სტალინის ერთი უხამსი რეზოლუცია

1941 წლის 17 ივნისს ვსევოლოდ მერკულოვი (ნკგბ-ს შეფი) და მისი ერთ-ერთი მოადგილე პაველ ფიტინი, სტალინს გადაუგზავნიან ბერლინის რეზიდენტურის ორი საუკეთესო აგენტისგან მიღებულ დაშიფრულ ორ ტელეგრამას. პირველი აგენტი, ჰარო შულცე-ბოიზენი, მეტსახელად „ზემდეგი“, იტყობინებოდა, რომ „საბჭოთა კავშირზე თავდასხმისათვის ყველა სამზადისი დასრულებულია და დარტყმას შეიძლება ელოდოთ ნებისმიერ მომენტში“. ტელეგრამის ბოლოში, ლუფტვაფეს შტაბის ეს ოფიცერი იძლეოდა იმ სამიზნეების სიას, რომლებიც გერმანული ავიაციის პრიორიტეტს წარმოადგენდნენ. შულცე-ბოიზენისგან განსხვავებით, არვიდ ჰარნაკის, მეტსახელად „კორსიკელის“, დეპეშა არა სამხედრო, არამედ პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა: “საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ტერიტორიების სამხედრო-ეკონომიკური რაიონების მომავალი მმართველების სახელები უკვე ცნობილია“. (...) „როზენბერგი - განაგრძობდა ჰარნაკი - სიტყვით გამოვიდა ეკონომიკის სამინისტროში კრებაზე, რომელიც საბჭოთა ტერიტორიების ოკუპაციას ეხებოდა. ამ კრებაზე მან განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც ცნება, უნდა წაიშალოს გეოგრაფიული რუკებიდან“.

სტალინი მერკულოვის გამოგზავნილ ამ მოხსენებას მწვანე ფანქრით დაადებს რეზოლუციას: „Т-щу Меркулову. Может (sic) послать ваш источник из штаба герм. авиации к еб-ной матери. Это не „источник“, а дезинформатор. И. Ст.“.

სტალინის ამ უხამს რეზოლუციას ისტორიკოსები ხშირად ხსნიან, როგორც ჯუღაშვილის სიჯიუტეს, ერთი ხელის მოსმით უკუეგდო ნებისმიერი გაფრთხილება გერმანიის საბჭოთა კავშირზე მოახლოებული თავდასხმის გარდაუვალობის შესახებ. თუმცა ამ უხამს რეზოლუციას სხვა ინტერპრეტაციაც შეიძლება მიეცეს და ამის უფლებას ჩვენ ამ რეზოლუციის ორი ასპექტი გვაძლევს: 1. გაზეთ „პრავდის“ ყოფილი რედაქტორი სტალინი არ უშვებდა ორთოგრაფიულ შეცდომებს, განსაკუთრებით ისეთ უხეშს, როცა Можете-ს მაგივრად Может-ს დაწერს. 2. სტალინს, საკუთარი ხელქვეითებისგან განსხვავებით, არ სჩვეოდა ბილწსიტყვაობა, განსაკუთრებით წერილობითი ფორმით. მუქარისას ჯუღაშვილი, არათუ არ ბილწსიტყვაობდა, ხმის ტონსაც კი არ უწევდა. ამ 18 სიტყვიანი რეზოუციის ეს ორი უჩვეულო ასპექტი შესაძლებელია ამჟღავნებდეს სულ სხვა რამეს - სტალინი მიხვდება, რომ მის მიერ 1939 წლის ზაფხულში შექმნილი მცდარი კოგნიტიური კონსტრუქცია (რომლის მიხედვითაც, ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირს თავს არ დაესხმებოდა 1941 წელს), მის თვალწინ ინგრეოდა. სტალინი მიხვდება, რომ ფეხებიდან მიწა ეცლებოდა და ამაში დაამნაშავე მხოლოდ თვითონ იყო.

ჯუღაშვილის ამ უხამს რეზოლუციას არანაკლებ საინტერესო გაგრძელება ექნება. იმავე საღამოს სტალინი კრემლში დაიბარებს მერკულოვსა და ფიტინს - მორიგი უჩვეულობა, ვინაიდან არასდროს მანამდე მას არ დაუბარებია ნკგბ-ს ხელმძღვანელობა ორი სადაზვერვო დეპეშის გამო. სტალინის კაბინეტში შესვლისას ჯუღაშვილი მერკულოვსა და ფიტინს მიმართავს მხოლოდ ერთი კითხვით: “ამიხსენით, საიდან მოიპოვა თქვენმა წყარომ ეს ინფორმაცია. (...) და მზად ხართ პირადი პასუხისმგებლობა იკისროთ ამ წყაროს გულწრფელობაში?“ დაძლევს რა შიშს, ფიტინი უპასუხებს, რომ ნკგბ-ს წყარო გახლდათ ანტიფაშისტი, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც ყოველთვის საიმედო იყო. „არსებობს მხოლოდ ერთი გერმანელი, რომლის ნდობა ერთმნიშვნელოვნად შეიძლება. მისი სახელი ვილჰელმ პიკია. შეამოწმეთ და თავიდან მომახსენეთ“ - უპასუხებს მათ სტალინი (ვილჰელმ პიკი იყო მოსკოვში გახიზნული გერმანიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი).

მერკულოვი და ფიტინი ვეღარ მოასწრებენ მოხსენებას. 22 ივნისს, განთიადისას, მათ მაგივრად სტალინს თვით ჰიტლერი მოახსენებს... თუმცა ეს უკვე სხვა ბლოგის თემაა...