კვირა, 2 დეკემბერი
არასდროს დამიწერია დღიურები, თუ არ ჩავთვლით ღრმა ბავშვობაში მეგობრობის დღიურის შექმნის უშედეგო მცდელობას. არ ვიცი, რა სახით უნდა იყოს - ალბათ, აღწერილი უნდა იყოს ის, თუ რას ვაკეთებ და ასევე ის, თუ რას ვფიქრობ ამ დღეს. მგონია, რომ სოციალურმა ქსელებმა, იმავე პირწიგნაკმა წარმატებით იტვირთა დღიურის ფუნქციაც და ყველა აქტიური მოქალაქის ფაქტობრივი დღის წესრიგიც წარმოაჩინა. ყველასთვის ხელმისაწვდომია ის, თუ რას ფიქრობს ადამიანი, სად დადის, რა მოსწონს, რა ფილმს უყურებს, რა პოლიტიკური შეხედულება თუ კულინარიული ინტერესები აქვს. თუმცა დღიური მაინც უფრო სისტემატიზებული აღწერაა პიროვნების კონკრეტული დღის. ჩემთვის, მაგალითად, ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემი დიდი ბებიის, მარიამ ჯანდიერის, მოგონებების რვეულები, რომლებიც ბიძაჩემს, გია ავალიშვილს, საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული როგორც ოჯახის რელიკვია. დიდ ბებიას საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა. მისი მეუღლე, ჩემი დიდი პაპა ლუარსაბ ავალიშვილი, 1937 წელს დახვრიტეს და ის სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად საკუთარი თავის იმედად დარჩა ურთულეს გარემოში. ამ დღიურებიდან შევიტყვე ბევრი საინტერესო ფაქტი, ჩემი ოჯახის ფესვებთან დაკავშირებული; ახლოს გავიცანი დიდი ბებია და დიდი პაპა, რომელიც არასდროს მყავდა ნანახი, ვეზიარე მათი რთული ცხოვრების ისტორიას. არ მგონია მკითხველისთვის ასეთი საყურადღებო გამოდგეს ჩემი ცხოვრების ერთი კვირა, როგორც არ უნდა მოვინდომო მისი წარმოჩენა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ სიტყვაძუნწი ადამიანი ვარ, შეიძლება ის საინტერესო აღმოჩნდეს ჩემი შთამომავლობისთვის.
კვირა დღე, როგორც წესი, სიზარმაცის დღეა ჩემთვის. არ მინდა არც სადმე გასვლა და არც სამსახურებრივ თუ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე ფიქრი. მაგრამ 2 დეკემბერი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში კვლევის გაგზავნის ბოლო დღეა. შესაბამისად, დილით ჯერ უფროსი შვილი მიმყავს კომაროვის სკოლაში, იქიდან სამსახურში მივდივარ და კვლევის რედაქტირებას ვიწყებ დილის 10 საათზე. თვითონ კვლევა პარასკევს იყო მზად, მაგრამ გაგზავნამდე მინდა კიდევ ერთხელ გადავავლო თვალი. ერთი ასეთი თვისება მაქვს: რამდენჯერაც უნდა გადავხედო კვლევას, სტატიას თუ ნაშრომს, მასში აუცილებლად შემაქვს ცვლილებები. ვფიქრობდი, რომ ეს სულ 2 საათის საქმე იქნებოდა, მაგრამ რედაქტირება იქცა კვლევის ხელმეორედ ჩატარებად. გამომყავს ბავშვი სკოლიდან და კვლავ ვბრუნდები ოფისში. თავად კვლევის მიზანია საქართველოში არსებული ანტიკორუფციული მექანიზმების შესწავლა, რომელიც მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დაკვეთით ხორციელდება მთელ მსოფლიოში, საქართველოში კი - წელს პირველად. ვაგრძელებ ეგრეთ წოდებულ რედაქტირებას და ოფისში ისმის სატელეფონო ზარი. ვიღებ ყურმილს და, ჩემდა გასაოცრად, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტია, რომელიც მთხოვს ინტერვიუს საბიუჯეტო სახსრების განკარგვისა და ბიუროკრატიის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, არჩევნების პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საეჭვოდ იგეგმება დასაქმებულთა რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ფონდის გაზრდა.ნამდვილი შემთხვევითობაა, მე რომ დავხვდი ოფისში ჟურნალისტს, მაგრამ რადგან დავხვდი, ველი გადამღები ჯგუფის მოსვლას.
როგორც იქნა, მოვრჩი კვლევას, მივეცი ინტერვიუ და 5 საათიც გახდა. ჩვეულებრივი სამუშაო დღე გამოდგა კვირა. ოფისიდან გასვლამდე ფეისბუქსგადავხედე. გამახსენდა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ტრადიციულად, დამხვდა 2 ბანაკად გახლეჩილი ჩემი მეგობრების პოსტები. ერთი მხარე აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს, მეორე აზიარებს დრონებიდან გადაღებულ ვიდეოკადრებს, რითიც ხაზს უსვამს მიტინგზე მოსულ ადამიანთა მცირერიცხოვნობას. მახსენდება, რომ ეს უკვე განვლილი გვაქვს ოდესღაც - ვგულისხმობ საპროტესტო აქციებზე გამოსულ მომიტინგეთა რაოდენობის დათვლას. თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკური ოპონენტები საქართველოში კიდევ დიდხანს დარჩებიან ასეთი უაზრო შეჯიბრების რეჟიმში. ამავე დროს, ვცდილობ გავიხსენო განვითარებული დემოკრატიის რომელიმე ქვეყანა, სადაც პროტესტი იმართება არჩევნების მიუკერძოებლად და თავისუფლად ჩატარებაზე. სამწუხაროა, ვერ ვიხსენებ, რაც ნიშნავს, რომ მმართველობის სისტემა კვლავ ფუნდამენტურად გაუმართავია ჩვენს ქვეყანაში.
Your browser doesn’t support HTML5
ორშაბათი, 3 დეკემბერი
დილით ბავშვები მიმყავს სკოლაში, უფრო სწორად, ორი - სკოლაში და ერთი - ბაღში. მეოთხე თავისით მიდის სკოლაში, უკვე დიდი ბიჭია. თბილისური საცობების გავლით სამსახურში მივემართები. თითქმის ყველა მძღოლი დაძაბულია და ჩქარობს, რაც თბილისურ სინამდვილეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გამოიხატება. სამსახური ჩვეულებრივი რუტინით იწყება: ელექტრონული ფოსტის შემოწმება, ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება, ყველაფრის (დაწყებული პოლიტიკით, დამთავრებული სპორტით) ტრადიციული შიდა განხილვა.
ჩემი თანამშრომელი მიგზავნის კვლევას, რომელიც არც მახსოვდა, რომ უნდა დაეწერა. კვლევას, სახელწოდებით „V-Dem - დემოკრატიის ხარისხის ახალი საზომი“, საინტერესო ისტორია აქვს. ინტერნეტძიებისას აღმოვაჩინე, რომ არსებობს მეთოდი, რომლის გამოყენებითაც იზომება დემოკრატიის ხარისხი და დგინდება მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყნების რეიტინგები. შესაბამის მონაცემებს აგროვებს V-Dem Institute, რომელიც დაფუძნებულია შვედეთში, გიოტებორგის უნივერსიტეტის ბაზაზე. ეს არის სოციოლოგებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც 6 კონტინენტზე სხვადასხვა ქვეყნის 2 500-ზე მეტ საერთაშორისო ექსპერტთან ერთად მუშაობს ბაზებზე, რომლებიც 19 მილიონზე მეტ მონაცემს შეიცავს.
