ლელა კუკავა: ამ ქვეყანას სიკეთე მინდა რაღაცით დავუბრუნო

ლელა კუკავა თავის ბისტროში სტუმრებს ჯანსაღი კვების გარდა ოჯახურ გარემოსაც ახვედრებს.

ლელა კუკავა უკვე 21 წელიწადია ოჯახთან - ორ შვილთან, ანასა და ნიკასთან ერთად პრაღაში ცხოვრობს. 

ლელას ბისტროს Fair Food Club-ი ჰქვია და ის ცენტრში, კარლის მოედანთან, უნივერსიტეტთან მდებარეობს. მისი ხაჭაპურის გემო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც და პროფესორებმაც იციან. ლელა კუკავა ჯანსაღი კვების გარდა ოჯახურ გარემოს ახვედრებს სტუმრებს.

Your browser doesn’t support HTML5

ლელა კუკავა: ამ ქვეყანას სიკეთე მინდა დავუბრუნო

ჩვენი სტუმრობის წინა დღეს ლელამ ებრაულ თემს უმასპინძლა - იქ, ბისტროში იზეიმეს პასექი. ამ ისტორიულად და ტრადიციულად ჩეხურ-გერმანულ-ებრაულ ქალაქში ებრაული თემი თავის მნიშვნელოვან დღესასწაულებს ლელა კუკავასთან აღნიშნავენ ხოლმე.

ემიგრანტები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც სამშობლოში ჩასვლის უფლებას მხოლოდ ლტოლვილის ან მსგავსი სტატუსის მოპოვების შემდეგ ახერხებენ, თავისებურად ემოციური ხდებიან სამშობლოში ჩასვლის მომენტისთვის. ალბათ, რამდენიმე ემიგრანტიცაა, იმდენი განსხვავებული ფიქრია საქართველოში დიდი ხნის მერე ჩასვლის დროს. ლელა კუკავა მართლა დიდხანს არ იყო ნამყოფი საქართველოში და თავისებური შოკი მოჰგვარა კვლავ იქ მოხვედრამ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო შვილების შეხვედრა სამშობლოსთან, ნიკა და ანა სულ პატარები იყვნენ, როცა ჩეხეთში ჩამოიყვანა დედამ.

სწორედ იმ დღეს, როცა ამ პოდკასტს ვწერდით, ბისტროში ლელას თავისი ქალიშვილი, ანა ეხმარებოდა, ის მსახიობია, თეატრის არტისტობა ისურვა. ვაჟიც ხელოვანია, კინოზე უჭირავს თვალი.

ლელა კუკავას სურს ადამიანებს თავისი გამოცდილება გაუზიაროს, განსაკუთრებით ქალებს, რომლებიც თავს სწირავენ შვილების და ოჯახისთვის, უცხოეთში უწევთ მძიმე შრომა და ფულის დაზოგვის მიზნით, ექიმთან სიარულს თავს არიდებენ. ამაზე საუბარი ათენელ ხელოვანთან, გურამ ჩაჩანიძესთანაც გვქონდა ამასწინათ, ჩვენს პოდკასტში, როცა საბერძნეთში გადახვეწილი ქალების შესახებ ვისაუბრეთ. ლელა კუკავას სურს ამ ქალებს, მიგრანტებს სულ მოკლედ უთხრას, რომ თავს მოუარონ, საკუთარ თავს მიხედონ.