ამბავი გილგამეშისა

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli (წიგნებსაც თავისი ბედი აქვთ) გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის უძველეს ძეგლზე, „გილგამეშის ეპოსზე“.

გილგამეში, უფრო ადრინდელი დაწერილობით „ბილგამეში“, ურუქის მეფე, შუმერისა და მთელი შუამდინარეთის უძველესი გმირია, რომელიც ისტორიულად არსებობდა დაახლ. ძვ.წ. 28-ე საუკუნეში. მის შესახებ ჯერ შუმერებმა შექმნეს ერთმანეთთან სიუჟეტურად დაუკავშირებელი ნარატივები, ხოლო შემდგომში აქადურ ენაზე ჩამოყალიბდა მისი ერთ მთლიან პოემად შეკრული ეპოსი. შუმერული და ასირიული ლიტერატურის ეს უდიდესი და უმდიდრესი ძეგლი დროთა განმავლობაში დაიკარგა, მაგრამ XIX საუკუნეში აშურბანიპალის ბიბლიოთეკის აღმოჩენის შემდეგ გამოვლინდა თიხის ფირფიტა, რომელზეც წარღვნის ეპიზოდი იყო აღწერილი. ბრიტანეთის მუზეუმის ახალგაზრდა თვითნასწავლმა მეცნიერმა ჯორჯ სმიტმა ამ ფირფიტის თაობაზე და ბიბლიასთან მის კავშირზე მოხსენება წაიკითხა. სენსაცია იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ „დეილი ტელეგრაფმა“ 1000 ფუნტი გამოყო ამ ისტორიის საწყისი და საბოლოო ფირფიტების გამოსავლენად. ასე აღმოჩნდა 12 ფირფიტა, რომლებზედაც აქადურ ენაზე სოლისებრი (ლურსმნული) დამწერლობით შესრულებული იყო გენიალური პოემა. ვინ იყო გილგამეში, როგორ შეიქმნა ენქიდუ, რა თავგადასავალი გადახდათ დამეგობრებულ გილგამეშსა და ენქიდუს, როგორ დაკარგა სიყრმის ყვავილი ურუქის მეფემ, რატომ ვერ მიაღწია გმირმა უკვდავებას, — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.