ამ გიგანტურ მონაცემთა ბაზაში აღმოჩნდა საქართველოს შეფასებაც, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზა წარმოდგენილი იყო ღია მონაცემების ფორმატით საქართველოში, ის არავის ჰქონდა დამუშავებული. მიხარია, რომ IDFI-ში ჩვენ გვყავს ისეთი მკვლევარები, ვისაც შეუძლია ასეთი მონაცემების დამუშავება. ასე და ამგვარად გადააქცია ჩვენმა თანამშრომელმა ბაზაში განთავსებული ციფრები 14-გვერდიან ანალიზად. ვკითხულობ ტექსტს და ვხვდები, რომ ეს მონაცემები, ფაქტობრივად, იგივეა დემოკრატიული სისტემის შეფასებისთვის, რაც Doing Business რეიტინგი ბიზნესის კეთების შეფასებისთვის. V-Dem-ის მონაცემების ანალიზი ცხადყოფს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მდგომარეობას. მონაცემთა ანალიზისას თვალშისაცემია ის მიმართულებები, რომლებიც ბოლო წლებში გაუარესდა: კანონის წინაშე თანასწორობა და ინდივიდუალური თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება და სხვა. აუცილებლად გამოვაქვეყნებთ ამ კვლევას, მაგრამ რა ეფექტი ექნება მას? არ მგონია ისეთივე ინტერესი გამოიწვიოს, როგორსაც იწვევს იგივე Doing Business -ი, სადაც, ყველას სასიხარულოდ, წინ მივდივართ.
დღის განმავლობაში კიდევ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები. ერთი პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით ჩვენი და საიას მიერ მომზადებული წინადადებების ტექსტის შეჯერებაა; მეორე ეხება პროკურატურის რეფორმის შედეგების შეფასებას, რომელსაც იძლევა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.რა მოსაწყენადაც უნდა ჟღერდეს მკითხველისთვის ეს საკითხები, მათი მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებისთვის გადამწყვეტია, რადგან პირველი უკავშირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ხოლო მეორე საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობას.
ხშირად საზოგადოება მხოლოდ ნეგატიურს ხედავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, რადგან საზოგადოებრივი განხილვების დღის წესრიგში ასეთი თემები არ შედის. ეს გასაგებიცაა: ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობის პრობლემები ნაკლებად არის საინტერესო მოსახლეობისთვის, თუმცა არასწორი მმართველობითი სისტემა, კონტროლის მექანიზმების დისბალანსი, საბოლოო ჯამში, ისევ თითოეული მოქალაქისთვისაა საზიანო. წინადადებების პაკეტიც და პროკურატურის რეფორმის შეფასებაც მომზადებულია, მაგრამ ამ მცდელობის შედეგი როგორი იქნება, ბუნდოვანია. ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ. და, სულ ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რო ამ დღეს განხილული არც ერთი ინიციატივა (კვლევა, წინადადებები, შეფასება) არ განხორციელებულა რომელიმე დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ვინმეს მოთხოვნით ან თხოვნით, ან ვინმეს ინტერესით. სრულიად Pro Bono საქმიანობაა.
სამშაბათი, 4 დეკემბერი
დღეს სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. მივემართები ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოს“ ოფისში. ძალიან ცოტაა ისეთი ორგანიზაცია, სადაც ასეთი კეთილგანწყობით და ხალისით მივდივარ ხოლმე - არა იმიტომ, რომ ფონდი IDFI-ის დაფუძნების დღიდან მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია, არამედ იმიტომ, რომ იქ განსაკუთრებით თავისუფალი და ღია გარემოა. ხშირად მიკვირს იმ აგრესიისა, რომელიც საზოგადოების ნაწილს აქვს ფონდის საქმიანობისა და მათი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ამ აგრესიასა და ნეგატივს შეიძლება ბევრი ფაქტორი განაპირობებდეს. ერთ-ერთი, ჩემი აზრით, არის ის შიში, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ფილანტროპების მიმართ არსებობს. ძალიან ბევრი განათლებული და წარმატებული ადამიანისგან მომისმენია ეჭვებით გამსჭვალული კითხვა: რატომ აფინანსებს მილიარდერი ჯორჯ სოროსი უცხო ქვეყნებში რაღაც პროექტებსა და ორგანიზაციებს? ესე იგი რაღაც მიზანი აქვს (რა თქმა უნდა, ცუდი მიზანი იგულისხმება), არა?! თავისთავად ასე დასმული კითხვა იმასაც გულისხმობს, რომ თავად ეს ადამიანი არაფრის დიდებით ამას არ იზამს, თუ არა გამორჩენის მიზნით.
