"ეს არ არის სფერო, სადაც მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები არის ყოველთვის გადამწყვეტი"

ლია მუხაშავრია, იურისტი, უფლებადამცველი

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში "პრეზიდენტის უფლებამოსილებები"-ს ჩამონათვალში წერია ორი სიტყვა: "შეიწყალებს მსჯავრდებულთ". საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლი განმარტავს:

1. შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ.

2. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.

3. სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.

მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. როგორც ცნობილია, ეს პრეზიდენტის ინიციატივაა და მიმდინარეობს კონცეფციაზე მუშაობა. ცნობილია ის, რომ სალომე ზურაბიშვილს არ მოსწონს შეწყალების ადრინდელი პრაქტიკა. ერთ-ერთი სიახლე, რაც მოსალოდნელია, შეწყალების კომისიის "იუსტიციის სამინისტროს ქვეშ" გადასვლაა. 26 მარტს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა:

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მუშავდება კონცეფცია, რომლის მიხედვითაც კომისია იმუშავებს იუსტიციის სამინისტროს ქვეშ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა განცხადება. თუმცა, შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტის დისკრეცია და ნებისმიერ შემთხვევაში შეწყალებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი“.

დღემდე არსებული პრაქტიკა ასეთი იყო - პრეზიდენტი თავად საზღვრავდა კომისიის შემადგენლობას - წევრებსა და თავმჯდომარეს. ჯერჯერობით უცნობია, შეიცვლება, თუ არა ეს წესიც. შეწყალების კომისიის ყოფილი წევრი, იურისტი, უფლებადამცველი, ლია მუხაშავრია რადიო თავისუფლების ეთერში:

"როცა პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, როგორც წესი, მისი სათათბირო ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებას უმზადებს მას და აძლევს რჩევებს, ბუნებრივია, უნდა მოქმედებდეს მის აპარატში, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ და უნდა იქმნებოდეს მის მიერ". ახლა უცნაური ვითარებაა, როცა პრეზიდენტი კი იღებს გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ, მაგრამ კომისია, რომელმაც უნდა გადაარჩიოს განცხადებები, იმოქმედებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქვეშ".

რაც შეეხება კომისიის შემადგენლობას, ლია მუხაშავრია თვლის, რომ მრავალფეროვანი შემადგენლობა გამართლებულია. მეტიც, ცნობილი ადვოკატი ფიქრობს, რომ შეწყალების კომისიაში ნაკლებად არის იურისტის ადგილი:

"მგონია, რომ შეწყალების კომისიის მრავალფეროვნება სწორედ იმას ემსახურება, რომ საზოგადოების ყველა ფენის პოზიცია იყოს - თუ ვინ შეიწყალოს მან და რატომ. შეწყალება ხომ ჰუმანური აქტია! ეს არის ძალიან კარგი ღონისძიება, რაც შეიძლება სახელმწიფომ და პრეზიდენტმა განახორციელოს. მე რომ ვიყო პრეზიდენტი, ყოველდღე შევიწყალებდი ვიღაცას და ამით ჩემთვის მოვიწყობდი ჰუმანიზმის დღესასწაულს ყოველდღე და ამით ვიქნებოდი ბედნიერი, მაგრამ ესეც პრეზიდენტის გადასაწყვეტია, რა თარიღს დაუკავშირებს შეწყალებას".

არ არის გამორიცხული, კვლავ შევიდეს ცვლილება კრიტერიუმებში, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსჯავრდებული. ლია მუხაშავრია არ თვლის, რომ კრიტერიუმები ყველა შემთხვევაში ვერ განაპირობებს საბოლოო გადაწყვეტილებას:

"ცხოვრება თავად ქმნის გარემოებებს, როცა ადამიანის შეწყალება არის გამოსავალი და უფრო მეტი სიკეთე, ვიდრე ამ გარემოების უგულებელყოფა. ამიტომ, კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ შეწყალება არის სწორედ ის აქტი, როცა კრიტერიუმების გარეთ და მათგან განსხვავებით უნდა მოხდეს შეწყალება, ან შეწყალებაზე უარის თქმა. იყო შემთხვევა, როცა დაზარალებულმა ითხოვა, რომ არ შეგვეწყალებინა და მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული აკმაყოფილებდა შეწყალების კრიტერიუმებს, გავითვალისწინეთ დაზარალებულის არგუმენტი და იყო შემთხვევა, როცა ოჯახის წევრი ითხოვდა, რომ შეწყალება არ ყოფილიყო გამოყენებული და ჩვენ ეს გავითვალისწინეთ".

ლია მუხაშავრია საქართველოს პრეზიდენტს ურჩევს:

"ვურჩევდი მას, ძალიან კარგად დაუფიქრდეს ამ საკითხს: ვინ იქნება კომისიის წევრი, როგორ იმუშავებს ეს კომისია, რამდენად იქნება ეს კომისია ურთიერთობაში პირადად პრეზიდენტთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კომისიის ერთ წევრსაც შეუძლია ვითარება მთლიანად შემოატრიალოს. თუ ეს ინსტიტუტები დანაწევრდება და ერთმანეთთან კომუნიკაციაში არ იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვნად დააზიანებს თავად პრეზიდენტის ინსტიტუტს".

Your browser doesn’t support HTML5

ლია მუხაშავრია პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე