რუსეთის სამხედრო უწყება ადასტურებს ბრძოლებში 498 სამხედრო პირის დაღუპვას და 1600-ის დაჭრას, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს ბროლებში ჯამში 12 ათასამდე რუსი ჯარისკაცის დაღუპვის, დაჭრისა და ტყვედ ჩავარდნის შესახებ უკრაინის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
ასევე ნახეთ უკრაინა და რუსეთი აქვეყნებენ მონაცემებს ერთმანეთის დანაკარგების შესახებამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ბოლო რამდენიმე დღეში ორჯერ განაცხადა, რომ უკრაინაში არ გაუგზავნიათ და არც მომავალში გააგზავნიან ვადიან სამხედრო მოსამსახურეებსა და რეზერვისტებს.
- შეიძლება თუ არა პუტინის ამ სიტყვების ნდობა?
- რამხელაა სინამდვილეში რუსეთის დანაკარგები უკრაინის წინააღმდეგ ომში?
- და კიდევ დიდხანს ეყოფა თუ არა რუსეთს ადამიანური და მატერიალური რესურსები ამ ომში?
ამ და სხვა საკითხების გარშემო უკრაინელ სამხედრო ექსპერტს, ლეონიდ პოლიაკოვს, „ნასტოიაშჩეე ვრემია“ დაუკავშირდა.
„ამ მომენტისთვის რუსეთმა უკრაინაში უკვე შეიყვანა 150 000 კაცი“
ლეონიდ პოლიაკოვი: „ჩვენ აშკარად დავრწმუნდით, რომ პუტინის სიტყვებისადმი ნდობა საკუთარი თავის უპატივცემულობას ნიშნავს. ის გამუდმებით ცრუობს. იგი ხელმძღვანელობას არა ლოგიკით, არა გონებით, არამედ ხელმძღვანელობს რაღაც მითებით. და იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურება სიტუაცია, - ის ამ თავისი მითოლოგიის მძევლად და მსხვერპლად გადაიქცა.
იგივე შეეხება რუს წვევამდელებთან დაკავშირებულ სიტუაციას. რუსმა სამხედროებმა უკვე არაერთხელ აღიარეს, რომ ისინი წვევამდელებად გაიწვიეს უკრაინის საზღვარზე გამართულ წვრთნებში გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში. მათ მთელი ზამთარი გაატარეს საველე კარვებში, არაქათგამოცლილები არიან და ამბობენ, რომ ისინი ან აიძულეს კონტრაქტზე ხელის მოეწერათ, ან ვიღაცამ მათ მაგივრად მოაწერა ხელი კონტრაქტს. ამგვარად, იურიდიულად რუსეთში შეუძლიათ ამტკიცონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ, მაგრამ რეალურად ესენი წვევამდელები არიან".
- პენტაგონის თანახმად, უკრაინასთან ომში უკვე ჩააბარეს რუსეთის საბრძოლო ძალის თითქმის 100%. მინდა გთხოვოთ, რომ ადამიანურ ენაზე განგვიმარტოთ, თუ რას ნიშნავს „საბრძოლო ძალის თითქმის 100%“? და ეთანხმებით თუ არა პენტაგონის ამ შეფასებას?
ლეონიდ პოლიაკოვი: "მე დედანში არ წამიკითხავს ეს განცხადება. მაგრამ საქმე ისაა, რომ არსებული მონაცემების თანახმად, უკრაინის საზღვართან, ყირიმსა და ბელარუსში რუსეთმა თავი მოუყარა 200-ათასიან დაჯგუფებას. ამ მომენტისთვის რუსეთმა უკრაინაში უკვე შეიყვანა 150 000 კაცი, შესაძლოა მეტიც (ოფიციალურად ეს რიცხვები ჯერჯერობით არ არის დადასტურებული - რედ.), საიდანაც რუსეთმა ფაქტობრივად ერთი მესამედი დაკარგა მოკლულების, დაჭრილებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების თუ ტყვეების სახით. ასე რომ, ის, რომ შესაძლოა, რაღაც ნაწილი (არმიის) ბრძოლაში არ ჩაუბია, - ამას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ძირითადი ნაწილები, რომლებიც ინტერვენციისათვის იყვნენ განკუთვნილი, უკვე ჩააბა ბრძოლაში (ოფიციალურად ეს რიცხვები ჯერჯერობით არ არის დადასტურებული - რედ.). ვფიქრობ, და ამის ნიშნები არსებობს, რომ სინამდვილეში რაღაც ნაწილები მაინც დარჩა. მაგალითად, თუ თქვენ მოიძიებთ იმ „წვრთნების“ ვიდეოკადრებს, რომლებიც უკრაინის საზღვრის გასწვრივ ჩატარდა დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში, მრავალ კადრში ნახავთ ქვეითთა ისეთ ტექნიკას, როგორიცაა БМП-3. ეს გახლავთ ყველაზე ბოლო გამოშვება და მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, ამ მანქანების მიღება სულ ახლახან დაიწყეს რუსეთის ზოგიერთი ქვედანაყოფის შეიარაღებაში. ქვეითთა ამ ჯავშანმანქანებს აქვს ორი შეწყვილებული ქვემეხი: ერთი გლუვლულიანი 100-მილიმეტრიანი და მეორე 30-მილიმეტრიანი, ავტომატური. უკრაინის შეიარაღებაში ის მე არ შემინიშნავს“.
- სამხედრო ექსპერტის ხელთ არსებული ცნობით, ასეთი ტექნიკა სავარაუდოდ შეიარაღებაში აქვს რუსეთის 1-ელ სატანკო არმიას, რომელიც სადღაც ელნიასთან მდებარეობს. გამოდის, რომ ასეთი ჯავშანტექნიკა ჯერ არ შეუყვანიათ უკრაინაში, ან საერთოდ არ აპირებენ შეყვანას შეზღუდული რაოდენობის გამო.