ფონდში ორი პარალელური შეხვედრაა, ორივე 2 საათზე. გიორგი კლდიაშვილი საქართველოში არ არის, თორემ ასეთ დროს შეხვედრებს გადავანაწილებთ ხოლმე. შესაბამისად, მიხდება პარალელურად ორივე შეხვედრაზე დასწრება, რაც ოთახიდან ოთახში მოძრაობას გულისხმობს. ერთია სამუშაო შეხვედრა კოალიციასთან „მედიის ადვოკატირებისთვის“. ამ შეხვედრაზე განვიხილავთ მედიის სფეროში არსებულ პრობლემებს. მთავარი ფოკუსი, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებელია. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ დასკვნაში დაიწერა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის გადაცემებში არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ასეთი ნეგატიური შეფასება, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში უდიდესი ენერგია და რესურსი ჩადო საიმისოდ, რომ მომხდარიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზება და უზრუნველყოფილიყო მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა. მთავარია, რომ შეხვედრის მონაწილეთა უმეტესობა იმედს არ კარგავს და სჯერა, რომ ადრე თუ გვიან სიტუაცია გამოსწორდება, თუმცა დამკვირვებლების დასკვნაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა უმეტესობის მოსაზრებები არცთუ ისე ბევრ ალტერნატივას ტოვებს. ტრადიციულად, ისმის ხუმრობა, რომ ვერ გამოვა ბი-ბი-სი ჩვენი „საზმაუსგან“.
პარალელურად მიმდინარეობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებზე. ეს შეხვედრა, უბრალოდ, აზრთა და ემოციების გაცვლა-გამოცვლაა ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და ტოქსიკური არჩევნების შემდეგ. ყველაზე დიდი ზეწოლა, რა თქმა უნდა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე იყო. პირადი შეურაცხყოფა, მუქარები, სოციალური ქსელებით მართული უაღრესად ნეგატიური კამპანია, პიროვნული თავდასხმები და ამას დამატებული ძალაუფლებით აღჭურვილი მაღალი თანამდებობის პირთა ცილისწამება. ყველაფერი, ჯამში, საკმაოდ დაძაბულ ფონს ქმნის ამ ორგანიზაციებში მომუშავე ახალგაზრდა ადამიანებისთვის. შეხვედრის მთავარი კითხვა იყო: ეს მართული კამპანია არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ გაგრძელდება, თუ ხელისუფლება ცოტა შეარბილებს შეტევას. ყველასთვის მოცემულობაა, რომ საქართველოში არჩევნებში გამარჯვებისთვის ყველაფერი შეიძლება იკადრონ, შემდეგ კი ისევ კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს პროცესი.
დღის ბოლოს იაპონიის ელჩის მრჩეველთან მაქვს საქმიანი ვახშამი, რომელიც ტრადიციად იქცა. ვსაუბრობთ არჩევნებსა და მოლოდინებზე, საქართველოსა და იაპონიაზე, ჩვენ შორის არსებულ განსხვავებებსა და მსგავსებებზე, რა თქმა უნდა, ქართულ და იაპონურ სამზარეულოზე. საოცარი ხალხია იაპონელები, განსხვავებული კულტურისა და ეთიკის. ელჩის მრჩეველი სულ 5 თვეა, რაც საქართველოში ჩამოვიდა, და ძალიან მოსწონს ჩვენი ქვეყანა და კულტურა. მეც მიხარია, რომ უცხო ადამიანი გულწრფელად აღფრთოვანებულა საქართველოთი, ესე იგი ვვითარდებით და კიდევ უფრო უკეთესს ვიმსახურებთ.
