ლეილა მუსტაფაევა: აფგანის იზოლაციას ციხეშიც ცდილობენ

თბილისიდან ორი წლის წინ გატაცებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტისა და აქტივისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა სოციალურ ქსელში ციხეში მუხთარლის მდგომარეობის შესახებ წერს და შენიშნავს, რომ არსებობს პროვოკაციის საფრთხეც.

„აზერბაიჯანის ციხის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს მის იზოლაციას თავად ციხის შიგნითაც კი“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

აფგან მუხთარლის, რომელიც 2018 წლის იანვრიდან იხდის სასჯელს ბაქოს ციხეში, მისი მეუღლის განცხადებით, ფაქტობრივად ყველანაირი სახის კომუნიკაცია შეზღუდული აქვს.

  • მას არ შეუძლია საუბარი სხვა პატიმრებთან, რადგან მათ ეუბნებიან, რომ მუხთარლისთან ზედმეტი კონტაქტის შემთხვევაში პრობლემა შეექმნებათ.
  • აფგან მუხთარლის არ აწვდიან მისთვის გაგზავნილ წიგნებს.
  • ასევე მას არ გადაეცა ლეილას მიერ მისთვის გაგზავნილი ფული, სანამ ამაზე თავად ლეილა მუსტაფაევა საჯაროდ არ ალაპარაკდა.

Your browser doesn’t support HTML5

ლეილა მუსტაფაევა: ჩემი ბრძოლა შეწყდება მაშინ, როცა საქართველოს მთავრობისგან პასუხებს მივიღებ

და რაც ყველაზე მთავარია, გასულ კვირას მის ადვოკატს, ნამატ ქერიმლის, რომელსაც აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის ლიდერიც ახლდა, არ მისცეს ჟურნალისტის მონახულების უფლებვა იმ მოტივით, რომ „სამუშაო დღე არ იყო“.

ლეილა მუსტაფაევამ ასევე გვითხრა, რომ აფგან მუხთარლის დაპატიმრების დღიდან არა აქვს თავის მეგობრების ნახვის უფლება. მასთან შეხვედრა მხოლოდ მის ადვოკატს და მის ძმებს აქვთ : „თუმცა, როგორც გითხარით, წინა კვირაში მასთან არც ადვოკატი შეუშვეს“, - შენიშნავს ლეილა მუსტაფაევა, რომლის სიტყვებით, ასე ექცევიან თითქმის ყველა პოლიტიმარს აზერბაიჯანში,

აფგან მუხთარლი უცნობმა პირებმა თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაიატაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ბოლოს კი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით.

2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლეილა მუსტაფაევამ, რომელიც დღეს ქალიშვილთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს, ჩვენთან საუბარშიც არაერთხელ განაცხადა, რომ მთელი ამ ორი წლის განმავლობაში მან ვერ მიიღო პასუხი მომხდარზე საქართველოს სამართალდაცავი უწყებებისგან.

რადიო თავისუფლებამ საქართველოს გენერალურ პროკურატურასაც ჰკითხა, რა ეტაპზეა მუხთარლის საქმის გამოძიება. პასუხს ამ დროდმე ველოდებით.