COVID-19-ის გავრცელების ფონზე საქართველოს აზერბაიჯანული თემი არაერთხელ აღმოჩნდა ქსენოფობიური გამოხატვის სამიზნე. ამ თემაზე რადიო თავისუფლება ბოლოს სულ ორიოდე დღის წინაც წერდა - იმის შესახებ, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მომხდარს მოჰყვა.
პოლიტიკის ანალიტიკოსი და ონლაინგამოცემა „სიგნუმის“ დამფუძნებელი ლევან კახიშვილი ბლოგით გამოეხმაურა აჟიოტაჟს, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ფეისბუკის პოსტს მოჰყვა. ის რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ მისი მიზანი არა მხოლოდ ერთი ადამიანის პოზიციის, არამედ საქართველოს საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებული განწყობების პრობლემურობის გამოკვეთა იყო:
„ვთვლი, რომ მხოლოდ პოზიციის გამოხატვა არ არის საკმარისი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ეს პოზიცია უბრალოდ ვიღაცის იდეებს და მოსაზრებებს ეფუძნება. აუცილებელია, რომ პოზიციაში, მოსაზრებაში გამოსჭვიოდეს მტკიცებულებები. სწორედ მტკიცებულებებზე დამყარებული პოზიციები გვჭირდება, არა მარტო ამ თემასთან დაკავშირებით, არამედ ნებისმიერ სფეროში.
მტკიცებულებები თავისთავად მიგვითითებენ, რა მოსაზრება და პოზიცია უნდა ჩამოგვიყალიბდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ პოზიციის სახით მონაცემებზე დაფუძნებით დამეწერა სტატია და არა უბრალოდ მეთქვა, რომ განცხადება არის რასისტული, ქსენოფობიური და აღვივებს შუღლს.
ამ სტატიაში შევეცადე მეჩვენებინა არა მხოლოდ ერთი ადამიანის დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ, არამედ საზოგადოებაში არსებული განწყობები და ეს ყველაფერი დამეპირისპირებინა იმ გავრცელებული რწმენისათვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ქართველი ერი არის შემწყნარებელი.
პარადოქსულ მდგომარეობას ქმნის მონაცემები, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ეს გავრცელებული რწმენა“.
მეტიც, ლევან კახიშვილისთვის იმპულსი აღმოჩნდა ეთნიკური უმცირესობის ერთი წარმომადგენლის წერილი, რომელიც ინტერნეტგამოცემა „პუბლიკაში“ გამოქვეყნდა:
„რამაც მაიძულა ამ ბლოგის დაწერა, იყო ელმადინ მამედლის წერილი. საქმე ის არის, რომ ელმადინ მამედლი თავის წერილს იწყებს დათქმით: ის სთხოვს მკითხველს, არ შეიტანოს მასში ეჭვი, რომ ის რეალურად არის საქართველოს პატრიოტი. აი, როცა საქართველოს მოქალაქეს ასე უწევს საუბარი საკუთარ სამშობლოზე, უკვე გვაქვს პრობლემა - პრობლემა მოქალაქეების ჯგუფებს შორის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არის ეთნიკური ჯგუფები. სწორედ ამიტომ არის საჭირო ეთნოსთა შორის დიალოგი საქართველოში, რომ გავიაზროთ, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნვის ყველა მოქალაქეს თანაბრად და სახელმწიფო ყველა მოქალაქეს თანასწორად უნდა აღიქვამდეს. არ უნდა არსებობდნენ პრივილეგირებული ეთნიკური ჯგუფები და ჩაგრული ეთნიკური ჯგუფები, თუკი გვინდა, რომ რეალურად ფუნქციონირებადი სახელმწიფო ავაშენოთ“.
ლევან კახიშვილი ეხმაურება საქართველოში, ეთნიკურ უმრავლესობაში გავრცელებულ ზოგიერთ მოსაზრებას, მათ შორის - ეთნიკური უმცირესობების ნაწილის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის შესახებ:
„ეს დამოკიდებულება, რომ ისინი დიდი ხანია აქ ცხოვრობენ და არანაირი პრობლემა არ ექმნებათ, არის ზუსტად პრობლემა. საქართველოს მოსახლეობის მეოთხედს ჰგონია, რომ ეთნიკურ უმცირესობებს არანაირი პრობლემა არ აქვთ საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რა პრობლემებს აწყდებიან საქართველოში ეთნიკური უმცირესობები.
თუკი გვინდა, რომ განათლება, ჯანდაცვა ან რაიმე ტიპის მომსახურება არ არსებობდეს ქართულის გარდა სხვა ენაზე საქართველოში, მაშინ სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ მისმა ყველა მოქალაქემ ისწავლოს სახელმწიფო ენა. ენის შესწავლა არ არის მოქალაქის ვალდებულება მაშინ, როცა ის არ იბადება იმ ენის გარემოში, რომელშიც მარტივად, ბუნებრივად აითვისებდა ენას.
მაგალითად, თუკი ჩავალთ ჯავახეთის რეგიონში - ახალქალაქსა და ნინოწმინდაში - 95%-ზე მეტი არის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა. ისინი ბუნებრივად ქართულ ენას ვერ შეისწავლიან, რადგან მათ გარშემო ქართული ენა არ არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფომ ეთნიკური ქართველები უნდა ჩაასახლოს ამ რეგიონებში. ეს ნიშნავს იმას, რომ განათლების სისტემა უნდა იყოს საკმარისად გამართული იმისთვის, რომ მოსწავლემ სკოლაში შეძლოს ენის სწავლა და როცა სკოლას დაამთავრებს, შეეძლოს ამ ენაზე მეტყველებაც და წერაც. შესაბამისად, პრობლემას არ უნდა ვეძებდეთ ადამიანებში, არამედ იმ სისტემაში, რომლითაც ენას ვასწავლით საკუთარ მოქალაქეებს“.