ოთხშაბათი, 5 დეკემბერი
დღე ჩქარი ტემპით იწყება. ტრადიციულად, პირველი საათისთვის უკვე 4 ჭიქა ყავა მაქვს მირთმეული და ორმოცდაათზე მეტი მეილი წაკითხული. დღეს არანაირი შეხვედრა არ მაქვს დაგეგმილი, ამიტომ რუტინული სამუშაო მელის. ორგანიზაციის პროექტის მენეჯერები მითანხმებენ ღონისძიებებს და საქმიანობას. ერთი, მაგალითად, ჩვენს საარქივო მიმართულებას უკავშირდება. მეც და გიორგი კლდიაშვილიც არქივისტები ვართ სულით, გულით და პროფესიით. ჯერ კიდევ იქამდე, სანამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ დავაფუძნებდით, საზოგადოებრივ საწყისებზე ვმუშაობდით ყოფილი სუკ-ისა (იგივე კგბ-ს) და საქართველოს კომუნისტური პარტიის არქივების გამჭვირვალობაზე.
კარგად მახსოვს, იმელის შენობაში, სადაც დღეს სასტუმრო “ბილტმორია” განთავსებული, როგორ ვისხედით პრეზიდენტის (ედუარდ შევარდნაძის) გაყინულ არქივში და დიპლომატიური ხრიკების გამოყენებით ვცდილობდით გავცნობოდით საბჭოთა საქართველოს ისტორიულ დოკუმენტებს. საარქივო დოკუმენტების საფუძველზე ვწერდით სტატიას „საქართველოს მზადება ბირთვული ომისთვის ცივი ომის დროს“. გამოვითხოვეთ დოკუმენტები, თუმცა, მაშინდელი პროტოკოლის მიხედვით, ასეთი შინაარსის მასალა უშიშროებას უნდა ენახა. ზოგადად, საბჭოთა საქართველოში თითქმის ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო. მაგალითად, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც მაშინ ვნახეთ, აღნიშნული იყო, რომ საბჭოთა საქართველოში საზოგადოებრივი საპირფარეშოების რაოდენობა და ადგილმდებარეობა უნდა ყოფილიყო საიდუმლო ინფორმაცია. როგორც მერე გავიგეთ, ბევრი იცინეს უშიშროების მიერ მოვლენილმა ოფიცრებმა 60-იანი წლების დოკუმენტებზე დაწესებული დრაკონული შეზღუდვების გამო. ჩვენც, ალბათ, მაშინ გავაცნობიერეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ღია და გამჭვირვალე მმართველობა, რომ საბჭოთა სისტემის დახურული ხასიათი ხელს უწყობს კონსპიროლოგიას, უნდობლობას, აფერხებს მოქალაქეთა თავისუფალ განვითარებას. მას მერე ძალიან ბევრი გავაკეთეთ საქართველოში არქივების გამჭვირვალობისთვის, ძალიან ბევრი კვლევა თუ სტატია დავწერეთ საზოგადოებისთვის უცნობ თუ მითოლოგიზებულ საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში არცთუ ისე დიდი მხარდაჭერა გვაქვს, ამას დღესაც ვაგრძელებთ. რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ ეგრეთ წოდებულ „სტალინური სიების“ დახვეწაზე. ეს არის სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების მიერ ვიზირებული სიები, სადაც 3 000-ზე მეტი რეპრესირებული ადამიანის შესახებ ცნობაა წარმოდგენილი. თავის დროზე ძალიან დიდი რესურსი და ენერგია ჩავდეთ ამ ინფორმაციის შეგროვებაში და შემდეგ დამუშავებაში, მაგრამ იყო ბევრი უზუსტობაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და დახმარებით, ამ წელს განვაახლეთ მონაცემების დაზუსტების პროცესი. ზოგიერთ რეპრესირებულზე არ იყო მითითებული დაბადების წელი, ზოგზე მხოლოდ სახელი და გვარი იყო, უმეტესობას არ ჰქონდა მითითებული საცხოვრებელი ადგილი და ა.შ. დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც თითქმის ყველა მონაცემი გავასწორეთ. ერთწლიანი შრომა დასრულდა, ათასობით ხელით შევსებული რეპრესირებულის ანკეტა გადაიხედა. რა თქმა უნდა, არავინ გვთხოვს ამის გაკეთებას და არც არავინ გვეხმარება ფინანსურად ამაში. უბრალოდ, ისტორიას სიზუსტე უყვარს, თუ არის ამის საშუალება, და წლების წინ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მოკლედ, როგორი რუტინულიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღე, კარგია, რომ ხედავ, ამდენი წლის შრომა სრულდება.
