ცენზურა თეატრში

ჰო, ეს ცენზურაა, როცა თეატრში მიდის ჩინოვნიკი - ამ შემთხვევაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რომელიღაცა N-მოხელე (თუ მოხელეები), ვერ იგებს სპექტაკლის კონცეფციას და რაკი პირდაპირ ვერ კრძალავს (რადგან ცენზურას კონსტიტუცია კრძალავს ჩვენს ქვეყანაში), საბიუჯეტო დაწესებულების, ამ შემთხვევაში, კ. გამსახურდიას სახელობის თეატრის მესვეურებს მიუთითებს, რომ სპექტაკლი აღარ ითამაშონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული თეატრის სახელით, მიზეზად კი ხმარობს სრულიად აბსტრაქტულ, პოპულისტებისა და ფარისევლებისათვის თავშესაფრად ქცეულ სიტყვას: "მკრეხელურია..."

და მისი (თუ მათი) შეფასებით "მკრეხელური" საპრემიერო სპექტაკლები თეატრის რეპერტუარიდან იხსნება.

ამ ქმედებას კი სხვა არაფერი ქვია, თუ არა - ცენზურა, რადგან ცენზურაა, როცა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ დადგმული სპექტაკლისთვის განაჩენი გამოაქვს სახელმწიფო მოხელეს, სუბიექტს, რომელსაც არავინ ეკითხება, რა არის ან ვისთვის არის რაიმე "მკრეხელური", ანკი უნდა ნახოს თუ არ ნახოს სპექტაკლი მაყურებელმა. სპექტაკლი უნდა შეაფასოს მაყურებელმა და თეატრალურმა კრიტიკამ და არა ახლაგდამოჩეკილმა (სინამდვილეში, უსაშველოდ ძველმა) ცენზორ-ჩინოვნიკმა, რომლის დროც თითქოსდა იდეოლოგიზებულ საბჭოურ წარსულში უნდა დასრულებულიყო.

მაგრამ საბჭოთა კავშირი ხომ ისევ განაგრძნობს ჩვენს მენტალიტეტში არსებობას, უბრალოდ ყოფილმა პარტკომებმა, საქ სსრ ნომენკლატურამ და ათასნაირმა უვიცმა უნამუსოდ აითვისა პატრიოტულ-რელიგიური რიტორიკა და ახლა საერთოდ დოგმების დაწესება მოინდომა ოფიციალურად ცენზურისგან თავისუფალ საქართველოში.

ამ ბუნდოვანმა ეპოზოდმა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა, უამრავი შეკითხვა წარმოშვა: რა უფლებით შეაჩერეს საპრემიერო სპექტაკლები? რა უფლებით განსაზღვრავს სახელმწიფო მოხელე, რა უნდა ითამაშონ თეატრში და რა არა? რატომ მიიჩნიეს მისი (თუ მათი) აბსტრაქტული კრიტერიუმი - მკრეხელური - სპექტაკლის თეატრალური რეპერტუარიდან ამოღების ბრძანებად? როგორ ბედავს ეს ხალხი, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის კონსტიტუციას დაუპირისპირდეს? აქ, ბუნებრივია, უკვე აღარც არის ლაპარაკი ერთ კონკრტეტულ სპექტაკლზე...

"მკრეხელურად" დეფინიცირებული სპექტაკლი კი მწერალ ლაშა იმედაშვილის მოთხრობის, "იესოს საქმის" მიხედვით დადგა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დათო საყვარელიძემ, სადაც, როგორც ჩანს, მოხელეს ინტელექტისთვის რთულად აღსაქმელი პროცესი ჰქონდა აღწერილი: სახელდობრ, როგორც იქცა ათეისტი მორწმუნედ, რაც, პარადოქსია, კონსტიტუციის უცოდინარ ამკრძალავს მკრეხელობად მოჩვენებია. სიუჟეტის მიხედვით, გამომძიებელს ევალება იურიდიული და არა მორალური კუთხით გამოიძიოს იესოს მკვლელობა, რაც გზა და გზა დასმული უამრავი სკეპტიკური შეკითხვის მიუხედავად, ერთმნიშვნელოვნად მეტაფიზიკური აღმოჩენით სრულდება: სკეპტიკოსი ერთადერთ ლოგიკურ გამოსავლად მიიჩნევს აღდგომას.

და ეს მავანთათვის მკრეხელობა ყოფილა.

ისევე, როგორც უხამსობა აღმოჩნდა რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი "დემონები" გორის მერიის მორალისტი, ქვეყნის კონსტიტუციის არმცოდნე და კომიკურობამდე არაადეკვატური ბიორაკრატებისთვის, რომელთაც თურმე ჯეროვანი სიამოვნება ვერ მიუღიათ სამოხელეო-სათუთ გრძნობათა შეურაცხმყოფელი პიესის გამო.

გორის კომედიის ფესტივალი, თურმე, მერიის მაღალჩინოსნებს მოუწყვიათ თავიანთი ბრტყელ-ბრტყელი კომენტარებით და არა მსახიობებსა და რეჟისორებს...

რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაჯერებულ ჩინოვნიკობას (ერთ-ერთს, როგორც ამბობენ, უჩინარი მიტროპოლიტი ჰყოლია ნათესავად და, როგორც ჩანს, მისი სიბრაზით გაბრაზებულა) ახლა, ალბათ, თავის მართლებას დაიწყებენ, ასე არ ყოფილა, სხვანაირად იყოო, მაგრამ შედეგი ხომ სახეზეა: სპექტაკლი მას შემდეგ მოიხსნა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა - მკრეხელობის მომიზეზებით - დაუშვებლად მიიჩნიეს მისი თეატრის რეპერტუარში დატოვება.

ეს კი უდაოდ იმსახურებს, სულ მცირე, კრიტიკულ რეაქციას.