ლგბტ პროპაგანდა თუ სემინარები თანასწორობაზე?

21 ნოემბერს, საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა, პრესკონფერენცია გამართა და ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“ „ლგბტ“ კვირეული უწოდა.

„ერთ-ერთ სკოლაში ნახატები ახატინეს, მშობლებთან არ გამოატანეს, - ლამის ლგბტ დროშები ვხატეთო. ეს პროგრამა დაწყებულია ყველა სკოლაში. ტოლერანტობის, თანასწორობის, სიყვარულის, მიმტევებლობის ქვეშ ხდება გარყვნილების პროპაგანდა“, - ამბობს ფალავანდიშვილი.

თანასწორობაზე საუბრები დღეს „ევროპულ სკოლასა“ და შსს-ს აკადამიასთან გააპროტესტეს, ხვალ, ევროსაბჭოს საქართველოს ოფისსა და განათლების სამინისტროსთან გეგმავენ საპროტესტო აქციის მოწყობას.

რას ეხება კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“

„კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და მათი მნიშვნელობა ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, - ვკითხულობთ ევროსაბჭოს ვებგვერდზე.

კამპანიის ფარგლებში, 15-22 ნოემბერს იმართება „თანასწორობის კვირეული“. საქართველოს მასშტაბით ეწყობა საინფორმაციო ღონისძიებები, სადაც ახალგაზრდებს, მშობლებსა და მასწავლებლებს თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე ესაუბრებიან. საჯარო ლექციები იმართება არა ყველგან, არამედ რამდენიმე საპილოტე სკოლასა და უნივერსიტეტში.​

რაზე იყო რეალურად საუბარი ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

თანასწორობის შესახებ სემინარი ჩატარდა თბილისის 162-ე სკოლაშიც. გურამ ფალავანდიშვილისგან განსხვავებით, ამ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა ხუნდაძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მსგავს თემაზე ყურადღება გამახვილებული საერთოდ არ ყოფილა.

„მანდატურის სამსახურმა თავისი პროგრამა წარმოადგინა, თუ როგორ უნდა იმუშაონ ბავშვებთან. ფსიქოლოგებმა თავიანთი ხედვები წარმოადგინეს, ჩვენს სკოლაში შემოსულები არიან და მუშაობენ პედაგოგებთან და ბავშვებთან. საუბარი იყო იმაზე, თუ რა ხდება სკოლაში. თანასწორობაზე იყო საუბარი, რომ ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლება, ვინც გინდა იყოს. არ ვჩაგრავთ და არ დავცინით, - ამაზე იყო სემინარი. კონკრეტულად რომელიმე რელიგიურ, ეთნიკურ თუ სექსუალურ უმცირესობაზე დაკონკრეტება არ ყოფილა. ეს არის იმისთვის, რომ ძალადობის პრევენცია მოხდეს, ბავშვებს შორის პოზიტიური განწყობა ჩამოყალიბდეს“, - ამბობს ირმა ხუნდაძე.

ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ისიც თქვა, რომ გუშინ იყვნენ განათლების სამინისტროში და სურდათ პასუხი მიეღოთ კითხვაზე, თუ რატომ უჭერენ მხარს „გარყვნილების პროპაგანდას“.

რა პასუხი აქვს სამინისტროს

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ევროპის საბჭოსთან ერთად ჩართულია კამპანიაში „მე ვირჩევ თანასწორობას“, რომელიც მიზნად ისახავს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებით გამოწვეული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიება საქართველოს მასშტაბით, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ და საკუთარი პოზიცია გამოხატონ სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების, ბავშვთა უფლებების დაცვის, ეთნიკური უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის არსებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ.

ეს არის ის საკითხები, რომლებსაც მოიცავს ამ კამპანიის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დაგეგმილი აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ ეს თემატიკა ისედაც იყო და არის ინტეგრირებული როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მეცნიერებების საგანთა ჯგუფში შემავალი საგნების სტანდარტებში, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით სკოლების მიერ განხორციელებული აქტივობების თემატიკაში“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას განათლების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი 17 ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ჰომოფობიური შინაარსის ხელმოწერებს აგროვებდა. მათ ორი მოთხოვნა ჰქონდათ:

  • ამოეღოთ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია;
  • სს კოდექსში დამატებულიყო მუხლი „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ.

რესპონდენტთა პასუხების თანახმად, სკოლებში პროპაგანდა არ ხდება, მაგრამ თანასწორობაზე საუბარი აქციის ორგანიზატორებისთვის მაინც მიუღებელია, თუკი თანაბარი უფლებები ლგბტ ადამიანებზეც ვრცელდება.