ხომ გახსოვთ, სამშაბათს ჩვენ და საია რომ ვამზადებდით წინადადებებს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით? ეს წინადადებები არა მარტო მოვამზადეთ, არამედ კოალიციის სახელით პარლამენტში წარვადგინეთ კიდეც. ელექტრონულ ფოსტაზე მოდის შეტყობინება, რომ პარლამენტის რეგლამენტში მეორე მოსმენის დროს, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, აისახა იურიდიულ კომიტეტთან სამუშაო ჯგუფის შექმნის ვალდებულება, ჯგუფისა, რომელიც იმუშავებს მოსამართლეთა კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენაზე. ეს კიდევ ერთი მცირე წარმატებაა, რომელიც შეიძლება მომავალში მნიშვნელოვანი მექანიზმი გახდეს უკეთესი სასამართლოს მისაღებად. ძალიან კარგია, როდესაც პარლამენტი ასეთი კონსტრუქციულია და, მიუხედავად ჩვენი დროში დაგვიანებული ინიციატივისა, ითვალისწინებს მას. პატარა ჩანაწერი კანონში შეიძლება დიდ ნაბიჯად იქცეს მომავალში უკეთესი სასამართლო სისტემის მისაღებად. რამდენჯერ ყოფილა, რომ გვიბრძოლია ერთი სიტყვის შესანარჩუნებლად ან შესაცვლელად კანონებში, დიახ, მხოლოდ ერთი სიტყვის, რომელიც შინაარსს ცვლიდა და, ჩვენი აზრით, რაღაცას აუარესებდა ან აუმჯობესებდა.
ხუთშაბათი, 6 დეკემბერი
მაღვიძარა ექვსჯერ გავთიშე და ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა არ იყო, თუ არა, ბავშვებს სკოლაში დააგვიანდებოდათ. ძალიან მიყვარს, როდესაც ჩემი შვილები ერთმანეთთან საუბრობენ, ამიტომ ყოველ ჯერზე რამე საკითხს ჩავუგდებ ხოლმე და ვუსმენ, ერთმანეთში როგორ განიხილავენ. ხანდახან სასაცილო, ხანდახან კი საინტერესო დასკვნები გამოაქვთ, თუმცა შეიძლება ის, რაც უფროსებს ღიმილს ჰგვრის, სულაც არ იყოს მათთვის სასაცილო და სრული სერიოზულობით განიხილონ რამე საჭირბოროტო საკითხი, მაგალითად, რომელი ტკბილეული ჯობია, ან მომთხოვონ მაიკლ ჯექსონის კომპოზიციების დამატება მანქანაში არსებულ პლეილისტში, რომელსაც დილით ვურთავ.
დღეს ნამდვილი ადმინისტრაციული საგიჟეთი მელის. პირველი, გასაგზავნია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები სხვადასხვა საკითხზე. გუშინ ვესაუბრე ჩემს მეგობარს, რომელიც კერძო საადვოკატო საქმიანობით არის დაკავებული. სამწუხარო რეალობა, რაც მან მითხრა, არის ის, რომ საქართველოში სასამართლო პარალიზებულია. კონკრეტული პრობლემა აქვს: მოიგო სასამართლო პროცესი და უკვე ერთი წელი ელოდება, რომ მოსამართლემ ჩააბაროს გადაწყვეტილება. როგორც მისი წყაროები ეუბნებიან, მოსამართლე ელის დასტურს „ზევიდან“. ერჩივნა წაეგო და სააპელაციოში გაესაჩივრებინა, ვიდრე მოეგო და ერთი წელი ელოდა პასუხისთვის. მეორე ფაქტი, რის შესახებაც მიყვება, არის მისი კლიენტის ისტორია, რომელიც 3 წელი ელოდება პროცესის ჩანიშვნას. გადავწყვიტე გავიგოთ, რამდენია ასეთი შემთხვევა. შევადგინეთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და გავგზავნით თბილისის საქალაქო სასამართლოში. არ ვიცი, მივიღებთ თუ არა პასუხს. როგორც წესი, როდესაც სასამართლოს არ უნდა ინფორმაციის მოწოდება, პასუხია: ასეთ მონაცემებს არ ვამუშავებთ, დამუშავებას ძალიან დიდი რესურსი სჭირდება. მეორე მოთხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეხება. ყველაფერი უნდა გამოვითხოვოთ, რისი გამოთხოვაც შეგვიძლია: შტატები, ანაზღაურება, დაფინანსება, ხარჯები. მომავალში აუცილებლად გამოგვადგება შედარებისა და ანალიზისთვის. გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების საუბარში დაისვა კითხვა: ვისი მოთხოვნის საფუძველზე იგეგმება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატებისა და დაფინანსების შემცირება? მოქმედმა პრეზიდენტმა მოითხოვა, რადგან მხოლოდ მას აქვს ასეთი უფლებამოსილება, თუ ეს საკითხი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თვითონ გადაწყვიტა? - ვამატებთ ამ საკითხსაც და ვითხოვთ შესაბამის მიმოწერას.
