"კომპრომისული დიალოგის შემოთავაზებით დასავლელი პარტნიორები ცდილობენ ხელისუფლების გადანაწილების გარკვეული პროცესის ინიცირებას ქვეყანაში"

ლევან ბოძაშვილი, კონსტიტუციონალისტი

კონსტიტუციონალისტი, ლევან ბოძაშვილი NDI-ს ბოლო გამოკვლევის შედეგებიდან ყურადღებას ამახვილებს ერთ ნაწილზე, სადაც შეკითხვას - „თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?“ - გამოკითხული მოქალაქეების 59% უარყოფითად პასუხობს:

„თუ ჩვენ გვაქვს მოსახლეობის თითქმის 60%-ის დამოკიდებულება, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია, არის თუ არა ეს მაჩვენებელი და ასეთი მიდგომა ერთგვარი რევოლუციური სცენარის ლეგიტიმაციის საფუძველი? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი თვალთახედვით, ამ კვლევაში.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მეტად საპასუხისმგებლო ორგანიზაციებს აფინანსებენ სხვადასხვა მთავრობის დონორი ორგანიზაციები, ესენი შეიძლება იყოს USAID, UKAID - ბრიტანეთის და ამერიკის გადამხდელთა ფულია პირდაპირ, რაც ბუნებრივია, ყოველთვის ემყარება გარკვეულ ჩარჩოებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათ შორის არის სიტუაციის ადეკვატური შეფასების მოთხოვნა. როცა ისინი თანხას ხარჯავენ ასეთ მნიშვნელოვან კვლევებში, რომელსაც შეუძლია მეტ-ნაკლებად შეცვალოს განწყობითი დამოკიდებულებები საზოგადოებაში, ბუნებრივია, იქ გარკვეული ჩარჩოები ყოველთვის არსებობს.

ამიტომ, ასეთი ტიპის სურათი, რომელიც ახლა დავინახეთ, კითხვას ბადებს - ის მთავრობები, რომლებიც ასეთ კვლევებს აფინანსებენ, არიან თუ არა მომხრე, რომ ეს ყველაფერი იყოს საჯარო, აშკარა, სწორედ საარჩევნო წელს? აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული შორს მიმავალი დასკვნებიც, რაც შეიძლება შეშფოთების საფუძველიც კი იყოს, რომ სახელისუფლებო გუნდის მიმართ განწყობები ძალიან არის შეცვლილი დასავლეთში. ეს დაფინანსება სწორედ დასავლეთიდან მოდის და ეს ჩარჩოებიც ამ ყველაფერს ეთანხმება. ამიტომ არის სწორედ, რომ [პოლიტიკური] დიალოგი ჩვენი დასავლელი პარტნიორების ეგიდით მიმდინარეობს.

მათი ამოცანა არ ყოფილა, არ არის და დარწმუნებული ვარ, არც იქნება, რომ საქართველოში მოხდეს რაიმე ტიპის რადიკალიზაცია ან რევოლუციური სცენარების განხორციელება. სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი, ხელი შეუწყონ დიალოგს, პარტიებს შორის კონსენსუსის, კომპრომისის მიღწევას მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტზე - ეს არის საარჩევნო სისტემის საკითხი“.

ლევან ბოძაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური პარტიებისთვის არსებითია პოლიტიკური შედეგის მიღწევა, ძალაუფლების მიღება, რაც სრულიად ნათელია დასავლელი პარტნიორებისთვის:

„სწორედ ამ პროცესის - კომპრომისული დიალოგის შემოთავაზებით ისინი ცდილობენ ხელისუფლების გადანაწილების გარკვეული პროცესის ინიცირებას ქვეყანაში.

...რა უნდა მოხდეს ამ დიალოგის ფარგლებში: ჩემი ინფორმაციით და დაკვირვებით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების - ევროკავშირის, აშშ-ის, ევროსაბჭოს და ასევე ვენეციის კომისიის ინტერესია, რომ მიღწეულ იქნას კომპრომისი და შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ თუ პოლიტიკური სუბიექტები შეთანხმდებიან საარჩევნო სისტემაზე ან უდიდესი ნაწილი მაინც დაეთანხმება, ეს არის გამომრიცხავი რევოლუციური რადიკალიზაციისა. არავის ამ ქვეყანაში და არც დასავლეთში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს არ სურს რადიკალიზაცია საქართველოში. ეს აუცილებლად შეარყევს საქართველოს უსაფრთხოების გარემოს იმდენად, რომ შეიძლება ვეღარც გადავლახოთ დიდი ხნის განმავლობაში“.

რაც შეეხება დღეს არსებულ საარჩევნო სისტემას, რა პირობებს ქმნის ის, თუკი ვერ მოხერხდება მის შეცვლაზე შეთანხმების მიღწევა:

„აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური საკითხი: გვაძლევს თუ არა არსებული სისტემა საშუალებას, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მაქსიმალური მობილიზების, ქუჩის აქციების, რაიმე განსაკუთრებული - მოსახლეობის გამაღიზიანებელი კომპრომატების გამოფენის გარეშე შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა? იმის საშუალებას, რომ ჯანსაღი პროცესი განხორციელდეს, სისტემა არ იძლევა. ეს არის ყველაზე მთავარი.

...მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ იმ რეჟიმში, როცა ასეთი ტექტონიკური და ტურბულენტური მოძრაობები ესაჭიროება ოპოზიციას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს? ჩვენი დასავლელი პარტნიორების განწყობაც ეს არის, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს ისე, რომ ის თანაბარ პირობებში აყენებდეს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს“.

„დილის საუბრების“ სტუმარი არსებული პოლიტიკური გარემოს თანაშემოქმედად ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციას განიხილავს და რამდენიმე ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:

„ოპოზიციური პარტიები თვითონ აძლევენ ნიშას პოლიტიკურ ბაზარზე [საკითხების] დიდი ფულით გადაწყვეტას, როცა ისინი არ ელაპარაკებიან მოსახლეობას. თუ მათ მოსახლეობასთან სალაპარაკო არაფერი აქვთ და ცდილობენ ამ საარჩევნო სისტემებით მოახდინონ თავიანთი პოლიტიკური შედეგების მიღწევა, მაინც ვერ მოიპოვებენ იმ ლეგიტიმაციას.

...დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ვერავინ მოახერხა ერთ კონკრეტულ ამოცანასთან პოლიტიკური პერსონიფიცირება. კონკრეტული ეროვნული ამოცანა შეიძლება მდგომარეობდეს: ეკონომიკის გაჯანსაღებაში, სტრატეგიული მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ტექნოლოგიების განვითარებაში ნებისმიერ დიდ სოციალურ პროექტში. რაღაც ერთთან პერსონიფიცირება ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ მოახდინა, რომ ადამიანმა იცოდეს - ეს ადამიანი თუ მოვა, ამ მიზანს შეასრულებს. ჩერჩილი ომის მოგებიდან 4 თვეში გადაირჩიეს, რადგან ის პერსონიფიცირდებოდა ომის მოგებასთან. კარგი ხელისუფლება ყოველთვის არის ის, რომელიც მისცემს [ამომრჩევლებს] საშუალებას, მიზნის მიღწევის შემდეგ გადაირჩიონ. თუ მიზანი არ არის მიღწეული დიდი ხნის განმავლობაში, მაშინ რატომღა უნდა მთხოვო, რომ კიდევ დარჩე ხელისუფლებაში, და თუ მიაღწიე, რატომ არ გინდა, წახვიდე? თუ შეძლებ, ახალი მიზანი დააგენერირო, მაშინ კი, ბატონო, მთხოვე მხარდაჭერა, მაგრამ თუ ვერ შეძლებ, რა საფუძვლით უნდა მთხოვო მხარი დაგიჭირო.

...ვერ ვხედავ კონკრეტულ მიზანს პოლიტიკურ ველზე სოციალურ-ეკონომიკურს, დასაქმების და სხვა პრობლემატიკას რომ შევხედოთ, ტერიტორიული მთლიანობით დაწყებული და დამთავრებული საგარეო-პოლიტიკური წარმატებით, ინტეგრაციით და ა.შ. - რაღაც ერთმა ამოცანამ უნდა გააიგივოს მოსახლეობის შეხედულება თითოეულ პოლიტიკოსთან. მე თუ დავპირდები მოსახლეობას, რომ მოვალ და ყველაფერს გავაკეთებ, იქნება ტყუილი. არავის შეუძლია ყველაფრის გაკეთება“.

ლევან ბოძაშვილი აგრეთვე ამბობს, რომ ერთი მხრივ აქტუალურობა დაიბრუნა ფორმულამ „ყველა ერთის წინააღმდეგ“, თუმცა შეუძლებლად თვლის ოპოზიციის იმგვარ ერთიანობას, როგორიც ეს 2012 წელს იყო:

„პროპორციულის შემოთავაზება როცა გახმოვანდა ივნისის ბოლოს, მისი ერთ-ერთი მიზანი იყო (და მაშინ ამ ეთერში ვთქვი), რომ „ყველა ერთის წინააღმდეგ“ ფორმულა არ განხორციელებულიყო. ახლა მოხდა ისე, რომ ამ პროექტის ჩავარდნით „ყველა ერთის წინააღმდეგ“ ისევ დღის წესრიგში დგება. თუ ოპოზიცია შეძლებს ერთიანი იყოს და ერთიანი პლატფორმით გამოვიდეს... რაშიც მე ძალიან ეჭვი მეპარება, ეს შეუძლებელია პრაქტიკულად, რადგან სიტუაციაც არის განსხვავებული 2012 წლისგან და საარჩევნო მოთხოვნებიც სხვა არის, ფრუსტრაციაც თვისებრივად სხვა ტიპის არის. მიზიდულობის ცენტრი დღეს არ არსებობს ოპოზიციაში, ეს ცალსახად უნდა ვთქვათ“.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგების გამოქვეყნებისთანავე, მსჯელობის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცევა ხოლმე მის მიმართ ნდობა. ასე მოხდა ამჯერადაც. ტრადიციულად, ხელისუფლება ეჭვებს გამოთქვამს, ოპოზიცია კი უმეტესწილად ენდობა IRI-სა და NDI-ს დაკვეთით შესრულებულ გამოკვლევებს. ლევან ბოძაშვილი თვლის, რომ მოწოდებული ინფორმაცია ამომრჩეველმაც და პოლიტიკურმა სუბიექტებმად უნდა მიიღონ როგორც მოცემულობა და შესაბამისი დასკვნები გამოიტანონ:

Your browser doesn’t support HTML5

ლევან ბოძაშვილი NDI-ს გამოკვლევის შედეგებსა და პოლიტიკურ კონტექსტზე