ლეონიდ პოლიაკოვი: "ცხადია, რომ ჯერ კიდევ შეიძლება 20-30 ათასი ჯარისკაცის მოძებნა, რომლებიც რუსეთს შესაძლოა ჯერ კიდევ არ შეუყვანია უკრაინაში - ყირიმიდან, ან რუსეთის ტერიტორიიდან. შესაძლოა, იგივე რაოდენობა მოაგროვონ შორეულ აღმოსავლეთში, შუა აზიაში, ციმბირსა და კავკასიაში. მაგრამ ეს არის გაერთიანებული ნაწილები, რომლებიც ინტერვენციის გეგმის თანახმად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად არ იყვნენ განკუთვნილი. ეს ნიშნავს, რომ ბრძოლაში ამ ნაწილების ჩაბმა ყველა ვადის მიხედვით ძალიან გაიწელება. თანაც ამ ჯარისკაცებს მოტივაციაც არ აქვთ შესაბამისი. ასე რომ, ეს ძალიან პრობლემატური იქნება.
ამიტომაც ვხედავთ ჩვენ ახლა უკრაინაში აგონიის რეჟიმში რუსეთის უკანასკნელ მცდელობებს, რომ წაიწიოს რაც შეიძლება წინ და ხელთ იგდოს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია. მაგრამ ისინი უკვე განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენენ იმიტომ, რომ რუსეთის ძალა ყველა მხრიდან ჩანს, კონტროლირებადი და თანდათანობით განადგურებადია".
- თქვენ ფიქრობთ, რომ რუსი სამხედროები ვერ შეძლებენ უკრაინის სიღრმეში ღრმად შესვლას?
ლეონიდ პოლიაკოვი: "მე მხედველობაში მაქვს ის, რომ მათ უკვე ესმით, რომ ჩვენ უკვე ვაჩერებთ და წარმატების განვითარებას ისინი უკვე ვეღარ შეძლებენ. ამიტომ შემდგომი მოლაპარაკებებისა და ამ ინტერვენციის შედეგების საბოლოო გადაჭრის გადაწყვეტილების თაობაზე გარიგების ინტერესებიდან გამომდინარე, რუსებს სურთ დაიკავონ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია. და პარალელურად წინააღმდეგობის გაწევისთვის შური იძიონ უკრაინელებზე და გაანადგურონ ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმისა და სხვა დასახლებული პუნქტები. ანუ ჩვენ ვხედავთ ტიპურ რუსულ სტრატეგიას: თუ მტერი არ ნებდება, მაშინ მასზე შური უნდა იძიო და მიაყენო რაც შეიძლება დიდი ზარალი. ვფიქრობ, რომ უახლოესი კვირის განმავლობაში ჩვენ ნელ-ნელა დავიწყებთ მოწინააღმდეგის უკუგდებას - ეს არის ის, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ხარკოვში; ან - მის განადგურებას, როგორც ნიკოლაევში მოხდა, ან შევაჩერებთ ისევე, როგორც კიევის მისადგომებთან“.
„რუსები როგორც კალიები, ისე მოიწევენ და მოიწევენ“
ამავე მოსაზრებას იზიარებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მთავარი მრჩეველი, ზორიან შკირიაკი, რომელიც უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შეუერთდა ომის პირველი დღიდან და სხვა ყოფილ თუ ამჟამინდელ მაღალჩინოსანთან ერთად იარაღით ხელში იცავს უკრაინის დედაქალაქს.
„სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ისეთი კოლოსალური დანაკარგი, რომელსაც რუსეთის არმია განიცდის უკრაინასთან ომის 12 დღის განმავლობაში, მას მთელი თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე არ განუცდია. ჩვენი ცა დაკეტილი რომ ყოფილიყო, ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ეფექტიანად აღვუდგებოდით წინ უკრაინის ტერიტორიაზე ამჟამად მყოფ პრაქტიკულად მთელ ქმედითუნარიან რუსეთის არმიას, რადგან მან (რუსეთმა) აქ გადმოისროლა პრაქტიკულად ყველაფერი, რაც მას გააჩნია. პრაქტიკულად ყველაფერი. დღესდღეობით რუსეთის ფედერაციის პრაქტიკულად მთელი ბრძოლისუნარიანი არმია იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე და რუსეთს ნაწილობრივ, მხოლოდ რაღაც მინიმალური რეზერვი დარჩა ბელარუსის ტერიტორიასა და ჩვენი საზღვრების მახლობლად. მაგრამ ისინი, იცით, როგორც კალიები, ისე მოიწევენ და მოიწევენ და ამიტომ არის ახლა ჩვენთვის გადამწყვეტი საზღვრის ჩაკეტვის საკითხი. ღმერთმა არ ქნას და, ვთქვათ ასე, თუ უკრაინა დაეცემა, ის (პუტინი) წავა უფრო შორს: შეუტევს პოლონეთს, შეუტევს ბალტიისპირეთს. და საჭიროა, რომ ეს ბოროტება ჩვენ ყველამ ერთად შევაჩეროთ“, - უთხრა ზორიან შკირიაკმა რადიო თავისუფლებას.
- რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
- რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 მარტს ისიც განაცხადა, რომ მოკლულია 2870-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო, დაჭრილია დაახლოებით 3700 და ტყვედ აყვანილია - 572.
- სხვა წყაროებით, როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მიერ გავრცელებული ცნობების გადამოწმება ვერ ხერხდება.
ავტორები: „ნასტოიაშჩეე ვრემია“, კობა ლიკლიკაძე