ჭიათურაში შიმშილობას აგრძელებენ „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები. გრძელდება გაფიცვაც. როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესი და უზრუნველყოფილი იყოს მოშიმშილეთა და სხვა გაფიცულთა უფლებები? რა პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას?
ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) განცხადებით გამოეხმაურნენ ჭიათურელების პროტესტს:
„მოვუწოდებთ შპს “ჯორჯიან მანგანეზს”, გაითვალისწინოს გაფიცულთა სამართლიანი მოთხოვნები და პატივი სცეს დასაქმებულების შრომით უფლებებს და შრომის კანონმდებლობას. გარდა ამისა, მოვუწოდებთ კომპანიას, თავი შეიკავოს დასაქმებულებზე ზეწოლისგან, სასამართლოსა და სამართალდამცავების ჩართულობაზე აპელირებით.
მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს საწარმოში შრომის უსაფრთხოების წესებისა და შრომითი უფლებების დაცვა და ამავე დროს, იყოს გარანტი დასაქმებულების უფლებისა, იბრძოლონ საკუთარი უფლებებისა და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის“.
EMC-ს იურისტი, ლელა გვიშიანი რადიო თავისუფლების ეთერში ხაზს უსვამს იმასაც, რომ გაფიცვა სპონტანურად მიმდინარეობს, პროტესტის მონაწილეებს არ ჰყავთ საინიციატივო ჯგუფი და ლიდერები:
„ეს გაფიცვა არ ჰგავს არც ერთს, რაც აქამდე ყოფილა. ეს არის აბსოლუტურად თვითორგანიზებული ჯგუფი, ლიდერის გარეშე. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ყველა უწყება ადეკვატურად ჩაერთოს და შეძლოს დასაქმებულების მხარდაჭერა“.
ლელა გვიშიანი მნიშვნელოვნად თვლის არსებული ვითარების სწორად შეფასებას:
„უნდა ვთქვათ, რომ ჭიათურაში მიმდინარე გაფიცვა არ არის მხოლოდ დამსაქმებლისადმი გამოხატული უკმაყოფილება. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი და უგულებელყოფილი პრობლემები, რომლებმაც თავი იჩინა მიმდინარე მოვლენების სახით.
თუ კარგად მოვუსმენთ გაფიცულებს და მოშიმშილეებს, დავინახავთ, რომ მათი ძირითადი ადრესატები არიან კომპანია და სახელმწიფო, რომელმაც წლების მანძილზე არ მიაქცია ყურადღება და სათანადოდ არ აღიარა ის სოციალური პრობლემები - სიღარიბე, ჩაგვრა და ექსპლუატაცია, ეკოლოგიური კატასტროფა, რაც ხდება ჭიათურაში - პრობლემების მთელი ჯაჭვი, რომელიც გაუსაძლისს ხდის ჭიათურელებისთვის ცხოვრებას“.
მიმდინარე პროცესი გვაჩვენებს, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება.
EMC-ს იურისტი საუბრის დასასრულს ამბობს:
„ადამიანების სამართლიან და კანონიერ მოთხოვნებს დაიცავს საზოგადოება. მინდა ამის მჯეროდეს. საზოგადოება დაიცავს ჭიათურელების მოთხოვნებს, რადგან ისინი არ არის ექსკლუზიურად ჭიათურელების“.
Your browser doesn’t support HTML5