საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე მსჯელობა კვლავ გაააქტიურა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორ ლუკ კოფის იდეის ხსენებამ. განცხადება და კომენტარები ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა თბილისში გამართულ ორდღიან კონფერენციაზე. მან რადიო თავისუფლებას უთხრა: „ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატოში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იმავე კითხვას“.
საკითხის წამოწევას მისი მომხრეებისა და კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი ალბათობით, წელიწადზე მეტი ხნის წინ კონკრეტული ანგარიშის ფარგლებში გასაჯაროებული იდეა საქართველოში პოლიტიკური თუ საექსპერტო დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცევა. თავისთავად ამ თემაზე ფართო დისკუსიის საჭიროებას უსვამს ხაზს ლევან კახიშვილი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) პოლიტიკის ანალიტიკოსი. ლევან კახიშვილი გასული წლის დასაწყისში თბილისში ყოფნისას გაესაუბრა კიდეც ლუკ კოფის. ამ დიალოგის ტექსტური ვერსია გამოქვეყნდა კიდეც GIP-ის საიტზე.
რადიო თავისუფლების ეთერში ლევან კახიშვილი ამბობს:
„ყველა აღნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ეს ჩაიწერა ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში და ყოველი შემდეგი დეკლარაცია ამას იმეორებს. ოფიციალური პირები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი გააჩნია იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი. შესაბამისად, მთავარი გამოწვევა არის კონფლიქტები და ეს იდეაც არის ამ კონფლიქტების გამოწვევის ერთგვარი გადაწყვეტა. რამდენად მისაღები გადაწყვეტაა, ამაზე უკვე უნდა მოხდეს შეჯერება საქართველოში და ასევე ნატოში, რადგან გადაწყვეტილება არის ორმხრივი“.
რაც შეეხება ლუკ კოფის იდეას, ლევან კახიშვილი თვლის, რომ მისი განხორციელება მეტ დაცულობას მოუტანდა საქართველოს:
„თუ დავუშვებთ, რომ მსგავსი რამ მოხდება - საქართველოს მიიღებენ ალიანსში ისე, რომ მე-5 მუხლი არ გავრცელდება აფხაზეთსა და სამხრეტ ოსეთზე და საქართველო გახდება ნატოს წევრი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია, წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც განვითარდეს. რაც უფრო მაღალია დაცულობა, უსაფრთხოება, მით მეტია ინვესტიციები, მეტია ბიზნესის დაცულობაც. რაც შეეხება ფიზიკურ კედელს, ის უკვე არსებობს. რუსეთი მას ხან აქ დადგამს და ხან იქ. ყველა კედელი აუცილებლად უნდა დაინგრეს. შესაბამისად ძალიან ხანგრძლივ პერიოდზე უნდა მოხდეს საქართველოს მიერ გათვლა“.
Your browser doesn’t support HTML5