5 სხვადასხვა საპროექტო წინადადება მაქვს გახსნილი,რომელიც ჩემმა თანამშრომლებმა მოამზადეს - დაწყებული გამოხატვის თავისუფლების შესახებ არსებული მდგომარეობის მონიტორინგით და დამთავრებული საქართველოში ანტიკორუფციული დღის წესრიგის მხარდაჭერის პროექტით. გუშინ 2 საპროექტო წინადადებაზე მოგვივიდა უარი. დღეს ერთი დაფინანსდა, რომელიც უზენაესი სასამართლოს რეფორმირების მხარდაჭერას უკავშირდება. ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის პრინციპი. არასდროს გვაქვს მდგრადი მხარდაჭერა. ერთი პროექტი მთავრდება და სხვა თუ არ მოიპოვე, ორგანიზაციის ფუნქციონირება საფრთხის ქვეშ არის, ამიტომ იდეების მუდმივი დამუშავება მთელი წლის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ამ გაწამაწიაში ექვსი საათი შესრულდა და უცებ გამახსენდა, რომ ყველაზე უმცროსს ბაღში არ მივაკითხე, ხოლო ცოლისთვის დამავიწყდა მეთქვა, რომ მას უნდა მიეკითხა დღეს. გუშინ ასე გავცვალეთ როლები და დღესაც ისევე რომ უნდა ყოფილიყო, დამავიწყდა გაფრთხილება! სასწრაფოდ ვრეკავ, რადგან თბილისურ საცობებში ვერ მივასწრებ რუსთაველიდან საბურთალოზე გასვლას. პირველად მოხდა ასეთი რაღაც და ისიც მაშინ, როდესაც თავისუფალ დღიურებს ვწერ. მოკლედ, დარცხვენილი ვბრუნდები ოჯახში. სოფო ამაყად მაჩვენებს თავის მიერ ბაღში დამზადებულ ქაღალდის ნაძვის ხეებს, გიორგი და მარიამი კინკლაობენ, დათი მეცადინეობს, ესე იგი ყველაფერი რიგზეა.
