„გამოსავალი არის კომ-პრო-მი-სი! აი, რაც გააკეთეთ, რომ მოიტყუეთ, ახლა სახის შენარჩუნება თუ გინდათ, გაიფიქრეთ იმ გერმანულ მოდელზე"

ლაშა ტუღუში, "ლიბერალური აკადემია - თბილისის" დირექტორი

„კი, მოიტყუეს მაგრად. ძალიან ნიჭიერი ტყუილი გამოვიდა. კი, ბატონო. ტაშს ვუკრავ! ამასაც ნიჭი უნდა. გასაგებია, მაგრამ პრინციპულად არასწორია, რადგან 30 წელია ვცხოვრობთ ასეთ მოდელში, როცა ერთი მართავს და ეს არის პრობლემა“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში ლაშა ტუღუში, ჟურნალისტი, „ლიბერალური აკადემია - თბილისის“ დირექტორი.

ის თვლის, რომ თუკი მთელი მსოფლიოს მოტყუება მოახერხა, ახლა დათმობაზე უნდა წავიდეს ხელისუფლება:

„გამოსავალი არის კომპრომისი ამ სიტუაციაში. უნდა დაიხიოს უკან [ხელისუფლებამ]. პოლიტიკაა ეგ. ის თუ მოახერხა, რომ მთელი მსოფლიო მოატყუა, ახლა პატარა ჯანსაღი ნაბიჯი მივიღოთ“.

ლაშა ტუღუში „დილის საუბრებში“ განმარტავს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცება მცდარია:

„ტყუილია. მამალი ტყუილია, უბრალო ტყუილი კი არა. შევიდნენ დისკუსიაში“.

რა მოიტანა ხელისუფლების ნაბიჯებმა?

„კიდევ უფრო დაძაბა ამან ვითარება ქვეყნის შიგნით, რამაც ხელი გაუხსნა დესტრუქციულ ძალებს როგორც შიგნით, ისე გარეთ და ხელისუფლება ჩააყენა ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რადგან ისე ვერ წავა პროცესი, როგორც უნდა...

სპეცდანაყოფების თანხლებით თუ ივლიან ეს დეპუტატები და ჯართან ერთად გადაადგილდებიან პარლამენტის შიგნით, გარეთ და ა.შ., ეს ხომ არანორმალური ვითარებაა! რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა, რომელიც მუდმივად ჯარის და ფარიანი ადამიანების მფარველობით იქნება?!

როგორ უნდა მიიღონ კანონები? კარგი, ერთხელ შევლენ, ორჯერ შევლენ, ხომ არ შეიძლება გაუთავებლად ბოქლომი დაკიდო და მოხსნა? მერე რას იზამენ, დაიჭერენ ათასობით ადამიანს?“.

ლაშა ტუღუშის შეფასებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარება პერსპექტივაში აძლიერებს რუსეთს, რადგან ქაოტური პოლიტიკური ველი მისთვის ყველაზე ხელსაყრელია:

„ნუ ჰგონიათ ვიღაცებს, რომ მოვა ვიღაც კეთილი ბიძია, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი და მეგობრობის ხელს გამოგვიწვდის. არ გამოგვიწვდის! არ გამოგვიწვდის ის მეგობრობის ხელს! ამის იმედი ნუ აქვს ნურავის!“.

„დილის საუბრების“ სტუმარი ლაპარაკობს პოლიტიკური კრიზისის სერიოზულ ნიშნებზე და ასე გაგრძელება მხოლოდ უფრო დაამძიმებს სურათს:

„გამოსავალი არის კომ-პრო-მი-სი! აი, რაც გააკეთეთ, რომ მოიტყუეთ, ახლა სახის შენარჩუნება თუ გინდათ, გაიფიქრეთ იმ გერმანულ მოდელზე, რომელიც ორივე სისტემას ინარჩუნებს, მაგრამ არ იძლევა შანსს, რომ ერთმა პარტიამ ისევ ჩაიგდოს ყველაფერი ხელში“.

ლაშა ტუღუში ეხმაურება ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკვლევის შედეგებს:

„გამოდის, რომ საზოგადოება მომხრეა თანამშრომლობის. 3%-ზე მეტი ხომ არ მიდის საპროტესტო აქციაზე, მაგრამ მათი მესამედი ასეთ დაპირისპირებულ პარტიებსაც ეუბნება: დასხედით, ილაპარაკეთ, იმუშავეთ ერთად. აი, ეს არის პროპორციული არჩევნები. საზოგადოება ძალიან გაზრდილია. ხალხი მართლა ბრძენია. ამას ეუბნებიან პარტიებს...

ან არ გესმის რა არის პოლიტიკა, ან არ იცი შენი ხალხი როგორ რეაგირებს ეგეთ სიტუაციებზე. იქ რომ ოცი ათასზე მეტი ადამიანი არ არის, არ ნიშნავს, რომ დანარჩენს არ აინტერესებს რა ხდება“.

ლაშა ტუღუში მიმართავს მმართველ ძალას:

„ოპოზიციის გარეშე, მხარდაჭერის გარეშე, ასეთი დაძაბულობის ფონზე, მარტო, აი, ასე: „არ მაინტერესებს“, უკან რომ ავტომატიანი ხალხი გიდგას და ასე ელაპარაკები შენს საზოგადოებას, ვერაფერსაც ვერ გაქაჩავთ, ბატონებო! არაფერი გამოვა აქედან! ვერანაირი ნორმალური არჩევნები ვერ ჩატარდება! სიწყნარე, სიმშვიდე არ იქნება. ამიტომ უნდა დაჯდეთ და დაილაპარაკოთ!..

კრიტიკულ სიტუაციებში, კრიზისებში ჩნდება შანსი, გაიაზრო, სად ხარ და თქვა: მოდი დავამთავროთ ეს ნაგავი, გავიტანოთ და ახალი რაღაც დავიწყოთ! მაგრამ, ახალი კი არ გინდათ, რომ დაიწყოთ, კიდევ დამატებით ნაგავი შეგაქვთ იმ „სახლში“! რატომ ვაკეთებთ ამას, არ მესმის, გულწრფელად ვამბობ!“.

ლაშა ტუღუში ამბობს, რომ არ მოსწონს ის რეალობა, რასაც IRI-ს გამოკვლევაც აჩვენებს - ის, რომ ხალხი არ ენდობა მთავრობას, პარლამენტს, ოპოზიციას:

„იმიტომ, რომ კარგი პარტიებიდან უნდა ავარჩიოთ უკეთესი. „ყველა ცუდია და ნაკლებად ცუდი რომელია“, ამ ფორმულით ხომ არ უნდა ვცხოვრობდეთ გაუთავებლად და ყველას ვაგინებდეთ?! ის, რაც დღეს ხდება, რომ გაგრძელდეს და ჩაატაროთ კვლევები, კიდევ უფრო დაბალი იქნება [ნდობა] და მერე რა მოხდება, იცით? მერე დავიწყებთ ძებნას გმირის. ეს გმირი, რომელიც ბუჩქიდან გამოვარდება, რომელიც უცბად გაგმირდება, დაახლოებით იმის წინ, როცა ვიღაც უნდა დაამხონ და მერე უცებ ეს გმირი გახდება დემონი, ისეთივე დიდი სიჩქარით, როგორც ბუჩქიდან გამოვარდა. როგორიც გამოვარდნის სიჩქარე იქნება, ისეთივე იქნება შევარდნის სიჩქარე. ეს არის ჩვენი პრობლემა“.

Your browser doesn’t support HTML5

ლაშა ტუღუში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და IRI-ს ბოლო გამოკვლევაზე