბობს ნინო ცეცხლაძე.
დათო წელიწადში რამდენჯერმე გორში მაინც ჩამოდიოდა - მამის, ბიძისა და ბიცოლას საფლავებს უვლიდა. მოხუც ბებოს დახედავდა ხოლმე. თავად გაჭირვებული, ცდილობდა გაჭირვებულ ბებოს დახმარებოდა. ლიზიკო რაზმაძე გორში ახლა ქირით ცხოვრობს. 10 წელია, სახლიდან გარეთ არ გასულა. ორი ვაჟის, რძლისა და ახლა უკვე შვილიშვილის დამკარგავი, ამბობს, რომ სიცოცხლის რცხვენია. დათუნას სიკვდილის შემდეგ საერთოდ შინაპატიმრობას გამოვაცხადებო, ამბობს. ბოლომდე ვერ იჯერებს, რომ დათო ცოცხალი აღარ არის. იქნებ მალე გადმოასვენონო, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
„ბებო, ქირით დიდხანს არ გაცხოვრებ, ფულს ვიშოვი და ბინას გიყიდიო. ძალიან თბილი იყო, ყურადღებიანი, ძალიან მშრომელი. კონფლიქტური საერთოდ არ იყო. ბავშვობიდან გულში ჰქონდა ჩადებული, რომ მეზღვაური უნდა გამხდარიყო და ეს წადილი აისრულა. ძალიან უხაროდა, სამსახური რომ დაიწყო. ამ გემზე სამი თვის წინ აიყვანეს. ყველაფერს თავისით ცდილობდა. აქეთ მე სახლ-კარი არ მაქვს ქირით ვარ, იქით ბიძისა იყო. ცდილობდა თავისი შრომით რაღაცა ჰქონოდა. აქეთ მე მეხმარებოდა ხოლმე, რაც შეეძლო.თავს არასდროს მანებებდა, ყოველთვის მნახულობდა. ახლა ჩემი ნატვრა ისღაა, აქ გადმომისვენონ ჩემი შვილიშვილი და თავისი მამის გვერდით დაკრძალონ. ჩემთვის გამოძიებასაც აღარაფერი აზრი აქვს. აღარ მყავს ორი ვაჟკაცი, რძალი და ახლა დათაც. რა აზრი აქვს, საერთოდ, ჩემს ცხოვრებას?“ - ამბობს ლიზიკო ბებია.
ასევე ნახეთ რა ვერსიები ვრცელდება ლიბიაში დაღუპული დავით რაზმაძის შესახებმამუკა დიასამიძემ დათო რაზმაძე ბათუმში გაიცნო. რამდენიმე წლის წინ ერთ გემზე მოხვდნენ სამუშაოდ. დიდ დროს ატარებდნენ ერთად. ოდესაში ერთ-ერთი ჩასვლისას გადაწყვიტეს, რომ ერთნაირი სვირინგები გაეკეთებინათ. დათოს მეზღვაურობა ისე უყვარდა, რომ მთელ მკლავზე იალქნიანი გემის ტატუ გააკეთებინაო, - ამბობს მამუკა. მას მეგობრის დაღუპვასთან დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს.
„ძალიან პასუხისმგებლიანი ბიჭი იყო, უყურადღებო არ იყო. გამორიცხულია, რომ მაგას ვახტა დაეტოვებინა და სხვა საქმეზე გასულიყო. მსგავსი არასოდეს გაუკეთებია, მუდამ პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს. მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ქალაქში მარტოც არ გავიდოდა. უკრაინის პორტებში ხშირად გვიხდებოდა ყოფნა და არასოდეს მარტო არსად წასულა. ზღვაში მოგზაურობისას მეზღვაურებს დიდი დრო აქვთ იმისთვის, რომ ერთმანეთს რაღაცები მოუყვნენ, გული გადაუშალონ. აგვისტოს ომის ამბებს იხსენებდა ხშირად და იმ ტკივილით ცხოვრობდა, რაც მის ოჯახს უბედურებად დაატყდა. მითუმეტეს, რომ ეს ყველაფერი თავისი თვალით ჰქონდა ნანახი“, - ასე იხსენებს დათო რაზმაძესთან გატარებულ დროს მამუკა დიასამიძე.
ლიბიაში დაკარგული მეზღვაური დავით რაზმაძე 21 იანვარს გარდაცვლილი იპოვეს საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე. მას ბოლო კონტაქტი დედასთან 6 იანვარს ჰქონდა, 7 იანვარს კი გაუჩინარდა. გემის მფლობელმა კომპანიამ ამის შესახებ ოჯახს 14 იანვარს აცნობა. ლიბიაში ექსპერტიზის პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობა ცხედრის გადმოსვენების საკითხში უკვე ჩართულია.