სოციალური ქსელების მომხმარებელთა და რადიო თავისუფლების აუდიტორიის ნაწილი გამოხატავს უკმაყოფილებას და აგრესიას იმის გამო, რომ, მაგალითდ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს ქართულ ენას და პანდემიის დროს სახელმწიფო არ არის ვალდებული მათ აზერბაიჯანულ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია. ლევან კახიშვილისთვის სრულიად ნათელია, რომ ასეთი ხედვა თავად ქმნის საფრთხეს და კვლავ უბრუნდება სახელმწიფო ენის სწავლებაში სახელმწიფოს მიერ გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებს:
„ამგვარი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
„1+4“ იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს ასწავლიდა ენას, მაგრამ მას აქვს შეზღუდვა - ახალგაზრდებზეა გათვლილი. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ვინც აბარებს, ერთი წელი ქართულს ისწავლის და მერე ქართულად ისწავლის 4 წელი. ამით ვერ ვასწავლით ენას იმ ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტებში არ მიდიან, ანუ უფრო ასაკოვან ადამიანებს. შესაბამისად, ამ ადამიანებისთვის სხვა სამიზნე პროგრამა უნდა შეიქმნას, ან უნდა იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა მათთვის გასაგებ ენაზე. ორი გამოსავალი გვაქვს. უნდა ავირჩიოთ. ორივეს სჭირდება დრო, ენერგია, დაგეგმვა, ხარჯები და ა.შ..
მარნეულში პირველი ინფიცირების შემდეგ გაგვახსენდა, რომ თურმე გვყავს ეთნიკური უმცირესობა, რომელსაც ქართული ენა არ ესმის. ეს არ დაფიქსირდა გადაწყვეტილების მიმღების გონებაში, რომ შეიძლება ვებგვერდი გავაკეთოთ არაქართულ ენაზეც. სხვათა შორის, პირველი თარგმანი ინგლისური იყო და არა აზერბაიჯანული, სომხური, აფხაზური, ოსური. სწორედ დამოკიდებულება გამოსჭვივის ამ ყველაფერში, რომ არ ფიქსირდება უმრავლესობის გონებაში ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“.
პოლიტიკის ანალიტიკოსის თქმით, საქართველოში ეთნოსებს შორის კავშირის, დიალოგის არარსებობა ქვეყანას კიდევ უფრო დიდ პრობლემებამდე მიიყვანს და არგუმენტი, რომ რომელიმე ქვეყანაში ქართულენოვანი მოსახლეობის რომელიმე უფლება არასათანადოდ ან სულ არ არის დაცული, არ გამოდგება:
„რატომ ვიღებთ სწორებას ცუდ მაგალითზე? ავიღოთ კარგი მაგალითი - როგორ ავაშენოთ სახელმწიფო.
ქართველები, რომლებიც უმრავლესობა ვართ საქართველოში, არ მიიჩნევენ ეთნიკურ უმცირესობებს ქართველებად (საქართველოს მოქალაქეებად). ამიტომ ჩნდება პრობლემები.
რაც შეეხება კომუნიკაციას, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გვიჭირს ეროვნულ უმცირესობებთან კომუნიკაცია. ეს პრობლემა დაფიქსირდა, რაც ძალიან კარგია და უნდა მოგვარდეს. გზები უნდა გამოინახოს“.
რაც შეეხება ფობიებს - შიშებს, თუკი ისინი იქნება სახელმწიფოს ეთნიკური უმრავლესობის და პოლიტიკის მამოძრავებელი, რეალურ და სერიოზულ საფრთხეებამდე მიიყვანს ქვეყანას:
„ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება და ტრავმული მეხსიერება კონფლიქტების, სეპარატიზმის, ომების. ეს საზოგადოებაში დალექილია და სავსებით ბუნებრივია, რომ აქვს შიში შემდგომი კონფლიქტებისა, რომლებიც ჯერ არ მომხდარა. მაგრამ, პრობლემა ის კი არ არის, რომ თუკი ვინმე არაქართველია, ის აუცილებლად მოითხოვს სეპარატიზმს, პრობლემა ის არის, რომ თუკი ადამიანი არ გრძნობს საქართველოს ნაწილად თავს, ის აუცილებლად მოითხოვს ცალკე გასვლას. ეს არის ის, საიდანაც შემდეგ კონფლიქტები იწყება“.
ერთ-ერთი მსმენელის შეკითხვას - „სად არის ოქროს შუალედი?“, ლევან კახიშვილი პასუხობს:
„ოქროს შუალედი არის თანასწორობაში, სწორედ იმაში, რომ არავინ იდგეს ვინმეზე წინ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ზოგადად განათლების ხარისხის აწევაზე მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის - ქართული ენის სწავლების ხარისხის აწევაზე უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.
თუკი გვინდა, რომ მომავალში საქართველოს მოქალაქეებს შორის იყოს თანასწორობა და ყველას მიაჩნდეს საქართველო სამშობლოდ, ვინც საქართველოს მოქალაქეა, თუკი გვინდა, რომ ყველა ერთიანი საზოგადოების თანასწორი წევრი იყოს, უნდა გავაღვივოთ ის შეგრძნება, რომ ყველანი ერთ ნავში ვცხოვრობთ. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი დიალოგის წარმოებაც ეთნოსთა შორის და, ზოგადად, ფუნქციონირებადი სახელმწიფოს მშნებელობაც“.
Your browser doesn’t support HTML5