პარასკევი, 7 დეკემბერი
დილიდან კოალიციაში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი ორგანიზაციები ვავრცელებთ პროკურატურის რეფორმის შედეგების შეფასებას, სადაც აღნიშნულია, რომ, რეფორმის საწყის ეტაპზე დაინტერესებული ჯგუფების აქტიური ჩართულობის მიუხედავად, პარლამენტმა ინიცირება გაუკეთა კანონის ისეთ პროექტს, რომელშიც არ იქნა გაზიარებული ჩვენი არაერთი პრინციპული შეთავაზება. სამწუხაროა, რომ ბევრი შრომის, შეხვედრისა და კამათის მიუხედავად, ვერ მოხერხდა პარლამენტთან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება, მათ შორის საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესზე. აქვე მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ დაუბრუნდეს პროკურატურის სისტემის ძირეულ რეფორმას და სამუშაო ჯგუფის ფორმატში გააგრძელოს მუშაობა პრინციპულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს ისეთივე მნიშვნელოვანი და პრინციპულია ჩვენთვის, როგორც, მაგალითად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. რატომ? იმიტომ რომ პროკურატურა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ და ავტონომიურ ორგანოდ, რომელზეც არც მოქმედ და არც მომავალ ხელისუფლებას არ ექნება გავლენა. მხოლოდ ასეთი ინსტიტუტი დაიბრუნებს საზოგადოების ნდობას. როგორი მარტივია, ალბათ, ევროპული ქვეყნების მოქალაქეებისთვის ცხოვრება, როდესაც არც სასამართლოსა და არც პროკურატურის მოქმედებაში არ ეძებენ პოლიტიკას და ვიღაცის გავლენას. მარტივია ბიზნესისთვისაც და მოქალაქისთვისაც, ვინც დარწმუნებულია კანონის უზენაესობაში. ამ კვირას დაიწერა სადღაც, რომ ისრაელის სამართალდამცავებმა მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, მესამედ წაუყენეს ბრალი კორუფციულ გარიგებასა და უკანონოდ საჩუქრების მიღებაში, წარმოგიდგენიათ მსგავსი რამ ჩვენთან?
ოთახში IDFI-ის თანამშრომელი შემოდის. ეროვნული ბანკიდან მოვიდა პასუხი ჩვენს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე სესხების განულებასთან დაკავშირებით. როგორც კი მთავრობამ ოფიციალურად დააანონსა 600 000 ადამიანისთვის სესხის განულების პროგრამა, იმწამსვე გავაგზავნეთ მოთხოვნა ეროვნულ ბანკში, რომ მიგვეღო ინფორმაცია დეტალებზე. პასუხში აღნიშნულია, რომ 750 000 ადამიანს აქვს 30-დღეზე მეტი ვადაგადაცილებული სესხი, თუმცა ჩვენი მოთხოვნა იყო მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ ადამიანების რაოდენობაზე, ვისაც 1-წელზე მეტი აქვს ვადაგადაცილება 2 000-ლარიან სესხზე. პასუხში წერია, რომ ასეთი ინფორმაცია არ აქვთ და ახლა ამუშავებენ. მაშინ რის საფუძველზე გააკეთა მთავრობამ ასეთი განაცხადი? საიდან მოიტანა მონაცემები? როგორია რეალური ციფრი? რამდენ ადამიანს შეეხება? იყო ეს დაგეგმილი ინიციატივა თუ საარჩევნო ტრიუკი? ამ პასუხიდან არაფერი ირკვევა გარდა იმისა, რომ ასეთი მონაცემები ეროვნულ ბანკში ჯერ არ არის. ესე იგი საინტერესოა და ღირს ამ საკითხს ჩავუღრმავდეთ. დღესვე ვგზავნით ახალ მოთხოვნას, შეგვატყობინონ უფრო მეტი დეტალები. ვნახოთ, რა იქნება, იქამდე კი რადიო თავისუფლებაში უნდა წავიდე.
შაბათი, 8 დეკემბერი
დღეს ბორჯომში ღონისძიება გვაქვს და ძალიან ვნერვიულობთ მთელი ოფისი. მედიისა და პროკურატურისთვის გასვლით ტრენინგს ვაწყობთ, სადაც საუბარი უნდა იყოს პროკურატურის საქმიანობის გაშუქების სპეციფიკასა და სიძულვილის ენაზე ამ საკითხების გაშუქებისას. მგონი, პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც პროკურორები და ჟურნალისტები ერთად იქნებიან ტრენინგზე. ტრენინგს დაესწრება ყველა ტელეკომპანიის წარმომადგენელი და არ ვიცით, არჩევნების შემდგომი პოლარიზებული მედიაგარემოს პირობებში როგორ წარიმართება ტრენინგი, რადგან კონკრეტული პრეცედენტები იქნება განხილული, მათ შორის საქართველოს სინამდვილიდან. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და მეც შევძლებ ჩემი, როგორც მოდერატორის, ფუნქციის კარგად შესრულებას. ჩემი ოჯახიც თან მიმყავს, რომ დაისვენონ, ჩემი სამუშაო კვირა კი კვლავ გრძელდება.
Your browser doesn’t support HTML5